მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - ათი მცნების განმარტება

ათი მცნების განმარტება
წმიდა ნიკოლოზ სერბი

მეორე მცნება

არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა და რაოდენი – რაი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანასა
(გამოსვლ. 20: 4-6).


ეს ნიშნავს:

ნუ გააღმერთებ ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად. თუ ახვედი მაღალ მთაზე, სადაც შეხვდი უფალ ღმერთს, რატომღა იყურები უკან გუბის ანარეკლისაკენ, რომელიც მთის ძირშია? თუ ვინმეს ძალიან სურს მეფის ხილვა და ხანგრძლივი ძალისხმევის შემდეგ შეძლებს მის წინაშე წარდგომას, მარცხნივ და მარჯვნივ რატომღა დაიწყებს მეფის მსახურების ყურებას? ის ორი მიზეზის გამო შეიძლიება მოიქცეს ამგვარად: ან იმიტომ, რომ ვერ ბედავს წარდგეს მეფის პირისპირ, ან – ფიქრობს, რომ მეფე სხვების გარეშე ვერ შეძლებს მას დახმარებას.

მაგრამ ზეციური მეუფის პირისპირ წარდგომას რატომ ვერ ბედავს ადამიანი? განა ეს მეფე ამავდროულად მისი მამა არ არის?! და ვის ეშინია თავისი მამის წინაშე პირპისპირ წარდგომისა?!

ადამიანო, ღმერთი ხომ შენს დაბადებამდე ფიქრობდა შენზე?! განა ის არ გეხებოდა შენ უჩუმრად ძილში და ცხადში, შენ კი ამის შესახებ არც ეჭვი გაგჩენია და არც რამე გიგრძვნია? ნუთუ ყოველდღე სწორედ ღმერთი არ ფიქრობს შენზე უფრო მეტად, ვიდრე თავად შენ – საკუთარ თავზე?! მაშ, რატომ გეშინია მისი? ცხადია, გეშინია არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც ცოდვილს. ცოდვა ყოველთვის წარმოშობს შიშს. ის იქ ჩნდება, სადაც არც ღვთისა და არც მის ნაშობთა ადგილი არ არის. სწორედ ცოდვა გაიძულებს მზერა მოარიდო მეფეს და მიაპყრო ის მის მსახურებს. ცოდვისთვის ასე უფრო იოლია; ეს მისი გარემოა; აქ იგი მბრძანებლობს და ნადიმს აწყობს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მეფე მსახურებზე მეტად არის მოწყალე, ამიტომ ნუ არიდებ თვალს, გაბედულად შეხედე მეფეს, შენს მამას. მეფის მზერა ფერფლად აქცევს შენს ცოდვას, ისე განწმენდს მას, როგორც მზის სხივი ანადგურებს მავნე მიკრობებს წყალში, რის შედეგადაც სუფთა ხდება და სასმელად გამოსადეგი.

ან იქნებ არ გჯერა, რომ ზეციურ მეუფეს ძალუძს შენი დახმარება და ამიტომ მისი მსახურების იმედი გაქვს?!

მაგრამ დაფიქრდი: თუ ღმერთს არ შეუძლია შენი დახმარება, მით უფრო ვერ დაგეხმარებიან შენ მისი მსახურები! განა ღვთის ყველა ქმნილება მისგან არ ელის შეწევნას? მაშ, ღვთის ქმნილებებისაგან რა დახმარების იმედი გაქვს? თუ მწყურვალს წყურვილს ვერ უკლავს მთის წყარო, ნუთუ მას დილის ნამი ეყოფა, რომელსაც მინდვრის ბალახიდან წვეთ–წვეთ შეიწოვს?

ვინ აქცევს ღმერთად გამოკვეთილ ან დახატულ სახესა და გამოსახულებას? მხოლოდ ის, ვინც გამომკვეთს და მხატვარს არ იცნობს! ის, ვისაც არ სწამს ღმერთი ან არაფერი იცის მის შესახებ, იძულებულია საგნები გააღმერთოს, რადგან ადამიანმა აუცილებლად უნდა გააღმერთოს რამე. უფალმა გამოკვეთა მთები და ხეობები, მან გამოძერწა მცენარეები და ცხოველები, დახატა მდელოები და მინდვრები, ტბები და ღრუბლები. ვინც ამას აცნობიერებს, ადიდებს კიდეც უფალს, როგორც დიდებულ შემოქმედს და მხატვარს, ხოლო ვინც ამის შესახებ არ იცის, ღვთის მიერ გამოკვეთილ სახეებსა და გამოსახულებებს ადიდებს.

მაგრამ ეს არ არის ყველაზე საშინელი ცოდვა – ყველაზე საშინელია, როდესაც ადამიანი იმას აღმერთებს, რასაც საკუთარი ხელითა და გონებით თავადვე ქმნის. ველურები ხისაგან კვეთენ კერპებს და მას ევედრებიან და მას სცემენ თაყვანს, მაგრამ ველურებს ეპატიებათ – მათ მათი ველურობა ამართლებს. ღმერთი მოწყალე და შემწყნარებელია მათ მიმართ: ლოცვებს, რომელთა საშუალებითაც ისინი მიმართავენ თავიანთ ხის ნაკეთობებს, ღმერთი იღებს, როგორც მისდამი მიმართულს და შეწევნასა და მფარველობას უგზავნის თავის გაუნათლებელ შვილებს.

