მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი მაკაბელთა წიგნი* |
თავი 3 |
1მის ნაცვლად აღდგა იუდა, მისი ვაჟი, რომელსაც მაკაბელი ერქვა. 2მხარში ამოუდგნენ მას მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამამისს შეუერთდა, და სიხარულით იბრძოდნენ ისრაელისთვის. 3შორს გაიტანა თავისი ხალხის დიდება; თორი შეიმოსა როგორც ბუმბერაზმა, შეისხა საომარი საჭურველი და იბრძოდა, მახვილით იცავდა ბანაკს. 4თავისი საქმეებით ლომს ჰგავდა და ლომის ბოკვერს, მსხვერპლზე რომ ბდღვინავს. 5დევნიდა ურჯულოებს, ეძებდა მათ და წვავდა თავისი ხალხის მაშფოთებელთ. 6მისი შიშით დადგნენ ურჯულოები, გაწბილდა ყოველი ძვირისმოქმედი და კეთილად წარიმართა ხსნა მისი ხელით. 7გაამწარა ბევრი მეფე და თავისი საქმით გაახარა იაკობი, და კურთხეულია მისი ხსოვნა უკუნისამდე. 8მოიარა იუდამ ქალაქები და გაწყვიტა იქ ღვთისმგმობელნი და მიიქცა რისხვა ისრაელიდან. 9სახელი გაითქვა ქვეყნის კიდემდე და თავი მოუყარა დასაღუპად განწირულთ. 10ამასობაში აპოლონიოსმა თავი მოუყარა წარმართებს და დიდძალ ლაშქარს სამარიიდან ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად. 11გაიგო ეს ამბავი იუდამ, გაემართა მის შესახვედრად, სძლია მას და მოკლა. ბევრი დაეცა განგმირული, დანარჩენებმა კი თავს უშველეს. 12მოხვეტეს ნადავლი, აპოლონიოსის მახვილი კი იუდამ აიღო და იმით იბრძოდა მთელი სიცოცხლე. 13როცა გაიგო სერონმა, სირიის ლაშქრის სარდალმა, რომ იუდამ თავი მოუყარა მთელს კრებულსა და მორწმუნეთა მრევლს, და საომრად გავიდა, 14თქვა: გავითქვამ სახელს და სამეფოში პატივს მოვიხვეჭ. შევებრძოლები იუდასა და მის თანამდგომთ, მეფის სიტყვათა შეურაცხმყოფელთო. 15და გაეშურა მისკენ ღვთისმგმობელთა ძლიერი ბანაკი, რომ მიხმარებოდნენ მას ისრაელიანების დასასჯელად. 16ბეთ-ხორონის აღმართს რომ მიუახლოვდა, გამოვიდა იუდა მის შესახვედრად მეტად მცირე რაზმით. 17როცა მათ წინააღმდეგ გამოსული ლაშქარი დაინახეს, უთხრეს იუდას: როგორ შევებრძოლოთ ასე ცოტანი ამ ურიცხვ და ძლიერ ლაშქარს? დაქანცულებიც ვართ, რადგან დღეს არაფერი გვიჭამიაო. 18მიუგო იუდამ: ადვილია მცირეთა ხელით მრავალთა ძლევა; ბევრის ხელით მოხდება ხსნა თუ მცირეს ხელით, ცის წინაშე სულერთია. 19ლაშქრის სიმრავლე კი არ იმარჯვებს ომში, არამედ შველა ზეციდან მოდის. 20ისინი ჩვენზე აღძრულან დიდი თავხედობითა და ურჯულოებით, რათა მოგვსპონ ჩვენ, ჩვენი ცოლები და ჩვენი შვილები, და გაგვძარცვონ. 21ჩვენი კი ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის და რჯულისთვის. 22თავად უფალი გააცამტვერებს მათ ჩვენს თვალწინ; თქვენ კი ნუ შეგეშინდებათ. 23როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი, მოულოდნელად მიეჭრა მათ და შეიმუსრნენ სერონი და მისი ლაშქარი მის წინაშე. 24და მისდიეს მათ ბეთ-ხორონის დაღმართზე ვაკემდე და დაეცა მათგან რვაასი კაცი, დანარჩენები კი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ. 25განითქვა შიში იუდასი და მისი ძმებისა, და თავზარი დაეცათ მათ ირგვლივ წარმართებს. 26მეფესაც მისწვდა მისი სახელი და ალაპარაკდნენ წარმართები იუდას ბრძოლებზე. 27შეიტყო ეს ამბები მეფე ანტიოქოსმა და ძალზე განრისხდა. დაგზავნა ხალხი, რომ შეეკრიბათ მისი სამეფოს მთელი ძალა, დიდი და ურიცხვი ლაშქარი. 28გახსნა თავისი განძთსაცავი და მისცა წლიური გასამრჯელო ლაშქარს, უბრძანა, მზად ყოფილიყვნენ ყოველი საჭიროებისთვის. 29ნახა, რომ გამოილია ვერცხლი საგანძურში და ქეეყნის შემოსავალმაც დაიკლო განხეთქილებათა და უბედურებათა გამო, რაც ქვეყანას დაატეხა მამაპაპეული კანონების გაუქმებით. 30და შეშფოთდა, რადგან მხოლოდ ერთი-ორჯერ თუღა შეეძლო გაეცა საჩუქრები, რომელთაც წინათ თავის წინამორბედ მეფეებზე უფრო უხვად და ხელგაშლილად იძლეოდა. 31დიდად შეწუხებულმა განიზრახა, სპარსეთში წასულიყო, აეკრიფა მხარეთა შემოსავალი და ბევრი ვერცხლი დაეგროვებინა. 