მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 15

1უფლის მოშიში ასე მოიქცევა და მტკიცე რჯულით მოიხვეჭს მას.

2დედასავით მიეგებება მას და სიჭაბუკის ცოლივით მიიღებს.

3გამოკვებავს მას გონების პურით და სიბრძნის წყაროს შეასმევს.

4მისით განმტკიცდება და აღარ შეირყევა, მიეკვრება მას და აღარ შერცხვება.

5აამაღლებს მის მახლობლებზე და გაუხსნის ბაგეს შეკრებილთა შორის.

6სიხარულისა და შვების გვირგვინს აპოვნინებს და საუკუნო სახელს დაუმკვიდრებს.

7ვერ მისწვდებიან მას უგუნურნი და ვერც ცოდვილნი იხილავენ.

8შორსაა იგი ამპარტავანთაგან და ცრუნი ვერ შეიცნობენ.

9უამურია ქება ცოდვილის პირით, რადგან უფლისაგან როდია მოვლენილი.

10რადგან ქება სიბრძნით ითქმის და უფალი კეთილად წარმართავს მას.

11ნუ იტყვი, უფლის განგებით განვდექიო, რადგან ის თავის საძულველს არ გააკეთებს.

12ნუ იტყვი ღმერთმა შემაცდინაო, რადგან არ სჭირდება მას ცოდვილი კაცი.

13ყოველივე სისაძაგლე შეიძულა უფალმა და არც მისთა მოშიშთა უნდა უყვარდეთ.

14მან დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და მისი ხელის ანაბარა დატოვა.

15თუ მოისურვებ, დაიცავ მცნებებს და კეთილი რწმენით მოიქცევი.

16მან დაგიდო წინ ცეცხლი და წყალი და, საითკენაც გენებოს, იქით გაიწოდე ხელი.

17ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და, რომელსაც მოისურვებს ის მიეცემა.

18რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და ყოველივეს ხედავს.

19მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა.

20ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა.


წინა თავი შემდეგი თავი