მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა წიგნი*
თავი 11

1ეგვიპტის მეფემ თავი მოუყარა დიდ ლაშქარს, როგორც ქვიშას ზღვის ნაპირზე, და მრავალ ხომალდს და ცდილობდა, ვერაგობით დაეპყრო ალექსანდრეს სამეფო და მიეერთებინა თავისი სამეფოსთვის.

2გაემართა სირიისკენ სამშვიდობო სიტყვებით და უდებდნენ ქალაქთა კარიბჭეებს და ეგებებოდნენ. მეფე ალექსანდრეს ნაბრძანები ჰქონდა, დახვედროდნენ მას, რადგან მისი სიმამრი იყო.

3როგორც კი შევიდოდა ქალაქში პტოლემეოსი, ყოველ ქალაქში ჯარებს აყენებდა მცველად.

4ხოლო როგორც კი მიუახლოვდა აშდოდს, უჩვენეს მას გადამწვარი დაგონას ტაძხარი, მოოხრებული აშდოდი და მისი გაუდაბურებული გარეუბნები, მათი დაჩეხილი და დანახშირებული სხეულები, ბრძოლაში რომ დაიწვნენ. მათ გროვებს ახვედრებდნენ გზაზე.

5უამბეს მეფეს, რაც გააკეთა იონათანმა, და ბრალი დასდეს, მაგრამ დუმდა მეფე.

6იაფოსთან შეეგება იონათანი მეფეს პატივით. შეხვდნენ ერთმანეთს და იქ გაათენეს.

7იმგზავრა იონათანმა მეფესთან ერთად მდინარემდე, რომელსაც ეძახიან ელეფთეროსს, და გაბრუნდა იერუსალიმისკენ.

8ხოლო მეფე პტოლემეოსი განაგებდა სანაპირო ქალაქებს ზღვისპირის სელევკიამდე და ბოროტი ზრახვები ჰქონდა ალექსანდრეს წინააღმდეგ.

9გაგზავნა ელჩები მეფე დემეტრიოსთან, შეუთვალა: მაშ, მოდი კავშირი შევკრათ ერთმანეთთან; შენ მოგცემ ჩემს ასულს, ალექსანდრეს რომ ჰყავს ცოლად, და გამეფდები მამაშენის სამეფოში.

10ვნანობ, რომ მას მივეცი ჩემი ასული, რადგან ჩემს სიკვდილს ეძიებდაო.

11ცილი დასწამა მას, რადგან თვითონ უნდოდა მისი სამეფო.

12წაართვა მას ცოლი და მისცა ის დემეტრიოსს; გაუუცხოვდა ალექსანდრეს და გაცხადდა მათი მტრობა.

13შევიდა პტოლემეოსი ანტიოქიაში და დაიდგა აზიის გვირგვინი. ორი გვირგვინი ედგა თავზე - ეგვიპტისა და აზიისა.

14მეფე ალექსანდრე კი იმ დროს კილიკიაში იყო, რადგან განერიდა იქაურ ადგილებს.

15გაიგო ეს ალექსანდრემ და გაემართა მასთან საომრად. პტოლემეოსმაც გამოილაშქრა, წინ დაუხვდა მას ძლიერი ხელით და განდევნა იგი.

16გაიქცა ალექსანდრე არაბეთში, რომ იქ შეეფარებინა თავი. მეფე პტოლემეოსი კი აღზევდა.

17არაბმა ზაბდიელმა თავი მოჰკვეთა ალექსანდრეს და გაუგზავნა პტოლემეოსს.

18მაგრამ მესამე დღეს მეფე პტოლემეოსი მოკვდა, ხოლო მის ციხე-სიმაგრეებში მყოფნი ციხე-სიმაგრეების ხალხმა დახოცა.

19და გამეფდა დემეტრიოსი ასსამოცდამეშვიდე წელს.

