მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 18

1ვინც ცოცხლობს საუკუნოდ, მთელი სამყარო მან შექმნა.

2მხოლოდ უფალი შეირაცხება მართალად.

3არავის აცხადებინებს თავის საქმეებს და მის დიდებულ ნამოქმედართ ვინ გამოიკვლევს?

4

5მისი სიდიადის ძალას ვინ გაზომავს? და ვინ მოსთვლის მის მოწყალებებს?

6მისი არც დაკლება იქნება და არც გაზრდა, უფლის საკვირველებანი გამოუკვლეველია.

7როცა კაცი დაასრულებს, მაშინ იწყებს ის და, როცა შეწყვეტს, მაშინ მოისაკლისებს ის.

8რაა კაცი და რა სარგებლობა აქვს? რა არის სიკეთე მისი და რა არის ბოროტება მისი?

9ადამიანის დღეთა რიცხვი თითქოს ბევრია - ასი წელი.

10მაგრამ როგორც ზღვაში წყლის წვეთი და ქვიშის მარცვალი, ასევე მცირეა მარადისობისთვის მისი წლები.

11ამიტომაც სულგრძელია უფალი მათ მიმართ და მიაფენს მათზე თავის წყალობას.

12ხედავს და იცის, რომ სავალალოა მათი აღსასრული, ამიტომაც გაამრავლა თავისი წყალობა.

13გულმოწყალება კაცისა მისი მახლობლისკენაა, უფლის მოწყალება კი - ყოველი ხორციელისკენ. ამხელს, წვრთნის და ასწავლის, და მოაქცევს, როგორც მწყემსი, თავის სამწყსოს.

14შეიწყალებს მათ, ვინც მის შეგონებას შეიწყნარებს და იმათაც, ვინც მის კანონებს ეშურებიან.

15შვილო, ქველმოქმედებისას საყვედურს ნუ იტყვი და ყოველი გაცემისას გულსატკენ სიტყვას.

16განა სიცხეს ცვარი არ აგრილებს? ასევე მოწყალებას სჯობია სიტყვა.

17ლამაზ საჩუქარს ხომ აღემატება სიტყვა? მადლიან კაცს კი ორივე ექნება.

18უგუნური უმადურად აყვედრის და საჩუქარი შურიანისა თვალებს შრეტს.

19ვიდრე ალაპარაკდებოდე, მოიფიქრე და, ვიდრე დასნეულდებოდე, სიმრთელეს მიხედე.

20გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას.

21ვიდრე დაუძლურდებოდე, მოთრგუნე თავი და ცოდვის ზღვარზე უკან მოიქეცი.

22ნუ დაბრკოლდები აღთქმის დროზე შესასრულებლად და მის განაღდებას სიკვდილამდე ნუ გადასდებ.

23ლოცვის დაწყებამდე მოამზადე თავი და უფლის გამომცდელივით ნუ იქნები.

24გახსოვდეს რისხვა აღსასრულის დღეს და ჟამი შურისგებისა, როცა უფალი პირს მიიბრუნებს.

25სიმაძღრისას შიმშილობის ჟამი გახსოვდეს, გამდიდრებისას კი - სიღატაკე და გაჭირვება.

26განთიადიდან საღამომდე იცვლება ჟამი და ყოველივე სწრაფწარმავალია წინაშე უფლისა.

27ბრძენი კაცი ყოველთვის ფრთხილად იქნება და ცოდვათა დღეებში შეცდომას მოერიდება.

28ყოველი გონიერი შეიცნობს სიბრძნეს და მის მპოვნელსაც ხოტბას შეასხამს.

29სიტყვებში გაწაფულნი თავადაც დაბრძენდნენ და გადმოღვარეს ბრძნული იგავები.

30ნუ აჰყვები შენს გულისთქმათ და სურვილებისაგან თავი შეიკავე.

31თუ სულს ვნებებისკენ წარუძღვები, მტრების გასართობად გაგხდიან.

32ნუ ილხენ დიდი ფუფუნებით და არიფანებს ნუ გადაყვები.

33არ გაგაღატაკოს სესხით გამართულმა ნადიმებმა, როდესაც ქისა ცარიელი გაქვს.


წინა თავი შემდეგი თავი