მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - ათი მცნების განმარტება

ათი მცნების განმარტება
წმიდა ნიკოლოზ სერბი

მეათე მცნება

არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კარაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რაჲ არს მოყუსისა შენისა
(გამოსვლ. 20:17).


ეს ნიშნავს შემდეგს:

როგორც კი სხვისი კუთვნილი მოისურვე, მაშინვე შესცოდე. ახლა საკითხი მხოლოდ ასე დგას: გონს მოხვალ და გამოფხიზლდები თუ განაგრძობ თავქვე დაშვებას, საითკენაც სხვისი კუთვნილის დაუფლების სურვილი გექაჩება?!

სურვილი ცოდვის თესლია, ხოლო ცოდვილი ქმედება უკვე ამ თესლიდან აღმოცენებული ნაყოფია.

ყურადღება მიაქციე მეათე მცნებასა და ყველა დანარჩენ ცხრა მცნებას შორის განსხვავებას. წინა ცხრავე მცნებით ღმერთი ცოდვილი ქმედებებისაგან თავის არიდებას გასწავლის ანუ ცოდვის თესლიდან ნაყოფის აღმოცენების საშუალებას არ გაძლევს, მეათე მცნებაში კი უფალი ყურადღებას ცოდვის ფესვზე ამახვილებს და გულისთქმებით ანუ ფიქრებით შეცოდებასაც გიკრძალავს.

მეათე მცნება წარმოადგენს ხიდს ღვთის მიერ მოსეს მეშვეობით მოცემულ ძველ აღთქმასა და იესო ქრისტეს მეშვეობით მოცემულ ახალ აღთქმასშორის. ახალი აღთქმის კითხვისას დაინახავ, რომ უფალი იმას კი არ კრძალავს, რომ ადამიანებმა არ მოკლან, არ იმრუშონ, არ მოიპარონ ან არ მოიტყუონ სხეულით, ხელით, ენით, არამედ ის ადამიანის სულის სიღრმეებს განიხილავს და გვიბრძანებს, რომ არცერთი ეს ცოდვა გონებაშიც არ გავივლოთ, რათა ფიქრითაც კი არ შევცოდოთ მკვლელობით, მრუშობით, ქურდობით და არ ვიცრუოთ თუნდაც მდუმარებით.

მაშასადამე, მეათე მცნებას მივყავართ ქრისტეს რჯულისაკენ, რომელიც, მოსეს რჯულთან შედარებით, უფრო ზნეობრივი, უფრო ამაღლებული და უფრო მნიშვნელოვანია.

ნუ მოინდომებ ნურაფერს, რაც მოყვასს ეკუთვნის, რადგან როგორც კი სხვისას მოისურვებ, უკვე ბოროტების თესლს ჩათესავ შენს გულში, ეს თესლი გაიზრდება... გაიზრდება... შემდეგ მოღონიერდება, განიტოტება და ცოდვას შენს ხელებამდე, ფეხებამდე, თვალებამდე, ენამდე და მთელ შენს სხეულამდე დაიყვანს. სხეული, ძმებო, სულს ემორჩილება, მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებს, რასაც სული მოისურვებს, სხეული იმას ასრულებს, ხოლო რაც სულს არ სურს, მას არც სხეული აღასრულებს.

რომელი მცენარე იზრდება, ძმებო, ყველაზე სწრაფად? ვფიქრობ, გვიმრა! მაგრამ ადამიანის გულში ჩათესილი სურვილი მასზე უფრო სწრაფად იზრდება. დღეს ოდნავ მოიმატებს, ხვალ ორჯერ მეტად გაიზრდება, ზეგ – ოთხჯერ, მასზეგ – თექვსმეტჯერ და ასე შემდეგ.

თუ შენ დღეს მეზობლის სახლი შეგშურდება, ხვალ გეგმებს დააწყობ, როგორ მიითვისო იგი, ზეგ მოითხოვ, რომ თავად გადმოგცეს და მასზეგ წაართმევ ან ცეცხლს წაუკიდებ მის სახლს.

თუ შენ დღეს სურვილით შეხედავ სხვის ცოლს, ხვალ იმის შესახებ დაიწყებ ფიქრს როგორ წაართვა იგი, ზეგ უკანონო ურთიერთობაში შეხვალ მის ცოლთან, მასზეგ კი მასთან ერთად განიზრახავ მეზობლის მოკვლას, რათა მის ცოლთან იყო.

თუ შენ დღეს მეზობლის ხარს მოისურვებ, ხვალ უფრო მეტად გაგიჩნდება მისი დაუფლების სურვილი, ზეგ – ოთხჯერ უფრო ძლიერად, მასზეგ კი ხარს მოპარავ. და თუ მეზობელი ბრალს დაგდებს ხარის ქურდობაში, სასამართლოში დაიფიცებ, რომ ხარი შენი იყო.

აი, ამგვარად გარდაისახება ცოდვილი აზრები ცოდვილ საქმეებად. და კიდევ, დაუკვირდი იმასაც, რომ თუ ვინმე მეათე მცნებას არღვევს, ის დანარჩენ ცხრა მცნებასაც დაარღვევს ერთიმეორის მიყოლებით.

გაითვალისწინე ჩემი რჩევა: შეეცადე მეათე მცნება დაიცვა და შენთვის ადვილი იქნება სხვა დანარჩენი მცნების აღსრულებაც. მერწმუნე, რომ ის, ვისი გულიც ბრიყვული სურვილებითაა აღსავსე, სულიერადაც იმდენად ბნელდება, რომ კარგავს უფლის რწმენას, კარგავს სურვილს იშრომოს განსაზღვრულ დროს, დაიცვას კვირა დღე და პატივი სცეს თავის მშობლებს. სიმართლე რომ ითქვას, ყველა მცნებას ესადაგება ეს გამონათქვამი: თუ დაარღვევ ერთს – დაარღვევ ათივეს.

