მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
სიბრძნე ზირაქისა* |
თავი 34 |
1ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები. 2რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე. 3სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა - მსგავსება სახისა სახის პირისპირ. 4უწმინდურისგან რა განიწმიდება და სიცრუისგან რა გამართლდება? 5მისნობები, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებენ გულს. 6თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილი უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ. 7რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი. 8რჯული აღსრულდება ამ სიცრუეთა გარეშე და სიბრძნე სრულიქმნება მორწმუნის პირით. 9მოხეტიალე კაცმა ბევრი იცის, და მრავალნაცადი გონივრულს გვაუწყებს. 10ვინც გამოუცდელია, მცირემცოდნეცაა, ხოლო ვინც იხეტიალა, ცოდნაც გაიმრავლა. 11მრავალი რამ მინახავს ჩემი ხეტიალისას და ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ. 12მრავალჯერ სიკვდილს მივწურვილვარ, მაგრამ გამოცდილების წყალობით გადავრჩენილვარ. 13უფლის მოშიშთა სული იცოცხლებს, რადგან მათი სასოება მათი მხსნელია. 14უფლის მოშიში არაფერს შეუშინდება და არც სიმხდალეს გამოიჩენს, რადგან უფალია მისი იმედი. 15ნეტარია სული უფლის მოშიშისა. ვის უჭირავს იგი და ვინ არის საყრდენი მისი? 16უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს; ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას, 17აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვალისა, მომცემელი კურნებისა, სიცოცხლისა და კურთხევისა. 18გასაკიცხია მსხვერპლი, უსამართლოდ მონახვეჭისგან შეწირული, და შეუწყნარებელია ურჯულოთა ძღვენი. 19უღვთოთა შესაწირავს უზენაესი არ მიითვლის სათნოდ და არც მსხვერპლშეწირვათა სიმრავლე მიატევებინებს ცოდვებს. 20რაღა შვილის დაკვლა მამის წინაშე და რაღა მსხვერპლის შეწირვა ღარიბ-ღატაკის ქონებიდან. 21გაჭირვებულთა პური უპოვართა სიცოცხლეა, მისი წამრთმეველი კი სისხლისმსმელია. 22ვინც მოყვასს საზრდოს ართმევს, მისი მკვლელია; და ვინც მოჯამაგირეს ჯამაგირს ართმევს, სისხლისმღვრელია. 23თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ გარდა დაღლისა? 24თუ ერთი ლოცულობს და მეორე იწყევლება, ვის ხმას შეისმენს მეუფე? 25ვინც განიბანება გვამის შეხების შემდეგ და ისევ შეეხება მას, რას მოიგებს ამ განბანვით? 26ასევე თუ თავისი ცოდვებისთვის მარხული კაცი კვლავ წავა და იმასვე ჩაიდენს, ვინ გაიგონებს მის ვედრებას? რას მოიგებს ამ დამდაბლებით? |
წინა თავი | შემდეგი თავი |