მთავარი გვერდი - ბიბლია |
ახალი აღთქმა |
პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლე |
თავი 4 |
1ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს. 2რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი. 3რადგან თქვენთვის ისიცა კმარა, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, უწმინდურებას, ბილწ გულისთქმათ, მემთვრალეობას, ნაყროვანებას, განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი. 4ამიტომაც უკვირთ, რომ მათთან ერთად არ მონაწილეობთ იმავე გარყვნილებაში, და გგმობენ კიდეც. 5მალე აგებენ პასუხს მის წინაშე, ვინც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს. 6მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რომ ხორცით განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი, და სულით ეცოცხლათ, როგორც ღმერთს. 7თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ. 8უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს. 9უდრტვინველად უმასპინძლეთ ერთურთს. 10თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს. 11თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტევისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 12საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. 13არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ. 14თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება. 15მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. 16ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო. 17რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ? 18თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს? 19ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული. |
წინა თავი | შემდეგი თავი |