მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
სიბრძნე ზირაქისა* |
თავი 28 |
1შურისმგებელი შურისგებას უფლისაგან იპოვის: ის ადევნებს თვალყურს მის ცოდვებს. 2მიუტევე უსამართლობა შენს მახლობელს და მაშინ ვედრებისას შენც მიგეტევება შენი ცოდვები. 3ადამიანი ადამიანზეა გამწყრალი, უფლისგან კი ეძიებს განკურნებას. 4თავის მსგავს ადამიანს ვერ უთანაგრძნობს და საკუთარ ცოდვათა გამო კი ივედრება. 5თავადაც ხორციელი ბოღმას ინახავს და ვინ განწმიდოს იგი ცოდვებისგან? 6გაიხსენე აღსასრული და შეწყვიტე მტრობა; გახსოვდეს გახრწნა და სიკვდილი, და მცნებანი დაიცავი. 7მცნებები გაიხსენე და მახლობელზე ნუ განრისხდები; უზენაესის აღთქმა გახსოვდეს და უგუნურება მოიძულე. 8თავი შეიკავე ჩხუბისგან და ცოდვებს შეიმცირებ, რადგანაც გულფიცხი კაცი ჩხუბს დაანთებს. 9ცოდვილი კაცი მეგობრებში შფოთს შეიტანს და მშვიდად მცხოვრებთა შორის შუღლს ჩამოაგდებს. 10როგორიცაა შეშა, ისეთი გაჩაღდება ცეცხლიც; როგორიცაა ჩხუბის საფუძველი, ისეთი გაჩაღდება ჩხუბიც; როგორიც არის კაცის ძალა, ისეთივე იქნება მისი გულისწყრომა; რა ქონების პატრონიცაა იგი, ისე აიწევს მისი რისხვა. 11ცხარე შუღლი ცეცხლს აღაგზნებს, ცხარე ჩხუბისგან კი სისხლი დაიღვრება. 12ნაკვერცხლებს შეუბერავ და გაჩაღდება, დანერწყვავ და ჩაქრება; ორივე შენი პირიდან გამოდის. 13წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხები დაღუპეს. 14მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებულთა სახლები დაამხო. 15მესამე ენამ ქველი დედაკაცები განდევნა და მოწყვიტა ისინი თავიანთ ნაჯაფარს. 16მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მსმენელი და მშვიდად ვერ იცხოვრებს. 17შოლტის ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს. 18მრავალნი დაეცნენ მახვილისგან, მაგრამ უმრავლესნი ენით. 19ბედნიერია, ვინც მისგან დაიცვა თავი, ვისაც არ დაატყდა მისი რისხვა, ვინც არ ათრია მისი უღელი და მისი ბორკილებით არ შეიკრა. 20რადგანაც უღელი მისი რკინის უღელია და ბორკილები მისი - სპილენძის ბორკილები. 21ავი სიკვდილია მისი სიკვდილი და ჯოჯოხეთიც კი უკეთესია მასზე. 22ვერ ეწევა იგი ღვთისმოსავებს და არ დაიწვებიან ისინი მისი ალით. 23უფლის მიმტოვებელნი კი დაექანებიან მისკენ და გაჩაღდება იგი მათ შორის, და აღარ ჩაქრება. მოევლინებათ მათ, როგორც ლომი და როგორც ჯიქი გაანადგურებს მათ. 24იცოდე, ეკლით მოზღუდე შენი ქონება და შეკარი შენი ოქრო-ვერცხლი. 25სასწორ-საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და კარი და საკეტი გაუკეთე შენს პირს. 26უფრთხილდი, არ წაიბორძიკო მის გამო და მომნადირებელის წინ არ დაეცე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |