მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები ამპარტავნების შესახებ


ღირსი ბერი პაისი ათონელი

თავი 1. ამპარტავნება – ვნებათა გენერალური შტაბი

„ამპარტავანი ღვთისაგან დაშორებულია, რადგან ამპარტავნება ცუდი ელექტროგამტარია, იზოლატორია, რომელიც არ ატარებს ღვთის მადლს და ღმერთს გვაშორებს“.

– გერონდა, მე შურიანი ვარ, გულღვარძლიანი, განვიკითხავ და ვმრისხანებ...

– შური, განკითხვა, მრისხანება, გულღვრაძლიანობა და ა. შ. ამპარტავნებიდან მომდინარეობს. ამპარტავნება, ასე ვთქვათ, ყველა ვნების გენერალური შტაბია. ამპარტავნების დამარცხებით ყველა ვნებას ამარცხებ და გულში სიმდაბლე და სიყვარული შემოდის, ამიტომ, ვფიქრობ, სავსებით საკმარისია მის გარშემო კონცენტრირება და საომარი მოქმედებების მის ფრონტზე გადატანა. ცეცხლი გაუხსენით ამპარტავნების ციხესიმაგრეს, რომელიც ღმერთს გვაშორებს. როდესაც მტერს ქვეყნის დაპყრობა სურს, მთავარი იერიში დედაქალაქზე მიაქვს. თუ დედაქალაქის აღებას მოახერხებს, ჩათვალე, რომ ქვეყანაც დაიპყრო.

– გერონდა, ვის ჰგავს ამპარტავანი?

- იმას, ვინც ამ კედლების მიღმაა, ეშმაკს... თუმცა ეშმაკზე გამარჯვება უფრო იოლია, ვიდრე ამპარტავანზე – რადგან ამისთვის საკმარისია თავი დაიმდაბლო, ხოლო ამპარტავანს, თავიც რომ დაიმდაბლო მის წინაშე და პატიებაც რომ ითხოვო მისგან, მაინც ვერ მოალბობ. ის გეტყვის, რომ თვალთმაქცობ!

ვისაც მეტი სიმდაბლე აქვს, მას სულიერი ცნობიერებაც მეტი აქვს. ამპარტავანს არ აქვს შინაგანი სულიერი სამყარო. ის ცარიელი თავთავია, უმწიფარი, თავაწეული, მწიფე თავთავი კი თავს დაბლა ხრის. ამპარტავნებით დაბნელებული ადამიანი არა მხოლოდ შინაგანად არის მოუსვენარი, არამედ გარეგნულადაც აღელვებულია და მშფოთვარე. მისი საქმიანობა ჰაერის ბუშტივითაა: მას ჯერ ბერავს ეშმაკი, შემდეგ უჩხვლეტს და ბუშტიც ხმაურით სკდება.

ამპარტავნება სამარცხვინო და საშინელი რამ არის, მან ანგელოზები დემონებად აქცია, ადამიანები სამოთხიდან მიწაზე გამოგვაძევა და ახლა კი აქედან ჯოჯოხეთში უპირებს ჩაყრას.

როცა ამპარტავნებას ვერ ვგრძნობთ

– გერონდა, მე ვერ ვგრძნობ ამპარტავნებას, როდესაც რაიმე კონკრეტულით ვამაყობ.

– ე.ი. ზოგადად, ამპარტავანი ხარ და ამაყი. ეშმაკი ხშირად შენიღბულად წარმოადგენს საგნებს და ადამიანი ვერ ხვდება როდის მოქმედებს ამპარტავნებით, მაგრამ თუ საკუთარი თავის მიმართ ყურადღებას არ მოადუნებს, მიხვდება როდის მოქმედებს ამგვარად. შესაძლებელია, რომ ადამიანი სრულად ვერ გრძნობდეს მასში არსებულ ამპარტავნებას, მაგრამ გარკვეულწილად მაინც შეძლებს, რომ ამოიცნოს, თუ შენიშნავს, რომ ეგოისტური თვითკმაყოფილებისა და სხვებზე უპირატესობის გრძნობა ეუფლება.

– და თუ ადამიანი საერთოდ არ გრძნობს, რომ მასში ამპარტავნებაა, მაშინ რა ხდება?

– მაშინ სულიერი კანონები იწყებენ მოქმედებას: ადამიანი ქედმაღლობს, ეცემა და მდაბლდება, ისევ ქედმაღლობს, ისევ ეცემა და ისევ მდაბლდება... და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება: ამპარტავნება – სიმდაბლე, ამპარტავნება – სიმდაბლე. ასეთი სიმდაბლე არ წარმოადგენს სათნოებას, ეს სულიერ კანონთა მოქმედების შედეგია. ადამიანი მდაბლდება, მაგრამ თავად არ სურს ეს და არც არანაირი დასკვნები არ გამოაქვს აქედან. ეს არის სულიერი სტაგნაციის მდგომარეობა, უმოძრაობის პერიოდი, რა დროსაც მას საშუალება ეძლევა, უბრალოდ, გაიაზროს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც საჭიროა. მაგალითად, ეუბნები დას: „ეს ხატი კარგად გამოგივიდა“. თუ მას ამპარტავნება დაეუფლება, შემდეგ ჯერზე, როდესაც ახალი ხატის დაწერა მოუწევს, გაიფიქრებს: „ამ ხატს უკეთ დავწერ, რათა ბერ-მოძღვარმა ისევ შემაქოს“. შეხედავ და... ხატის ნაცვლად კარიკატურაა. მე მის გამოსწორებას ვცდილობ, ის კი ისევ ისე ფიქრობს: „ამჯერად სწორედ ისე გავაკეთებ, როგორც ბერმა მითხრა და ის შემაქებს“ – და კვლავ კარიკატურა გამოსდის.

– გერონდა, ხომ შეიძლება, რომ ეს ხატი თავად მას ლამაზად ეჩვენებოდეს?

– რა თქმა უნდა, შეიძლება! მას თავისი ნაჯღაბნი შესაძლოა შედევრად ეჩვენება, მოვა და სიხარულით მეტყვის: „აბა, ახლა როგორია, გერონდა? კარგი ხატი გამომივიდა?!“ მე მას ავუხსნი, რომ მისი ნამუშევარი ნაჯღაბნია – და ის გაიგებს.

– და თუ ვერ გაიგებს?

– თუ ვერ გაიგებს, ე. ი. ამპარტავნებით გაქვავდა და ისევ და ისევ ამ შცდომას დაუშვებს; და რაც არ უნდა უთხრა, აზრს არ შეიცვლის.

– გერონდა, თუ გონებით ვგრძნობ ამპარტავნებას და გულამდე ვერ აღწევს?

– მაშინ სწორედ ამით დავიწყოთ და ნელ-ნელა განკურნებასაც შევძლებთ. ექიმი ჯერ დიაგნოზს სვამს და შემდეგ იწყებს მკურნალობას.

– გერონდა, როდესაც მონაზვნური მოვალეობების შესრულებისას მცირე სირთულეებს ვაწყდები, კარგია? – მე ვგრძნობ, რომ სასარგებლოა! ან, იქნებ, ამაშიც ამპარტავნებაა?!

– თუ ადამიანი უყურადღებოა, შეიძლება მაშინაც იამპარტავნოს, როცა მხოლოდ წევს და არაფერს აკეთებს. მატარებელი ლიანდაგიდან მარჯვნივაც შეიძლება გადავარდეს და მარცხნივაც. ეშმაკი ყოველი მხრიდან ცდილობს ჩვენს დაჭერას. ზოგიერთები მეკითხებიან: რას მივაქციო ყურადღება, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდე? ეს იგივეა, რომ მკითხო: „სად შეიძლება დავეცე, აქ თუ იქ?“ აქაც შეიძლება დაეცე, და იქაც, მარჯვენა მხარესაც და მარცხნივაც, შეიძლება კიბიდან ჩამოვარდე და შეიძლება – სკამიდანაც. ნებისმიერ წუთსა და ნებისმიერ ვითარებაში ყურადღებაა საჭირო, რადგან ამპარტავნება ყველგან აღწევს.

– გერონდა, შესაძლებელია, რომ ადამიანს არაფერი გააჩნდეს და მაინც ქედმაღლობდეს?

