მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
რუთი |
თავი 1 |
1და იყო, დღეთა მათ მსაჯულთა შჯასა იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა. და წარვიდა კაცი ბეთლემის ჰურიასტანისაჲთ მწირობად სოფელსა მას მოაბასასა, იგი და ცოლი მისი და ორნი ძენი მისნი. 2და სახელი მისი ელიმელექ და სახელი ცოლისა მისისაჲ ნოომინ, და სახელი ორთა მათ ძეთა მისთა: მაალონ და ქელეონ ეფრათელი ბეთლემით ჰურიასტანისაჲთ, და წარვიდეს ქუეყანასა მას მოაბისასა, იყოფოდეს მუნ. 3და მოკუდა ელიმელექ, ქმარი იგი ნოომინისი, და დაშთა იგი და ორნი ძენი მისნი. 4და მოიყვანნეს ძეთა მათ მისთა თავისა თჳსისა ცოლნი მოაბელნი, სახელი ერთისა მის ურიფა და სახელი მეორისა მის რუთ. და იყოფოდეს მუნ ვიდრე ათად წლადმდე. 5და მოსწყდეს ორნივე იგი ძენი მისი, მალონ და ქალეონ. და დაშთა მარტო დედაკაცი იგი ქმრისაგან თჳსისა და ორთაგან ძეთა მისთა. 6და აღდგა დედაკაცი იგი და ორნივე იგი ძის ცოლნი მისნი და მოიქცეს იგინი ქუეყანით მოაბისაჲთ სოფლად ჰურიასტანისა, რამეთუ ესმა მათ ქუეყანასა მას მოაბისასა, ვითარმედ მოჰხედა უფალმან ერსა თჳსსა მოცემად ნაყოფისა. 7და გამოვიდა იგი მიერ ქუეყანით და ორნი ძის ცოლნი მისნი მის თანა. და მოვიდეს იგინი გზასა მოქცევად ქუეყანას მას ჰურიასტანისასა. 8და ჰრქუა ნოომინ ორთა მათ ძის ცოლთა მისთა: წარვედით და მიიქეცით თქუენ სახიდ მამისა თჳსისა! და ყავნ უფალმან თქუენ თანა წყალობაჲ, ვითარცა-იგი ჰყავთ მკუდართა მათ თანა და ჩემ თანა! 9და მოგაგენ თქუენ უფალმან კეთილისა მაგის წილ და პოვეთ თქუენ განსუენებაჲ სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა! და ამბორს-უყო მათ და უჯმნიდა; და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს. 10და ჰრქუეს მას: არა ეგრე, არამედ შენ თანა მივიდეთ ერისა შენისა. 11და ჰრქუა მათ ნოომინ: მიექეცით, ასულნო ჩემნო, და წარვედით! რაჲსათჳს მოხუალთ თქუენ ჩემ თანა? ნუუკუე ამიერითგან შჳლნი არიან მუცელსა ჩემსა და იგინი იყვნენ ქმარ თქუენდა? 12არამედ აწ წარვედით, ასულნო ჩემნო, ამისთჳს, რამეთუ დავბერდი, და არღარა შემძლებელ ვარ მე ქმრისა სუმად, უკუეთუმცა გარქუ თქუენ, ვითარმედ შე-ღა-მძლებელ ვარ და შე-ღა-ვეყო ქმარსა, და ვშუნე მე ძენი? 13და ამათ ელოდით თქუენ, ვიდრემდე განორძნდენ, და დაგიყენნე თქუენ, რათა არა ისხნეთ ქმარ? ნუ ეგრე, ასულნო ჩემნო, რამეთუ განმწარდა ჩემთჳს უფროჲს თქუენსა, რამეთუ ჴელი უფლისაჲ გამოვიდა ჩემ ზედა. 14და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მერმეცა ტიროდეს-ვე. და ამბორს-უყო ურიფა დედამთილსა თჳსსა და მიაქცია წარვიდა იგი ერისა თჳსისა. ხოლო რუთ შეუდგა და მოსდევდა მას. 15და ჰრქუა ნოომინ რუთს: აჰა ეგერა, მიიქცა მოყუასი შენი ერისა თჳსისა და ღმერთთა თჳსთა, მიიქეც შენცა მოყუსისა შენისა თანა! 16მიუგო და ჰრქუა მას რუთ: ნუ შემემთხუევინ მე ეგე ყოფად, ვითარმცა დაგიტევე მე შენ და მივიქეც და წარვედ შენგან, არამედ ვიდრეცა მიხჳდე, მივიდე და სადაცა იყოფოდე, ვიყოფოდე მეცა შენ თანა, ერი შენი ერი ჩემი არს და ღმერთი შენი ღმერთი ჩემი არს. 17და სადაცა მოჰკუდე, მოვკუდე მეცა და მუნ დავეფლა. ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, რამეთუ სიკუდილმან განმწვალოს შენ შორის და ჩემ შორის. 18ხოლო მან ვითარცა იხილა, რამეთუ დაამტკიცა ესრჱთ მისლვად მის თანა, დასცხრა მიერითგან სიტყუად მის თანა. 19და წარმოვიდეს მიერ ორნივე და მოვიდეს ბეთლემდ. და იყო, ვითარცა მოიწინეს იგინი ბეთლემდ, ოხრიდა ყოველი იგი ქალაქი მათ ზედა და თქუეს: უკუეთუ ნანდჳლ ნოომინ არს ესე? 20და ჰრქუა მათ: ნუ მრქუათ მე ნოომინ, არამედ მარქუთ მე სიმწარე, რამეთუ განამწარა ძლიერმან ჩემ ზედა, 21რამეთუ მე სავსე წარვედ და ცალიერი მომაქცია მე უფალმან, რაჲსათჳს მრქუათ მე ნოომინ? და უფალმან დამამდაბლა მე და ძლიერმან ბოროტი მიყო მე. 22და მოიქცა ნოომინ და მოვიდა და რუთ მოაბელი, ძის ცოლი მისი მის თანა, მოვიდეს ქუეყანით მოაბისაჲთ. და ესენი მოვიდეს ბეთლემდ დასაბამსა ოდენ მკისასა ქრთილისასა. |
შემდეგი თავი |