მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 43

1ხოლო სიყმილი განძლიერდებოდა ქუეყანასა.

2და იყო, რაჟამს შეასრულეს იფქლი იგი შეჭმად, რომელ მიეღო ეგჳპტით, ჰრქუა მათ მამამან მათმან: კუალად წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი.

3ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი, უფალი ქუეყანისა მის, და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი იყოს თქუენ თანა.

4უკუეთუ მოავლინო შენ ძმაჲ ჩუენი ჩუენ თანა, შთავიდეთ და გიყიდოთ შენ საზრდელი.

5უკუეთუ არა მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, არა შთავიდეთ, რამეთუ კაცი იგი გვეტყოდა ჩუენ და გურქუა: არა იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწმესი იყოს თქუენ თანა.

6და ჰრქუა მათ ისრაჱლ: რაჲ ესე ბოროტი მიყავთ მე? რაჲსათჳს უთხართ, კაცსა მას, რამეთუ გივის თქუენ ძმაჲ.

7ხოლო მათ ჰრქუეს: კითხჳთ მკითხვიდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა: უკეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ-ღა არს, ანუ თუ გივის ძმაჲ? და ჩუენ უთხართ მას კითხჳსა მისისაებრ. ჩუენ რაჲ უწყოდეთ, თუ მრქუას ჩუენ: ვითარმედ მოიყუანეთ ძმაჲ თქუენი?

8ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რათა ვსცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ ჩუენ-ცა და შენ-ცა და ვანი-ცა შენი.

9მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთა ჩემთაგან იძიე, უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა.

10და უკეთუმცა არა დავყოვნეთ, აწმცა მოქცეულ ვართ ორგზის.

11და ჰრქუა მას ისრაჱლ: ვინათგან ეგრე არს, ესე ყავთ: მიიღეთ ნაყოფისაგან ამის ქუეყანისა ჭურჭელთა შინა თქუენთა და შთაართუთ ძღუენი კაცსა მის ღმრთისასა: რეტინე და თაფლი და საკუმეველი და შტახსი და ბელეკონი და ნიგოზი.

12და ვეცხლი ორი წილი მიიღეთ ჴელთა თქუენთა, ვეცხლი იგი, რომელ მოიგო ჭურჭელთა თქუენთა თანა, მიიღეთ თქუენ თანავე, ნუუკუ უმეცრება რაჲმე არს.

13და ძმაჲ თქუენი წარიყუანეთ, და აღდეგით და წარვედით მის კაცისა.

14ხოლო ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა, მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთ-ვე უშვილო ვიქმენ.

15მიიღეს კაცთა მათ ძღუენი იგი და ვეცხლი ორი წილი მიიღეს ჴელთა მათთა და ბენიამენ, და აღდგეს და შთავიდეს ეგჳპტედ და წარდგეს წინაშე იოსებისა.

16ვითარცა იხილნა იგინი იოსებ და ბენიამენ, ძმაჲ იგი თჳსი ერთისა დედისაჲ, ჰრქუა ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: შეიყუანენ კაცნი ეგე სახიდ და დაკალ საკლველები და მზა-ყავ, რამეთუ ჩემ თანა ჭამონ პური კაცთა მაგათ სამხრის.

17ყო ეგრე კაცმან მან, ვითარცა უბრძანა მას იოსებ და შეიყუანნა იგინი ვანად იოსებისა.

18ვითარცა იხილეს, რამეთუ შეიყუანეს კაცნი იგი სახიდ იოსებისა და თქუეს ვეცხლისა მისთჳს, რაჟამს იპოვა ჭურჭელთა ჩუენთა პირველად, მისთჳს შევჰყავთ ჩუენ შეწამებად დაცვისა და დადებად ბრალისა და მიყუანებად ჩუენდა მონად და კარაულთა ჩუენთა.

19მოუჴდეს კაცსა მას, რომელ-იგი იყო სახლსა ზედა იოსებისსა.

20ბჭეთა სახლისათა და ჰრქუეს: გევედრებით, უფალო, მოვედით პირველად სყიდად საზრდელისა.

21და იყო, ვითარცა მივედით სადგურსა და აღვაღეთ ძაძათა ჩუენთა, კაცად-კაცადისა ვეცხლი იპოვა ძაძათა ჩუენთა ვეცხლი ჩუენი, სასწორით მოგვიღებიეს ჴელთა ჩუენთა აწ.

22და ვეცხლი სხუაჲ მოგჳღებიეს სყიდად საზრდელისა და არა ვიცით, ვინ შთადვა იგი ძაძათა ჩუენთა.

23ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა. ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა თქუენთამან გცა საფასე ჭურჭელთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს და გამოგუარა მათ სჳმეონ და შეიყუანნა იგინი შინაგან.

24და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და სცა საზრდელი ვირთა მათთა.

25ხოლო მათ მზა-ყუეს ძღუენი მოსლვადმდე იოსებისა სამხრად, რამეთუ ესმა ვითარმედ, მუნ სადილობად არს.

26შევიდა იოსებ სახიდ თჳსა და შეართუეს მის ძღუენი, რომელ აქუნდა ჴელთა მათთა და თაყუანი-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა.

27ჰკითხა მათ იოსებ და ჰრქუა: ვითარ-რაჲ ცოცხლებით იყუენით? და მერმე ჰრქუა მათ: ცოცხლებით არს-ა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, რომლისა სთქუთ: ცოცხალ-ღა არს?

28ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ შენი, მამაჲ ჩუენი, ცოცხალ-ღა არს. და თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ და იგინი მოდრკეს და თაყუანის-სცეს.

29აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამენ, ძმაჲ თჳსი, ერთისა დედისაჲ და ჰრქუა: ესე არსა ძმაჲ თქუენი მრწემი, რომლისა სთქუთ ჩემდა მოყვანებაჲ? და ჰრქუა: ღმერთმან შეგიწყალენ შენ, შვილო.

30შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ, შეიწვებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულებოდა ტირილად, შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ.

31და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი და უბრძანა დაგება პურისა.

32და დაუგეს მას მარტოსა და მათ თჳსა და მეგჳპტელთა მათ, რომელნი პურს ერთნეს, თჳსა რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების მეგჳპტელთა პურისა ჭამად ებრაელთა თანა. რამეთუ საძაგელებაჲ არს მეგჳპტელთაჲ ყოველი მწყემსი ცხოვართა.

33და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემესი უმრწემესად, განუკჳრდებოდა კაცთა მათ კაცად-კაცადისა ძმისა მიმართ თჳსისა.

34რამეთუ მიიღებდეს იგინი ბოძსა კაცად-კაცადი, მიიხუენ თავისა თჳსისა, ხოლო დიდად განდიდნებოდა ბოძი ბენიამენისი უფროჲს მათსა ხუთ წილ, ვიდრე მათი, სუეს ღჳნოჲ და დაითვრნეს მის თანა.


წინა თავი შემდეგი თავი