– ზოგჯერ ყველაზე მეტად სწორედ ასეთი ადამიანი ქედმაღლობს. როდესაც სტომიონის მონასტერში ვცხოვრობდი, ეპირში, იქ ერთი მოხუცი მწყემსის შესახებ შევიტყვე, ოჯახი არ ჰყავდა და აქეთ-იქით დადიოდა. ბოლოს სხვა მწყემსმა შეიფარა და თავის ქოხში შეუშვა, სადაც თხებისთვის ტოტებს ინახავდა. იგი მოხუცს ცეცხლის დანთებას უკრძალავდა, რათა ალი ტოტებს არ მოჰკიდებოდა. ასე ცხოვრობდა ეს მოხუცი ცივ ქოხში, კუთხეში ეძინა, ორ ფიცარზე, რომლებზეც ძველ ლეიბს იგებდა. როდესაც მის შესახებ შევიტყვე, მოსანახულებლად წავედი. ძალიან ცუდად იყო. ერთ ღარიბ ქალს ვკითხე რამდენს გადამახდევინებდა, რომ ის დაებანა. „არაფერი, მხოლოდ საპონი მომეცი,“– მომიგო მან. ერთხელაც, მის მოსანახულებლად რომ მივედი, სადილობდა. ჭამა რომ დაასრულა, შემომხედა, თეფში ამოატრიალა და ამაყად განმიცხადა: „აი, რა თავი მაქვს, მამაო! თორემ აქ ძაღლები და კატები დადიან“. თეფშის პირქვე დამხობა – იმისათვის, რომ ძაღლებსა და კატებს არ გაელოკათ ის – დიდ მიღწევად მიაჩნდა, იფიქრებდით, კოსმოსში გაფრინდაო. აი, ამპარტავნება! წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობდა და მაინც ქედმაღლობდა!

ამპარტავნული აზრები

– გერონდა, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ამპარტავნული აზრები გვესხმიან თავს?

– ამპარტავნულ აზრებს ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც სხვები იქცევიან, ჩვენს ამპარტავნებას რომ ხედავენ – სასაცილოდ უნდა მივიჩნიოთ ისინი.

– თავმდაბალ ადამიანსაც აწუხებს ამპარტავნული აზრები?

– რა თქმა უნდა, მაგრამ სასაცილოდ მიაჩნია, რადგან კარგად იცის, რასაც წარმოადგენენ.

– გერონდა, სადღაც ამოვიკითხე, რომ ამპარტავნული აზრები, ისევე როგორც უხამსნი, მეყსეულად უნდა განვიშოროთ.

– უხამს აზრებს მაშინვე ამოიცნობ, ხოლო ამპარტავნულის ამოსაცნობად სიფხიზლეა საჭირო. მაგალითად, თუ ლოცვის დროს გონებაში უკადრის გულისთქმას შენიშნავ, მაშინვე მიხვდები და განაგდებ: „აბა, აქედან მოშორდი!“ – მაგრამ თუ ეკლესიაში ის აზრი შეგაწუხებს, რომ ფსალმუნები კარგად წაიკითხე, სიფხიზლეა საჭირო, რომ მასში ამპარტავნება ამოიცნო და არ მოუსმინო.

– მაგრამ ამპარტავნული აზრები ხომ უსწრაფესად ჩნდებიან? როგორ მოვასწროთ გონებაში მათთვის თავმდაბლური აზრების დახვედრა?

– ამისათვის წინასწარ მომზადებაა საჭირო. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: „განვემზადე და არა შევძრწუნდი“ (ფს.118:60). ამპარტავნული აზრები ელვის უსწრაფესად ჩნდებიან – ეს ეშმაკის ძველი ხრიკია. შენ სხვა ხერხს მიმართე – განუწყვეტლივ თავმდაბლურ აზრებზე იმუშავე, რათა ამპარტავნულს დაასწრო.

მხოლოდ თავმდაბლურ აზრებს მოაქვს სიმდაბლე და მხოლოდ სიმდაბლით განიდევნება ამპარტავნება. ერთი მქადაგებელი მიამბობდა, რომ ოდესღაც ძალიან კარგი ქადაგება მოამზადა, ამბიონზე ავიდა და სიტყვის წარმოთქმას შეუდგა. ძალიან ლამაზად საუბრობდა, მაგრამ წამიერად გონებაში ამპარტავნულმა აზრმა გაუელვა, იგი დაიბნა, ტირილი აუვარდა და ამბიონიდან შერცხვენილი ჩამოვიდა. მას შემდეგ კარგა ხანს ვეღარ ქადაგებდა – უმწეო გახდა. მე ვუთხარი: შენ ეს ამპარტავნების გამო დაგემართა, გაამაყდი და ღვთის მადლი განგეშორა. ახლა სიმდაბლით ყველაფერი თავიდან დაიწყე. როდესაც ამბიონზე ასვლის დრო მოვა, უთხარი საკუთარ თავს: „თუ დავიბნევი, ე.ი. ჩემი სულიერი სარგებლობისთვისაა საჭირო, რომ კვლავ დასაცინი გავხდე“. და თუ ამის შემდეგ ისევ დაიწყებ ტირილს, ხალხი იფიქრებს, რომ ეს სულიერი მდგომარეობის გამოხატულებაა და ამით კი არ დაბრკოლდებიან, არამედ სარგებელს მიიღებენ. ასე რომ, ნუ გეშინია“. მართლაც, იგი დაუბრუნდა თავისი მოვალეობის აღსრულებას და იმგვარი სიმდაბლით ქადაგებდა, რომ ყოველ წუთს მზად იყო დამდაბლებისათვის.

თავი 2. ამპარტავნება სხვადასხვაგვარია

ფარული ამპარტავნება

– გერონდა, თქვენ მითხარით, რომ ჩემში ფარული ამპარტავნებაა. რა არის ფარული ამპარტავნება?

– ეს შინაგანი ამპარტავნებაა, ის ბევრად უარესია, ვიდრე გარეგნული ამპარტავნება.

– რით განსხვავდება გარეგნული ამპარტავნება შინაგანისაგან?

– გარეგნული ამპარტავნება შესამჩნევია და ამიტომ ადვილად ექვემდებარება მკურნალობას. გარეგნული ამპარტავნებით შეპყრობილ ადამიანს იოლად ამოიცნობ სამოსით, სიარულით, საუბრის მანერით. ზოგჯერ ასეთს რამდენიმე სიტყვას ეტყვი და მაშინვე გამოსწორებას დაიწყებს. ფარული ამპარტავნება კი ძალიან მზაკვრულია და ამიტომ მძიმედ ექვემდებარება მკურნალობას. ის ძალიან ღრმად არის ჩამალული, გარშემომყოფნი ვერც ამჩნევენ, მხოლოდ გამოცდილ ადამიანს შეუძლია მისი დანახვა. ფარული ამპარტავნებით, ძირითადად, სულიერი ცხოვრების მქონე ადამიანები იტანჯებიან, ისინი თავმდაბალნი და ღვთისმოსავნი შეიძლება ჩანდნენ გარეგნულად, შინაგანად კი ისეთ ამპარტავნებას მალავდნენ, რომ – იცოცხლე! ასე რომ, ეშმაკიც შეიძლება იყოს ძონძებით შემოსილი...

– ფარულ ამპარტავნებაში მყოფი თავად თუ გრძნობს თავის სიამაყეს?

– თუკი საკუთარ თავს ყურადღებას აქცევს, იგრძნობს.

– ასე მგონია, რომ ფარულ ამპარტავნებაში მყოფს სულიერი სიმშვიდე არ აქვს.

– ცხადია, ღვთიური სიმშვიდე არ ექნება, რადგან არც კი იცის ამის შესახებ – ამის ნაცვლად, თავს თავად იმშვიდებს.

– გერონდა, რა დამეხმარება ფარული ამპარტავნების ამოცნობაში და როგორ ვიმოქმედო, რომ თავი დავიხსნა მისგან?

– წარმოიდგინე, რომ მოშურნედ მოღვაწეობ. ამ დროს აზრი გეუბნება, რომ დიდ საქმეს აკეთებ და რომ სათნოებით გამორჩეული ხარ. თუ ეს ასეა, ე. ი. შენში ამპარტავნებაა, მაგრამ მალავ. თუ ყურადღებით დააკვირდები, დაინახავ, რომ კმაყოფილება, რომელსაც ამ დროს განიცდი, ყალბია. იმისათვის, რომ დაფარული ამპარტავნება განგეშოროს, ეს სიყალბე უნდა შეიძულო და განაგდო. ადამიანები უკადრისობენ და არ იღებენ იმათ, ვინც ქედმაღალი და ამპარტავანია და ამით გამოსწორებაში ეხმარებიან მათ, ხოლო ვინც ფარულად ამპარტავნებს, იმისათვის, რომ მისგან გათავისუფლდეს, თავადვე უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის. და თუ, ამასთანავე, სხვებს მისთვის შენიშვნის მიცემის უფლებასაც მისცემს, ამითაც დაეხმარება საკუთარ თავს, რადგან ამგვარად აშკარა და დასანახი გახდება ფარული ამპარტავნება, შემდეგ კი თანდათან გაქრება.

ეგოიზმი - ამპარტავნების ურჩი შვილი

– ამპარტავნება და ეგოიზმი – ეს ორი სხვადასხვა ვნებაა?

