მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 13

1ვინც ფისს შეეხება, გაისვრება და ვინც ამპარტავანს დაუახლოვდება, მას დაემსგავსება.

2ნუ ასწევ ტვირთს, შენს ძალღონეზე აღმატებულს და შენზე ძლიერსა და მდიდარს ნუ დაუახლოვდები. რა გაუვა თიხის ქოთანს სპილენძის ქვაბთან? დაეჯახება ქოთანი და თავად გატყდება.

3მდიდარმა უსამართლობა ჩაიდინა და თვითონვე იმუქრება; გლახაკი შეურაცხყვეს და თავად ივედრება შეწყალებას.

4თუკი დასჭირდები, გამოგიყენებს, თუ გაგიჭირდა, მიგატოვებს.

5თუ რამ გექნება, შენთან იცხოვრებს, დაგახარჯვინებს და თვითონ კი თავს არ შეიწუხებს.

6თუ რამე გიჭირს, მოგატყუებს, გაგიცინებს და იმედს მოგცემს, ალერსიან საუბარს გაგიბამს და გკითხავს, ხომ არაფერი გიჭირსო?

7შეგარცხვენს შენ თავისი გამასპინძლებით, ვიდრე ორჯერ ან სამჯერ არ გაგძარცვავს და საბოლოოდ არ იცინებს შენზე. შემდგომად ამისა, თუ დაგინახა, მოგერიდება და მხოლოდ თავსღა დაგიქნევს.

8უფრთხილდი, რომ არ შეცდე და არ დამდაბლდე შენი სიბრიყვით.

9როცა ძლიერი მიგიხმობს, თავი აარიდე და უფრო მიგიწვევს.

10თავს ნუ მოაბეზრებ, რათა არ მოგიშოროს, და ნურც მეტისმეტად განუდგები, რომ არ დაავიწყდე.

11ნუ მისცემ თავს ნებას ესაუბრო, როგორც თანასწორს, და მის მრავალსიტყვაობას ნუ მიენდობი, რადგან გრძელი საუბრით შეგაცდენს და თითქოსდა ხუმრობით გამოგცდის.

12შეუბრალებელია საკუთარი თავის მიმართ, ვინც არ ურთხილდება სიტყვებს, თავს ვერ დაიცავს სიავისა და ბორკილებისგან.

13გაუფრთხილდი და გულისყურით იყავი, რადგან საკუთარ უბედურებასთან ერთად დააბიჯებ.

14

15ყველა ცხოველს უყვარს თავისი მსგავსი და ყოველ კაცს - თავისი მახლობელი.

16ყოველი ხორციელი თავ-თავისი მოდგმის მიხედვით ერთიანდება და ადამიანიც თავისივე მსგავსისაკენ მიისწრაფვის.

17რა აქვს საერთო მგელს კრავთან? ასევე ცოდვილს ღვთისმოსავთან?

18რა მშვიდობა იქნება აფთარსა და ძაღლს შორის? რა მშვიდობა იქნება მდიდარსა და გლახაკს შორის?

19ლომების სანადირო - გარეული ვირებია უდაბნოში, ასევე გლახაკნი საძოვარია მდიდართათვის.

20საძულველია თავმდაბლობა ამპარტავნისათვის, ასევე საძულველია მდიდრისათვის ღარიბი.

21მდიდარმა თუ წაიბორძიკა, მეგობრები შეაშველებენ ხელს, დაცემულ გლახაკს კი მეგობრებიც მიატოვებენ.

22გასაჭირში ჩავარდნილ მდიდარს მრავალი შემწე ჰყავს; აბადაუბდას იტყვის და გაამართლებენ. გლახაკს გაუჭირდება და შერისხავენ; ბრძნულად იტყვის და ყურსაც არ ათხოვებენ.

23მდიდარი ამოიღებს ხმას და ყველა დადუმდება; მის სიტყვას ღრუბლებამდე ასწევენ. გლახაკი ამოიღებს ხმას და იტყვიან: ეს ვინღა არისო? თუ წაიბორძიკებს, ზურგს შეაქცევენ.

24კარგია სიმდიდრე, რომელსაც არ ურევია ცოდვა, სიგლახაკე ბოროტებაა უწმინდურის პირში.

25კაცის გული სახეს შეუცვლის მას - ან სიკეთისკენ, ან ბოროტებისკენ.

26გულის ნიშანი ბედნიერების ჟამს მხიარული სახეა და მძიმე ფიქრები იგავთა მთხზველია.


წინა თავი შემდეგი თავი