თუმცა განათლებული ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც თავიანთი გონებითა და საკუთარი ხელით ქმნიან რაიმეს, შემდეგ კი ამ ნაკეთობას აღმერთებენ. არიან მხატვრები, რომლებიც ქედს იხრიან თავიანთივე ნახატების წინ და თავყანს სცემენ, როგორც ნამდვილ ღვთაებას. არსებობენ ლიტერატორები, რომლებიც წიგნს წერენ და საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ მათი წიგნი მწვერვალია ცაში და მიწაზე და თაყვანს სცემენ თავიანთ წიგნს. არიან მდიდრები, რომლებიც იმგვარად აგროვებენ სიკეთეს, როგორც ზაზუნა აგროვებს მარაგს ზამთრისთვის და მაღლა წევენ ცხვირს, ისე რომ, ვერ ამჩნევენ ღმერთსა და მის სინათლეს, ისინი თაყვანს სცემენ თავიანთ ფუტურო, ჩრჩილის მიერ შეჭმულ სიმდიდრეს. სადაც ადამიანის ფიქრები და გულია, იქ არის მისი ღმერთიც.

თუ რომელიმე ადამიანი მთელ თავის ფიქრებსა და სულს უძღვნის საკუთარ ოჯახს და სხვა ღმერთს არ სცნობს, მაშინ მისი ოჯახი არის მისი ღვთაება. ეს არის სულის სნეულების ერთი სახეობა.

თუ რომელიმე ადამიანი ყველა თავის ფიქრსა და გულს უძღვნის ოქროსა და ვერცხლს და სხვა ღმერთი არ სურს, მაშინ ოქრო და ვერცხლია მისი ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემს დღე და ღამე, სანამ სიკვდილი არ ეწევა და არ გაახვევს მას თავის სიბნელეში. ეს არის სულის სნეულების მეორე სახეობა.

თუ რომელიმე ადამიანი ყველა თავის გულისთქმას იქით მიმართავს, რომ სხვებზე ამაღლდეს და ყველანაირად ცდილობს, რომ პირველი იყოს, თუ ქება და დიდება სურს და საკუთარ თავს ცაში და მიწაზე ყველა ქმნილებასა და ადამიანებს შორის საუკეთესოდ მიიჩნევს, ასეთი ადამიანი თავად არის საკუთარი თავის ღმერთი, რომელსაც მსხვერპლად სწირავს ყველაფერს. ეს არის სულის სნეულების მესამე სახეობა.

და მართლაც, მხოლოდ სნეული სულები არ ცნობენ ჭეშმარიტ ღმერთს, ხოლო ჯანმრთელი სულები ჯანმრთელნი არიან სწორედ იმ ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის აღიარებისა და ცნობის წყალობით, რომელიც ყოველგვარი სახისა და გამოსახულების, ოქროსა და ვერცხლის, ყველა მოკვდავი ადამიანის შემოქმედი და მფლობელია.

თუ ვინმე ღვთის სახელს დაწერს ფურცელზე, ხეზე, ქვაზე, თოვლსა და თიხაზე, მოკრძალებით მოეპყარი ამ ქაღალდს, ხეს, ქვას, თოვლსა თუ თიხას იმ უწმიდესი სახელის გამო, რომელიც მასზეა დაწერილი, მაგრამ თავად იმას ნუ აქცევ კერპად, რაზეც წმიდა სახელი წერია.

როდესაც ვინმე ღვთის სახეს გამოსახავს რაიმეზე, გამოხატე თაყვანისცემა, მაგრამ იცოდე, რომ თაყვანს სცემ არა მატერიას, რომელზეც უფალია გამოსახული, არამედ – ცოცხალ დიდებულ ღმერთს, რომელსაც გამოსახულება გახსენებს.

როდესაც ვინმე წარმოთქვამს ან გალობს ღვთის სახელს, გამოხატე თაყვანისცემა, მაგრამ იცოდე, რომ თაყვანს სცემ არა ადამიანის ხმას, არამედ ცოცხალ, ძლიერ ღმერთს, რომლის შესახებაც შეგახსენა ამ ხმამ.

როდესაც ღამით ვარსკვლავთა სიდიადეს ხედავ, თაყვანი ეცი მდაბლად, მაგრამ არა ღვთის ქმნილებას, არამედ მაღალ ღმერთს, აღმატებულს ვარკვლავებზე, რომელიც თავისი სიკაშკაშით შეგახსენებს მის შესახებ.

და როდესაც საღამოს მუხლს მოიყრი, ილოცე ამგვარად:

„უფალო, ღმერთო ჩემო! მხოლოდ შენ, ერთადერთს, გიცნობ, გაღიარებ და გადიდებ ყოველთვის: მაშინაც, როდესაც დღე სრულად წარმომიჩენს მთელ შენს სილამაზეს შენ მიერ ქმნილ საქმეთა სილამაზის მეშვეობით და მაშინაც, როდესაც ღამე ფარავს ყველაფერს ბნელი მოსასხამით და შენთან პირპისპირ მტოვებს. ამინ.“


წინა თავი შემდეგი თავი