– ამპარტავნება, ეგოიზმი, პატივმოყვარეობა – ერთი ვნების სხვადასხვა გამოვლინებებია, ამათგან ამპარტავნება ამ ვნების ეშმაკეული ხარისხია.

ეგოიზმი ამპარტავნების ურჩი შვილია. ეგოისტი აზრს არასოდეს იცვლის და ყოველთვის თავის ნათქვამზე დგას. ის იმ ხის მსგავსია, რომელიც ძლიერი ქარის დროსაც კი არ ირწევა და ტყდება, ასევეა ეგოისტი – ის შუბლს იტეხს, რადგან არავის უთმობს. ეგოიზმი დიდი ბოროტებაა! ეგოისტი არასდროს თავის აზრს არ იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ამით სიმშვიდეს ვერ პოულობს! მაგალითად, არიოზს დედა ეუბნებოდა: „რამდენი ადამიანი ამბობს, რომ ცდები, ნუთუ თავად ვერ ხვდები?!“ „ვიცი, – პასუხობდა იგი, – მაგრამ არ შემიძლია მათ აზრს დავემორჩილო“. სწორედ ეგოიზმი არ აძლევდა საშუალებას არიოზს, რომ ეღიარებინა თავისი შეცდომა.

– ნუთუ მისთვის სულერთი იყო, რომ ამდენი ადამიანი აცდუნა თავისი ერესით?

–მას ეს არ აინტერესებდა. იგი ამბობდა: „თუ ვაღიარებ, რომ შევცდი, ამით ჩემი მომხრეების პატივისცემას დავკარგავ“. და რაც უფრო მეტად აცნობიერებდა, რომ ცდებოდა, მით უფრო აქტიურად ცდილობდა სხვების დარწმუნებას თავის სიმართლეში. საშინელი რამ არის ეგოიზმი!

– გერონდა, რითი განსხვავდება ეგოისტი ამპარტავნისგან?

– ეგოისტს შეუპოვრობა და სიჯიუტე ახასიათებს და ამპარტავანს შეიძლება არც ერთი ჰქონდეს და არც მეორე. მაგალითად, ეკლესიაში ხატის მთხვევას ყველანი რიგის მიხედვით ცდილობთ, ყველამ იცის ვინ ვის შემდეგაა; ამ დროს, თუ რომელიმე და ეგოიზმითაა შეპყრობილი და მას სხვა გადაასწრებს, ისე გაიბუტება, რომ ხატსაც აღარ ემთხვევა. „რაკი ჩემ წინ წავიდა, – იტყვის ის, – მე საერთოდ არ მივალ ხატის სამთხვევად“; მაგრამ თუ ის ამპარტავანია, ამ შემთხვევაშიც ეწყინება, მაგრამ არ შეიმჩნევს, უფრო მეტიც, მოჩვენებითი თავაზიანობით სხვებსაც კი დაუთმობს რიგს: „მიბრძანდით! შენც მიდი... შენც!..“

– გერონდა, როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც ჩემს ღირსებას ლახავენ?

– როდესაც შენს ეგოიზმს ამცირებენ, საჩქაროდ ნუ შეეცდები მის დაცვას, თავი დაანებე, დაე, მოკვდეს! ეგოიზმი თუ მოკვდება, სული გაცოცხლდება!

– როგორ კვდება ეგოიზმი?

– საკუთარი „მე“ უნდა დაასამარო, დაე, გაიხრწნას და ნეშომპალად იქცეს, რათა მასზე თავმდაბლობა და სიყვარული ამოიზარდოს.

საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა

– გერონდა, ასე ადვილად რატომ მეუფლება ამპარტავნება?

– ე. ი. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს, გგონია, რომ რაღაცას წარმოადგენ. ადამიანი ამპარტავანი არ იქნებოდა, რომ არ ეფიქრა, რომ რაიმეს წარმოადგენს. და რადგან თავს დიდ ვინმედ მიიჩნევ, ამიტომ უმნიშვნელო რამითაც ამპარტავნებ, როგორც ჰიპერტონიკი, რომელსაც სულ მცირე ნერვიულობის გამო უწევს წნევა.

– გერონდა, მე ისევ გულგრილი გავხდი. რატომ მემართება ეს?

– იმიტომ, რომ სათანადოდ არ გაქვს თავი დაგმანული (დაცული) და მასში საკუთარ თავზე წარმოდგენების ქარი დათარეშობს. მე საცობს ვაცობ და ვუჭერ, შენ კი მას აძრობ. ჩვენ ახლა უფრო დიდი საცობი უნდა მოვარგოთ და უფრო ძლიერად ჩავხრახნოთ. იცი, რა ნიჭებს მიიღებდი ქრისტესაგან, ეს ნაკლი რომ არ გქონდეს?! როდესაც სიფხიზლეს ვკარგავთ, შეუმჩნევლად მოდის ეშმაკი და ჩვენს თავზე წარმოდგენების მახვილით გვიხვრეტს თავს, ამპარტავნული აზრებით გვბერავს ბუშტივით და ჰაერში გვიშვებს.

– იმას, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, სხვებში კარგის დანახვა უჭირს?

– ეს ასეა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენების მქონე ადამიანი ამპარტავნების წყვდიადში იმყოფება და არც სულიერი სიმრთელე აქვს და არც სულიერი ხედვა, ამიტომ ვერც სხვების სულიერ ნიჭს ხედავს. როგორ მიეცემა მას ღვთაებრივი აზრები, როდესაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენებითაა დაკავებული?! საკმარისია ღმერთმა ჩვენს თავში თუნდაც ერთი ხრახნი მოუშვას, რომ მაშინვე სისულელეების კეთებას დავიწყებთ. მაშ, როგორღა შეიძლება, რომ თავზე დიდი წარმოდგენა გვქონდეს?!

ის, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, საღ გონებაზე არ არის, ასეთი ადამიანი უგუნურია. იმისათვის, რომ საკუთარი თავი იპოვო, მიწაზე დაბრუნებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღრუბლებში იფრენ და ამაოდ დახარჯავ საწვავს.

თავდაჯერებულობა

– გერონდა, რას ნიშნავს „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი“ (ფს.126:1)?

– ეს ადამიანური თავდაჯერებულობის შესახებ არის ნათქვამი. სქემაში აღკვეცის დროს აღსაკვეცად გამზადებულს ეკითხებიან: „დაითმენ ყოველსა“? იგი პასუხობს: „ჰე, სახელითა უფლისაჲთა!“ და არა „მე თვითონ დავითმენ ყველაფერსო“. თუ ადამიანი თავის თავზე წინ ღმერთს არ აყენებს ყოველთვის და ამბობს: „მე თვითონ გავაკეთებ ამას, ჩემი ძალებით გავაკეთებ ყველაფერს“, ასეთი, შუბლითაც რომ შეასკდეს კედელს, მაინც ვერაფერს შეძლებს.

– გერონდა, მე დებს ძალიან ვამწუხრებ: ისინი ერთს მეუბნებიან, მე კი სხვა რამეს ვაკეთებ.

– ეს შენი თავდაჯერებულობის ბრალია. ფიქრობ, რომ ბუზის დაჭერა შეგიძლია, სინამდვილეში კი ქარს დასდევ; ხელს გაიქნევ და ფიქრობ, რომ ბუზი დაიჭირე, ყვირი: „ბუზი დავიჭირე“, მაგრამ მუჭში არაფერი გაქვს. ახლა მეორე ხელს ასწევ და ისევ –„ბუზი დავიჭირეო“ – ყვირი, მაგრამ მუჭი კვლავ ცარიელია. ჯერ ნახე, მუჭში თუ გაქვს რამე და მერე თქვი „დავიჭირეო“.

– დები მეუბნებიან, რომ ჩემთან ურთიერთობა უჭირთ, რადგან ყოველთვის ჩემს აზრზე ვდგავარ, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ.

– იცი, აქ რასთან გვაქვს საქმე? როდესაც გარკვეული აზრი მოგდის, ასე კი არ ამბობ: „აზრი მომივიდა, მაგრამ არ ვიცი, კარგია თუ ცუდი“, არამედ, მიგაჩნია, რომ შენი აზრი ყოველთვის მართებულია და ამიტომაც დაჟინებით იცავ მას. შენ იმ დიასახლისს ჰგავხარ, რომელსაც ქმარმა სთხოვა რვაფეხა მოეხარშა, მაგრამ რვაფეხას ერთი ფეხი აკლდა. ქმარი ეკითხება: „აბა, მოიხარშა რვაფეხა?“ ცოლი პასუხობს: „რვაფეხა კი არა, შვიდფეხა!“ „არა, რვაფეხა!“ „არა, შვიდფეხა!“ ბოლოს ქმარმა ვერ მოითმინა, გაბრაზდა და ჯიუტი ცოლი ჭაში ჩააგდო, ის კი მაინც არ ჩერდებოდა და იქიდანაც თითებით აჩვენებდა: „შვიდი, შვიდი, შვიდი!“ ასე რომ, გამოთქვი შენი აზრი, მაგრამ ნუ აიჩემებ.

