მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 42

1აი, რის გამო ნუ შეგრცხვება და ნუ იმლიქვნელებ, რათა არ შესცოდო:

2ნუ შეგრცხვება უზენაესის რჯულისა და აღთქმის დაცვისა, და განაჩენისა ურჯულოსთვის მსჯავრის დასადებად.

3ამხანაგთან და თანამგზავრებთან საუბრისა და მეგობრებისთვის მემკვიდრეობის მიცემისა,

4სიზუსტისა წონასა და ზომაში, ბევრისა თუ ცოტას მოგებისა,

5გამორჩენისა ყიდვა-გაყიდვისას, შვილების მკაცრად აღზრდისა და ცუდი მსახურისთვის გვერდების დასისხლიანებისა.

6სადაც ცუდია ცოლი, იქ კარგია ბეჭედი; სადაც მრავალი ხელია, ჩაკეტე, რაც ჩასაკეტი გაქვს.

7თუ გასცემ, ანგარიშითა და ზომით გაეცი და ყოველი გაცემა და მიღება ჩაიწერე.

8ნუ გრცხვენია დამოძღვრა უგუნურისა, ბრიყვისა და მოხუცისა, რომელიც ახალგაზრდებს ეჯიბრება, და ნამდვილად აღზრდილი იქნები და ყველას მოეწონები.

9ფარული საზრუნავია ასული მამისთვის და მასზე დარდი ძილს უფრთხობს: ყმაწვილქალობაშია და, ვაითუ მოძულებულ იქნასო;

10ქალწულია და, ვაითუ წაიბილწოს და მამის სახლში დაორსულდესო; ქმართან არის და, ვაითუ უღალატოსო; გათხოვილია და, ვაითუ ბერწი აღმოჩნდესო.

11თავნება ქალიშვილს ბეჯითად უდარაჯე, რათა მტრების დასაცინად, ქალაქის საჭორაოდ, ხალხის საკიცხველად არ გაქციოს.

12ნუ უყურებ კაცის სილამაზეს და დედაკაცებში ნუ დაჯდები.

13რადგან როგორც ჩრჩილი გამოდის სამოსიდან, ასევე დედაკაცისგან - დიაცური მზაკვრობა.

14ავი კაცი სჯობს კეთილისმქმნელ დედაკაცს, რომელსაც სირცხვილი და უპატიობა მოაქვს.

15ახლა გავიხსენებ უფლის საქმეებს, და რაც მინახავს, იმას გავაცხადებ; უფლის სიტყვითაა მისი საქმენი.

16მანათობელი მზე ყველაფერს ხედავს და მისი საქმე აღსავსეა უფლის დიდებით.

17უფალმა არც თავის წმიდებს მისცა უფლება, გამოეცხადებინათ ყველა მისი სასწაული, რომლებიც ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამტკიცა, რათა ყოველივე მისი დიდებით დამყარებულიყო.

18მან გამოიკვლია უფსკრული და კაცთა გულები, და იხილა ხვეულები მათი, რადგან უზენაესმა იცის ყოველი საცოდნელი და საუკუნის ნიშანი აქვს განჭვრეტილი.

19ის გარდასულისა და მომავლის მაუწყებელია და დაფარულთა კვალის გამომცხადებელი.

20არცერთი ნაფიქრალი არ გამოეპარება და არცერთი სიტყვა არ არის დაფარული მისგან.

21მან განაწესრიგა თავისი სიბრძნის სიდიადენი და არსებობს უკუნითი უკუნისამდე; არცრა შეჰმატებია და არცრა დაჰკლებია და არცრა მრჩეველი მოუთხოვია.

22რაზომ სასურველია ყოველი მისი საქმე, და რა ბრწყინვალეა დასანახად!

23ყოველი მათგანი ცოცხლობს და საუკუნოდ რჩება ყოველგვარი საჭიროებისთვის, და ყველანი ემორჩილებიან.

24ყველაფერი წყვილად არის, ერთი მეორეს უპირისპირდება და ნაკლულევანი არაფერი შეუქმნია.

25ერთი ამტკიცებს მეორის სიკეთეს და ვის მოყირჭდება მისი დიდების ცქერა?


წინა თავი შემდეგი თავი