მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 2

1შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი.

2გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს.

3მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ.

4რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი.

5რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში.

6ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე.

7უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით, რათა არ დაეცეთ.

8უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური.

9უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა.

10გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო?

11რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს.

12ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს, ორი გზით მავალთ!

13ვაი, გულს დაძაბუნებულს, რადგან არა სწამს, ამიტომაც დაცული არ იქნება!

14ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ?

15უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ.

16უფლის მოშიშნი მის წყალობას ეძიებენ და მისი მოყვარულნი აღივსებიან რჯულით.

17უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე თავს დაიმდაბლებენ.

18ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა.


წინა თავი შემდეგი თავი