მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 30

1ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს.

2შვილის გამწვრთნელი შეწევნას მიიღებს მისგან და ნაცნობთა შორის თავს მოიწონებს.

3შვილის გამწვრთნელი მტერში შურს აღძრავს, მეგობრებში კი მისით გაიხარებს.

4აღესრულა მამამისი და, თითქოს არც მომკვდარა, რადგან დატოვა თავისი მსგავსი.

5ვიდრე ცოცხალი იყო, შესცქეროდა მას და ხარობდა და არც სიკვდილის ჟამს იყო მწუხარე.

6რადგან მტრების შურისმგებელი დატოვა, მეგობრებისთვის კი - მადლის გადამხდელი.

7შვილის გამანებივრებელი ჭრილობებს შეუხვევს შვილს და მის ყოველ წამოყვირებაზე შეუქანდება გული.

8გაუხედნელი ცხენი ჯიუტად იქცევა, თავის ნებაზე მიშვებული შვილი კი თავხედურად იქცევა.

9გაანებივრე შვილი და შეგაშინებს, ეთამაშე და დაგამწუხრებს.

10ნუ გაიცინებ მასთან, ვაითუ მასთან ერთად იდარდო და ბოლოს კბილები აღრჭიალო.

11ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში.

12და გვერდები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე ხელი არ აიღოს.

13გაწვრთენი შვილი და იშრომე მასზე, რომ მისი უხამსი საქციელი თავშისაცემი არ გაგიხდეს.

14ჯანმრთელი და ძალ-ღონით ძლიერი ღატაკი სჯობს სხეულით დაძაბუნებულ მდიდარს.

15სიმრთელე და სიძლიერე ყველა ოქროს სჯობს და ჯანსაღი სხეული - განუზომელ სიმდიდრეს.

16სიმდიდრე როდია უკეთესი ჯანმრთელ სხეულზე და არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე გულის სიხარულია.

17გამწარებულ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს და ხანგრძლივ სნეულებას - საუკუნო განსვენება.

18მოკუმულ პირთან დაღვრილი სიტკბო იგივეა, რაც საფლავზე დაწყობილი სანოვაგე.

19რა სარგებლობას მოუტანს კერპს მსხვერპლი? ვერ შეჭამს და ვერც დაყნოსავს; ასეა უფლისგან განდევნილიც.

20თვალებით უყურებს და კვნესის, როგორც საჭურისი, ქალწულს რომ ეხვევა და კვნესის.

21ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით.

22გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი.

23დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი.

24შური და სიშმაგე დღეებს ამოკლებს, ზრუნვას კი ნაადრევად მოაქვს სიბერე.

25ნათელი გული და სიკეთე თავის საზრდელზე თავად იზრუნებს.


წინა თავი შემდეგი თავი