მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 9

1ნუ ეჭვიანობ შენს თანამეცხედრეზე და ნუ მოძღვრავ შენსავე საზიანოდ ბოროტი მაგალითით.

2ნუ მისცემ ცოლს შენს სულს, რათა წინ არ აღუდგეს შენს უფლებას.

3ნუ გახვალ მეძავი ქალის შესახვედრად, რათა მის მახეში არ გაება.

4მომღერალთან დიდხანს ნუ შერჩები, რათა მისმა ხელოვნებამ არ დაგატყვევოს.

5ქალწულს ნუ უთვალთვალებ, რათა არ შეგაცდინოს მისმა სილამაზემ.

6ნუ მისცემ მეძავებს შენს სულს, რათა არ დაღუპო შენი მემკვიდრეობა.

7თვალებს ნუ აცეცებ ქალაქის ქუჩებში და მის უკაცრიელ უბნებში ნუ დახეტიალობ.

8თვალი მოარიდე ტურფა ქალს და სხვის სილამაზეს ნუ უთვალთვალებ. ქალის სილამაზით მრავალნი შეცდენილან, ცეცხლივით ინთება მისგან სიყვარული.

9ქმრიან ქალთან არასგზით არ დაჯდე, ნუ მოჰყვები მასთან ღვინის სმას, რათა მისკენ არ მიიქცეს შენი სული და არ დაიღუპო თავი.

10ნუ მიატოვებ ძველ მეგობარს, რადგან ახალი მას ვერ შეედრება. ახალი მეგობარი ახალი ღვინოა; როცა დაძველდება, სიხარულით შესვამ.

11ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგან არ იცი, როგორი იქნება მისი ბოლო.

12ნუ მოიწონებ უწმინდურთა მოსაწონს; გახსოვდეს, ჯოჯოხეთამდე არ გამართლდებიან ისინი.

13შორს დაიჭირე თავი კაცისაგან, ვისაც მოკვლის უფლება აქვს, რომ არ გაგიჩნდეს სიკვდილის შიში; თუ დაუახლოვდები, არ შეცდე, რათა არ წაგართვას სიცოცხლე. იცოდე, საფრთხის შუაგულში დააბიჯებ და ქალაქის ქონგურებიანი კედლის მიღმა დადიხარ.

14შენი უნარისამებრ გამოიცანი შენი მახლობელნი და რჩევა ბრძენთაგან გამოიკითხე.

15გონიერ ხალხთან ისაუბრე და უზენაესის რჯულში იყოს ყოველი შენი ნალაპარაკევი.

16სამართლიანი ხალხი თანამეინახად გყავდეს და ღვთის შიშში იყოს შენი განდიდება.

17ნაკეთობა ხელოვანთა ოსტატობით შეიქება, ხალხის წინამძღოლის სიბრძნე კი - სიტყვით.

18ქალაქისათვის საშიშია ენაჭარტალა კაცი; შეიძულებს იგი სიტყვაში თავდაუჭერელს.


წინა თავი შემდეგი თავი