– მაგრამ ხშირად ჩემი აზრი უფრო მართებულია, ვიდრე იმ დებისა, რომლებთანაც ერთადაც ვმუშაობ.

– თავდაჯერებუ ლობის გამო აფასებ მოვლენებს ამგვარად. ფხიზლად იყავი: ის, ვინც ყველაფერს ზედმეტად ლოგიკურად უდგება, თავისი ეგოიზმითა და თავდაჯერებულობით შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ საერთოდ შეწყვიტოს სხვისი აზრის მოსმენა.

– როგორ გავთავისუფლდე თავდაჯერებულობისაგან?

– შენს თავს ჩაუკვირდი და დაინახავ, რომ საკუთარი არაფერი გაქვს და რომ, ღვთის შეწევნის გარეშე, ვერც ვერაფერს შეძლებ. თუ გააცნობიერებ, რომ კარგი – რასაც აკეთებ - ღვთისაგანაა და სისულელეები – პირადად შენი, მაშინ საკუთარი თავის მინდობას შეწყვეტ და თავდაჯერებულობისგან გათავისუფლდები.

ტრაბახი

– გერონდა, ვინც ამპარტავანია, თავის მიერ გაკეთებულ სიკეთეს ყოველთვის ააშკარავებს?

– ააშკარავებს თუ არ ააშკარავებს, მასში ფარულად მაინც არის ამპარტავნება. ამ დღეებში ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა. განუწყვეტლივ საკუთარი თავის შესახებ საუბრობდა და თან დასძენდა: „ამას ღვთის სადიდებლად ვამბობ“. ჰყვება, ჰყვება და ისევ ამატებს: „ამას ღვთის სადიდებლად ვამბობ“. მე ფრთხილად შევნიშნე: „იქნებ, ცოტათი შენი დიდებაც არის აქ?“. ის კი მპასუხობს: „არა, რას ამბობთ! მხოლოდ ღვთის სადიდებლად!“ გამოდის, რომ ადამიანი იმის სათქმელად კი არ მოვიდა, რა აწუხებს, არამედ იმისათვის, რომ მიამბოს საკუთარი მიღწევების შესახებ, რომელთაც, თურმე, „ღვთის სადიდებლად“ აღასრულებდა, არადა, სინამდვილეში, ყველაფერს საკუთარი თავის განსადიდებლად მიამბობდა.

ყოველ შემთხვევაში, ადამიანი ყოველთვის ბევრს კარგავს, როდესაც სხვებს მის მიერ აღსრულებული სიკეთეების შესახებ უამბობს და ამით ამაყობს. ის ტყუილად ირჯება და განისჯება კიდეც. ერთი ადამიანი მღვდლად კურთხევისთვის ემზადებოდა და ქიროტონიამდე ორმოცი დღით ადრე ერთ მიყრუებულ მონასტერში განმარტოვდა. ოცდათვრამეტი დღის შემდეგ მას მონასტერი უნდა დაეტოვებინა და ერში დაბრუნებულიყო, მაგრამ ტყავიდან ძვრებოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ კვლავ მონასტერში დაბრუნებულიყო და დარჩენილი ორი დღეც იქ“მჯდარიყო“, რათა შემდეგ ეთქვა, რომ ქიროტონიის წინ ორმოცი დღე მონასტერში გაატარა. მოსემაც ხომ ათი მცნების მიღებამდე ორმოცი დღე გაატარა სინას მთაზე!.. შემდეგ ის ადამიანი ყველას ეუბნებოდა: „ქიროტონიამდე ორმოცი დღე განმარტოებული ვიყავი“, მაგრამ განა მადლი ასე მოდის?! მისთვის უმჯობესი იქნებოდა მონასტერში მჯდარიყო ოცი ან თხუთმეტი დღე, ან, სულაც, არცერთი დღე არ გაეტარებინა იქ, რათა ტრაბახის მიზეზი არ ჰქონოდა, რომ ორმოცი დღე დაჰყო მონასტერში – ამით ის მეტ მადლს მიიღებდა.

– გერონდა, პავლე მოციქული ამბობს: „რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის“ (1კორ. 1:31). ამგვარ სიქადულშიც შეიძლება იყოს ამპარტავნება?

– არა, როგორ შეიძლება ამაში ამპარტავნება იყოს?! ამპარტავნება კი არა, ღვთის დიდება და ღვთის მიმართ მადლიერებაა. თუ ჩვენ დიდ პატივად მივიჩნევთ იმას, რომ, ღვთის წყალობით, ქრისტიანები ვართ, ეს არ არის ამპარტავნება. თუ, ვთქვათ, ვინმე განსაკუთრებულ კურთხევად მიიჩნევს იმას, რომ ღმერთმა კარგი და ღვთისმოსავი მშობლები მიმადლა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი ტრაბახობს, არამედ იმას, რომ იგი მადლიერებას გრძნობს ღვთის მიმართ.

კაცთმოთნეობა

– გერონდა, მე ხშირად მახასიათებს უკმაყოფილება და წყენა.

– რა წყენა?

– მაგალითად, ვფიქრობ: „რატომ ვერ ხვდებიან ადამიანები, რამდენი შრომა მიწევს ამა თუ იმ საქმის აღსასრულებლად და რატომ არ ავლენენ შესაბამის პატივს?“

– როდესაც ადამიანი რამეს სიმდაბლითა და სიყვარულით აღასრულებს და მას ვერ უგებენ, შესაძლებელია, რომ წყენა დაეუფლოს, მაგრამ ეს არ არის კარგი (თუმც ამ შემთხვევაში ზოგიერთი შემამსუბუქებელი გარემოება მაინც არსებობს), ხოლო როდესაც ადამიანი სხვებისგან მოითხოვს აღიარებას, ეს პირველზე უარესია, რადგან ეგოიზმის, საკუთარი სიმართლის განცდისა და კაცთმოთნეობის გამოვლინებაა. ეცადე, რამდენადაც შესაძლებელია, ყველაფერი სიმდაბლით აკეთო, პატიოსნად, ღვთის სადიდებლად და არა კაცთა საამებლად და პატივმოყვარეობის გამო ანუ იმისათვის, რომ ადამიანებისგან მოისმინო ქება. როდესაც ადამიანი კაცთაგან ქებას არ ელის და მხოლოდ ღვთისთვის იღვწის, ღმერთი მას ამ ცხოვრებაშიც აჯილდოებს და უხვად ანიჭებს თავის მადლს და მომავალ ცხოვრებაშიც სამოთხისეულ სიკეთეებს მიმადლებს.

– გერონდა, შეიძლება, რომ ღვთისნიერებას* კაცთმოთნეობა შეერიოს?

( ღვთისნიერება* - ბერძნ. φιλοτιμία, რუს. любочестие – მამა პაისი ამ ტერმინს გაიაზრებს, როგორც ღვთისნიერებას, უანგარობას, გულმოდგინებასა და გულუხვობას – იხ.: http://dishupravoslaviem.ru/lyubochestie-chto-eto-takoe/; ასევე: https://azbyka.ru/lyubochestie)

– ეშმაკს, რომელსაც ყველაფრის წაბილწვა სურს, შეუძლია კაცთმოთნეობით ღვთისნიერების რაღაც ნაწილი მიიტაცოს. ადამიანი შეიძლება უანგარო და გულუხვი იყოს, მაგრამ თუ ყურადღებას არ მიაქცევს საკუთარ თავს, მას კაცთმოთნეობის სენი შეეყრება და შემდეგ ასეთმა ვინმემ, რაც არ უნდა აკეთოს, ნაყოფს მაინც ვერ მიიღებს. ეს იგივეა, რომ წყალი ამოხაპო გახვრეტილი ვედროთი, მაგრამ თუ ადამიანი გააცნობიერებს, რომ ყოველი საქმე, რომელსაც კაცთმოთნეობით აღასრულებს, ფუჭია, მაშინ მას ყოველგვარი სურვილი დაეკარგება იმისა, რომ სხვების საჩვენებლად აკეთოს რამე, მისი თვალები არ მოისურვებენ იხილონ პატივი, ხოლო ყურები – ისმინონ ის, რას ამბობენ სხვები მის შესახებ.

– მაგრამ მე ვერ ვხვდები ჩემი ქმედებები უანგარობაა თუ კაცთმოთნეობა.

