მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
სიბრძნე ზირაქისა* |
თავი 27 |
1ბევრმა შესცოდა წვრილმანთა გამო, სიმდიდრის მძებნელი კი თვალს მოარიდებს. 2მიჯრილ ქვებს შორის ლურსმანი ჩაერჭობა, ასევე ყიდვა-გაყიდვაში ცოდვა შეიჭრება. 3უკეთუ კაცი მტკიცედ და ბეჯითად არ არის ღვთის შიშში, სწრაფად დაემხობა მისი სახლი. 4საცრის შერხევისას ნაგავი რჩება, ასევე კაცის უწმინდურობანი - მისი მსჯელობისას. 5თიხის ჭურჭელს ღუმელი გამოცდის, ხოლო კაცს მისი საუბარი. 6ხის მოვლა-პატრონობას ნაყოფი წარმოაჩენს, ადამიანის გულის ზრახვებს კი - სიტყვა. 7ნუ შეაქებ კაცს საუბრის დაწყებამდე, რადგან ეს არის ადამიანის გამომცდელი. 8თუკი სიმართლეს მისდევ, მისწვდები კიდევაც და შეიმოსავ მას, როგორც დიდების შესამოსელს. 9ფრინველნი თავიანთ მსგავსებთან სხდებიან და სიმართლეც იმათ დაუბრუნდება, რომელნიც მისით მოქმედებენ. 10როგორც ლომი უსაფრდება ნადავლს, ასევე ცოდვა - უსამართლობის ჩამდენთ. 11საუბარი ღვთისმოსავისა მუდამ სიბრძნეა, უგუნური კი მთვარესავით იცვლება. 12უმეცრებთან დროს ნუ დაკარგავ, არამედ გონიერთა შორის დაყავი ხანი. 13ბრიყვთა საუბარი აუტანელია; მათი სიცილი ცოდვით თავის შექცევაა. 14მრავალმოფიცარის ყბედობა თმას ყალყზე აყენებს და მათი კამათი ყურთასმენას ახშობს. 15ქედმაღალთა ჩხუბი სისხლისღვრაა და მათი ლანძღვა - მძიმე მოსასმენი. 16საიდუმლოს გამცემი ნდობას დაკარგავს და სულის მეგობარს ვერასოდეს იპოვის. 17გიყვარდეს მეგობარი და იყავი ერთგული მისი, ხოლო თუ მის საიდუმლოებას გააცხადებ, ნულარ დაედევნები უკან. 18რადგან როგორც კაცი კლავს თავის მტერს, ასევე მოკალი შენ მახლობლის მეგობრობა. 19თითქოსდა ჩიტი გაგეშვას ხელიდან, ისე დაკარგე მახლობელი და ვეღარ მოინადირებ მას. 20ნუღარ დაედევნები, რადგანაც იგი შორს გაგიდგა და გაგექცა, როგორც შველი ხაფანგისაგან. 21რადგან შეიძლება ჭრილობის შეხვევა და შერიგება ჩხუბის შემდეგ, მაგრამ ვინც საიდუმლო გაამჟღავნა, შერიგების იმედიც დაკარგა. 22ვინც თვალით ანიშნებს, ის ხრიკებს აწყობს და ვერავინ დააბრკოლებს მას. 23შენს თვალწინ ენას დაითაფლავს და გაიკვირვებს შენს სიტყვებს, ბოლოს კი შეირყვნის პირსაც და შენს სიტყვებშიც საცთურს აღმოაჩენს. 24ბევრი რამ შევიძულე, მაგრამ მის მსგავსად არავინ! და უფალიც შეიძულებს მას. 25ქვის მაღლა მსროლელი თავის თავს ესვრის და მზაკვრული დარტყმა ჭრილობას გახსნის. 26ორმოს მთხრელი თვითონვე ჩავარდება მასში და მახის დამგებიც თვითონვე გაებმება. 27ვინც ბოროტებას სჩადის, მასვე მიუბრუნდება და ვერც გაიგებს, საიდან დაატყდა თავს. 28ამპარტავნის საქმე დაცინვა და ლანძღვაა, მაგრამ შურისგება ჩასაფრებული ლომივით ელოდება მას. 29ღვთისმოსავთა დაცემის მოხარულნი მახეში გაებმებიან და სატკივარი სიკვდილამდე მოინელებს მათ. 30რისხვაც და წყრომაც სისაძაგლეა და ცოდვილი კაცი მათი მფლობელი იქნება. |
წინა თავი | შემდეგი თავი |