მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
პირველი მაკაბელთა წიგნი* |
თავი 6 |
1მოიარა მეფე ანტიოქოსმა ზემო ქვეყნები და შეიტყო, რომ სპარსეთში ყოფილა ქალაქი ელიმაისი, სიმდიდრით, ვერცხლითა და ოქროთი განთქმული; 2რომ არის იქ ტაძარი, ძალზე მდიდარი, სადაც ინახება ოქროს ფარები, თორები და საჭურველი, რომელიც დატოვა მაკედონიის მეფემ, ალექსანდრე ფილიპეს ძემ, საბერძნეთის მეფე რომ იყო თავდაპირველად. 3მიადგა ქალაქს და ცდილობდა მის აღებასა და გაძარცვას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ცნობილი გახდა მისი განზრახვა ქალაქელებისთვის. 4ბრძოლით დახვდნენ მას, გაიქცა იგი და დიდად შეწუხებული გაემართა იქიდან ბაბილონისკენ. 5მაშინ ეახლა მას ვინმე სპარსი და მოახსენა, რომ დაფანტულია იუდას ქვეყნისკენ მომავალი ლაშქარი; 6რომ პირველად ლისია მიდიოდა დიდძალი ჯარით, მაგრამ უკუიქცა მათ წინაშე; რომ იუდაელები გაძლიერდნენ საჭურვლით, ჯარით და დიდძალი ნადავლით, რომელიც დამარცხებული ლაშქრისგან აიღეს; 7რომ იერუსალიმის საკურთხეველზე დაშენებული სისაძაგლე დალეწეს, საწმიდარი უწინდელივით მოზღუდვს მაღალი კვდლით, და ბეთ-ცურიც, მისი ქალაქი. 8როდესაც მეფემ მოისმინა ეს ამბავი, გაოგნდა და შეშფოთდა დიდად, ლოგინად ჩავარდა და დასნეულდა მწუხარებისგან, რადგან არ აუსრულდა საწადელი. 9ასე იწვა იქ მრავალი დღე, რადგან უახლოვდებოდა უზომო მწუხარება და ფიქრობდა, ვკვდებიო. 10მოუხმო თავის ყველა მეგობარს და თქვა მათ წინაშე: განშორდა ძილი ჩემს თვალებს და გული შემიღონდა მწუხარებისგან. 11ვუთხარი ჩემს თავს: ეს რა გასაჭირში ჩავვარდი-მეთქი! რა ნიაღვარმა წამლეკა, ჩემს ზეობაში კი საჭირო და ძვირფასი კაცი ვიყავი-მეთქი. 12ახლაღა მაგონდება ბოროტებანი, იერუსალიმში რომ ჩავიდინე, გამოვზიდე იქიდან მთელი ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი და ტყუილუბრალოდ ვგზავნიდი ხალხს იუდას მოსახლეობის მოსაოხრებლად. 13მივხვდი, რომ მათი გულისთვის მეწია ეს უბედურება და, აჰა, უცხო მიწაზე ვიღუპები დიდ მწუხარებაში. 14და უხმო ფილიპეს, ერთს თავის მეგობართაგანს, და დაუმტკიგა მას მთელი თავისი სამეფო. 15მისცა თავისი გვირგვინი, მოსასხამი და ბეჭედი, რომ აღეზარდა ანტიოქოსი, მისი ვაჟი და სამეფოდ გაეწვრთნა იგი. 16ასორმოცდამეცხრე წელს მიიცვალა იქ მეფე ანტიოქოსი. 17როცა გაიგო ლისიამ, რომ მოკვდა მეფე, გაამეფა მისი ძე ანტიოქოსი, რომელსაც ზრდიდა ბავშვობისას, და სახელად ევპატორი უწოდა. 18ამასობაში ციხე-სიმაგრეში მყოფნი ავიწროვებდნენ ისრაელს სამსხვერპლოს მიდამოებში; მუდამ ცდილობდნენ ევნოთ მათთვის, ხოლო წარმართებისთვის მხარი დაეჭირათ. 19გადაწყვიტა იუდამ მათი შემუსრვა და მოუწოდა მთელს ერს, გარსშემორტყმოდნენ. 20შეიკრიბნენ და გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს ასორმოცდამეათე წელს, გააკეთეს სატყორცნები და სხვა საომარი მანქანები. 