20იმ დღეებში თავი მოუყარა იონათანმა იუდას ხალხს, რომ ბრძოლით აეღოთ იერუსალიმის ციხე, და მის წინ უამრავი მანქანა დააყენა.

21მათი ერის მოძულე რჯულსგამდგარი კაცები გაეშურნენ მეფისკენ და აცნობეს მას, ციხეს შემოერტყაო იონათანი.

22შეიტყო ეს და განრისხდა. და შეიტყო თუ არა, მაშინვე გაემართა პტოლემაისისკენ. შეუთვალა იონათანს, არ შემორტყმოდა ციხეს და დაუყოვნებლივ შეხვედროდა მას პტოლემაისში მოსალაპარაკებლად.

23რომ მოისმინა ეს იონათანმა, ბრძანა, განეგრძოთ ალყა. შემდეგ ისრაელის უხუცესთაგან და მღვდელთაგან აარჩია კაცები და თავი საფრთხეში ჩაიგდო.

24აიღო ვერცხლი და ოქრო, სამოსელი და სხვა მეტად ძვირფასი ნივთები, გაემგზავრა მეფესთან პტოლემაისში და ჰპოვა მადლი მის წინაშე.

25თუმცა ვიღაც ურჯულოებმა მისი ხალხიდან დაასმინეს იგი,

26მეფე მაინც ისე მოექცა მას, როგორც მისი წინამორბედნი ექცეოდნენ, და აღაზევა ის ყველა თავისი მეგობრის წინაშე.

27დაუმტკიცა მას მღვდელმთავრის ხარისხი და ყველა სხვა პატივი, რაც წინათ ჰქონდა, და უახლოეს მეგობრებში უპირველესად შერაცხა.

28მოსთხოვა იონათანმა მეფეს, აეხსნა ხარკი იუდასთვის, სამი ოლქისთვის და სამარიისთვის, და აღუთქვა მას სამასი ტალანტი.

29დათანხმდა მეფე და მისწერა იონათანს წერილი ყოველივე ამის თაობაზე ამგვარი შინაარსისა:

30მეფე დემეტრიოსი ძმას იონათანს და იუდაელთა ერს მოგიკითხავ.

31ასლი წერილისა, რომელიც ლასთენეს, ჩვენს ნათესავს, მივწერეთ თქვენს შესახებ, თქვენც გამოგიგზავნეთ, რათა იცოდეთ:

32მეფე დემეტრიოსი ლასთენეს, მამას მოგიკითხავ.

33იუდაელთა ერს, ჩვენს მეგობრებს და ჩვენდამი ვალდებულებების ერთგულად შემსრულებელთ, გადავწყვიტეთ სიკეთე ვუყოთ, რადგან კეთილგანწყობილნი არიან ჩვენდამი.

34ვუმტკიცებთ მათ იუდას მიწა-წყალს, სამ ოლქს - აფაირემას, ლოდსა და რათამინს, რომლებიც მიუერთდა იუდას სამარიიდან; ყველას, ვინც მსხვერპლს სწირავს იერუსალიმში, ვათავისუფლებთ სამეფო გადასახადისგან, რომელსაც უწინ ყოველწლიურად იღებდა მეფე მიწის მოსავლიდან და ხეთა ნაყოფებისგან;

35ამიერიდან სხვა დანარჩენი გადასახადებიდან, რაც გვერგება, მეათედებიდან, ხარკებიდან, რაც გვერგება, მარილის ტბიდან და გვირგვინის ხარკიდან, რაც გვერგება ყოველივე ამისგან ვათავისუფლელთ მათ.

36არცერთი ამათგანი არ შეიცვლება ამიერიდან სამარადისოდ.

37მაშ, ახლა იზრუნეთ, რომ გააკეთოთ ასლი, გადასცეთ იონათანს და დადოთ წმიდა მთაზე გამოსაჩენ ადგილას.

