მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 39

1მხოლოდ ის, ვინც თავს შესწირავს უზენაესის რჯულის შესწავლას, გამოიძიებს წინაპართა სიბრძნეს და წინასწარმეტყველებაში გაიწაფება,

2ის შეითვისებს სახელოვან კაცთა ანდაზებს და იგავთა ნართაულობას ჩაწვდება;

3გამოიკვლევს ანდაზების დაფარულ აზრს და იგავთა გამოცანებს გამოიცნობს;

4დიდებულთა შორის იმსახურებს და წინამძღოლის წინაშე წარდგება; იმოგზაურებს უცხო ტომთა ქვეყანაში, რადგან გამოცდილი აქვს სიკეთეცა და ბოროტებაც ადამიანთა შორის;

5თავის გულს წარმართავს ადრე ასადგომად უფლისათვის, ვინც შექმნა იგი, რომ ილოცოს უზენაესის წინაშე, სავედრებლად გახსნას პირი და ცოდვათა მიტევება შესთხოვოს.

6თუკი დიდებული უფალი ინებებს, აღივსება გონების სულით, გადმოაწვიმებს თავისი სიბრძნის სიტყვებს და ვედრებისას უფალს განადიდებს.

7კეთილად წარმართავს თავის ნებასა და გონებას, და შეიმეცნებს უფლის საიდუმლოებებს.

8წარმოაჩენს თავისი დამოძღვრის ხელოვნებას და უფლის აღთქმის რჯულით იამაყებს.

9მის ცოდნას მრავალნი შეაქებენ და არ დაივიწყებენ უკუნისამდე; მისი სახსენებელი არ წაიშლება და მისი სახელი თაობიდან თაობაში იცოცხლებს.

10მის სიბრძნეს განადიდებენ ერები და მის ქებას გამოაცხადებს საკრებულო.

11სანამ ცოცხალია, ათასებზე უფრო დიდ სახელს მოიხვეჭს, და როცა განისვენებს, საკმარისი დარჩება თავისთვის.

12კიდევ მაქვს სათქმელი, რაზეც მიფიქრია; სავსე ვარ, როგორც მთვარე აღვსებისას.

13ისმინეთ ჩემი, ღირსეულო შვილებო, და გაიფურჩქნეთ ნაღვარევ ველზე დარგული ვარდივით.

14და გამოეცით კეთილსურნელება საკმევლის ხესავით, აყვავდით, როგორც შროშანი, მოჰფინეთ სურნელება და იგალობეთ საგალობელი, ყოველი საქმით უფალი აკურთხეთ.

15მიეცით მის სახელს სიდიადე, მადლი მიაგეთ მას ხოტბა-დიდებით, ბაგეთა გალობებით და ბარბითებით, და მადლობისას ასე წარმოთქვით:

16ყველაფერი უფლის ნამოქმედარია, რადგან მშვენიერია ძლიერ და დროულად აღსრულდება მისი ყოველი ნაბრძანები. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე თავის დროზე გაირკვევა.

17მისი სიტყვით ზვინივით დადგა წყალი და მისი პირიდან თქმულით გაჩნდა წყალთა შესაკრებელნი.

18მისი ბრძანებითაა ყველაფერი, რაც მას ეთნევა, და არავის ძალუძს დააკნინოს მისი მაცხოვრების ძალა.

19მის წინაშეა ყოველი ხორციელის საქმენი და არაფერია მისი თვალებისთვის დაფარული.

20ყოველივე დასაბამიდან განჭვრიტა საუკუნოდ და არაფერია მისთვის საკვირველი.

21არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე საჭიროებისამებრ შეიქმნა.

22კურთხევა მისი ფარავს მდინარესავით და წარღვნასავით არწყულებს ხმელეთს.

23მაგრამ მის რისხვასაც გამოსცდიან ერები, როგორც ოდესღაც, როცა წყლები მლაშობად აქცია.

24ღირსეულთათვის მისი გზები სწორია, ურჯულოთათვის კი შემაბრკოლებელი.

25დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ხოლო ცოდვილთათვის - ბოროტება.

26ადამიანისთვის სიცოცხლის სახსართაგან მთავარია: წყალი და ცეცხლი, რკინა და მარილი, ხორბლის ფქვილი და რძე, თაფლი და ყურძნის წვენი, ზეთი და სამოსელი -

27ყოველივე ეს ღვთისმოსავთა სასიკეთოდაა, ცოდვილებს კი სატანჯველად ექცევა.

28არის ქარები, შურის საძიებლად შექმნილნი, სიშმაგეში რომ ასასტიკებენ თავიანთ შოლტებს; ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი შემოქმედის გულისწყრომას დააცხრობენ.

29ცეცხლი და სეტყვა, შიმშილი და სიკვდილი - ყოველივე ეს შურისგებადაა შექმნილი.

30მხეცთა კბილები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი შურს მიაგებენ ურჯულოთა დასაღუპავად.

31მის ბრძანებაზე ხარობენ, საჭიროებისთვის მზად არიან მიწაზე, რომ თავის დროზე შეასრულონ მისი სიტყვა.

32ამიტომაც იმთავითვე გადავწყვიტე, განვსაჯე და დავწერე,

33რომ მშვენიერია უფლის ყოველი ნამოქმედარი და დროულად მოგვმადლებს ყოველივეს საჭიროებისამებრ,

34და რომ არ ეგების თქმა: ეს ამაზე უარესიაო, რადგან ყველაფერი თავის დროზე სასიკეთო გახდება.

35ახლა, იგალობეთ მთელი გულითა და პირით, და აკურთხეთ უფლის სახელი.


წინა თავი შემდეგი თავი