მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 26

1ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.

2ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს.

3კარგი ცოლი კარგი ხვედრია - წილად ერგებათ უფლის მოშიშებს.

4მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი ყოველჟამს მხიარული.

5სამი რამის ეშინია ჩემს გულს, მეოთხეზე კი ვლოცულობ: ქალაქის ჭორისა, ბრბოს ამბოხისა და ცილისწამებისა. ეს ყველაფერი სიკვდილზე საშინელია.

6გულისწუხილია და უბედურებაა ცოლი, რომელიც სხვა ქალზე ეჭვიანობს და შოლტი მისი ენისა ყველას გადაწვდება.

7ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია: მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.

8დიდი ჯავრია ლოთი ცოლი: ვერ დაფარავს იგი თავის აუგს.

9ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა.

10თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, თავი არ აიშვას თავისდა საზიანოდ.

11მოერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუკი შესცოდავს შენს წინააღმდეგ.

12როგორც მწყურვალი მგზავრი აღებს პირს და ახლო-მახლო ყველა წყალს ეწაფება, ასე დაჯდება იგი ყოველი პალოს წინ და ისრისათვის გააღებს კაპარჭს.

13ცოლის სიკეთე ქმარს ახარებს და მისი გამჭრიახობა აპოხიერებს მის ძვლებს.

14უფლის წყალობაა ჩუმი ცოლი და ფასდაუდებელია განსწავლული სული.

15მადლის მადლია კდემამოსილი ცოლი და ვერა სასწორი ვერ აწონის პატიოსან სულს.

16როგორც ამომავალი მზეა უფლის ზესკნელში, ასევეა კარგი ცოლის სილამაზე მის გამართულ სახლში.

17როგორც ანთებული სანთელი წმინდა სასანთლეში, ასევეა სახის მშვენება წარმოსადეგ ტანზე.

18როგორც ოქროს სვეტები ვერცხლის კვარცხლბეკზე, ასევეა მშვენიერი ფეხები მტკიცე ტერფებზე.

19ორ რამეზე იდარდა ჩემმა გულმა, მესამეზე კი რისხვამ იფეთქა: როცა მებრძოლი ვაჟკაცი გაჭირვებაშია, გონიერ ხალხს აბუჩად იგდებენ. სიმართლიდან ცოდვისაკენ მოქცეულს კი უფალი მახვილისათვის განამზადებს.

20ძნელად რომ ვაჭარი ცდუნებას გაექცეს და მიკიტანმა ცოდვისაგან დაიხსნას თავი.


წინა თავი შემდეგი თავი