მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 11

1თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს.

2ხოტბას ნუ შეასხამ კაცს მისი სილამაზის გამო და ნუ შეიძაგებ მისი გარეგნობისთვის.

3პატარაა მფრინავთა შორის ფუტკარი, მაგრამ ყველაზე ტკბილია მისი ნაყოფი.

4დიდებული შესამოსელით თავი ნუ მოგაქვს და დიდების დღეს ნუ ამაღლდები, რადგანაც საკვირველია უფლის საქმენი და კაცთათვის დაფარულია მისი საქმენი.

5ხელმწიფეთაგან მრავალნი ისხდნენ მიწაზე, ის კი, ვისგანაც არ მოელოდნენ, გვირგვინს ატარებდა.

6განმგებელთაგან მრავალნი იქმნენ შეურაცხყოფილნი და სახელოვანნი ხელში ჩაუვარდნენ სხვებს.

7ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე.

8ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ.

9საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.

10შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაეწევი და გაქცევითაც ვერ გაექცევი.

11ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია.

12ზოგი ზანტია, შეწევნის მთხოვნელი, ძალ-ღონით სუსტი და სიღატაკეში ყელამდე ჩაფლული. მაგრამ უფლის თვალმა სასიკეთოდ შეხედა და მან წამოაყენა იგი მისი სიმდაბლისაგან.

13აამაღლა იგი და მრავალნი გაოცდნენ მის გამო.

14სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი, სიღატაკე და სიმდიდრე - უფლისაგანაა.

15

16

17წყალობა უფლისა ღვთისმოსავებს ეძლევათ და კურთხევა მისი კეთილად გაჰყვებათ საუკუნოდ.

18ზოგი მდიდრდება თავისი სიფრთხილისა და მომჭირნეობის გამო და ეს არის მისი საზღაურის წილი,

19რომ იტყვის, ვიპოვე მოსვენება, ახლა დავტკბები ჩემი სიკეთითო. მაგრამ არ კი იცის, როდის მოაწევს ჟამი, როცა ქონებას სხვებს დაუტოვებს, ხოლო თავად აღესრულება.

20მტკიცედ იდექი შენს აღთქმაზე, მისი ერთგული დარჩი და შეაბერდი შენს საქმეს.

21ნუ გაგაოცებს ცოდვილის საქმენი, გწამდეს უფლისა და უერთგულე შენს საქმეს, რადგან ადვილია უფლის თვალში სწრაფი და უეცარი გამდიდრება გლახაკისა.

22უფლის კურთხევა საზღაურია ღვთისმოსავისათვის და მოკლე ხანში ააყვავებს მისი წყალობა.

23ნუ იტყვი, კიდევ რა მჭირდება, ამიერიდან კიდევ რა სიკეთე უნდა შევიძინოო?

24ნუ იტყვი, საკმარისია ჩემთვის, ამიერიდან კიდევ რაღა უბედურება უნდა განვიცადოო?

25ბედნიერების დღეს ავიწყდებათ უბედურება და ჭირის დღეს არ იხსენებენ ბედნიერებას,

26რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ.

27წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის აღსასრულისას გაცხადდება მისი საქმენი.

28ნურავის ჩათვლი ბედნიერად სიკვდილამდე, რადგან კაცი მის ნაშობთაგან შეიცნობა.

29ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ, რადგან დიდია მზაკვრობა ცბიერისა.

30მახეში მონადირებული კაკბის მსგავსია ამპარტავნის გული და მზვერავივით შენს სისუსტეს უთვალთვალებს.

31გადააქცევს რა სიკეთეს ბოროტებად, უსაფრდება და რჩეულებს ლაქას სცხებს.

32ცეცხლის ნაპერწკლისგან მრავლდება ნაკვერჩხალი და ცოდვილი კაცი ჩასაფრებულია სისხლის დასაღვრელად.

33ერიდე ბოროტს - უკეთურ საქმეთა ოსტატს, რათა ოდესმე საუკუნო ლაქით არ მოგსვაროს.

34შეიხიზნებ უცხოს და შეგშლის შფოთით, უცხოს გაგხდის შენიანთათვის.


წინა თავი შემდეგი თავი