38როცა დაინახა მეფე დემეტრიოსმა, რომ დაწყნარდა ქვეყანა მის წინაშე და რომ არაფერი აღდგომია წინ, დაითხოვა მთელი თავისი ჯარები, თითოეული თავისი ადგილისაკენ, გარდა უცხოელთა ჯარებისა, რომლებიც დაქირავებული ჰყავდა სხვა ხალხების კუნძულებიდან, რისთვისაც მტრობდა მას მთელი მამაპაპეული ლაშქარი.

39ტრიფონმა, რომელსაც ადრე ალექსანდრეს მხარი ეჭირა, დაინახა, რომ მთელი ჯარი დრტვინავდა დემეტრიოსზე, და გაემართა არაბ იმალკუესკენ, ვინც ზრდიდა ანტიოქოსს, ალექსანდრეს ჩვილ ვაჟს.

40არწმუნებდა, მისთვის ჩაებარებინა ბავშვი, რათა გაემეფებინა მამამისის ნაცვლად. მერე უამბო ყველაფერი, რაც გააკეთა დემეტრიოსმა და როგორ მტრობდა მას მისი ლაშქარი. დარჩა იქ დიდხანს.

41შეუთვალა იონათანმა მეფე დემეტრიოსს, რომ გაეყვანა იერუსალიმის ციხეში და სიმაგრეებში ჩაყენებული რაზმები, რადგან ებრძოდნენ ისრაელს.

42შეუთვალა დემეტრიოსმა იონათანს: არა მარტო ამას გავაკეთებ შენთვის და შენი ხალხისთვის, არამედ დიდებით განგადიდებთ შენ და შენს ხალხს, თუკი შესაფერი ჟამი ვპოვე.

43ახლა, სწორად მოიქცევი, თუ გამომიგზავნი ჩემს მოკავშირე მეომრებს, რადგან ამბოხებულია მთელი ჩემი ჯარი.

44გაუგზავნა იონათანმა სამიათასი მაგარი ვაჟკაცი ანტიოქიაში. წარდგნენ მეფესთან და გაიხარა მეფემ მათი მოსვლით.

45ასოციათასამდე ქალაქელი შეიკრიბა შუა ქალაქში და ეწადათ მეფის მოკვლა.

46მაგრამ მეფემ სასახლის ეზოში შეასწრო, ქალაქელებმა კი დაიკავეს ქალაქის გასასვლელები და დაიწყეს ბრძოლა.

47მეფემ იუდაელებს მოუწოდა დასახმარებლად და ყველანი ერთად მოგროვდნენ მასთან, გაიფანტნენ ქალაქში და დახოცეს იმ დღეს ასიათასამდე კაცი.

48გადაწვეს ქალაქი და დიდძალი ნადავლი აიღეს იმ დღეს, და იხსნეს მეფე.

49როცა დაინახეს ქალაქელებმა, რომ აიღეს ქალაქი იუდაელებმა, როგთრც მათ უნდოდათ, სულით დაეცნენ და თხოვნით შეჰღაღადეს მეფეს.

50მოგვეცი მარჯვენა და შეწყვიტონ იუდაელებმა ბრძოლა ჩვენთან და ქალაქთან:

51დაყარეს იარაღი და ჩამოაგდეს მშვიდობა. განითქვნეს იუდაელები მეფისა და ყველას წინაშე მის სამეფოში, და მიბრუნდნენ იერუსალიმისკენ დიდძალი ნადავლით.

52დაბრძანდა მეფე დემეტრიოსი თავის სამეფო ტახზე და დაწყნარდა ქვეყანა მის წინაშე.

53მაგრამ ყველაფერში გვიმტყუნა, რაც თქვა, და გაიუცხოვა იონათანი და არ მისცა დაპირებული შეღავათები; ძალზე გაანაწყენა იგი.

54ამის შემდეგ იყო, რომ დაბრუნდა ტრიფონი ანტიოქოსთან, უასაკო ბავშვთან ერთად.

