მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 31

1ფხიზლობა სიმდიდრის გამო ხორცს განლევს და მასზე ზრუნვა ძილს აფრთხობს.

2ფხიზელი ზრუნვა რულს განაგდებს და მძიმე სნეულებას ძილი მიაქვს.

3დაშვრება მდიდარი დოვლათის მოხვეჭაში და განსვენების ჟამს გულსაც მოიჯერებს ნაჭირნახულევით.

4დაშვრება ღატაკი ცხოვრების სიდუხჭირეში და განსვენების ჟამსაც ღატაკად დარჩება.

5ოქროს მოყვარული ვერ გამართლდება და ფულის მადევარს მისივე წყალობით აერევა გზა-კვალი.

6მრავალნი დაეცნენ ოქროს გულისთვის და მათსავე თვალწინ მოხდა მათი დამხობა.

7იგი შებრკოლების ძელია მისით აღტაცებულთათვის და ყოველი უგუნური შეიპყრობა მისით.

8ბედნიერია მდიდარი, რომელიც უმწიკვლო აღმოჩნდა და რომელიც უკან არ გამოდგომია ოქროს.

9ვინ არის იგი? ნეტარად შევრაცხავთ მას, რადგან სასწაულები მოახდინა თავის ხალხში.

10ვინ გამოიცადა ოქროთი და მაინც უმწიკვლო დარჩა? იყოს ეს მისთვის საამაყო. ვინ იყო, რომ შეეძლო ცოდვის ქმნა და არ შესცოდა? ბოროტება ჩაედინა და არ ჩაიდინა?

11მყარი იქნება მისი ქონება და მის მოწყალებებს გამოაცხადებს საკრებულო.

12მდიდრულ სუფრას მიუჯექი? ნუ დააღებ პირს და ნუ იტყვი: რა უხვი სუფრააო.

13გახსოვდეს, რომ ცუდია ხარბი თვალი. თვალზე უფრო გაუმაძღარი რა შექმნილა? ამიტომაც მისტირის ყველაფერს, რასაც კი ხედავს.

14საითკენაც გაიხედავს, ხელს ნუ გაიწოდებ, და ლანგარზე ნუ შეეხლები მეზობლის ხელს.

15მახლობელზე საკუთარი თავის მიხედვით იმსჯელე და ყოველ საქმეს დაუფიქრდი.

16როგორც კაცმა, ისე შეჭამე, რაც წინ გიწყვია და ნუ იცოხნები, რომ არ შეგიძაგონ.

17პირველმა შეწყვიტე ჭამა ზრდილობის გამო და გაუმაძღარი ნუ იქნები, რომ არასოდეს ჩავარდე საცთურში.

18თუ მრავალთა შორის დაჯდები, ხელს პირველი ნუ გაიწოდებ.

19კარგად აღზრდილი კაცი მცირედსაც იკმარებს და საწოლზე ქშენას არ მოჰყვება.

20ჯანსაღი ძილი ზომიერ კუჭზეა; დილით ადრე ადგება და მასთანაა მისი სული. გაუმაძღარ კაცს კი უძილობა, ქოლერა და მუცლის გვრემა გასტანჯავს.

21სასმელ-საჭმელი თუ დაგამძიმებს, სუფრიდან ადექი და შეისვენე.

22მისმინე, შვილო, და ნუ უგულებელმყოფ მე და ბოლოს დააფასებ ჩემს სიტყვებს. ყველა შენს საქმეში სიფრთხილით იყავი და არავითარი ისინი არ შეგეყრება.

23პურადს ბაგენი დალოცავენ და მოწმობა მისი სიკეთისა სარწმუნოა.

24პურადძვირზე ქალაქი დრტვინვას დაიწყებს და მტკიცება მისი სიავისა სწორია.

25ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს.

26ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოცდის, ქედმაღალთა გულებს კი - ღვინო ჩხუბში.

27კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა.

28გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო.

29სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში.

30სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს.

31ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და მხიარულებაში მყოფს ნუ დაამცირებ; ნუ დაუწყებ საყვედურს და თხოვნით ნუ შეაწუხებ.


წინა თავი შემდეგი თავი