მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
სიბრძნე ზირაქისა* |
თავი 36 |
1შეგვიწყალე ჩვენ, მეუფეო, ღმერთო ყოველთა, მოგვხედე და ყოველ ხალხზე მოავლინე შენი შიში. 2აღმართე შენი ხელი უცხო ხალხებზე, რათა იხილონ შენი ძალა. 3როგორც წმიდა გახდი ჩვენში მათ თვალწინ, ასევე განდიდდი მათ შორისაც ჩვენს თვალწინ. 4მათაც შეგიცნონ შენ, ისევე, როგორც ჩვენ შევიცანით, რომ არ არის ღმერთი შენს გარდა, უფალო. 5განაახლე ნიშები და კვლავ მოიმოქმედე სასწაულნი, განადიდე ხელი და მარჯვენა მკლავი. 6აღმართე გულისწყრომა და რისხვა გადმოღვარე, გაანადგურე მოშუღარი და შემუსრე მტერი! 7დააჩქარე დრო და გახსოვდეს ფიცი, და გამოაცხადონ შენი დიადი საქმეები! 8მძვინვარე ცეცხლმა შთანთქას, ვინც კი გადარჩება, და შენი ხალხის ბოროტისმყოფელებმა დაღუპვა ჰპოვონ. 9შემუსრე თავები მტრების წინამძღოლთა, რომ ამბობენ, არავინ არისო ჩვენს გარდა. 10შეკრიბე ყველა ტომი იაკობისა და დაიმკვიდრე ისინი, როგორც დასაბამიდანვე იყო. 11შეიწყალე, უფალო, ხალხი, შენი სახელით წოდებული, და ისრაელი, რომელიც პირმშოდ შერაცხე. 12შეიწყალე ქალაქი შენი სიწმინდისა - იერუსალიმი, შენი დასავანებელი ალაგი. 13აღავსე სიონი შენი სიქველის ქებით და შენი ხალხით - შენი დიდებით. 14მიეცი დასტური დასაბამით შენს შექმნილთ, აღმართე წინასწარმეტყველება შენი სახელით. 15მიეცი ჯილდო შენს მოიმედეთ და სარწმუნონო შეიქნან შენი წინასწარმეტყველნი! 16შეისმინე, უფალო, შენს მსახურთა ვედრება თანახმად აარონის კურთხევისა შენს ხალხზე. 17შეიცნოს ყველამ დედამიწაზე, რომ უფალი ხარ, ღმერთი საუკუნეთა. 18ყოველ საჭმელს ინელებს კუჭი, მაგრამ არის საჭმელი საჭმელის მჯობი. 19სასა გამოარჩევს ნანადირევის კერძს, ასევე გონიერი გული - ცრუ სიტყვებს. 20ცბიერ გულს მწუხარება მოაქვს, მაგრამ მრავალნაცადი კაცი სამაგიეროს მიაგებს. 21ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის მჯობი. 22ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის ყველაზე მეტად სანატრელია. 23თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმარს ვერავინ შეედრება ადამის ძეთაგან. 24ცოლის მომყვანი საუკეთესო ქონებას იძენს - შესაფერის დამხმარეს და შვების საყრდენს. 25სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონება დაიტაცება, ხოლო სადაც ცოლი არ არის, იკვნესებს მოხეტიალე კაცი. 26რადგან ვინ ენდობა იარაღასხმულ ავაზაკს, ქალაქიდან ქალაქში რომ დაძრწის? 27ასევეა კაციც, რომელსაც არა აქვს ბუდე და, სადაც დაუღამდება, იქ ეძებს სადგურს. |
წინა თავი | შემდეგი თავი |