მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 23

1უფალო, მამაო და მეუფეო ჩემი სიცოცხლისა, ნუ მიმაგდებ მათ ნებაზე და ნუ დაუშვებ, რომ დავეცე მათი წყალობით.

2ვინ მიუჩენს წკეპლას ჩემს ზრახვებს და ჩემს გულს სიბრძნის მასწავლებელს, რათა არ დამინდონ ჩემს უმეცრებათა გამო და არ უგულებელყონ ჩემი ცოდვები.

3რომ არ გამრავლდეს ჩემი უმეცრებანი და არ გაბევრდეს ჩემი შეცოდებები; არ დავეცე მოწინააღმდეგეთა წინაშე და არა იხაროს ჩემზე მტერმა.

4უფალო, მამაო და ღმერთო ჩემი სიცოცხლისა, ამპარტავნულ მზერას ნუ დამანებებ

5და ავი ზრახვები განმაშორე.

6ნუ დამძლევს ღორმუცელობა და ვნებათაღელვა, და ურცხვ სულს ნუ მიმცემ მე.

7ისმინეთ შვილებო, დარიგება ბაგეთათვის, ვინც მას დაიცავს, ცუდი არაფერი შეემთხვევა.

8ცოდვილს თავისივე ბაგე შეიპყრობს და ავსიტყვა და თავხედი მასზე წაფორხილდება.

9ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას.

10რადგან როგორც მონას, რომელიც წამდაუწუმ ისჯება, არ მოაკლდება წყლულები, ასევე სულმუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი ცოდვისგან ვერ განიწმიდება.

11მიწყივ მოფიცარი, უსჯულოებით აღივსება და მის სახლს შოლტი არ მოსცილდება; თუკი შესცოდავს, მისი ცოდვა მასთანვე იქნება, და თუკი არად ჩააგდებს, ორმაგად შესცოდავს; ხოლო თუ ტყუილუბრალოდ დაიფიცა, ვერ გამართლდება და მისი სახლი აღივსება უბედურებით.

12არის სიტყვა სიკვდილით შემოსილი; ნუ იპოვებოდეს იგი იაკობის მემკვიდრეობაში! რადგან ყოველივე ეს შორს იქნება ღვთისმოსავთაგან და ცოდვებში არ გაებმებიან.

13უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა.

14გახსოვდეს დედ-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყავი და შენი დაბადების დღეს დაწყევლი.

15ლანძღვას მიჩვეული ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გამოსწორდება.

16ორი თვისება ცოდვას ამრავლებს, მესამე კი რისხვას მოიწევს.

17გახურებული სული, როგორც ანთებული ცეცხლი, მანამ არ ჩაქრება, ვიდრე არ დაილევა. გარყვნილი კაცი თავის ხორციელ სხეულში მანამ ვერ მოისვენებს, სანამ ცეცხლი არ დაწვავს. გარყვნილი კაცისათვის ყველა პური ტკბილია და არ დაცხრება იგი აღსასრულამდე.

18თავისი სარეცლის შემცოდე კაცი გულში ამბობს: ვინ მხედავს მე? ჩემს ირგვლივ წყვდიადია და კედლებიც მფარავენ, ვერავინ დამინახავს და რისი უნდა მეშინოდეს? უზენაესი არ გაიხსენებს ჩემს ცოდვებსო.

19მას მხოლოდ ადამიანთა თვალები აშინებს და არ იცის რომ უფლის თვალი ათასჯერ ნათელია მზეზე. ის ადამიანთა ყველა გზას ჭვრეტს და დაფარულ ადგილებშიც აღწევს.

20მისთვის ყოველივე ცნობილია შექმნამდე და მოწევნადიც აღსასრულის შემდგომ.

21იგი ქალაქის ქუჩებში დაისჯება და, სადაც არ მოელის, იქ შეიპყრობენ.

22ასევე ქალიც, ქმრის მიმტოვებელი, ვინც მემკვიდრეს უცხოსაგან იყოლიებს.

23რადგან, ჯერ ერთი, არ დაემორჩილა უზენაესის კანონს და, მეორეც, შესცოდა თავის ქმრის წინაშე, და, მესამე, ავხორცობით იმრუშა და შვილები დაბადა უცხო კაცისაგან.

24გამოიყვანენ მას საკრებულოს წინაშე და მისი შვილების ამბავს გამოიძიებენ.

25მისი შვილები ფესვებს ვერ გაიდგამენ და ნაყოფს ვერ გამოიღებენ მისი რტოები.

26თავის ხსოვნას საწყევლად დაიტოვებს და არ წარიხოცება სირცხვილი მისი.

27დარჩენილები კი მიხვდებიან, რომ არაფერია უფლის შიშზე უმჯობესი და არაფერია უფრო ტკბილი, ვიდრე უფლის მცნებათა ყურად ღება.


წინა თავი შემდეგი თავი