არის იგავი ცოდვილი აზრების შესახებ.

ერთმა მართალმა ადმიანმა, სახელად ლავროსმა, თავისი სოფელი დატოვა და მთაში წავიდა. მან ყველა სურვილი გულიდან მოიწყვიტა, გარდა ერთისა – მიეძღვნა საკუთრი თავი ღვთისთვის და დაემკვიდრებინა ცათა სასუფეველი. რამდენიმე წელი მან მარხვასა და ლოცვაში გაატარა და მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდა. როდესაც იგი ისევ დაბრუნდა სოფელში, ყველა თანასოფლელი გაკვირვებული დარჩა მისი სიწმინდით და პატივს სცემდნენ, როგორც ღვთისნიერ ადამიანს. ამ სოფელში ცხოვრობდა ასევე ვინმე თადეოზი, რომელსაც შური აღეძრა ლავროსის მიმართ და თანასოფლელებს უთხრა, რომ მასაც შეეძლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც იყო ლავროსი. თადეოზი მთაში განმარტოვდა და მარხვით შეუდგა სხეულის მოუძლურებას, თუმცაღა ერთ თვეში უკანვე, სოფელში, დაბრუნდა. როდესაც თანასოფლელებმა ჰკიხთეს თუ რით იყო დაკავებული ამდენი ხანი, თადეოზმა მიუგო:

– მე ვკლავდი, ვიპარავდი, ვიტყუებოდი, ცილს ვწამებდი ადამიანებს, თავს განვიდიდებდი, ვმრუშობდი, სახლებს ვწვავდი...

– როგორ ახერხებდი ამას, როდესაც იქ მარტო იყავი?!

– დიახ, სხეულით მარტო ვიყავი, მაგრამ სულითა და გულით ყოველთვის ადამიანებს შორის ვიმყოფებოდი და რასაც ვერ ვაკეთებდი ხელით, ფეხით, ენითა თუ სხეულით, ამ ყველაფერს აზრებით აღვასრულებდი გონებაში.

აი, ასე, ძმებო, ადამიანი სცოდავს სიმარტოვეშიც კი. იმის მიუხედავად, რომ უგნურს შეუძლია დატოვოს ადამიანთა საზოგადოება, თავად მას არ დატოვებენ ცოდვილი სურვილები, საკუთარი ბინძური სული და უწმინდური აზრები.

ამიტომ, ძმებო, ვევედროთ ღმერთს დაგვეხმაროს, რომ აღვასრულოთ მისი ბოლო მცნება, რათა ამგვარად მოვემზადოთ, ვისმინოთ, გავიაზროთ და მივიღოთ უფალ იესო ქრისტეს, ძე ღვთისას, ახალი აღთქმა.

„უფალო ღმერთო, დიდებულო და სამართლიანო, დიდებულო შენს საქმეებში და სამართლიანო შენს უცვალებელ ჭეშმარიტებაში! მოგვმადლე ჩვენ შენი ძალის, სიბრძნისა და კეთილი ნების მცირეოდენი ნაწილი, რათა მშვიდობით ვიცხოვროთ შენი წმინდა და დიადი მცნების თანხმად. განაქარვე, უფალო, ყოველგვარი ცოდვილი სურვილი ჩვენს გულებში, ვიდრე ის შეუდგება ჩვენს დაღუპვას.

ჰოი, სამყაროს მეუფეო, აღავსე ჩვენი სული და სხეული შენი ძალით, რამეთუ ჩვენი ძალებით არაფერი ძალგვიძს; აღგვავსე შენი სიბრძნით, რამეთუ ჩვენი სიბრძნე – უგუნურებაა და გონების დაბნელება; აღგვავსე შენი ნებით, რამეთუ ჩვენი ნება, შენი წმინდა ნების გარეშე, მხოლოდ ბოროტებას ემსახურება. მოგვიახლოვდი, უფალო, რათა ჩვენც მოგიახლოვდეთ შენ.

ჩათესე, უფალო, შენი წმინდა კანონი ჩვენს გულებში, დათესე, დაამყნე, მორწყე, უფალო, რათა აღმოცენდეს, დაიტოტოს, აყვავდეს და ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ თუ მარტო დაგვტოვებ, რჯულის ამარა, შენ გარეშე ვერ შევძლებთ მის გათავისებას.

დაე, განდიდდეს შენი სახელი, უფალო, ასევე პატივი მივაგოთ მოსეს, შენს წინასწარმეტყველსა და რჩეულსა, რომლის მიერაც გადმოგვეცი ყველასთვის გასაგები და ძლიერი რჯული.

შეგვეწიე ჩვენ, ღმერთო, ზედმიწევნით შევისწავლოთ პირველი აღთქმა, რათა მისი აღსრულებით მოვემზადოთ შენი მხოლოდშობილი ძისა და ჩვენი მაცხოვრის, უფალ იესო ქრისტეს, დიდი და დიდებული ახალი აღთქმისათვის, რამეთუ ქრისტესთან და შენს ცხოველსმყოველ წმიდა სულთან ერთად გეკუთვნის მარადიული დიდება, პატივი და თაყვანისცემა თაობიდან თაობამდე, საუკუნიდან საუკუნემდე და ჟამთა აღსასრულამდე, საშინელ სამსჯავრომდე, მოუნანიებელ ცოდვილთა და მართალთა განყოფამდე, სატანაზე გამარჯვებამდე, ბნელეთის სამეფოს შემუსვრამდე და შენს დაუსრულებელ მეფობამდე ყველა სამეფოზე, რომლებიც გაცხადებულია ადამიანის გონებისა და თვალისათვის. ამინ.“


წინა თავი