მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
სიბრძნე ზირაქისა* |
თავი 40 |
1დიდი ჯაფაა გაჩენილი ყოველი ადამიანისთვის და მძიმეა ადამის ძეთა უღელი დღიდან მათი გამოსვლისა დედის მუცლიდან იმ დღემდე, როცა ყოველთა დედას უბრუნდებიან. 2აფიქრებს ადამიანს და შიშსა ჰგვრის წინათგრძნობა და აღსასრულის დღე, 3დიდებულ ტახტზე მჯდომარედან დაწყებული მიწად და ნაცრად დამდაბლებულამდე, 4ძოწეულისა და გვირგვინის მატარებლიდან ჯვალოთი შემოსილამდე; ყველასთანაა გულისწყრომა და ეჭვი, შფოთი და მღელვარება, სიკვდილის შიში, ცოფი და მტრობა. 5საწოლზე მოსვენების ჟამს ღამის ძილი აშფოთებს მის გონებას. 6მცირე ხნით ან, თითქმის, არასოდეს ისვენებს; ამიტომაც ძილშიაც ისევე ფხიზლობს, როგორც დღისით და შეძრწუნებულია მოჩვენებებით ბრძოლის ველიდან გაქცეულის მსგავსად. 7უსაფრთხოების ჟამს გაიღვიძებს და გაოცდება, რომ საშიში არაფერია. 8ასე ემართება ყველა ხორციელს ადამიანიდან პირუტყვამდე, ცოდვილებს კი შვიდჯერ უფრო მეტად. 9სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი - 10ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა. 11ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა, და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდება. 12შეიმუსრება ყველა ქრთამი და უსამართლობა, რწმენა კი იდგომება სამარადჟამოდ. 13უსამართლოთა ქონება ხევივით ამოშრება და, მსგავსად ძლიერი ქუხილისა თავსხმაში დაიგრგვინებს. 14ვინც ხელგაშლილია, გაიხარებს, დამნაშავენი კი საბოლოოდ წარწყმდებიან. 15უღვთოთა შთამომავლობა რტოებს ვერ გაიმრავლებს და უწმიდური ფესვები სალ კლდეზე ექნებათ. 16წყლისა და მდინარის ნაპირთა ისლი ყველა ბალახზე უწინ აღმოიფხვრება. 17მადლი სამოთხესავით კურთხეულია და მოწყალება საუკუნოდ დარჩება. 18თავისი თავის მოიმედის და მშრომელის სიცოცხლე ტკბილია, მაგრამ განძის მპოვნელი ორივეს სჯობია. 19შვილები და ქალაქის გაშენება სახელს ამკვიდრებენ, მაგრამ უმწიკვლო ცოლი ორივეს სჯობია. 20ღვინო და მუსიკა ახარებს კაცის გულს, მაგრამ სიბრძნის სიყვარული ორივეს სჯობია. 21სალამური და ბარბითი ტკბილ ჰანგს გამოსცემენ, მაგრამ ტკბილი ენა ორივეს სჯობია. 22მადლი და სილამაზე თვალს იტაცებს, მაგრამ მწვანე ჯეჯილი ორივეს სჯობია. 23მეგობარი და ამხანაგი დროდადრო ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ცოლ-ქმრის ერთად ყოფნა ორივეს სჯობია. 24ძმები და შემწეობა - გასაჭირის ჯამს, მაგრამ მოწყალება იხსნის ორივეზე მეტად. 25ოქრო და ვერცხლი ფეხს მყარად ადგმევინებს, მაგრამ კეთილი რჩევა ორივეზე საიმედოა. 26ქონება და ძალა გულს ამაღლებენ, მაგრამ ორივეზე უფრო - შიში უფლისა; არ იქნება უფლის მოშიშის დამარცხება და არ სჭირდება მას მფარველის ძებნა. 27უფლის შიში კურთხევის სამოთხეა, ყოველგვარ დიდებაზე მეტად შემოსავს მას. 28შვილო, მათხოვრის ცხოვრებით ნუ იცხოვრებ, რადგან მათხოვრობას სიკვდილი სჯობია. 29სხვისი სუფრის შემყურე კაცის ცხოვრება რა ცხოვრებაა - იგი ბილწავს თავის სულს სხვისი საჭმელით; გონიერი და ზრდილი კაცი კი თავს დაიცავს ამისგან. 30ურცხვის პირში სათხოვარი თითქოსდა ტკბება, მაგრამ შიგნეულში კი ცეცხლად ინთება. |
წინა თავი | შემდეგი თავი |