მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 44

1ახლა კი შევაქოთ სახელოვანი ვაჟკაცები და ჩვენი მამები თავ-თავიანთ თაობებში.

2მრავალი დიდება შეუქმნია მათი მეოხებით უფალს, უკუნითიდან არის მისი სიდიადე.

3ისინი იყვნენ განმგებელნი თავიანთ საბრძანებლებში და კაცნი, ძლიერებით სახელგანთქმულნი, თავიანთი სიბრძნით მიმცემნი რჩევისა და წინასწარმეტყველებებში გამომცხადებელნი.

4ხალხის წინამძღვარნი თათბირებში და მათ განსწავლაში, ბრძნული იყო მათი სიტყვები დასამოძღვრად.

5მათ შექმნეს მუსიკის ჰანგები და ჰიმნები წარმოთქვეს ჩასაწერად.

6კაცნი მდიდარნი, დაჯილდოებულნი ძალით, და მშვიდად მცხოვრებნი თავიანთ სახლებში.

7ყველანი პატივდადებულნი იყვნენ თავ-თავიანთ თაობებში და სიქადულნი იყვნენ თავიანთ დროში.

8ზოგიერთმა მათგანმა დატოვა სახელი სადიდებლად,

9ზოგიერთი მათგანის სახსენებელიც არ დარჩენილა, ისე გაქრნენ, თითქოს არც ყოფილიყვნენ, და ისე იქმნენ, თითქოს არც შობილიყვნენ, და მათ შემდგომად მათ შვილებსაც ასე მოუვიდათ.

10მაგრამ იყვნენ ისინი კაცნი მოწყალენი, რომელთა მართალი საქმეები არ დავიწყებულა.

11მათი თესლისგან დარჩა სასიკეთო მემკვიდრეობა - მათი ნაშიერნი.

12აღთქმებში იქნება მათი თესლი და მათი შვილები მათივე წყალობით.

13მათი თესლი უკუნისამდე იარსებებს და მათი დიდება არ წაიშლება.

14მათი გვამები მშვიდობაში დაიმარხნენ და მათი სახელი თაობებში ცოცხლობს.

15ხალხები მოგვითხრობენ მათ სიბრძნეზე და საკრებულოც მათ ქებას გვაუწყებს.

16ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა.

17ნოე სრული და მართალი აღმოჩნდა, რისხვის ჟამს შეწყალებულ იქნა; ამიტომაც მიწაზე ნატამალად დარჩა, როცა წარღვნა მოხდა.

18მიეცა საუკუნო აღთქმა, რომ არცერთი ხორციელი წარღვნით არ დაიღუპებოდა.

19აბრაამი იყო დიდი მამა ბევრი ხალხისა, და დიდებაში მისი მსგავსი არ იპოვებოდა.

20მან დაიცვა რჯული უზენაესისა და აღთქმით შეეკრა მას; აღთქმა თავის ხორცში გაამყარა და განსაცდელში მტკიცე აღმოჩნდა.

21ამიტომაც უფალმა ფიცით აღუთქვა, რომ მის თესლში იკურთხებოდნენ ხალხები, რომ ქვიშასავით გაამრავლებდა მიწაზე, მის თესლს ვარსკვლავებივით აღამაღლებდა და ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე მისცემდა სამკვიდროს.

22ისაკშიც ამგვარად დაადგინა მამამისის, აბრაამის გამო.

23ყოველი ადამიანის კურთხევა და აღთქმა იაკობის თავზე დაავანა, სცნო იგი თავისი კურთხევით და მისცა მას სამკვიდრებელი, განუსაზღვრა წილხვედრი და თორმეტ ტომში დაანაწილა.


წინა თავი შემდეგი თავი