– რაც სუფთაა, მაშინვე ჩანს. როდესაც ადამიანს უანგარობა ამოძრავებს, მაშინ მას შიგნიდან აქვს მოწმობა – იგი შინაგან სიმშვიდეს გრძნობს, ხოლო კაცთმოთნეობასა და პირფერობას სულში შფოთი და მღელვარება შემოაქვს.

– გერონდა, აზრი მეუბნება, თითქოს განსაცდელში იმის გამო ვვარდები, რომ ჩემი გული მთლიანად არ ეკუთვნის ღმერთს.

– დიახ, მის ნაწილს კაცთმოთნეობა ეპატრონება. შეეცადე, რომ შენ მიერ აღსრულებულ არცერთ კეთილ საქმეში კაცთმაამებლობა და პირფერობა არ გაერიოს, რათა სრულად მიიღო შენი შრომის საზღაური და ეშმაკს არ დარჩეს წილი, და რათა სრულად დატკბე შინაგანი სიმშვიდით. გააანალიზე, მოქმედებისას რა გამოძრავებს და თუ ამგვარი „კეთილი ღვაწლით“ (1ტიმ. 6:12) იღვაწებ, მაშინ ამქვეყნიური სურვილებისგანაც გათავისუფლდები, რომელთა ცენტრსაც ადამიანური „მე“ წარმოადგენს. მაშინ ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა, აღარც შინაგანი განსაცდელები შეგაწუხებს და აღარც გარეგანი, არამედ სულიერი სიმშვიდით დატკბები.

– გერონდა, მე ის მაწუხებს, რომ წინ არ მივიწევ სულიერ ცხოვრებაში, არადა, მსურს, რომ ყოველდღიურად წარვემატებოდე.

- იცი, ზოგჯერ როგორ ხდება? ადამიანებს ვნებებისაგან გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ სურთ, რომ უკეთესნი გახდნენ და თავი მოაწონონ სხვებს და არა – ღმერთს. აი, შენ, მაგალითად, გსურს, რომ უკეთესი გახდე და სულიერ ცხოვრებაში წარემატო, მაგრამ თუ გიფიქრია, რატომ გსურს ეს? იმისათვის, რომ ღმერთს დაუახლოვდე თუ სხვა დებზე უკეთესი გამოჩნდე? დავუშვათ, ცდილობ, რომ ეკლესიაში სხვებზე ადრე მიხვიდე, მაგრამ რისთვის? იმისთვის, რომ მსახურებაზე არ დაიგვიანო თუ იმისათვის, რომ დებისგან შექება მოისმინო?! სულიერი ადამიანი იმას ფიქრობს, რომ ღმერთს მოეწონოს და არა – ადამიანებს. პავლე მოციქულიც ხომ ამას ბრძანებს: „რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ“ (გალ.1:10)?!

– გერონდა, სულ იმას ვცდილობ, რომ სხვის თვალში არ დავმცირდე და არა იმას, რომ ღვთის წინაშე სწორად ვიარო. როგორ მოვიქცე, რომ განუწყვეტლივ ღვთის შიში ვიქონიო?

– სიფხიზლეა საჭირო. ნებისმიერი ქმედებისას – თუნდ ყველაზე უმნიშვნელოშიც კი – მთავარი ღმერთი უნდა იყოს. მთელი შენი არსებით ღვთისკენ ისწრაფე. და თუ ღმერთს შეიყვარებ, გონებით განუწყვეტლივ იმის შესახებ იფიქრებ, როგორ სათნო-ეყო მას, როგორ მოეწონო ღმერთს და არა – ადამიანებს. ეს იმაში დაგეხმარება, რომ გათავისუფლდე კაცთმოთნეობის ბორკილებისაგან, რომელიც ხელს გიშლის უმაღლესი ცხოვრებისაკენ წინსვლაში, ხოლო როდესაც სხვების თვალში დამცირება გაგახარებს, მაშინ შინაგანად დატკბები უტკბილესი იესოთი.

შექების კარამელი შაქარყინული

– გერონდა, შექება მოვისმინე და...

- და მერე რა?! ჩვენ რა უნდა გვაღელვებდეს?! ის, თუ როგორ დამოკიდებულებაში არიან ჩვენ მიმართ ადამიანები თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენდამი ქრისტეს?! ჩვენი მამოძრავებელი ძალა ქრისტეა თუ სხვები?! სერიოზული ადამიანი ხარ, ასე რომ, დაუფიქრებლად ნუ იქცევი! მეც ხშირად მაქებენ, მათ შორის დიდი ადამიანები, მაგრამ მათი ქებისგან გული მერევა, თავს შორს ვიჭერ მათგან და სასაცილოდ არ მყოფნის. შენც ასე მოიქეცი და როდესაც რაიმე საქებარს მოისმენ შენ შესახებ, მაშინვე თავიდან მოიშორე. ეს ყველაფერი სიმყრალეა! რა მოგვემატება იმით, რომ სხვები გვაქებენ?! მხოლოდ ის, რომ ხვალ ან ზეგ ეშმაკები დაგვცინებენ! ადამიანი, რომელსაც აქებენ და ეს უხარია, ეშმაკის მიერ არის მოტყუებული.

თუ ადამიანი ამპარტავნებითაა შეპყრობილი ან მისკენაა მიდრეკილი, ის უკვე დაავადებულია და მაშინ ყოველგვარი შექება, „ამქვეყნიური“ იქნება ის თუ „სულიერი“ (და ხორცს შეეხება თუ სულს), მისთვის მავნეა, ამიტომ, აჯობებს, თუ ტყუილუბრალოდ არავის შევაქებთ, რადგან თუ ადამიანი სულიერად სუსტია, ქებით მხოლოდ ვავნებთ და შეიძლება დავღუპოთ კიდეც.

ქება ნარკოტიკივითაა. მაგალითად, ადამიანი ტაძარში პირველად წარმოთქვამს ქადაგებას, შემდეგ მან შეიძლება სხვებს ჰკითხოს კარგად იქადაგა თუ არა ან რას მიაქციოს ყურადღება, რომ მსმენელი არ დააზიანოს. გასამხნევებლად მეორემ შეიძლება უთხრას: „კარგად საუბრობდი, მაგრამ, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა ამა და ამ საკითხზე გაგემახვილებინა ყურადღება“, თუმცა ამპარტავნებისკენ მიდრეკილი მქადაგებელი შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ სხვების აზრს მხოლოდ ქების მოსმენის მიზნით კითხულობდეს. და თუ ეტყვიან: „დიახ, კარგი ქადაგება იყო“, გაუხარდება. „აი, როგორ მაქებენ,“ – იფიქრებს ის და იამპარტავნებს, მაგრამ თუ ეტყვიან, რომ „ქადაგება ცუდი იყო“, დადარდიანდება. ხედავთ, ეშმაკი ერთი შექებით (შექების კარამელით) როგორ ატყუებს ადამიანს?! თავიდან ის კითხულობს, რადგან კეთილი განზრახვა ამოძრავებს და იმის შეტყობა სურს, თუ რა უნდა გამოასწოროს, შემდეგ კი სხვებს აზრს იმისთვის ეკითხება, რომ მოისმინოს შექება, რომელიც სიხარულს ანიჭებს.

თუ თქვენ გახარებთ და კმაყოფილებას განიჭებთ ქება, მაგრამ წუხხართ და ცხვირს უშვებთ შენიშვნის გამო – რომ რაღაც კარგად ვერ გააკეთეთ – იცოდეთ, რომ ამგვარი მდგომარეობა ამსოფლიურია. ასეთივეა თქვენი მწუხარებაცა და სიხარულიც. სულიერად ჯანმრთელ ადამიანს კი ის უხარია, როცა იმას ეტყვიან, რა არ გამოუვიდა, რადგან ამით შეცდომის გამოსწორებაში ეხმარებიან. ასეთი ადამიანი აღიარებს, რომ რაღაც შეეშალა. ამის გამო ღმერთი მას სიბრძნეს მისცემს და შემდეგი მცდელობისას საქმეს თავს კარგად გაართმევს, თუმცა ის ფიქრობს, რომ თავად კი არ გააკეთა რამე, არამედ ღმერთმა. „მე მარტო რას შევძლებდი?!“ – ამბობს ის, – ღმერთი რომ არ დამხმარებოდა, მხოლოდ სისულელეებს ჩავიდენდი“. ასეთ ადამიანს სწორი სულიერი განწყობა აქვს.

– გერონდა, როგორ შევძლოთ, რომ ქებაცა და ლანძღვაც ერთნაირად მივიღოთ?

– ამსოფლიური დიდება მოიძულეთ და მაშინ ქებაცა და ლანძღვაც ერთი იქნება თქვენთვის.

პატივმოყვარეობა

– გერონდა, რატომ ვგრძნობ ჩემ შიგნით სიცარიელეს?

