მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 46

1ძლიერი იყო ბრძოლაში იესო, ნავეს ძე, და მოსეს მემკვიდრე წინასწარმეტყველებებში; თავისი სახელის შესაფერისად დიდი იყო ღვთის რჩეულთა გადარჩენისას, როცა შურს ძიობდა აღმდგარ მტერზე, რათა სამკვიდრო მიეცა ისრაელისთვის.

2როგორ განდიდდა, როცა აღმართა თავისი ხელი და ქალაქზე დააღირა მახვილი!

3მის უწინარეს ვინ მდგარა მასსავით მტკიცედ? რადგან ის უფლისათვის მართავდა ბრძოლებს.

4განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და ერთი დღე ორად იქცა?

5მან მოუწოდა უზენაეს მეუფეს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს; პასუხი გასცა მას დიდმა უფალმა მაგარ-მაგარი სიტყვის ლოდებით.

6დაათია ომი ამ ხალხს და ფერდობზე შემუსრა მოწინააღმდეგენი, რათა წარმართებს შეეცნოთ მისი აღჭურვილობა, რომ უფლის წინაშე იყო მისი ბრძოლა,

7თავად კი უკან მიჰყვებოდა მეუფეს. მოსეს დღეებში ჩაიდინეს სიქველე მან და ქალებმა, იეფუნეს ძემ; ისინი წინ; აღუდგნენ კრებულს - ცოდვას აარიდეს ხალხი და ბოროტი დრტვინვა მათი დააცხრეს.

8ეს ორნიღა გადარჩნენ ექვსასიათასი ქვეითისგან, რათა შეეყვანათ ხალხი სამკვიდრებელში, ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი.

9მისცა უფალმა ქალებს ძალა, რომელიც სიბერემდე შეინარჩუნა, რათა ასულიყო მთაზე და მის შთამომავლობას დაემკვიდრებინა იგი;

10რათა დაენახა ყველა ისრაელიანს, რა კარგია უფლის კვალზე სიარული.

11ასევე მსაჯულნიც, სახელდებით, რომელთაც არ წაიბილწეს გული და უფალს არ განუდგნენ (კურთხეულთა შორის იყოს ხსენება მათი!

12აყვავდეს მათი ძვლები, სადაც არიან და მათი სახელი სადიდებლად გადაეცეს შვილებს!);

13თავისი უფლის შეყვარებული სამეული, უფლის წინასწარმეტყველი, ვინც სამეფო დააარსა და თავის ხალხს მეფეები უკურთხა.

14იგი ხალხს უფლის რჯულით განიკითხავდა და მოხედა უფალმა იაკობს.

15ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო თავისი რწმენით და მის სიტყვებში სარწმუნო ხილვები შეიცნობოდა.

16მოუხმო მან ყოვლისშემძლე უფალს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს, და შესწირა მას ძუძუს ბატკანი.

17დაიქუხა ზეცით უფალმა და გრიალში ასმენინა თავისი ხმა.

18შემუსრა ტვიროსელთა წინამძღოლნი და ფილისტიმელთა ყველა მთავარი.

19საუკუნო მიძინების წინ აღიარა უფლისა და მისი მირონცხებულის წინაშე, არათუ ქონება, ფეხსაცმელიც კი არ ამიღიაო, ხორციელისგან, და არავის უთქვამს მისთვის საყვედური.

20მან იწინასწარმეტყველა თავისი მიძინების შემდგომაც და მეფეს აუწყა მისი აღსასრული. მიწიდან აიმაღლა ხმა და იწინასწარმეტყველა, რათა ურჯულოება ხალხისა წარხოცილიყო.


წინა თავი შემდეგი თავი