მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 15

1და ეტყოდა ღმერთი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცსა უკუეთუ შეხუდეს დინებაჲ თესლისაჲ ჴორცთაგან მისთა, დინებაჲ იგი მისი არაწმიდა არს.

3და ესე შჯული არს არაწმიდებისა მისისაჲ, რომელსა სდიოდის შობადი ჴორცთაგან მისთა დინებისა მისგან, რომლითა შეიქმნა ჴორცი მისი გამოდინებითა მით, ესე არს არაწმიდებაჲ მისი მის თანა. ყოველნი დღენი დინებისა ჴორცთა მისთანი, რომლითა შეიქმნა გუამი მისი დინებისა მისგან, არაწმიდებისა მისისა.

4ყოველი საწოლი, რომელსა დაწვეს მას ზედა თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს.

5და კაცი რომელი შევხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე

6და რომელი დაჯდეს ჭურჭელსა ზედა, რომელსა ზედა ჯდა თესლგამომდინარე იგი, განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

7და რომელი შეეხოს სხეულსა მის თესლმდინარისსა, განირცხეს სამოსელი თჳსი, და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

8უკუეთუ ჰნერწყოს თესლმდინარემან მან წმიდასა ვისმე, განირცხენ სამოსელი მისი და იბანოდ წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

9და ყოველსავე უნაგირსა კარაულისასა, რომელსა ზედა დაჯდეს თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს.

10და ყოველსა, რომელსა შეეხოს ყოვლისაგანსა, რომელი იყოს ქუეშე მისსა, არაწმიდა იყოს. და რამელმან აღიღოს იგი, განირცხეს სამოსელი მისი, და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

11და რაოდენსა შეეხოს თესლმდინარე იგი და ჴელნი არა დაიბანნენ წყლითა, განირცხენ სამოსელი მისი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

12და ჭურჭელსა კეცისასა, რომელსა შეეხოს თესლმდინარე იგი, შეიმუსრენ და ჭურჭელი ძელისაჲ გაირცხეს წყლითა და წმიდა იყოს.

13უკუეთუ განწმიდეს თესლმდინარე იგი გინებისაგან მისისა და აღირაცხნეს შჳდნი დღენი განწმედისა მისისანი, და განირცხეს სამოსელი მისი, და დაიბანოს გუამი მისი წყლითა ცხოველითა და წმიდა იყოს.

14და დღესა მერვესა მოიხუნეს თავისა თჳსისა ორნი გურიტნი, ანუ თუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი წინაშე ღმრთისა კართა ზედა კარვისა საწამებელისათა.

15და მისცეს იგი მღდელსა მას და შეწიროს იგი მღდელმან მან ერთი - ცოდვისათჳს და ერთი იგი - მრგულიად დასაწველად. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს თესლისა მისისა.

16და კაცისაგან რომლისაჲ გამოჴდეს მისგან საწოი თესლისაჲ და არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

17და ყოველივე სამოსელი და ყოველივე ტყავი, რომელსა ზედა იყოს საწოლი იგი თესლისაჲ, განირცხეს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

18და ცოლისა თანა უკუეთუ დაწვეს ქმარი მისი საწოლითა თესლისაჲთა, განიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

19და დედაკაცი რომელი იყოს წიდოვანებასა შინა მისსა და წიდოვნებაჲ იგი იყოს მის თანა, შჳდ დღე იყოს ჯდომასა მას მისსა ზედა.

20ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

21და ყოველსა რომელსა ზედა დაწვეს განსლვასა მას მისსა, არაწმიდა იყოს.

22და ყოველი რომელი შეეხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს.

23და ყოველი რომელი შეეხოს ყოველსა ჭურჭელსა, სადა-იგი დაჯდა, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი წყლითა. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

24უკუეთუ დაწვეს იგი რასმე ზედა, რომელსა ზედა დაჯდა იგი შეხებასა მას მისსა, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე. უკეთუ დაწოლით ვინმე დაწვეს მის თანა და არაწმიდებაჲ იგი იყოს მის თანა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. და ყოველი საწოლი, რომელსა ზედა დაწვეს, არაწმდა არს.

25გინათუ დედაკაცი, რომელსა სდიოდის დინებაჲ სისხლისაჲ დღეთა მრავალთა და ჟამსა განსლვისა მისისასა, დაღათუ სდიოდის შემდგომად დაჯდომისა მისისა ყოველნი დღენი დინებისა არაწმიდებისა მისისანი, ვითარცა დღენი დაჯდომისა არაწმიდებისა მისისანი, იყუნენ არაწმიდაჲ.

26და ყოველსა საწოლსა რომელსა დაწვეს მას ზედა ყოველთა დღეთა დინებისა მისისათა დღეთა მათებრვე საწოლისა არაწმიდებისა მისისა, შეერაცხნენ მას და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს არაწმიდა იყოს მსგავსად არაწმიდებისა მისებრვე დაჯდომისა.

27ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს და განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

28უკუეთუ განწიდნეს გინებისაგან მისისა, და აღირაცხნენ შჳდნი იგი დღენი მისნი და ამისა შემდგომად განწმიდნეს.

29და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი მღდელსა მას კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

30და შეწიროს მღდელმან მან ერთი იგი - ცოდვისათჳს და ერთი იგი - მრგულიად დასაწველად და ლხინება-ყოს მისთჳს წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს არაწმიდებისა მისისა.

31და მოშიშ ქმნენით ძენი ისრაჱლისანი არაწმიდებათაგან მათთა და არა მოწყდენ არაწმიდებათა მათგან შეგინებითა მით მათითა კარავი იგი ჩემი, რომელ არს მათ შორის.

32ესე არს შჯული თესლმდინარისაჲ მის და უკუეთუ ვისიმე გამოჴდეს საწოლი თესლისაჲ და შეიგინოს მით.

33და დედაკაცსა, რომლისა თანა იყოს წიდოვანებაჲ, და თესლმდინარესა დინებითა მისითა მამაკაცსა.

34გინა თუ დედაკაცსა და ქმარი, რომელი დაწვეს არაწმიდათა თანა.


წინა თავი შემდეგი თავი