32სახელმწიფო საქმეები კი მდინარე ევფრატიდან ქვეყნის კიდემდე ლისიას, სახელოვან კაცს სამეფო გვარისას, ჩააბარა. 33მასვე ჩააბარა აღსაზრდელად თავისი ვაჟი, ანტიოქოსი, ვიდრე მობრუნდებოდა. 34ჩააბარა ჯარების ნახევარი და სპილოები, დაუტოვა მას განკარგულება ყველაფერზე, რასაც აპირებდა იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთათვის, 35რომ გაეგზავნა ჯარი ისრაელის ძლიერებისა და იერუსალიმის ნატამალის გასაცამტვერებლად და მათი სახსენებლის აღსაგველად იმ ადგილიდან, 36უცხო ტომის დასასახლებლად მთელ მიწა-წყალზე და მის ქვეყანაზე წილის საყრელად. 37მეფემ კი წაიძღვანა ჯარების დარჩენილი ნახევარი და გაემგზავრა ანტიოქიიდან, თავისი სამეფო ქალაქიდან, ასორმოცდამეშვიდე წელს; გადაცურა მდინარე ევფრატი და მოიარა ზემო ქვეყნები. 38გამოარჩია ლისიამ პტოლემეოსი, დორუმენოსის ძე, ნიკანორი და გორგია, მაგარი ვაჟკაცები მეფის მეგობართაგან, 39და გაგზავნა მათთან ერთად ასოციათასი ქვეითი და შვიდი ათასი მხედარი, რომ შესულიყვნენ იუდას ქვეყანაში და აეოხრებინათ ის მეფის ბრძანებისამებრ. 40და გაემართნენ მთელს ჯართან ერთად; მივიდნენ და დაეწყვნენ ემაუსის მახლობლად, ვაკეზე. 41როდესაც იმ ქვეყნის ვაჭრებს მოესმათ მათი სახელი, აიღეს ურიცხვი ოქრო-ვერცხლი და ჯაჭვები და გაეშურნენ ბანაკისკენ, რომ მონებად აეყვანათ ისრაელიანები; და შეუერთდნვნ მათ სირიისა და უცხოთესლთა ქვეყნის ძალები. 42იუდამ და მისმა ძმებმა დაინახეს, რომ გამრავლდა უბედურებანი და ჯარები დგანან მთელს მათ მიწა-წყალზე; გაიგეს მეფის ბრძანებაც, რომელიც გაცემული იყო ხალხის გასანადგურებლად და ამოსაწყვეტად. 43თქვეს ერთმანეთში: აღვადგინოთ დაცემული ჩვენი ხალხი და ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხისთვის და საწმიდარისთვის. 44შეიკრიბა საკრებულო, რომ მზად ყოფილიყვნენ საომრად, ელოცათ და გამოეთხოვათ წყალობა და შებრალება. 45იერუსალიმი კი უკაცრიელი იყო როგორც უდაბნო; აღარ იყო მიმსვლელ-მომსვლელი მის მკვიდრთაგან; საწმიდარი გათელილი იყო, ციხე-სიმაგრე უცხოთესლს ეჭირა, წარმართთა ბუნაგად ქცეულიყო; წაერთვა სიხარული იაკობს და დადუმდა სტვირი და ებანი. 46შეიკრიბნენ და გაეშურნენ მიცფასკენ, იერუსალიმის პირდაპირ, რადგან მიცფა წინათ სალოცავი ადგილი იყო ისრაელისთვის. 47იმარხულეს იმ დღეს, ჩაიცვეს ჯვალო, თავზე ნაცარი გადაიყარეს და ტანისამოსი შემოიგლიჯეს. 48გადაშალეს რჯულის წიგნი, რომლის მეშვეობითაც წარმართები ცდილობდნენ დაჰკითხოდნენ თავიანთი კერპების გამოსახულებებს. 49მოიტანეს სამღვდელო შესამოსელი, ნათავარები და მეათედები, და მოუხმეს მოწმიდარებს, რომელთაც შესრულებული ჰქონდათ თავიანთი დღეები. 50ცისკენ აღიმაღლეს ხმა, თქვეს: რა ვუყოთ ამათ, საით წავიღოთ? 51სიწმინდე შენი გათელილია და წაბილწული, და შენი მღვდლები გლოვაში და დამცირებაში არიან. 52აჰა, წარმართები შეკრულან ჩვენს ასაოხრებლად. შენ ხედავ, რაც განუზრახავთ ჩვენთვის. 53როგორ გავუწევთ წინააღმდეგობას, შენ თუ არ შეგვეწევი? 54საყვირებს ჩაჰბერეს და დიდი ხმით აყვირდნენ. 55ამის შემდეგ იუდამ დანიშნა ერის წინამძღოლები, ათასისთავები, ასისთავები, ორმოცდაათისთავები და ათისთავები. 56მათ კი, ვინც სახლის შენებაში იყვნენ ან ცოლს ირთავდნენ, ან ვენახს აშენებდნენ, ან ბრძოლა აშინებდათ, გამოუცხადა შინ დაბრუნებულიყვნენ, რჯულის თანახმად. 57დაიძრა ლაშქარი და ემაუსის სამხრეთით დაბანაკდა. 58თქვა იუდამ: სარტყელი შემოირტყით და გამხნევდით, დილაადრიანად მზად იყავით წარმართებთან საომრად, ჩვენს წინააღმდეგ რომ ამხედრებულან, რათა დაგვამხონ ჩვენ ჩვენს საწმიდართან ერთად. 59ჯობს, ბრძოლაში დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი ხალხისა და საწმიდარის უბედურება ვიხილოთ. 60რასაც ზეცაში ინებებს, ის მოახდინოს! |
წინა თავი | შემდეგი თავი |