მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 12

1სიკეთეს თუ აკეთებ, იცოდე, ვისთვის აკეთებ და მოგენიჭება მადლი შენი სიკეთის წილ.

2კეთილი უყავი ღვთისმოსავს და სანაცვლოს იპოვი, თუ მისგან არა, უზენაესისგან მაინც.

3არ იქნება სიკეთე მისთვის, ვინც განუწყვეტლივ სჩადის ბოროტებას და ვინც მოწყალებას სიხარულით არ გასცემს.

4მიეცი ღვთისმოსავს და ნუ შეეწევი ცოდვილს.

5კეთილი უყავი თავმდაბალს და უწმინდურს ნურაფერს მისცემ; დაუკავე მას პური და არ მისცე, რათა მისით არ გძლიოს შენ, რადგან ორმაგ ბოროტებას მიიღებ ყველა სიკეთისათვის, რასაც მას გაუკეთებ.

6რადგან მოიძულა უზენაესმა ცოდვილნი და უწმინდურებს სასჯელს მიაგებს.

7მიეცი კეთილს და ცოდვილს ნუ შეეწევი.

8არ გამოიცნობა მეგობარი სიკეთეში და არ დაიფარება მტერი გასაჭირის ჟამს.

9ადამიანის ბედნიერებისას მისი მტრები მწუხარებენ, გასაჭირის ჟამს კი მეგობარიც გაეყრება.

10არასოდეს ენდო შენს მტერს, რადგან სპილენძივით ჟანგდება მისი ბოროტება.

11თუ დამდაბლდა და ქედწახრილმა იარა, გაფრთხილდი და თავი დაიცავი მისგან; ეყავ მას ვითარცა კრიალა სარკე და შეიცნობ, რომ ბოლომდე როდი განწმენდილა ჟანგისაგან.

12ნუ დააყენებ მას შენს გვერდით, რათა არ ჩამოგაგდოს და შენს ადგილზე არ დადგეს. ნუ დაისვამ მას მარჯვენით, რათა ოდესმე არ მოისურვოს შენი სავარძელი, თორემ ბოლოს ჩასწვდები ჩემს სიტყვებს და სინანულით გაიხსენებ ჩემს შეგონებებს.

13ვინ შეიწყალებს გველით დაგესლილებს და ყველა იმათ, ვინც მხეცებს მიეახლა?

14ასევე ცოდვილ კაცთან ერთად მავალს და გამზიარებელს მისი ცოდვებისა?

15დროებით დარჩება შენთან, მაგრამ თუ იყოყმანებ, ვეღარ დაითმენს.

16მტერი თავისი ბაგით გატკბობს, გულში კი ფიქრობს, ორმოში ჩაგაგდოს. მტერი თვალებით იტირებს, მაგრამ თუ დრო იპოვა, სისხლით ვერ გაძღება.

17თუ თავს უბედურება დაგატყდება, შენზე წინ გაჩნდება იქ, და, თითქოს გშველიდეს, ფეხს დაგიდებს.

18თავს გადააქნევს, ხელებს შემოჰკრავს, ბევრს იჩურჩულებს და სახეს შეიცვლის.


წინა თავი შემდეგი თავი