მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
მოციქულთა საქმენი
თავი 27

1და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ.

2შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი.

3და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა თჳსთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხვევად.

4და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინააღმდგომებითა ქართაჲთა.

5მაშინ უფსკრული იგი კილიკიისაჲ და პამფილიისაჲ განვლეთ და შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა.

6და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა.

7ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო.

8და ვითარცა ძლით წარმოვირჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ.

9და ვითარცა მრავალი ჟამი წარჴდა, და იყო-ღა ნავი საცთომელ სავალად, რამეთუ მარხვანი წარ-ოდენ-სრულ იყვნეს, ამცნებდა მათ პავლე

10და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა.

11ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრე-ღა პავლეს სიტყუათა.

12და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად.

13და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრისაჲ, ჰგონებდეს, ვითარმედ ნებისაებრ მათისა იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით.

14და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მის თანა ქარმან მან ბორბალმან, რომელსა ჰრქჳან ვრცელ ღელვა.

15და ვითარ შეაცთუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის, მიუტევეთ და მიმოვაქუნდით.

16ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდისა,

17რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა განცჳვენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა.

18და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა.

19და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაჲ თჳსითა ჴელითა გარდააბნიეს.

20ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო. მიერითგან წარვიწირეთ სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა.

21და ფრიადი უზმობაჲ იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჵ კაცნო, რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ.

22და აწცა გეტყჳ თქუენ, გულ-დებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან, თჳნიერ ხოლო ნავისა.

23რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ,

24და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე! კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას.

25ამისთჳს გულ-დებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაჲ, რამეთუ ესრეთ იყოს, ვითარცა სახედ მეტყოდა მე.

26ჭალაკსა რასმე განსცჳვნებად ვართ ჩუენ.

27ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა, შუა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა.

28და გარდაუტევეს საზომი და პოვეს ოც მჴარ. და მცირედ და-რე-ყოვნეს და კუალად მოზომეს და პოვეს ათხუთმეტი მჴარი.

29და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა ადგილსა განცჳვენ, ბოლოჲთ კერძო ნავისა მის გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა.

30ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაჲ ნავისა მისგან და გარდაუტევეს ჴუამალდი იგი ზღუად, მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განჰმარტებენ კავთა.

31მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების.

32მაშინ ერისგანთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუშუეს იგი წარტაცებად ღელვათა.

33და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა: მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს.

34ამისთჳს გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენის ცხორებისათჳს იქმნა, რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად არს.

35და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად.

36გულს-მოდგინე იქმნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი.

37ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული.

38და ვითარცა განძღეს საზრდელითა, აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს იფქლსა ზღუად.

39და რაჟამს განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს, ყურესა რასმე განიცდიდეს, რომლისა იყო ზღჳს კიდე, სადა-იგი ეგულებოდა, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, განდგინებაჲ ნავისაჲ მის.

40მოჰჴსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლველნიცა იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაჲ მცირე, და ქარით კერძო ეპყრა ზღჳს კიდით კერძო.

41და ვითარცა შეცჳვეს უმძაფრესსა ადგილსა, დაჰკიდეს ნავი იგი. და, რამეთუ თავით კერძოჲ იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად, ხოლო ბოლოჲთ კერძო იგი დაირღუეოდა სიმძაფრითა ღელვათაჲთა.

42ხოლო ერის კაცთა მათ ზრახვა-ყვეს, რაჲთა მოსწყჳდნენ პყრობილნი იგი, ნუუკუე განვინმე-ცურდეს და ივლტოდის.

43ხოლო ასისთავსა მას უნდა განრინებაჲ პავლესი და დააბრკოლნა იგინი ზრახვისა მისგან და უბრძანა, რომელნი-იგი ცურვით შემძლებელ იყვნეს, განსლვად ქუეყანად,

44და სხუანი იგი რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა ნავისაჲთა რომლითამე. და ესრეთ განვერენით ყოველნივე და გამოვედით ქუეყანად.


წინა თავი შემდეგი თავი