მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
სიბრძნე ზირაქისა* |
თავი 1 |
წინასიტყვა რაკი ბევრი დიდებული რამ გადმოგვეცა რჯულის, წინასწარმეტყველთა და სხვათა, მათ მიმდევართა წყალობით, რის გამოც ქების ღირსია ისრაელი, მისი მოძღვრებისთვის და მისი სიბრძნისთვის; და რაკი აუცილებელია, რომ არა მხოლოდ თავად მკითხველებმა მიიღონ ცოდნა, არამედ სწავლის მოყვარულებმა გარეთ მცხოვრებნიც უნდა დამოძღვრონ ზეპირი სწავლებით და წერილობით, ამიტომაც ჩემმა პაპამ, იესომ, მას შემდეგ, რაც დიდის გულმოდგინებით შეისწავლა რჯულის, წინასწარმეტყველთა და მამათა სხვა წიგნები, და შეიძინა საკმარისი ცოდნა, გადაწყვიტა თავადაც დაეწერა რაიმე მოძღვრებაში და სიბრძნეში, რათა სწავლის მოწადინენი ჩაღრმავებოდნენ მის ნაშრომს და წარმატება ჰქონოდათ რჯულიერ ცხოვრებაში. მაშ მოგიწოდებთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს წიგნი და შემინდოთ, თუ ზოგჯერ, მიუხედავად ჩემი სიბეჯითისა, სწორად ვერ მითარგმნია ზოგიერთი სიტყვა. რადგან იგივე მნიშვნელობა არა აქვს შერჩენილი ებრაულ სიტყვებს, როცა ისინი სხვა ენაზეა გადატანილი. არა მხოლოდ ეს წიგნი, არამედ თავად რჯული, წინასწარმეტყველნი და დანარჩენი წიგნები მცირედ როდი განსხვავდებიან მათი დედნისგან. როცა ევერგეტეს მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს ეგვიპტეში ჩამოვედი და რაოდენიმე ხანი დავყავი, დავინახე არამცირედი სხვაობა სწავლებაში. სასიკეთოდ და აუცილებლად ჩავთვალე მეზრუნა ამ წიგნის სათარგმნელად. ამ ხნის მანძილზე ბევრი უძილო ღამე გავათენე, არ დავიშურე ძალა და ცოდნა, რათა დამესრულებინა ეს წიგნი და მიმეწვდინა დიასპორაში მყოფთათვის, ვისაც სწავლის წყურვილი აქვს და გადაუწყვეტია რჯულიერი ცხოვრებისთვის გაამზადოს თავი.
1ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ. 2ზღვათა ქვიშა, წვიმის წვეთები და დღენი მარადისობისა ვინ აღრიცხოს? 3ზეცის სიმაღლეს, მიწის სიფართეს, უფსკრულსა და სიბრძნეს ვინ გამოიკვლევს? 4ყოველთა უწინარეს წარმოიშვა სიბრძნე და გონების გამჭრიახობა უკუნისიდან. 5 6ძირი სიბრძნისა ვის გამოეცხადა და ხელოვნებანი მისი ვინ შეიცნო? 7 8ერთია ბრძენი, ფრიად საშიში, თავის ტახტზე დაბრძანებული. 9უფალმა თავად შექმნა სიბრძნე, იხილა და აღრიცხა იგი, მოასხურა იგი თავის ყველა საქმეს. 10მყოფობს ყოველ ხორციელში მისი ნიჭის მიხედვით, მიმადლა იგი მის მოყვარულებს. 11უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა. 12უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს. 13უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს. 14სიბრძნის სათავე უფლის შიშია და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან. 15ადამიანებში ბუდედ გაიკეთა საუკუნო საფუძველი და მათ შთამომავლებს მიენდობა. 16უფლის შიშია სიბრძნის სისავსე და გააძღობს მათ მისი ნაყოფით. 17მთელს სახლს აუვსებს სასურველით და საჭურჭლეებს თავის ქმნილებებით. 18სიბრძნის გვირგვინია უფლის შიში, მშვიდობისმყოფელი და განმკურნებელი ასაყვავებლად. 19იხილა და აღრიცხა იგი, ხელოვნება და ცოდნა მეცნიერებისა დააწვიმა და მისთა მფლობელთა დიდება აამაღლა. 20უფლის შიში სიბრძნის ძირია და წვეროები მისი დღეგრძელობაა. 21 22ვერ გამართლდება უსამართლო რისხვა, რადგან სიმძიმე მისი გულისწყრომისა დაამხობს მას. 23დრომდე დაითმენს სულგრძელი და ბოლოს სიხარულს მიიღებს ჯილდოდ. 24დრომდე დაიმარხავს თავის სიტყვებს და მრავალთა ბაგენი მის კეთილგონიერებას აღიარებენ. 25სიბრძნის საგანძურებშია გონიერი იგავები, ცოდვილისათვის კი საძულველია ღვთისმოშიშება. 26თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას. 27რადგან უფლის შიშია სიბრძნე და განსწავლულობა, მისდამი სასოება - რწმენა და სიმშვიდე. 28ნუ განუდგები უფლის შიშს და ორგულობით ნუ მიეახლები მას. 29პირში ნუ ელაქუცები ადამიანებს და გაუფრთხილდი შენს ბაგეებს. 30თავს ნუ აიმაღლებ, რათა არ დაეცე და შენს სულს უპატიობა არ მოაწიო, რადგან უფალი გააცხადებს შენს დაფარულს და საკრებულოში დაგამხობს, რომ არ მიეახლე შიშით უფალს და გული სავსე გქონდა მზაკვრობით. |
შემდეგი თავი |