21ნაწილმა თავი დააღწია ალყას და ზოგიერთი უღვთო მათ მხარეზე გადავიდა ისრაელიდან. 22წავიდნენ მეფესთან და უთხრეს: როდემდის აბრკოლებ სამართალს და არ იძიებ შურს ჩვენი ძმებისთვის? 23ჩვენ კმაყოფილებით დავემორჩილეთ მამაშენს, ვცხოვრობთ მის ნებაზე და მივყვებით მის განკარგულებებს. 24ჩვენი ხალხის შვილები გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს და მტრად გადაგვეკიდნენ; ჩვენიანს ვისაც წააწყდებიან, კლავენ და ჩვენს მამულს იტაცებენ. 25მხოლოდ ჩვენზე როდი აღმართეს ხელი, არამედ მთელს მათ მიწა-წყალზე. 26და აჰა, შემოადგნენ დღეს იერუსალიმში ციხეს ასაღებად და გაამაგრეს საწმიდარი და ბეთ-ცური. 27თუ არ დაასწარი მათ, მეტსაც იზამენ, და ვეღარ შეძლებ მათ დამარცხებას. 28განრისხდა მეფე, ეს რომ მოისმინა, და შეკრიბა ყველა თავისი მეგობარი, ჯარის მეთაურები და ხელისუფალნი. 29მივიდნენ მასთან მოქირავნე ჯარები სხვა სამეფოთაგან და ზღვათა კუნძულებიდან. 30მათი ჯარების რიცხვი იყო: ასი ათასი ქვეითი, ოცი ათასი მხედარი და ოცდათორმეტი საომრად გაწვრთნილი სპილო. 31გადაიარეს ედომი და შემოადგნენ ბეთ-ცურს. მრავალ დღეს იბრძოდნენ და აწყობდნენ საბრძოლო მანქანებს; მაგრამ გამოვიდნენ იუდაელები და ცეცხლით გადაწვეს ისინი და მამაცურად შეებრძოლენ. 32გამოვიდა იუდა ციხიდან და დაბანაკდა ბეთ-ზაქარიასთან, მეფის ბანაკის პირისპირ. 33დილაადრიანად ადგა მეფე და ჩქარი სვლით წაიყვანა ბანაკი ბეთ-ზაქარიას გზაზე; საომრად განემზადა ლაშქარი და დაჰკრეს ბუკებს. 34დაანახეს სპილოებს ყურძნის და თუთის სისხლი, საბრძოლველად რომ გაეხელიბინათ. 35ცხოველები რაზმებად გაანაწილეს და ყოველ სპილოს დაუყენეს ათასი თოროსანი და მუზარადიანი კაცი, და გაიცა განკარგულება, ყოველ ცხოველს ხუთი ათასი ცხენოსანი მისჩენოდა. 36ესენი წამსვე იქ უნდა გაჩენილიყვნენ, სადაც ცხოველი იყო, და საითაც წავიდოდა, იქით უნდა წაჰყოლოდნენ, არ უნდა მოსცილებოდნენ. 37სპილოებზე ხის მაგარი კოშკები იდგა, რომლებიც ფარავდა თითოეულ ცხოველს და საგანგებო მოსართავებით იყო მათზე დამაგრებული; თითოეულ მათგანზე ოთხი ღონიერი კაცი იდგა, რომლებიც იბრძოდნენ იქიდან, და ერთიც მისი ინდოელი გამძღოლი. 38დანარჩენი ცხენოსნები აქეთ-იქიდან დაუყენეს ლაშქარს, ორსავე მხარეს, რომ დაერტყათ მტრისთვის, თავად კი დაცულნი ყოფილიყვნენ გვერდებიდან. 39როდესაც ოქროსა და სპილენძის ფარებზე მზე აკაშკაშდა, მთებმა ლაპლაპი დაიწყეს მათგან და აელვარდნვნ ცეცხლის ლამპრებივით. 40ერთი ნაწილი მეფის ლაშქრისა მაღალ მთებში გაიშალა, სხვები კი ბარში, და მიაბიჯებდნენ შეუდრეკლად და მწყობად. 41შეშფოთდა ყველა, ვინც კი გაიგო მათი სიმრავლის ხმა, ამ უამრავი ხალხის სვლა და იარაღთა ჟღარუნი, რადგან მართლაც ძალზე დიდი და ძლიერი ლაშქარი იყო. 42ჩაერთო იუდა და მისი ბანაკი ბრძოლაში და დაეცა 43დაინახა ელეაზარმა, ავარანის ძემ, ერთ-ერთი ცხოველი, სამეფო ჯავშნით დაფარული და აღმატებული ყველა ცხოველზე, და ეგონა, რომ მასზე იყო მეფე, 44და გასწირა თავი, რათა ეხსნა თავისი ხალხი, ხოლო თავისთვის საუკუნო სახელი მოეხვეჭა. 