მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
თავი 3

1სარეცელთა ჩემთა ზედა ღამე ვეძიებდ, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან, ვეძიებდ მას, და არა ვპოვე იგი. ვხადოდე მას, და არა ჴმა-მცა მე.

2აღვდეგ და მოვლენ ქალაქნი, უბანნი და ურაკპარაკნი და ვეძიებდ, რომელმან შეიყუარა სული ჩემი, ვეძიებდი და არა ვპოე.

3მპოვეს მე მცველთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა. სიძე ეტყჳს მცველთა ქალაქისათა: ნუუკუე იხილეთა, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან?

4ვითარცა კნინ წარვლე მათგან, ვპოვე, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან. პოვა სიძემან და ეტყჳს სძალსა: შევიპყარ იგი და არა განუტევე იგი, ვიდრემდის შევიყვანე იგი სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მშობელისა ჩემისათა.

5ქალწულთა აფუცა მეორედ სძალმან და ეტყჳს: გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, და უკუეთუ აღადგინოთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ინებოს.

6სიძე იტყჳს სძლისათჳს: ვინ არს, რომელი აღმოვალს უდაბნოთ, ვითარცა რტოჲ, კუამლი საკუმეველისა, მური და გუნდრუკი ყოველთაგან მტუერთა მენელსაცხებლეთასა?

7ასულნი იტყჳან: ესერა, აჰა, ესერა, ცხედარი სოლომონისი და სამეოცნი ძლიერნი გარემოს მისსა ძლიერთაგან ისრაჱლისათა.

8ყოველთა უპყრიეს მახჳლნი, წურთილნი ბრძოლასა. კაცი და მახჳლი მისი წელთა მისთა შიშისათჳს და განკრთომისა ღამესა შინა.

9გავალაკი იქმნა მეფემან სოლომონ ძელთაგან ლიბანისათა.

10სუეტნი შექმნნა ვეცხლისანი და კამარა მისი დრეკილი ოქროჲსა, აღსავალი მისი - პორფირი, იატაკი მისი - ქვაფენილ, სიყუარული ასულთაგან იერუსალიმისათა.

11განვედით და იხილეთ, ასულნო სიონისანო, მეფე სოლომონ გჳრგჳნითა მით, რომლითა გჳრგჳნოსან-ყო იგი დედამან მისმან დღესა მას სიძობისა მისისასა და დღესა სიხარულისა გულისა მისისასა.


წინა თავი შემდეგი თავი