მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 7

1ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი.

2განუდექი უსამართლოს და ისიც მიიქცევა შენგან.

3შვილო, ნუ თესავ უსამართლობის კვლებში და არ მოიმკი მას შვიდწილად.

4ნუ ითხოვ უფლისაგან ხელმწიფებას და ნურც მეფისაგან საპატიო ადგილს.

5თავს ნუ იმართლებ უფლის წინაშე და წინაშე მეფისა ნუ ბრძენობ.

6ნუ ცდილობ, მსაჯული გახდე, ვინძლო არ გამოჩნდეს შენი უძლურება უსამართლობის მოსპობაში, რომ მიკერძოება არ გამოიჩინო ძლიერის მიმართ და შენს სიწრფელეს ჩრდილი არ დაადგეს.

7ნუ სცოდავ მოქალაქეთა წინაშე და ბრბოში თავს ნუ დაიმცირებ.

8ორჯერ ნუ ჩაიდენ ცოდვას, რადგან ერთის გამოც ვერ გადარჩები დაუსჯელი.

9ნუ იტყვი, მოხედავს იგი ჩემი ძღვენის სიმრავლეს და, როცა მაღალ ღმერთს მივართმევ, შეიწირავსო.

10სულმოკლე ნუ იქნები შენი ვედრებისას და მოწყალების გაცემას ნუ უგულებელყოფ.

11ნუ დასცინი კაცს, სულგამწარებულს, რადგან არსებობს ის - დამამდაბლებელი და აღმაზევებელი.

12ნუ თესავ ტყუილს შენს ძმაზე და ნურც მეგობარს მოექცევი ასე.

13ნურასოდეს შეთხზავ სიცრუეს, რადგან მისი გახშირება სიკეთეს არ მოგიტანს.

14ნუ მრავალსიტყვაობ მოხუცთა საკრებულოში და ნუ გაიმეორებ სიტყვას ვედრების დროს.

15ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწისმუშაკობას, რომელიც უზენაესისგან არის დაწესებული.

16თავს ნუ ჩაირიცხავ ცოდვილთა კრებულში; გახსოვდეს, რისხვა არ დააყოვნებს.

17ძლიერად მოთრგუნე შენი სული, რადგან ცეცხლი და მატლია ურჯულოთა სასჯელი.

18ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას - ოფირის ოქროზე.

19ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი ოქროზე მეტია.

20ბოროტს ნუ უყოფ მსახურს, ბეჯითად მშრომელს, ნურც მოჯამაგირეს, შენთვის თავდადებულს.

21გონიერი მსახური შეიყვაროს შენმა სულმა და ნუ დაუჭერ მას თავისუფლებას.

22გყავს საქონელი? მიხედე მას; თუ გჭირდება, შენთვის დაიტოვე.

23გყავს შვილები? ასწავლე მათ და ყრმობიდანვე მოახრევინე ქედი.

24გყავს ასულნი? იზრუნე მათ სხეულზე და მათ წინაშე პირმხიარული ნუ იქნები.

25ასული გაათხოვე და დიდ საქმეს აღასრულებ; გონიერ კაცს მიეცი იგი.

26გყავს ცოლი სასურველი? ნუ გაუშვებ მას და საძულველს ნუ მიენდობი.

27მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დაივიწყებ დედაშენის ტკივილებს.

28გახსოვდეს, რომ მათგან დაიბადე; რას მისცემ მათ ამის სანაცვლოდ?

29მთელი სულით გწამდეს უფალი და პატივი მიაგე მის მღვდლებს.

30მთელი ძალით შეიყვარე შემქმნელი შენი და მის მსახურებს ნუ მიატოვებ.

31გეშინოდეს უფლისა და პატივი მიაგე მღვდელს, მიეცი მათ თავისი წილი, როგორც გებრძანა: ნათავარნი, ცოდვის გამოსასყიდი, ბეჭთა ძღვენი, განწმედის შესაწირავი და წმიდათა ნათავარი.

32გლახაკს გაუწოდე ხელი, რათა აღსრულდეს შენი კურთხევა.

33მისაცემლის მადლი მიაგე ყოველ ცოცხალს, მაგრამ წყალობას მკვდარსაც ნუ მოაკლებ.

34ნუ დააკლდები მტირალთ და მგლოვიარეებთან ერთად იგლოვე.

35ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისთვის.

36ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას.


წინა თავი შემდეგი თავი