მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
სიბრძნე ზირაქისა* |
თავი 14 |
1ნეტარია კაცი რომელმაც არ შესცოდა თავისი პირით და ცოდვის სევდამ არ დაამწუხრა. 2ნეტარია, ვისაც არ არცხვენს თავისი სული და ვისაც არ დაუკარგავს სასოება. 3ძუნწი კაცისათვის სიმდიდრე არ არის სიკეთე; რად უნდა ქონება ბოროტ ადამიანს? 4ვინც თავის სულს აკლებს და ისე აგროვებს, სხვებისთვის აგროვებს და მისი საუნჯით სხვანი დატკბებიან. 5საკუთარი თავისთვის ბოროტი ვისთვისღა იქნება კეთილი? ვერ გაიხარებს თავისი ქონებით. 6საკუთარი თავისთვის ბოროტისმყოფელზე უკეთური არავინაა; ესაა საზღაური მისი ბოროტებისათვის. 7თუკი სიკეთეს აკეთებს, გულმავიწყობით აკეთებს და ბოლოს გამოამზეურებს თავის ბოროტებას. 8უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს, პირს აბრუნებს და სძულს ადამიანები. 9თვალი ანგარებისმოყვარისა ვერ ძღება რაიმე წილით; ბოროტის უსამართლობა სულს აჭკნობს. 10უკეთური თვალი პურზეც მოშურნეობს და მისი სუფრა მუდამ მწირია. 11შვილო, შეძლებისამებრ კეთილი უყავი შენს თავს და უფალსაც ღირსეულად მიართვი ძღვენი. 12გახსოვდეს,რომ სიკვდილი არ დააყოვნებს და ჯოჯოხეთის აღთქმა არ გამოგცხადებია. 13ვიდრე აღესრულები, სიკეთე უყავი მეგობარს, გაუწოდე ხელი და შეძლებისამებრ მიეცი მას. 14ნუ მოიკლებ სიკეთის დღეს და წილი კეთილი ნატვრისა გვერდს არ აგივლის. 15განა გასაყოფად სხვას არ დაუტოვებ შენს მონაგარს და ნაჯაფარს - წილის საყრელად? 16გაეცი და მიიღე, და ანუგეშე სული შენი, რადგან ჯოჯოხეთში ვეღარ იპოვი სიამეს. 17ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან დასაბამიდან გადაწყვეტილია; სიკვდილით მოკვდები. 18როგორც მწვანე ფოთლებით დაბურული ხიდან ერთი ვარდება, ხოლო მეორე იშლება, ასევეა მოდგმა ხორცისა და სისხლისა: ერთი აღესრულება, მეორე კი იბადება. 19ყოველი ნაკეთობა ხრწნადია და ქრება, მასთან ერთად კვდება მისი შემქმნელიც. 20ნეტარია კაცი, რომელიც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი გონიერებით მსჯელობს. 21ვინც თავის გულში მის გზებს მოიაზრებს, იგი შეიცნობს მის იდუმალებებს. 22მისდიე უკან მდევარივით და გზებზე ჩაუსაფრდი. 23ვინც მის სარკმელში შეიხედავს, ის მის კარებთანაც მოისმენს. 24ვინც მისი სახლის მახლობლად დაივანებს, ის ჩააჭედებს ლურსმანს მის კედლებში. 25მის ახლოს აღმართავს თავის კარავს და კეთილ სავანეში განისვენებს. 26მის ჭერქვეშ დასვამს თავის შვილებს და მის რტოებქვეშ დაიმკვიდრებს. 27მისით დაიფარავს თავს სიცხისაგან და მის დიდებაში იცხოვრებს. |
წინა თავი | შემდეგი თავი |