55შეიკრიბნენ მასთან ჯარები, რომლებიც დაითხოვა დემეტრიოსმა, და გაილაშქრეს მის წინააღმდეგ, გაიქცა და ივლტოდა.

56გამოიყვანა ტრიფონმა სპილოები და დაეუფლა ანტიოქიას.

57მისწერა ყმაწვილმა ანტიოქოსმა იონათანს: დამიდგენიხარ მღვდელმთავრად და ოთხი ოლქის განმგებლად და მეფის მეგობართა შორის შემირაცხიხარ.

58და გაუგზავნა მას ოქროს თასები და სუფრის ჭურჭელი, მისცა მას უფლება, ოქროს თასებით ესვა, ძოწეულით შემოსილიყო და ოქროს ბალთა ეტარებინა.

59ხოლო სიმონი, მისი ძმა, სარდლად დანიშნა ტვიროსის კიბიდან ეგვიპტის საზღვრებამდე.

60გამოვიდა იონათანი და მოიარა მდინარის ნაპირი და ქალაქები, და შეიკრიბა მის წინაშე სირიის მთელი ლაშქარი მხარის დასაჭერად. ჩავიდა აშკელონში და პატივით შეეგებნენ მას ქალაქის მკვიდრნი.

61გამოემართა იქიდან ღაზასკენ, მაგრამ ჩაიკეტნენ ღაზელები. ალყა შემოარტყა მას და ცეცხლით გადაწვა მისი სანახები, და გაძარცვა ისინი.

62შეევედრნენ იონათანს ღაზელები და მანაც მისცა მათ მარჯვენა, აიყვანა მათი მთავრების ვაჟები მძევლებად და იერუსალიმში გაგზავნა ისინი. დამასკომდე მოიარა ქვეყანა.

63გაიგო იონათანმა, რომ წამოსულან დემეტრიოსიხ მთავრები კადეშისკენ გალილეაში დიდძალი ჯარით, მისი გადაყენების მსურველნი.

64თავად დაუხვდა მათ, მისი ძმა სიმონი კი ქვეყანაში დარჩა.

65დაბანაკდა სიმონი ბეთ-ცურთან, ებრძოდა მას დიდხანს და მოიმწყვდია იგი.

66სთხოვეს მას მარჯვენის მიცემა და მანაც მისცა მარჯვენა. შემდეგ გამოყარა ისინი იქიდან, აიღო ქალაქი და დაცვა ჩააყენა.

67იონათანი და მისი ლაშქარი გენესარეთის წყალთან დაბანაკდა. დილას ადრე ხაცორის ველზე განლაგდნენ.

68და აჰა, უცხოტომთა ბანაკი შეეყარა მას ველზე; ნაწილი მთებში ჩაესაფრებინათ მათ წინააღმდეგ, თავად კი პირისპირ შეეტაკნენ.

69ჩასაფრებულებიც გამოვიდნენ საფრებიდან და ჩაერთნენ ბრძოლაში.

70იონათანთან მყოფნი ყველანი გაიქცნენ, ერთიც კი არ დარჩენილა მათგან, გარდა მატათიასი, აბესალომის ძისა, და იუდასი, ხალფის ძისა - ლაშქრის რაზმეულთა მეთაურებისა.

71შემოიხია იონათანმა სამოსელი, თავზე მტვერი დაიყარა და ილოცა.

72მერე კვლავ ჩაერთო ბრძოლაში მათ წინააღმდეგ, დაამარცხა ისინი და უკუაქცია.

73დაინახეს ეს იონათანისგან გაქცეულებმა და დაბრუნდნენ მასთან, მისდიეს კადეშამდე, მათ ბანაკამდე, და იქ დადგნენ.

74დაეცა იმ დღეს მათგან სამიათასამდე კაცი; და გაბრუნდა იონათანი იერუსალიმისკენ.


წინა თავი შემდეგი თავი