მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 25

1სამით შევიმკე და წარვდექი გამშვენებული უფლისა და კაცთა წინაშე: ძმათა ერთსულოვნებით, მახლობელთა სიყვარულით და ცოლ-ქმართა თანხმობით.

2სამი ჯურის კაცი შეიძულა ჩემმა სულმა და ძალზე შევიძულე მათი ცხოვრება: ქედმაღალი ღატაკი, მატყუარა, მდიდარი და მოხუცი მრუში, ჭკუანაკლული.

3თუ სიჭაბუკეში ვერ შეაგროვე, როგორღა შეიძენ შენი სიბერის ჟამს.

4რარიგ შეშვენით ხანდაზმულთ განკითხვა და მოხუცებულთ მოცემა რჩევისა!

5რარიგ უხდება მოხუცებს სიბრძნე და დიდებულებს აზრი და რჩევა!

6მოხუცთა გვირგვინია მრავალნაცადობა და მათი სიამაყე - უფლის შიში.

7ცხრა ფიქრით დავიამე გული და მეათეს ენით ვიტყვი: კაცი, შვილებში გახარებული და თავის სიცოცხლეშივე მტერთა დაცემის მომსწრე.

8ნეტარია, ვინც გონიერ ქალთან ცხოვრობს, ვინც არ შესცოდა ენით და თავისზე უღირსს არ ემსახურა.

9ნეტარია, ვინც სიბრძნე მოიხვეჭა და მიუთხრობს მას ყურადმღებელთ.

10ხომ დიდია სიბრძნის მომხვეჭელი, მაგრამ უფლის მოშიშზე დიდი არავინაა.

11უფლის შიში ყოველივეს აღემატება; მის მქონებელს ვინ შეედრება?

12ყოველგვარი ჭრილობა დაითმინება, მაგრამ არა ჭრილობა გულისა; ყოველი სიავე, მაგრამ არა სიავე ქალისა.

13

14ყოველი თავდასხმა, ოღონდ არა თავდასხმა მოძულეთა, და ყოველი შურისძიება, ოღონდ არა შურისძიება მტერთა.

15არ არსებობს თავი უფრო შხამიანი, ვიდრე თავი უხსენებლისა და არ არსებობს გულისწყრომა უფრო დიდი, ვიდრე გულისწყრომა მტრისა.

16უმალ ლომთან და ურჩხულთან ერთად ვიცხოვრებდი, ვიდრე ავ ცოლთან.

17სიავე ქალს გამომეტყველებას უცვლის და დათვის სახესავით უბნელებს სახეს.

18მისი ქმარი დაჯდება მახლობელთა შორის და მოსმენისას მწარედ ამოიხვნეშებს.

19ვერარა ბოროტება ვერ მოვა ქალის ბოროტებასთან - ცოდვილის ხვედრი დაატყდება მას.

20რაღა მოხუცის ფეხებისთვის ქვიშიან აღმართზე სიარული და რაღა ანჩხლი ცოლი მშვიდი კაცისთვის.

21ნუ უთვალთვალებ ქალის სილამაზეს და ქალისადმი ვნებას ნუ აყვები.

22საწყრომია უპატიობა და დიდი სირცხვილი, როცა ცოლი ბატონობს ქმარზე.

23დამდაბლებული გული, სევდიანი სახე და გულის ჭრილობაა ავი ცოლი; დაშვებული ხელები და დაუძლურებული მუხლები, თავის ქმარს რომ არ აბედნიერებს.

24ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი.

25ნუ მისცემ წყალს გასავალს და სიტყვის უფლებას ავ დედაკაცს.

26თუ შენი ხელით ვერ წარმართე, მოიკვეთე იგი შენგან.


წინა თავი შემდეგი თავი