– ამის მიზეზი პატივმოყვარეობაა. როდესაც ადამიანების თვალში ვცდილობთ ამაღლებას, მაშინ ვგრძნობთ სიცარიელეს, რომელიც პატივმოყვარეობის ნაყოფია, ქრისტე კი სიცარიელეში კი არა, განახლებული ადამიანის გულში შემოდის. სამწუხაროდ, სულიერად მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც სათნოების მოხვეჭას ცდილობენ, ხშირად სურთ ისეთი რამეც ჰქონდეთ, რაც მათ ამპარტავნებას გამოკვებავს, მაგალითად: საყოველთაო აღიარება, პრივილეგიები და სხვ. ამგვარად, მათ სულში ჩნდება სიცარიელე – პატივმოყვარეობის სიცარიელე, აღარც გულწრფელი სიხარული აქვთ და რაც უფრო მეტად იზრდება მათში პატივმოყვარეობა, მით უფრო მეტად იზრდება მათ სულში სიცარიელე და მით უფრო მეტადაც იტანჯებიან.

– გერონდა, რა განაპირობებს იმ სიმძიმეს, რომელსაც საქმიანობისას განვიცდი?

– სიმდაბლით არ მოღვაწეობ. ვინც სიმდაბლით აკეთებს თავის საქმეს, სიმძიმეს არ განიცდის, მაგრამ როდესაც ადამიანის სულიერ მისწრაფებებს პატივმოყვარეობა ახლავს, მაშინ სულში სიმძიმე ჩნდება. როცა სიმდაბლით ვითხოვთ ღვთის წყალობას, ვნებები სულიერ წინსვლაში ხელს ვერ გვიშლის, მაგრამ როდესაც პატივმოყვარეობით გვიჭერს ეშმაკი, მაშინ ის თვალს გვიხვევს და ვიწრო და სახიფათო ბილიკით მის მიყოლას გვაიძულებს. აი, სწორედ მაშინ ვგრძნობთ სულში სიმძიმეს, რადგან ბოროტის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით.

სულიერი ცხოვრება სულაც არ ჰგავს საეროს. მაგალითად, ერში რომ რამე საქმიანობით წარმატებას მიაღწიო, ამისთვის კარგი რეკლამაა საჭირო, უნდა გაავრცელო რაიმე ბუკლეტები, უნდა შეეცადო, რომ მეტი შეიტყონ შენ შესახებ, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში „საქმიანობა“ მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ადამიანი ამქვეყნიურ დიდებას მოიძულებს.

– გერონდა, როგორ მოვიშოროთ თავიდან პატივმოყვარეობის აზრები?

– ნუ გაგახარებს ის, რისკენაც ერის ადამიანები მიისწრაფიან. სულიერ სფეროში მოქმედება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც შენი მისწრაფებები ამქვეყნიურის საწინააღმდეგოა. გსურს, რომ ყველას უყვარდე? – მაშ, გიხაროდეს, როდესაც ყურადღებას არ გაქცევენ! საპატიო ადგილი გსურს? – დაჯექი მომცრო სკამზე! ქებას ეძებ? – შეიყვარე დამცირება, რათა დამცირებული იესოს სიყვარული განიცადო! დიდებას ეძებ? – შეურაცხყოფისკენ ისწრაფე, რათა ღვთის დიდება შეიგრძნო! ხოლო როდესაც ღვთის დიდებას შეიგრძნობ, თავს ბედნიერად იგრძნობ და იმ სიხარულით აღივსები, რომელიც მთელი სამყაროს ყველა სიხარულს აღემატება.

თავი 3. ამპარტავნების შედეგები

ამპარტავნება ღმერთს გვაშორებს

– გერონდა, ვგრძნობ, რომ კარგად არ ვარ.

– მიზეზი თუ იპოვე? ბოლოს, როცა გნახე, დავინახე, რომ სწორად აზროვნებდი და განუსჯელად არ მოქმედებდი, ამის გამო ქრისტე გეხმარებოდა. იქნებ ამით ამპარტავნებაში ჩავარდი და ქრისტემაც თავისი მადლი ამიტომ წაგართვა?

– დიახ, გერონდა, ალბათ ასეა.

– როდესაც ვივიწყებთ, რომ ღვთის დახმარებით წარვემატებით და ვფიქრობთ, რომ ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით ვაღწევთ, მაშინ ღმერთი თავის მადლს გვართმევს, რათა მივხვდეთ, რომ ჩვენ მხოლოდ სურვილი და მონდომება გვაქვს, ხოლო შეწევნა და წარმატება კი ღმერთზეა დამოკიდებული. როგორც კი კვლავ ვაცნობიერებთ, რომ წარმატებას ღვთის შეწევნით ვაღწევთ, მაშინვე თვალები გვეხილება, ვმდაბლდებით, დაცემის გამო ტირილს ვიწყებთ და ღმერთიც გვიცოდებს, თავის მადლს გვიბრუნებს და წინსვლას ვაგრძელებთ.

– როდესაც ადამიანი ამპარტავნებაში ვარდება, ღვთის მადლი მაშინვე ტოვებს?

– რა თქმა უნდა! შენ ფიქრობ, რომ მთიების ეშმაკად ქცევას დიდი დრო დასჭირდა?! ყველაფერი ერთ წამში მოხდა. როგორც კი ადამიანი გაიფიქრებს, რომ რაღაცას წარმოადგენს, ღვთის მადლი მაშინვე ტოვებს. რა საერთო აქვს ღვთის მადლს ამპარტავნებასთან?! ღმერთი სიმდაბლეა, ხოლო როდესაც ადამიანს ღვთის მადლი განეშორება, ეშმაკი მოდის და გონებას უბნელებს, შემდეგ ხილულადაც შეიძლება დაესხას თავს, შინაგანად კი სულიერ წყვდიადში ამყოფებს.

ამპარტავანი ღვთის მადლის გარეშეა დარჩენილი, ამიტომ საშიშროება არსებობს, რომ (ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ...) უმეტესად დაეცეს. ასეთი ადამიანი ღვთისაგან შორსაა, რადგან ამპარტავნება ცუდი ელექტროგამტარია, ის იზოლატორია, რომელიც ღვთის მადლს არ ატარებს და ღმერთს გვაშორებს.

ამპარტავნული აზრების მიღებით ნებისმიერ საქმეს ვღუპავთ

– გერონდა, ძალიან უყურადღებო ვარ, ყველაფერს ვაფუჭებ.

– როგორც ჩანს, შენში ფარული ამპარტავნებაა, მაგრამ რადგან ღმერთს უყვარხარ, შესაბამისად, სულიერი კანონები იწყებენ მოქმედებას, რაღაცას აფუჭებ და მდაბლდები: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 14:11).

– გერონდა, მეშინია რაიმეს დაუთოების, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ სხვისი ანაფორა დავწვი.

– პირჯვარი გადაიწერე და დაუთოება განაგრძე.

– იქნებ ეს საცდური იყო?

– როცა რამეს ვაფუჭებთ, ამას იშვიათად განაპირობებს ეშმაკის შური. მიზეზი, ძირითადად, ამპარტავნული აზრებია. როდესაც ამპარტავნულ აზრებს ვიწყნარებთ, ნებისმიერ საქმეს ვვნებთ. ეტყობა, შენც ამპარტავნების აზრებს მოუსმინე.

– მაშინ ანაფორა რატომ დაიწვა და მე რატომ არ დამემართა რამე?

– იმიტომ, რომ ანაფორა სხვისი იყო, ამით სხვებმაც შეიტყვეს რაც დაგემართა, შენ მათ თვალში შერცხვი და ამის გამო დამდაბლდი, მაგრამ შენ რომ დაგმართნოდა რამე, მაშინ არ შერცხვებოდი. რა მიზნით ამბობს ადამიანი აღსარებას? იმისათვის, რომ ცოდვა გამოააშკარაოს და დასაცინად აქციოს: ასე იძლევა ეშმაკი.

– გერონდა, როდესაც ადამიანი რამეს აკეთებს და მისი ნამოქმედარი, სასარგებლოს ნაცვლად, საზიანო აღმოჩნდება, ეს რას ნიშნავს: არასწორად აკეთებდა თუ კეთილად არ იყო განწყობილი?

– შეიძლება ამის მრავალი მიზეზი არსებობდეს. გამოსარკვევია, რა მოტივი ამოძრავებდა.

– გერონდა, დაბნეულობის გამო თუ შეუძლია ადამიანს რაიმეს გაფუჭება?

