მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 38

1და იყო მის ჟამსა, ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათა თჳსთაგან და მოვიდა ვიდრე კაცისა ვისამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა ირას.

2და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავანა, და მოიყუანა იგი და შეირთო.

3და მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ჱერ.

4და მერმე მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ავნან.

5და შესძინა მერმე და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა იგინი.

6და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ.

7და იყო პირმშო იგი ჰერ, ძე იუდასი, უკეთურ წინაშე უფლისა და მოკლა იგი უფალმან.

8და ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ცოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა.

9გულისჴმა-ყო ავნან, ვითარმედ არა მისსა იყოს თესლი იგი. და იყო, ვითარცა შევიდა ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა, რათა არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა.

10ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმე, ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა ესეცა უფალმან.

11ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდის განმწჳსნეს სელომ, ძე ჩემი, რამეთუ, თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.

12აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავანა, ცოლი იუდასი, და ნუგეშინის-იცა გლოისაგან იუდა და მივიდა მრისველთა ცხოვართა მისთასა და ირა, მწყემსი იგი ოდოლამელი, თამნად.

13და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: ესერა, მამამთილი შენი აღვალს თამნად რისვად ცხოვართა თჳსთა ღა ირას, მწყემსი მისი.

14განიძარცუა თამარ სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა, რომელ არს თანაწარსავალსა თამნასასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად.

15და ვითარ იხილა იგი იუდა, აგონა, ვითარმედ მეძავი ნუ იყოს, რამეთუ დაიფარა პირი და ვერ იცნა იგი.

16და მიაქცია მისა გზისა მისგან და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა. რამეთუ ვერ იცნა იგი, ვითარმედ ძის ცოლი მისსა არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა.

17და იუდა ჰრქუა მას: მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა.

18და იუდა ჰრქუა: რაჲ წინდი მიგცე შენ? ხოლო მან ჰრქუა: ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი ეგე, რომელ გაქუს ჴელსა შენსა. და მან მისცა იგი და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან.

19და იგი აღდგა და მოიძარცვა თერისტრა თავისაგან თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იგი ქურიობისა მისისა.

20ხოლო იუდა მიუძღუანა თიკანი თხათაჲ ჴელითა მწყემსისა მის ოდოლამელისათა, რათა მიიღოს წინდი იგი დედაკაცისა მისგან. ხოლო მან არა პოვა იგი

21და ჰკითხა კაცითა მის ადგილისათა: ვითარმედ სადა არს მეძავი იგი, რომელი იყო ენანს გზასა ზედა?

22და მათ ჰრქუეს: არა არს მეძავი აქა. და მიიქცა მწყემსი იგი იუდასა ღა ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს: არა არს აქა მეძავი.

23და თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ, მე, მიუძღუანე თიკანი ესე, ხოლო შენ არა ჰპოვე იგი.

24და შემდგომად სამისა თთჳსა უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ ისიძა თამარ, სძალმან შენმან, და მიდგომილ არს იგი სიძვით. თქუა იუდა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა.

25და ვითარცა გამოჰყვანდა, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი, მისგან მიდგომილ ვარ; და თქუა: იცან, ვისი არს ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.

26ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა. და არღარა შესძინა მერმე ცნობად მისა.

27და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა. და შობასა მისსა ერთმან მან პირველ გამოყო ჴელი მისი. მოიღო ამქუმელმან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა.

28და თქუა: ესე გამოვიდეს პირველად.

29და ვითარცა შეყო ჴელი მისი, მეყსეულად გამოვიდა ძმაჲ მისი და აღმქუმელმან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღობე? და უწოდა სახელი მისი ფარეზ.

30და მისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი, რომლისსა იყო ჴელსა მისსა ზედა მეწამული და უწოდა სახელი მისი ზარა.


წინა თავი შემდეგი თავი