45შევარდა გაბედულად რაზმებს შორის, რომ გაეღწია მისკენ; კვეთდა მარჯვნივ და მარცხნივ, და აქეთ-იქით იჩეხებოდნენ მის წინაშე; 46სპილომდე გააღწია, ქვემოდან შეუვარდა მას და გაფატრა იგი, მიწას დაენარცხა სპილო და ქვეშ მოიყოლა, და იქვე მოკვდა ელეაზარი. 47როცა დაინახეს იუდაელებმა მეფის ძალა და ჯარების შემოტევა, გაბრუნდნენ მათგან. 48მებრძოლები მეფის ლაშქრიდან იერუსალიმისკენ წავიდნენ მათ წინააღმდეგ, მეფემ კი იუდაში და სიონის მთასთან დაიბანაკა. 49დაუზავდა ბეთ-ცურელებს და ისინიც ქალაქიდან გამოიშალნენ, რადგან არ ჰქონდათ იქ სარჩო ალყაში გასაძლებად. შაბათის წელი იდგა ქვეყანაში. 50აიღო მეფემ ბეთ-ცური და დაცვა ჩააყენა იქ. 51მერე საწმიდარს შემოადგა და დიდხანს ჰყავდა ალყაშემორტყმული; აღმართა იქ სატყორცნები და საომარი მანქანები: ცეცხლსატყორცნები, ლოდსატყორცნები და ისართსატყორცნები, რომ ისრები და ლოდები ეტყორცნათ. 52იუდაელებმაც გააკეთეს საომარი მანქანები მათი საომარი მანქანების საპირისპიროდ და იბრძოდნენ მრავალი დღის განმავლობაში. 53მაგრამ ჭურჭელში სურსათი აღარ იყო, რადგან მესამე წელი იდგა, და წარმართთაგან გადარჩენილმა იუდაელებმა მარაგის ნარჩენებიც შეჭამეს. 54საწმიდარში ცოტანიღა დარჩნენ, რადგან შიმშილმა ძლია მათ და ყველანი თავ-თავისი ადგილებისკენ გაიფანტნენ. 55როცა შეიტყო ლისიამ, რომ ფილიპე, რომელიც მეფე ანტიოქოსმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში დააყენა თავისი ძის, ანტიოქოსის მეფედ აღსაზრდელად. 56სპარსეთიდან მობრუნებულა და მოემართება; რომ მას მოჰყვება ურიცხვი ძალა და გადაწყვეტილი აქვს ხელში აიღოს სახელმწიფო საქმეები, 57სასწრაფოდ გასცა ბრძანება, დაძრულიყვნენ და მიმართა მეფეს, ჯარების სარდლებსა და კარისკაცებს: დღითიდღე ვმცირდებით და საზრდოც აღარ გვყოფნის, ადგილიც, რომლისთვისაც ალყა გვაქვს შემორტყმული, მაგარია; სამეფო საქმეებიც მძიმედ გვაწევს. 58მოდით, გავუწოდოთ ამ კაცებს მარჯვენა და დავუდოთ ზავი მთელ მათ ხალხს. 59ნება მივცეთ მათ, მიჰყვნენ თავიანთ წესებს უწინდელივით, რადგან იმ წესების გულისთვის, რომლებიც ავკრძალეთ, გაშმაგდნენ, და ეს ყოველივე მოიმოქმედეს. 60მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, შეუთვალეს და შესთავაზეს მათ ზავი, მათაც მიიღეს. 61შეჰფიცეს მათ მეფემ და მთავრვბმა და ამ სიტყვაზე გამოვიდნენ სიმაგრიდან იუდაელები. 62მაგრამ როცა ავიდა მეფე სიონის მთაზე და იხილა გამაგრებული ადგილი, გატეხა დადებული ფიცი, და ბრძანა, შემოენგრიათ ირგვლივ კედელი. 63შემდეგ საჩქაროდ დაიძრა და ანტიოქიაში დაბრუნდა, სადაც ფილიპე დახვდა ქალაქის განმგებლად; შეება მას და ძალით დაიმორჩილა ქალაქი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |