მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი მაკაბელთა წიგნი* |
თავი 14 |
1ასსამოცდამეთორმეტე წელს მეფე დემეტრიოსმა შეკრიბა თავისი ჯარები და გაემართა მიდიისკენ, რომ მიეღო დახმარება ტრიფონთან საომრად. 2შეიტყო სპარსეთისა და მიდიის მეფემ, არსაკემ, რომ შემოვიდა დემეტრიოსი მის მიწა-წყალზე და გაგზავნა ერთი თავის წინამძღოლთაგანი, რომ ცოცხლად შეეპყრათ იგი. 3გაემართა და დაამარცხა დემეტრიოსის ლაშქარი. დაატყვევა იგი და მიჰგვარა არსაკეს და ჩასვეს საპყრობილეში. 4დამშვიდდა იუდას ქვეყანა სიმონის სიცოცხლეში. სიკეთეს ცდილობდა თავისი ხალხისთვის და სათნო უჩნდათ მათ მისი ხელმწიფება და დიდება მთელი მისი სიცოცხლე. 5მთელ თავის დიდებასთან ერთად იაფოც აიღო ნავსადგურად და ზღვის კუნძულებს მისასვლელი შეუქმნა. 6გააფართოვა თავისი ერის საზღვრები და განაგებდა ქვეყანას. 7შეკრიბა მრავალი ტყვე და ბატონობდა გაზარაზე, ბეთ-ცურზე და ციხეზე. გააძევა იქიდან უწმიდურობა და აღარავინ იყო მისი წინააღმდგომი. 8მშვიდობით ამუშავებდნენ თავიანთ მიწას, მიწა იძლეოდა მოსავალს, ხეები კი ბარში - ნაყოფს. 9მოხუცებულნი ქუჩებში ისხდნენ და ყველანი სიკეთეზე საუბრობდნენ. ჭაბუკები დიდებული და საომარი სამოსელით იმოსებოდნენ. 10ქალაქებს სარჩოთი ამარაგებდა და სიმაგრეებად აქცია ისინი, და ქვეყნის კიდემდე განითქვა მისი სახელის დიდება. 11ქვეყნად მშვიდობა დაასადგურა და დიდი სიხარულით გაიხარა ისრაელმა. 12ყოველი კაცი თავისი ბაბილოს თუ ლეღვის ქვეშ იჯდა და არავინ იყო მათი შემაშინებელი. 13არავინ დარჩა ქვეყნად მათი მბრძოლი და მეფენიც მოდრეკილიყვნენ იმ ხანებში. 14გააძლიერა თავისი ხალხის ყველა გლახაკი, რჯულს ეძიებდა და ყველა ურჯულო და უკეთური გადააშენა. 15დიდებული გახადა სამსხვერპლო და შეჰმატა საწმიდარს სამკაულები. 16გავრცელდა ხმა რომში და სპარტამდეც, რომ მოკვდა იონათანი, და ძლიერ დამწუხრდნენ. 17ხოლო როდესაც შეიტყვეს, რომ სიმონი, მისი ძმა გამხდარა მის ნაცვლად მღვდელმთავარი, და თავად მართავდა ქვეყანასა და მის ქალაქებს, 18მისწერეს მას სპილენძის დაფებზე, რომ განეახლებინათ მათთან მეგობრობა და მოკავშირეობა, რომელიც დაამყარეს იუდასთან და იონათანთან, მის ძმებთან. 19და წაკითხულ იქნა ისინი იერუსალიმის კრებულის წინაშე. 20აი, ასლი წერილებისა, რომლებიც გაუგზავნეს სპარტელებმა: სპარტის მთავარნი და ქალაქი სიმონს - მღვდელმთავარს, უხუცესებს, მღვდლებსა და მთელს იუდაელთა ხალხს, ძმებს, მოგიკითხავთ. 21ჩვენს ხალხთან გამოგზავნილმა ელჩებმა გვამცნეს თქვენი დიდებისა და პატივის შესახებ და გავიხარეთ მოტანილი ამბით. 22მათი ნათქვამები სახალხო საბჭოში ამგვარად ჩავწერეთ: ნუმენიოსი, ძე ანტიოქოსისა, და ანტიპატროსი, ძე იასონისა - იუდაელთა ელჩები მოვიდნენ ჩვენთან მეგობრობის განსაახლებლად. 23ხალხს სწადდა ამ კაცების პატივით მიღება და მათი სიტყვების ასლის დადება ხალხის გადაშლილ წიგნთა შორის, რომ სახსოვრად ჰქონოდა სპარტელ ხალხს. ეს ასლი კი გაუგზავნეს სიმონ მღვდელმთავარს. 24ამის შემდეგ გაისტუმრა სიმონმა ნუმენიოსი რომისკენ (თან ჰქონდა დიდი ოქროს ფარი, წონით ათასი მინა), მათთან მოკავშირეობის დასამტკიცებლად. 25როცა მოიხმინა ხალხმა ეს სიტყვები, თქვეს: როგორ გადავუხადოთ მადლობა სიმონსა და მის ვაჟებს? 26რადგან გაძლიერდა ის, მისი ძმებიც, და მამამისის სახლი. შეებრძოლენ ისრაელის მტრებს და მიანიჭეს მას თავისუფლება. დაწერეს სპილენძის ფიცრებზე და ჩამოკიდეს სვეტებზე სიონის მთაზე. 27აი, ამ წერილის ასლი: ელულის თვრამეტში, ასსამოცდამეთორმეტე წელს ანუ სიმონ დიდი მღვდელმთავრის მესამე წელს, ასარამელში, 28მღვდლების, ხალხის, ერისმთავართა და ქვეყნის უხუცესთა დიდ საკრებულოში ჩვენ გვემცნო: 29როცა მრავალგზის დაატყდა ომი ქვეყანას მაშინ სიმონმა, მატათია მღვდლის ვაჟმა, იოარიბიანთაგან, და მისმა ძმებმა თავი საფრთხეში ჩაიგდეს და თავიანთი ხალხის მტრებს წინაღუდგნენ თავიანთი საწმიდარისა და რჯულის შესანარჩუნებლად და დიდი დიდებით ასახელეს თავისი ერი. 30შეკრიბა იონათანმა თავისი ხალხი, გახდა მათი მღვდელმთავარი და თავისი ერისთვის დადო თავი. 31მოიწადინეს მათმა მტრებმა მათ ქვეყანაში შეჭრა და ხელი აღმართეს მათ სამსხვერპლოზე. 32მაშინ აღუდგა მათ სიმონი და შეებრძოლა თავისი ხალხის გულისთვის. დახარჯა უამრავი საკუთარი ფული და იარაღით აღჭურვა თავისი ერის ჯარისკაცები, და მისცა მათ ჯამაგირი. 33გაამაგრა იუდას ქალაქები და ბეთ-ცური, რომელიც იუდას საზღვარზეა, სადაც წინათ მტრების საჭურველი იყო, და დააყენა იქ იუდაელი კაცების ყარაული. 34იაფო გაამაგრა ზღვის პირას, გაზარა კი - აშდოდის საზღვარზე, სადაც ადრე მტრები სახლობდნენ, და მოამარაგა ყველაფრით, რაც მათი აღორძინებისთვის იყო აუცილებელი. 35დაინახა ხალხმა სიმონის ერთგულება და ცდა მისი ერისთვის დიდების მოსაპოვებლად. აირჩიეს იგი თავიანთ წინამძღვრად და მღვდელმთავრად ყოველივე იმისთვის, რაც გააკეთა, სამართლიანობისა და ერთგულების გამო თავისი ხალხისადმი, თავისი ერის ამაღლების ყოველმხრივ მცდელობისთვის. 36მის დროს კეთილად წარიმართა მის ხელში წარმართთა განდევნა ქვეყნიდან, და იმათი, დავითის ქალაქში, იერუსალიმში, რომ იყვნენ ჩასახლებულნი, რომ ააშენეს თავისთვის ციხე, გამოდიოდნენ და ბილწავდნენ არემარეს სამსხვერპლოს გარშემო და დიდ ზიანს აყენებდნენ საწმიდარს. 37ჩაასახლა იქ იუდაელი კაცები, გაამაგრა ის ქვეყნის და ქალაქის უსაფრთხოებისთვის და აამაღლა იერუსალიმის კედლები. 38მეფე დემეტრიოსმა ამის გამო მღვდელმთავრის ხარისხში აღაზევა იგი, 39თავის მეგობრად გაიხადა და დიდი დიდებით განადიდა, 40რადგან გაიგო, რომ იუდაელნი რომაელების მიერ მეგობრებად, მოკავშირეებად და ძმებად იწოდებიან, და სიმონის ელჩებს პატივით დახვდნენ; 41და რომ იუდაელებს და მღვდლებს სურთ, სიმონი ჰყავდეთ წინამძღვრად და მღვდელმთავრად სამუდამოდ, ვიდრე სარწმუნო წინასწარმეტყველი აღდგებოდეს; 42ჰყავდეთ ერისმთავრად და იზრუნოს საწმიდარზე და განაწესოს ხალხი, ყეელა თავის საქმეზე - ქვეყანაზე, იარაღებზე და ციხე-სიმაგრეებზე; 43რომ იზრუნოს საწმიდარზე, რომ მას უსმენდნენ მრავალნი და ქვეყანაში ყველა საბუთი მის სახელზე იწერებოდეს, რომ შეიმოსოს ძოწეულითა და ოქროს სამკაულებით; 44არ მიეცეს ნება ერისაგანს ან სამღვდელოს, გააუქმოს რომელიმე ამათგანი, შეეპასუხოს მის ბრძანებებს, მის გარეშე მოიწვიოს ყრილობა ქვეყანაში, ჩაიცვას ძოწეული და ატაროს ოქროს ბალთა. 45თუკი ვინმე ამათ საწინააღმდეგოს ჩაიდენს, ანდა შეცვლის რაიმეს ამათგან, დამნაშავე იქნება. 46დათანხმდა მთელი ერი, დამორჩილებოდა სიმონს და ემოქმედა ამ სიტყვების თანახმად. 47მიიღო სიმონმა და დათანხმდა, გაეწია იუდაელთა და სამღვდელოთა მღვდელმთავრთბა, სარდლობა და ერისმთავრობა - ყოველთა წინამძღვრობა. 48თქვეს, დაეწერათ ეს ყველაფერი სპილენძის დაფებზე და დაედგათ ისინი საწმიდრის გალავანში, საჩინო ადგილას, 49ხოლო მისი ასლები საგანძურში დაეწყოთ, რომ ჰქონოდათ ისინი სიმონსა და მის ვაჟებს. |
წინა თავი | შემდეგი თავი |