მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 4

1შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ.

2მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში.

3განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ.

4შეწევნის მთხოვნელს, დაჩაგრულს უარს ნუ ეტყვი და პირს გლახაკისაგან ნუ მიიბრუნებ.

5მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ.

6რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი.

7თავაზიანად მოიქეცი საკრებულოში და მთავრის წინაშე თავი მოიდრიკე.

8ყური მიაპყარ გლახაკს და მშვიდად და ალერსით უპასუხე.

9იხსენი უსამართლოდ დაჩაგრული უსამართლოს ხელიდან და განსჯისას სულმოკლე ნუ იქნები.

10იყავი ობოლთათვის როგორც მამა და მათი დედისათვის ქმრის მაგიერი, და შეიქნები ვითარცა ძე უზენაესისა, რომელიც დედაზე უფრო შეგიყვარებს.

11სიბრძნემ აამაღლა თავისი ძენი და შეეწია თავის მაძიებელთ.

12მის მოყვარულს სიცოცხლე უყვარს და მისთვის რიჟრაჟზე წამომდგარნი სიხარულით აღივსებიან.

13მისი მფლობელი დიდებას დაიმკვიდრებს და, სადაც კი მივა, უფალი აკურთხებს.

14რომელნიც მას მსახურებენ, წმინდას ემსახურებიან, და მისი მოყვარულნი უფალსაც უყვარს.

15მისი მორჩილი წარმართებს განსჯის და ვინც მას რწმენით მიეახლება, დამკვიდრდება.

16რომელიც ირწმუნებს, დაიმკვიდრებს მას და მისი შთამომავალნი გახდებიან მფლობელნი მისნი.

17რადგან ჯერ მრუდე გზებით ივლის მასთან ერთად, შიშსა და ძრწოლაში ეყოლება, გასტანჯავს მას თავისი წვრთნით, ვიდრე არ დარწმუნდება მასში და თავის მცნებათა განსაცდელში არ გაატარებს.

18კვლავ მოიქცევა სიწრფელით მისკენ და გაახარებს მას, განუცხადებს თავის საიდუმლოთ.

19თუ შეცდება, მიატოვებს მას და მის დამამხობელს ჩაუგდებს ხელში.

20გაფრთხილდი, ჟამი არ გამოგეპაროს, ბოროტისაგან დაიცავი თავი და შენი თავისა არ შეგრცხვება.

21რადგან არის სირცხვილი, რომელსაც ცოდვა მოაქვს, და სირცხვილი, რომელიც დიდება და მადლია.

22ნუ თვალთმაქცობ საკუთარი თავის წინაშე და შენი დაცემისა ნუ გრცხვენია.

23ნუ დააბრკოლებ სიტყვას საჭიროების ჟამს,

24რადგენ სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა - ენის მეტყველებით.

25წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს.

26ნუ შეგრცხვება აღიარება შენი ცოდვებისა და მდინარის დინებას ნუ შეაჩერებ.

27უგუნურ კაცს თავს ნუ დაუმორჩილებ და შეძლებულს ნუ მიეკერძოები.

28სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის.

29ნუ იქნები კადნიერი ლაპარაკში და ზარმაცი და დაუდევარი საქმეში.

30ნუ იქნები ლომივით შენს სახლში და შარიანი სახლეულებთან.

31ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული გასაცემად.


წინა თავი შემდეგი თავი