მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 49

1ხსენება იოშიასი შეზავებულ საკმეველად, რომელიც მემირონემ ოსტატურად შეამზადა, ბაგეებში დატკბება, როგორც თაფლი და როგორც ჰანგი ნადიმზე, ღვინის სმაში.

2მან წარმართა ხალხი მოსაქცევად და ურჯულოების ბიწიერებანი შემუსრა.

3მან წარმართა უფლისაკენ თავისი გული და ურჯულოების დღეებში ღვთისმოსაობა განამტკიცა.

4დავითის, ხიზკიას და იოშიას გარდა ყველამ შესცოდა ცოდვით, რადგან დათმო უზენაესის რჯული. გადაშენდნენ იუდას მეფეები,

5რადგან სხვებს მისცეს თავიანთი რქა და უცხო ტომებს თავიანთი დიდება.

6სიწმიდის რჩეული ქალაქი გადაიწვა და მოოხრდა მისი გზები,

7როგორც იწინასწარმეტყველა იერემიამ, როცა იგი შეურაცხყვეს, თუმცა საშოშივე იკურთხა წინასწარმეტყველად, რათა აღმოეფხვრა, ზიანი მიეტანა და შეემუსრა, კიდეც ეშენებინა და დაენერგა.

8ეზეკიელმა იხილა დიდების ხილვა, რომელიც უჩვენა ღმერთმა ქერუბიმის ეტლზე;

9შეახსენა მტრები ქარიშხალით და კეთილად მოექცა მათ, რომელთაც გამოასწორეს თავიანთი გზები.

10აყვავდეს თორმეტი წინასწარმეტყველის ძვლები, სადაც არიან, რადგან ანუგეშეს იაკობი და იხსნეს ისინი სარწმუნო იმედით.

11როგორ ვადიდოთ ზერუბაბელი? ის იყო როგორც ბეჭედი მარჯვენა ხელზე.

12ასევე იესოც, იოცედეკის ძე; მათ დააფუძნეს სახლი თავიანთ სიცოცხლეში და აღუმართეს უფალს წმინდა ტაძარი, გამზადებული საუკუნო დიდებისთვის.

13დიდი ხსენება ნეემიასი, ვინც დამხობილი ზღუდეები აღგვიმართა, დაგვიყენა ბჭენი და კლიტენი, და აღგვიდგინა დანგრეული სახლები.

14დედამიწაზე არავინ შექმნილა ენოქის მსგავსი, რადგან მიწიდან იქნა ატაცებული.

15არც იოსების მსგავსი კაცი დაბადებულა, ძმების წინამძღოლი, ხალხის სახსარი. პატივი მიაგეს მის ძვლებს.

16ადამიანთა შორის განდიდნენ სემი და სეთი, მაგრამ ყველა ცოცხალზე მეტი, ვინც კი შექმნილა, ადამია.


წინა თავი შემდეგი თავი