მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 6

1

2ნუ აღზევდები შენს ფიქრებში, ხარივით რომ არ დაიფლითოს შენი სული.

3შეჭამ შენს ფოთლებს და დაღუპავ ნაყოფს და დარჩები გამხმარ ხესავით.

4ბოროტი სული დაღუპავს თავის პატრონს და მტრების დასაცინად აქცევს.

5ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას.

6მშვიდობისმყოფელნი მრავლად გეყოლოს, რჩევის მომცემნი კი - ათასიდან ერთი.

7თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე, და მყისვე ნუ მიენდობი მას.

8რადგან ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს, გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.

9ზოგი მეგობარი მტრად გადაგექცევა და იბრძოლებს შენს დასამცირებლად.

10ზოგი მეგობარი პურს გატეხს შენთან, მაგრამ გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.

11შენს მოკეთეთა შორის შენსავით მოიქცევა და შენს სახლეულებთან გულწრფელად ისაუბრებს;

12მაგრამ თუ დაეცემი, გადაგიდგება და აღარ დაგენახვება.

13მტრებს მოერიდე და ფრთხილად იყავი მეგობრებთან.

14ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა, მისი მპოვნელი საგანძურის მპოვნელია.

15ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ განიზომება.

16ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი იპოვიან მას.

17უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, იმგვარივე იყოს მისი მახლობელი.

18შვილო, სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს, ვიდრე ჭაღარით შეიმოსებოდე.

19მხვნელ-მთესველივით მიეახლე მას და მის კეთილ ნაყოფს დაელოდე; რადგან მასზე ზრუნვაში მსუბუქად დაიღლები, მის ნაყოფს კი სწრაფად იგემებ.

20ის სასტიკი ჩანს უსწავლელთათვის და უგუნური მასთან ვერ დარჩება.

21დასძალავს მას მძიმე საჯილდაო ლოდივით და არ დააყოვნებს მის გადაგდებას.

22რადგან სიბრძნე თავისი სახელივით არის და მრავალთ როდი ეცხადება.

23მისმინე, შვილო, მიიღე ჩემი შეგონება და ნუ უგულებელყოფ ჩემს რჩევას.

24ფეხებზე მისი ბორკილები დაიდევი და ქედზე მისი ჯაჭვი.

25ბეჭები მიუშვირე და იტვირთე იგი, ნუ მოგბეზრდება მისი ბორკილები.

26მთელი შენი სულით მიეახლე მას და მთელი შენი ძალით დაიცავი მისი გზები.

27გამოიკვლიე და ეძებე, და შეიცნობ მას; და როცა მისი მფლობელი შეიქნები, ნუღა მიატოვებ.

28რადგან საბოლოოდ მასში ჰპოვებ შვებას და სიხარულად მოგიბრუნდება.

29მისი ბორკილები შენთვის ძლიერი საფარველი იქნება, ხოლო ჯაჭვი მისი - შესამოსელი დიდებისა.

30რადგან უღელი მისი ოქროსია, ხოლო ბორკილები მისი - იაკინთისაგან დაწნული.

31როგორც დიდების სამოსით, ისე შეიმოსები მისით, და სიხარულის გვირგვინს დაიდგამ.

32თუ ისურვებ მას, შვილო, განისწავლები; თუ სულით მიენდობი, დახელოვნდები.

33თუ სიყვარულით მოუსმენ, შეითვისებ, და თუ ყურს მიუპყრობ, ბრძენი გახდები.

34მოხუცთა საკრებულოში დადექ. ვინ არის ბრძენი? მას მიეახლე.

35ყველა საღმრთო ამბის მოსმენა ისურვე და ბრძნული იგავები არ გამოგეპაროს.

36თუ სწავლულს იხილავ, დილაადრიანად ეწვიე; გაცვითოს შენმა ფეხებმა მისი კარის ზღურბლი.

37ჩაუფიქრდი უფლის ბრძანებებს და დღენიადაგ სწავლობდე მის მცნებებს. ის განამტკიცებს შენს გულს და სიბრძნის წყურვილი მოგეცემა.


წინა თავი შემდეგი თავი