– თუ უფრო ყურადღებით დააკვირდები, დაინახავ, რომ უმეტეს შემთხვევაში ამის მიზეზი ამპარტავნებაა. თუ, მაგალითად, რომელიმე დიასახლისი გაიფიქრებს, რომ თეფშებს მასზე უკეთ ვერავინ რეცხავს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჭურჭლის თარო გადმოაყირაოს და ყველაფერი დაამსხვრიოს. ერთხელ ერთმა ქალმა, რომელიც ჭურჭლის მაღაზიაში მუშაობდა, ამგვარი რამ გაიფიქრა: „რა მარჯვედ ვიღებ ჭიქების ყუთებს თაროებიდან!“. გაფიქრებისთანავე მას ხელიდან გაუვარდა ყუთი, იატაკზე დაეცა და ყველა ჭიქა დაემსხვრა. ან, დავუშვათ, რომ მძღოლმა გზაზე საცოდავი მოხუცი დაინახა, მანქანაში ჩაისვა და სადაც მოხუცმა უთხრა, იქ წაიყვანა. და თუ ამ დროს მძღოლი გაიფიქრებს: „სხვა ასე არ მოიქცეოდა! ახლა ეს მოხუცი ყველას ეტყვის, თუ რა კარგი ადამიანი ვარ!“ – მძღოლს ღვთის მადლი განეშორება და შეიძლება სვეტსაც შეასკდეს, ან ტროტუარზე გადავიდეს და ვინმეს დაეჯახოს!

სულიერი აღმაფრენის ნაცვლად ამპარტავანი ადამიანი სულიერად ეცემა

– გერონდა, სიცხე აღარ მაქვს.

– ძალიან კარგი! მიხარია, რომ არ გაქვს, მადლობა ღმერთს! – თორემ ძალიან მძიმედ იყავი. იმედი მაქვს, რომ ტემპერატურა სულიერ ცხოვრებაშიც დაგიწევს, ოღონდ ამპარტავნებას უნდა გაუმკლავდე, რომლის გამოც სიცხე გიწევს. მას არა მხოლოდ სულიერი ტემპერატურის აწევა შეუძლია, არამედ ძლიერ სიცხესაც იწვევს. რაც უფრო ძლიერია ამპარტავნება, მით უფრო მაღალია სულიერი ტემპერატურა, ის სხეულზეც მოქმედებს და მხურვალებას უმატებს, რადგან სხეული და სული ურთიერთდამოკიდებული არიან.

ამპარტავნება ყველაზე საშინელი სულიერი სნეულებაა. იგი წურბელას ჰგავს. თუ წურბელა მოგეკრობა, სისხლის გამოწოვას იწყებს. ამპარტავნებაც მთელ სისხლს წოვს ადამიანს და სულიერ უჟანგბადობას იწვევს, რადგან მთლიანად მოიხმარს იმ ჟანგბადს, რომელიც სულისთვის იყო განკუთვნილი.

– გერონდა, ვხედავ, რომ, როგორც კი ჩემს საქმიანობაში გარკვეულ კალაპოტში შევდივარ...

– როგორც ჩანს, აზრი ამის თქმას ცდილობს შენთვის: „მე წარვემატები“, რასაც დაცემა მოსდევს. ამპარტავანი ადამიანი, სულიერი აღმაფრენის ნაცვლად, ეცემა.

– გერონდა, რასაც არ უნდა ვამბობდე და ვაკეთებდე, ამპარტავნება ყველაფერში თავის გესლს ურევს.

– ჰოდა, შენც ყველაფერი თავმდაბლური აზრით აკეთე, სხვაგვარად, შენს კეთილ საქმეებშიც ეშმაკის ხელი იქნება გარეული. დავუშვათ, ერთი ადამიანი ამაყად უცხადებს სხვებს: „ვაპირებ კეთილი საქმე გავაკეთო“. ამგვარი სიტყვებით ის თავისი გადაწყვეტილების თანამონაწილედ აქცევს ეშმაკს, რის გამოც მრავალი დაბრკოლება შეიძლება შეხვდეს ამ გზაზე და საბოლოოდ, ვერც ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ თუ ადამიანი უხმაუროდ აკეთებს თავის საქმეს, მაშინ იმ საქმეში ეშმაკი არ თანამონაწილეობს.

– გერონდა, სულიერად სწორად როგორ ვიმუშაო საკუთარ თავზე?

– დაფარულად და მდუმარედ. სულიერი შრომა ფაქიზი საქმეა და ყოველი ჩვენი მოქმედება განსაკუთრებულ სიფხიზლეს საჭიროებს. სულიერი ცხოვრება „მეცნიერებათა მეცნიერებაა,“ – ასე ამბობენ წმიდა მამები. როგორი სიფხიზლეა საჭირო! სულიერ ცხოვრებაში აღმასვლა ხვეულ კიბეზე მოაჯირის გარეშე ასვლას ჰგავს. თუ ადამიანი წინ მიიწევს, მაგრამ არ აკონტროლებს ფეხს სად დგამს და მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ მაღლა ადის – „აი, რა სიმაღლეზე ავედი! და უფრო მაღლაც ავალ!“ – მას ფეხი უცდება და ქვევით მიფრინავს.

– და რატომ არ აქვს ამ კიბეს მოაჯირი?

– იმიტომ, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა და უნდა იყენებდეს იმ გონებას, რომელიც ღმერთმა მისცა, მაგრამ თუ ის მას სწორად ვერ იყენებს, როგორღა დაეხმაროს ღმერთი?!

– გერონდა, შეიძლება, რომ ამპარტავნება იყოს ადამიანის სულიერი უნაყოფობის (გვალვის) მიზეზი?

– დიახ. თუ ადამიანი ამპარტავანია, მაშინ ღმერთი უშვებს, რომ ის უხალისოდ, გულცივად, გულგრილობისა და განურჩევლობის მდგომარეობაში იყოს, რადგან თუკი ამპარტავანი ადამიანი ზეციურ სიკეთეთაგან იგემებს, გაამაყდება და იფიქრებს, რომ ეს ყველაფერი თავისი მოღვაწეობით დაიმსახურა, შემდეგ კი სხვებსაც ეტყვის: „იღვაწეთ! ხედავთ, ჩემი შრომით რამდენს მივაღწიე!“ – და, ამგვარად, სხვებსაც ავნებს. ამიტომ მის თავს ღმერთი უშვებს იმდენჯერ მოხვდეს, რამდენიც საჭიროა, რომ საკუთარ თავზე წარმოდგენებისაგან გათავისუფლდეს, საკუთარი თავის რწმენა დაკარგოს (კარგი გაგებით) და გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს სიტყვები: „რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (ინ. 15:5).

ამპარტავნება ადამიანს დასაცინს ხდის

– გერონდა, რატომ არის, რომ გამუდმებით გვსურს ჩვენი კეთილი საქმეების შესახებ იცოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ტკბილი და ადვილია ცხოვრება, როდესაც არავინ გიცნობს?

– ადამიანი, რომელსაც შინაარსიანი სამყარო აქვს, ცდილობს, რომ მისი კეთილი საქმეები არ გამჟღავნდეს. ასეთი ადამიანი სხვებს უფრო მეტად უყვართ და პატივს სცემენ, თუმცა მან ამის შესახებ არაფერი იცის.

რაოდენ მიმზიდველია თავმდაბალი ადამიანი და რაოდენ აუტანელია ამპარტავანი! ამპარტავანი არავის უყვარს. მისგან ღმერთიც პირს იბრუნებს. გაამაყებულ თანატოლს პატარებიც კი დასცინიან, მშვიდსა და გონიერს კი პატივს სცემენ. როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ ვიღაც ქუჩაში ცხვირაწეული მიდის, მაშინვე ხვდებიან, რა ხილიც ბრძანდება ის, უკან მისდევენ და აჯავრებენ. მახსოვს, ერთი ადამიანი იყო კონიცაში. მიუხედავად იმისა, რომ საშინელ სიღატაკეში ცხოვრობდა, ყოველდღიურად პიჯაკით, ჰალსტუხითა და შლაპით გამოწყობილი ამაყად დასეირნობდა მოედანზე. როგორც კი ბავშვები თვალს მოკრავდნენ, მაშინვე ჩუმად აედევნებოდნენ ხოლმე და სიარულში აჯავრებდნენ. სრულიად პატარა ბავშვები ასე იქცეოდნენ! ხოლო დიდები რაოდენ უფრო უკეთ ამჩნევენ ამპარტავან ადამიანს! მართალია, არაფერს ამბობენ, რათა არ შეურაცხყონ ის, მაგრამ შინაგანად მის მიმართ ზიზღს გრძნობენ.

