მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 17

1უფალმა მიწისაგან შექმნა ადამიანი და კვლავ მასვე დაუბრუნა იგი.

2განსაზღვრული დღეები და ჟამი მისცა მათ და უბოძა ხელმწიფება მიწიერებზე.

3მათი ბუნებისდა მიხედვით შემოსა ძალით და თავის ხატად შექმნა ისინი.

4ჩაუნერგა მისი შიში ყოველ ხორციელს, რათა ემეუფა ცხოველებზე და ფრინველებზე.

5

6მისცა მათ აზრი, ენა და თვალები, ყურები და გული, რათა შეეცნოთ ისინი

7აღავსო ისინი ცოდნითა და სწავლით და აჩვენა მათ კეთილი და ბოროტი.

8დაადგა თვალი მათ გულებს და თავის საქმეთა სიდიადე უჩვენა მათ.

9

10რათა ადიდონ წმიდის სახელი და მისი საქმეების სიდიადეზე მოუთხრონ.

11წინ დაუდვა მათ ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა.

12საუკუნო აღთქმა დადო მათთან და უჩვენა თავისი სასჯელები.

13დიდების სიდიადე იხილეს მათმა თვალებმა და დიდებულება მისი ხმისა გაიგონეს მათმა ყურებმა.

14უთხრა მათ: ერიდეთ ყოველგვარ უსამართლობას, და ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ.

15მათი გზები მარადის მის წინაშეა და ვერ დაემალებიან მის თვალებს.

16

17ყოველ ხალხს დაუდგინა წინამძღოლი, უფლის ხვედრი კი ისრაელია.

18

19მათი ყველა საქმე მზესავით მის წინაშეა და მარადის მათ გზებზეა მისი თვალები.

20არ არის დაფარული მისთვის მათი უსამართლობანი და ყოველი მათი ცოდვა უფლის წინაშე.

21

22როგორც ბეჭედი, მასთანაა კაცის შეწყალება და, როგორც თვალის გუგას, დაიცავს ადამიანის მადლს.

23შემდგომად ამისა აღდგება იგი, სამაგიეროს მიუზღავს მათ და მათ მიერ გაცემულს მათსავე თავზე მოაქცევს.

24ხოლო რომელნიც ინანიებენ, მიუტევებს და გაამხნევებს მათ, რომელთაც მოაკლდათ დათმენის ღონე.

25მოიქეცი უფლისაკენ და ცოდვები მიატოვე, ევედრე მას და უკელი შეცოდებებს.

26ამაღლდი უზენაესისკენ, უსამართლობას განშორდი და ძლიერ შეიძულე სისაძაგლე.

27ვინ განადიდებს უფალს ჯოჯოხეთში, თუ არა ცოცხალნი და ქების შემსხმელნი.

28მკვიდრისგან, როგორც არარსებულისგან, შემწყდარია ქების შესხმა. მხოლოდ ცოცხალი და მრთელი განადიდებს უფალს.

29რა დიდია უფლის მოწყალება და პატიება მისკენ მიქცეულთა!

30ყოველივე როდია ადამიანებში, რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა.

31რა არის მზეზე ნათელი? მაგრამ ისიც ბნელდება; ასევე ბოროტს განიზრახავს ხორცი და სისხლი.

32ცის მაღალთა ძალებს ის განაგებს; ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია.


წინა თავი შემდეგი თავი