მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
მოციქულთა საქმენი
თავი 8

1ხოლო სავლე იყო თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა. იყო მას დღესა შინა დევნულებაჲ დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს. და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაჲსასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა.

2და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყვეს ტყებაჲ დიდი მის ზედა.

3ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ.

4და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხოვრებისასა.

5ფილიპე შთავიდა ქალაქსა მას სამარიტელთასა და უქადაგებდა მათ ქრისტესა.

6და ერჩდა ერი იგი სიტყუათა მათ ფილიპესთა ერთბამად სმენად მათდა და ხილვად სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა.

7რამეთუ მრავალთა რომელთა თანა იყო სულები არაწმიდები, ღაღადებედ ჴმითა მაღლითა და განვიდიან. და მრავალნი განრღვეულნი და მკელობელნი განიკურნებოდეს.

8და იყო სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა.

9კაცი ვინმე იყო, რომელსა სახელი ერქუა სიმონ, წინაჲთვე იყო ქალაქსა მას შინა, ჰგრძნებდა და განაკჳრვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა.

10რომელსა ხედვიდეს ყოველნი, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, და იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ძალი ღმრთისაჲ დიდი.

11ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკჳრვნეს იგინი.

12და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი, სახარებაჲ სასუფეველისათჳს ღმრთისა და სახელისათჳს იესუ ქრისტესისა, ნათელს-იღებდეს მამანი და დედანი.

13და სიმონსცა თჳთ ჰრწმენავე ნათელს-იღო, და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა. და ჰხედჳდა სასწაულებსა და ძალთა დიდთა, რომელნი-იგი იქმნებოდეს, და დაუკჳრდებოდა.

14ესმა რაჲ უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე,

15რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა ყვეს მათთჳს, რაჲთა მიიღონ სული წმიდაჲ.

16რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაჲ, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუჲსითა.

17მაშინ დაასხმიდეს ჴელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაჲ.

18ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთ-დასხმითა მით მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი

19და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა, რომელსაცა დავასხნე ჴელნი, მიაქუნდეს სული წმიდაჲ. ჰრქუა მას პეტრე:

20ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწრყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად.

21არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა.

22შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაჲ ეგე გულისა შენისაჲ,

23რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანა შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ.

24მიუგო სიმონ და ჰრქუა: ილოცეთ თქუენ ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოვიდეს ჩემ ზედა, რომელი-იგი თქუენ სთქუთ.

25ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა, და მოიქცეს იერუსალჱმდ და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს.

26ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ.

27და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ,

28და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინასწარმეტყუელისასა.

29ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ.

30და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინასწარმეტყუელსა; და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ?

31ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა.

32ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.

33სიმდაბლითა თჳსითა სასჯელი მისი მოეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი.

34მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი ამას, თავისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳსმე?

35აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან იესუჲსთჳს.

36და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი, რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად?

37ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთსაჲ არს იესუ ქრისტე.

38და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას.

39და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით.

40და ფილიპე იპოა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად.


წინა თავი შემდეგი თავი