მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 50

1სიმეონი, ძე ონიასი, მღვდელმთავარი, ვინც სახლი სიცოცხლეშივე შეაკეთა და თავის სიცოცხლეში ტაძარი გაამაგრა.

2მის მიერ დაფუძნდა ორმაგი სიმაღლე - ტაძრის ზღუდის მაღალი ლიბო.

3მის სიცოცხლეში დაიკლო წყალსატევმა, ზღვასავით ტბის შემოწერილობამ.

4მზრუნველმა თავისი ხალხისთვის უბედურების ასაცილებლად გაამაგრა ქალაქი ალყისაგან თავდასაცავად.

5რა დიდებული იყო იგი ხალხით გარშემორტყმული, როცა კრეტსაბმელიდან გამოდიოდა!

6როგორც ღრუბლებში ცისკრის ვარსკვლავი და როგორც სავსე მთვარე!

7როგორც მზე, უზენაესის ტაძარზე მბრწყინავი და როგორც ცისარტყელა ღრუბელში გასხივოსნებული!

8როგორც ვარდის კოკორი გაზაფხულზე და როგორც შროშანი წყლის ნაპირებზე, როგორც ყლორტი საკმევლის ხისა ზაფხულის დღეს!

9როგორც ცეცხლი და საკმეველი საცეცხლურში, როგორც ჭურჭელი, ოქროსაგან გამოჭედილი და შემკული ყოველნაირი პატიოსანი ქვით!

10როგორც ზეთისხილის ხე, ნაყოფით დახუნძლული, და როგორც კვიპაროსი, ღრუბლებამდე აშოლტილი!

11როცა დიდების შესამოსელს გადაიცვამდა და შეიმოსებოდა სრულყოფილი სამკაულებით, წმიდა საკურთხეველზე ასვლისას დიდებას მოჰფენდა ირგვლივ საწმიდარს;

12როცა საკურთხევლის კერასთან მდგარი, მღვდლების ხელიდან წილობებს იღებდა, ირგვლივ ძმებით შემოგვირგვინებული, ის ჰგავდა ახალგაზრდა ლიბანის ნაძვს, და ისინიც გარს ერტყმოდნენ მას ფინიკის რტოებივით,

13და ყველა აარონიანი თავიანთ დიდებაში და საუფლო შესაწირავით ხელში ისრაელის მთელი საკრებულოს წინაშე.

14საკურთხეველზე მსახურების დასასრულს, უზენაესი ყოვლისმპყრობელისათვის ძღვენის გასარიგებლად,

15ხელს იწვდიდა სამსხვერპლო თასისკენ, ასხამდა მასში ყურძნის სისხლს და საკურთხევლის კვარცხლბეკზე ღვრიდა უზენაესის, ყოველთა მეუფის ამოდსაყნოსველად.

16მაშინ შესძახებდნენ აარონიანები, ჩაბერავდნენ გამოჭედილ საყვირებს და ხმას აიმაღლებდნენ გასახსენებლად უზენაესის წინაშე.

17მაშინ ასწრაფდებოდა ერთიანად მთელი ხალხი და პირქვე დაემხობოდა, რათა თაყვანი ეცა თავისი უფლისათვის, უზენაესი, ყოვლისმპყრობელი ღვთისათვის.

18და შეაქებდნენ მას მგალობლები თავიანთი ხმებით და ფართო ტაძარში ტკბილი საგალობელი გაისმებოდა.

19შეევედრებოდა ხალხი უზენაეს უფალს ლოცვით მისი მოწყალების წინაშე, ვიდრე აღსრულდებოდა უფლის ქება და ასე დასრულდებოდა მისი მსახურება.

20მერე ჩამოსვლისას გაიწვდიდა ხელს ისრაელიანთა მთელ საკრებულოზე, რათა უფლის კურთხევა მიეცა თავისი ბაგით და მისი სახელით.

21ხალხი პირქვე დაემხობოდა განმეორებით უზენაესისგან კურთხევის მისაღებად.

22აწ ადიდეთ ყოველთა ღმერთი, ყოველგან სიდიადეთა შემოქმედი, რომელიც საშოდანვე გვიგრძელებს ჩვენს დღეებს და თავისი წყალობისამებრ გვექცევა.

23მოგვცეს ჩვენ გულის სიხარული და მშვიდობა იყოს ჩვენს დროს ისრაელში საუკუნოდ.

24გაიღოს თავისი წყალობა ჩვენზე და დაგვიხსნას ჩვენ ჩვენს დღეებში.

25ორი ხალხი მოიძაგა ჩემმა სულმა და მესამე არც არის ხალხი.

26სეყირის მთაზე მცხოვრებნი, ფილისტიმელნი და ბრიყვი ხალხი - შექემის მკვიდრი.

27მოძღვრება ცოდნისა და შემეცნებისა აღწერა ამ წიგნში იესო იერუსალიმელმა, ძემ ზირაქისა, ელეაზარის ძისა, ვინც თავისი გულიდან სიბრძნე გადმოღვარა.

28ნეტარია ის, ვინც ამაებში გაიწაფება და, ვინც გულში ჩაიდებს მას, გაბრძენდება.

29თუ მათ აღასრულებს, ყოვლისშემძლებელი იქნება, რადგან უფლის ნათელია მისი გზა.


წინა თავი შემდეგი თავი