მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 38

1იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც გჭირდება იგი, რადგან უფალმა შექმნა იგი.

2რადგან მკურნალობა უზენაესისგან არის და ნიჭიც მეუფისგან ეძლევა მას.

3ცოდნა მკურნალს თავს აუმაღლებს და დიდებულთა წინაშე მოუხვეჭს პატივს.

4უფალმა მიწისგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ.

5განა ხისგან არ დატკბა წყალი, რათა საცნაური გამხდარიყო მისი ძალა?

6მანვე მისცა ადამიანებს ცოდნა, რათა ედიდებინათ იგი მის საკვირველ საქმეთა გამო.

7მათი წყალობით მკურნალობს და უამებს ტკივილებს, წამლის მკეთებელი მათგან ნარევს ამზადებს.

8და არ დასრულდება მისი საქმიანობა; მისგანაა მშვიდობა დედამიწის ზურგზე.

9შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს.

10განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან.

11მიუძღვენი კეთილსურნელება და გამტკიცული ფქვილის სამახსოვრო წილი, და შესწირე მსხვერპლი, როგორც შეგიძლია.

12მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი.

13არის ჟამი, როცა მათ ხელშია წარმატება.

14რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, რომ შეეწიოს სნეულთათვის შვების მისაცემად და მათ სასიცოცხლოდ.

15ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე, ის ჩავარდეს მკურნალის ხელში.

16შვილო, მკვდარს ცრემლები დაადინე და მძიმე სატანჯველში ჩავარდნილივით ატირდი, შემოსე გვამი, როგორც ეკადრება და ნუ დასტოვებ დაუმარხავს.

17მწარე იყოს დატირება და მხურვალე - გოდება; და იგლოვე, როგორც ეკადრება, ერთი ან ორი დღე, რომ არ დაგძრახონ, და გაიქარვე დარდი.

18რადგან დარდი სიკვდილსაც იწვევს და გულის მწუხარება ძალის დამშრეტია.

19უბედურებას თან მწუხარებაც ახლავს და ღატაკის ცხოვრება გულის დარდია.

20ნუ მიეცემი სევდას გულით და განიშორე იგი აღსასრულის გამხსენებელმა.

21არ დაივიწყო ეს, რადგან დაბრუნება შეუძლებელია, ვეღარც მას არგებ და თავსაც დაიტანჯავ.

22გახსოვდეს ჩემი ხვედრი, რადგან იგი შენიცაა; გუშინ ჩემი იყო, დღეს კი შენია.

23მკვდრის გასვენებასთან ერთად მისი ხსოვნაც მოასვენე და მის გამო მწუხარება გადაგეყრება, როცა სული ამოხდება.

24წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი.

25როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით მოამაყე, ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ მოზვრები აკერია პირზე?

26მისი საფიქრალი კვლების გაყვანაა და მისი საზრუნავი ხბორების საკვებია.

27ასევეა ყველა ხურო და ხუროთმოძღვარი, რომელიც ღამეს დღესავით ატარებს; ბეჭედთა ჩუქურთმების მჭრელნი ბეჯითად იღვწიან მრავალფერი სახის შესაქმნელად, მათი საფიქრალი გამოსახულების დამსგავსებაა და ცდილობენ, დროზე დაასრულონ საქმე.

28ასევეა მჭედელიც, გრდემლთან მჯდომარე და რკინის ნაკეთობაზე ჩაფიქრებული; მის სხეულს აძაბუნებს ცეცხლის კვამლი და ნიადაგ ებრძვის ქურის მხურვალებას; უროს ხმა უხშობს მას ყურთასმენას, თვალები ჭურჭლის ყალიბისკენ უჭირავს, მისი საფიქრალი ნაკეთობის დასრულებაა და ცდილობს სრულყოფილად შეამკოს იგი.

29ასევეა მექოთნეც, რომელიც თავის საქმეს უზის და ფეხებით ბორბალს ატრიალებს, მუდამ თავის საქმეზე ზრუნავს და მთელი თავისი ნაწარმი აღრიცხული აქვს.

30ხელით სახეს აძლევს თიხას, ხოლო ფეხებით მის სიმაგრეს არბილებს; ფიქრად აქვს, გაასრულოს მოჭიქვა და, ბოლოს, მისი საზრუნავი ღუმელის გასუფთავებაა.

31ყოველ მათგანს თავისი ხელების იმედი აქვს და თითოეული ბრძენია თავის საქმეში.

32მათ გარეშე ვერ აშენდება ქალაქი, და არც ხალხი არ დასახლდება და არ იცხოვრებს იქ.

33მაგრამ მათ არ უხმობენ სახალხო საბჭოზე და არც კრებაზე იწვევენ; არც მსაჯულის სავარძელში სხედან და არც მსჯავრის გამოტანაზე მსჯელობენ.

34არც სასჯელს აცხადებენ და არც განაჩენს, და არც იგავებს იგონებენ, მაგრამ წუთისოფლის საფუძველს ამყარებენ და თავიანთი ხელოვნების წარმატებაზე ლოცულობენ.


წინა თავი შემდეგი თავი