ადამიანი, რომელიც თავის განდიდებას ცდილობს, დასაცინი ხდება. მახსოვს, როდესაც სინას მთაზე ვცხოვრობდი, ერთი მღვდელი ჩამოვიდა, რომელსაც საბა ერქვა. ეს ადამიანი ცოტა ქედმაღალი და პატივმოყვარე იყო. ერთხელ ბედუინებს მონასტერში მძიმე რაღაც შემოჰქონდათ, ძლივს მოათრევდნენ და ყვიროდნენ: „საუვა, საუვა!“ რაც ნიშნავს „ერთად, ერთადო!“. მამა საბა მათ ყვირილზე ეზოში გამოვარდა: „ჩამოსვლა ვერ მოვასწარი და უკვე ყველანი „საბას“ გაიძახიან! აქაც კი ყველა მიცნობს!“. მას ეგონა, რომ ბედუინები ყვიროდნენ - „საბა!, საბა!“. ეს რომ თქვა, გამეცინა. აბა, არ გაგეცინება?! გონება საითაც უმუშავებს, იმის შესაბამისად იგებს... თუ ადამიანს, ოდნავ მაინც, გაზვიადებული წარმოდგენა აქვს თავის თავზე, ყველაფერს გაზვიადებულადვე აღიქვამს.

– ადამიანი ამპარტავნების გამო იქცევა ამგვარად?

– იგი პატივმოყვარეობის ტყვეა, ამ დროს ფანტაზიაც თავის საქმეს აკეთებს, ასე რომ... ერთი ბერი მიყვებოდა, რომ როდესაც ის ერში ცხოვრობდა, თავის ერთ ნაცნობს ძვირფასი ლაბადა აჩუქა. ერთხელაც ერთად აღმოჩნდნენ ერთ კამპანიაში. მისი ნაცნობი სწორედ იმ ლაბადაში იყო გამოწყობილი. საუბრისას, მოულოდნელად, იმ კაცმა განაცხადა: „იცით, საიდან მაქვს ეს ლაბადა?! პარიზიდან! და იცით რა ღირს?!“ – ამას იმ ადამიანის თანდასწრებით ამბობდა, რომელმაც ეს ლაბადა აჩუქა.

– ის რა, სულელი იყო?

– ვინ შეიძლება იყოს ამპარტავანზე უფრო სულელი?! ამპარტავნება ადამიანს სხვების დასაცინად აქცევს.

თავი 4. შევუტიოთ ამპარტავნებას

საჭიროა ბრძოლა, მაგრამ – ბრძოლა მართებულად

– გერონდა, ასეთი აზრი მომდის, რომ თუკი მორჩილებას შევიცვლი – ანუ კლიროსს დავტოვებ და ხატებს აღარ დავწერ – ამპარტავნებასაც თავს დავაღწევ და განსაცდელებშიც არ ჩავვარდები.

– გალობა რომც შეწყვიტო და ხატების წერაც, თუ პატივმოყვარეობასა და ქედმაღლობას არ მოიძულებ, უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ. მორჩილების მიტოვებაც ამპარტავნების გამო გსურს. ამის მიზეზი კიდევ უფრო მეტი ამპარტავნებაა, რადგან, სინამდვილეში, მორჩილებაზე უარის თქმა იმის გამო გსურს, რომ შენი ეგოიზმი არაფერმა შეაწუხოს.

– გერონდა, განა უკეთესი არ არის, რომ არაფერი აკეთო, ვიდრე აკეთო და ამით იამაყო?

– თუ გეუბნებიან, ესა და ეს საქმე გააკეთეო, წადი და გააკეთე, მაგრამ ფრთხილად იყავი, რომ არ წაიფორხიალო და დაეცე, მაგრამ თუ მაინც დაბრკოლდები და დაეცემი, ადექი. გააცნობიერე, რომ უყურადღებობის გამო წაბორძიკდი, და თუ კვლავ გეტყვიან გააკეთეო, გააკეთე, მაგრამ უფრო ყურადღებით იყავი, რათა კვლავ არ დაბრკოლდე. ერთხელ თუ დაეცი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარაფერი აკეთო! აი, თუ გეტყვიან: „ნუ მიდიხარ, რადგან წინაზე დაეცი“, მაშინ არ წახვიდე, გასაგებია?! როდესაც რაიმეს გაკეთებას გავალებენ, გაკეთე, მაგრამ – სწორად და სიმდაბლით, ხოლო არაფერი არ აკეთო იმის გამო, რომ ამპარტავნებაში არ ჩავარდე – კიდევ უფრო უარესია. ეს იგივეა, რომ ბრძოლას გვერდიდან უყურო და დაჭრის შიშით არ იომო. უნდა იბრძოლო, მაგრამ სწორად ბრძოლაა საჭირო. აბა, სხვა რა უნდა აკეთო?!

სიამაყის დაძლევაში ძმა გეხმარება

– გერონდა, როდესაც დები შენიშვნას მაძლევენ, მწყინს.

– ამაყი ხარ და იმიტომ გწყინს. როცა ძმას იმის უფლებას აძლევ, რომ შენიშვნა მოგცეს და რამდენიმე სიტყვით დაგარიგოს კიდეც, ამით ის სიამაყის დაძლევაში გეხმარება. ასე ხდება სულის განწმენდა.

– ადამიანს საკუთარი ამპარტავნების დანახვა უჭირს, ამიტომ სხვებს ისე უნდა უყურებდეს, როგორც მკურნალს და მათგან ყველა სახის წამალი უნდა მიიღოს, რათა განიკურნოს. ყოველ ადამიანს აქვს თავის მარაგში წამალი მოყვასისთვის. კარგი ექიმი პაციენტს თანაგრძნობითა და სიყვარულით ეპყრობა, ცუდი კი – გულისწყრომითა და სიძულვილით, და ხშირად სწორედ ეს მეორე უკეთესიც კი არის ხოლმე პირველზე, რადგან სწორედ ასეთი (სასტიკი) ქირურგის სკალპელი უფრო ღრმად ჩადის და კვეთს.

– გერონდა, მე მიუხვედრელი ვარ და ამიტომ ხშირად ვერ ვხდები, რის გამო მაძლევენ შენიშვნებს.

– ჯობია თქვა: „გონიერი ვარ, მაგრამ სიმდაბლე არ მაქვს“. როცა შეცდომებისკენ გითითებენ, თავის მართლებას იწყებ და რადგან შეუმცდარი ხარ, რას აღიარებ?! სხვები კი ტყუილად განგიკითხავენ!

ადამიანი, რომელსაც შენიშვნებს აძლევენ და თავს იმართლებს, კლავს თავმდაბლობას, ხოლო ვინც თავის შეცდომებს აღიარებს, მდაბლდება და მასზე ღვთის მადლი გადმოდის.

– გერონდა, მე მგონია, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცებას კი არ ვცდილობ, არამედ, უბრალოდ, იმის ახსნა მსურს, რომ არასწორად გამიგეს.

– მე შევნიშნე, რომ ფარულ ამპარტავნებაში იმყოფები, რომელიც თავის მართლებით მჟღავნდება. ეცადე, რომ, რაც არ უნდა გითხრან, თავი არ იმართლო. გულწრფელად ითხოვე შენდობა, ეს საკმარისია. სიტყვით „მაპატიე“ და გულწრფელი სინანულით მოიკვეთება ამპარტავნება.

– დღეს ერთი ბავშვი ცელქობდა ოთახში. დედამ მოსთხოვა, რომ ბოდიში მოეხადა, ის კი პასუხობდა „არ მინდაო“. რატომ უჭირს ასე ზოგიერთ ადამიანს თქვას „მაპატიე“?

– ამპარტავნება უფლებას არ აძლევს.

პიროვნების სულიერი გახლეჩა

– გერონდა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისგან როგორ გავთავისუფლდე?

– თუ საკუთარ თავს ჩაუკვირდები, იქ ისეთ სიმახინჯეს დაინახავ, რომ თავი შეგძულდება.

თუ ადამიანი საკუთარი თავის შეცნობით ბუნებრივად არ დამდაბლდება, მასში ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება და ეშმაკი მთელი ცხოვრება (მათუსალასავით დიდხანსაც რომ იცხოვროს (ბიბლიური პატრიარქი, იცხოვრა 969 წ.– რედ.)) კატა-თაგვობანას ეთამაშება: ხან ის შთააგონებს ამპარტავნულ აზრებს, ხან ადამიანი უპასუხებს მას თავმდაბლური აზრებით, ხან ერთი გაიმარჯვებს, ხან მეორეს დარჩება გამარჯვება და აი, ასე განაგრძობენ ერთი სტვირით დაკვრას.

– გერონდა, ვხედავ, რომ ყველა დამ, ახალგაზრდებმაც კი, ჩემზე მეტი სათნოება მოიხვეჭა.

– შენ თვითონ არ დამდაბლდი და სხვებმა დაგამდაბლეს. იცი, რას აკეთებენ, როდესაც რაკეტის კოსმოსში გაშვება სურთ? უკუთვლას იწყებენ: ათი, ცხრა, რვა, შვიდი... ერთი, ნული! როდესაც ნულამდე დავლენ, რაკეტას უშვებენ. შენც ნულამდე დახვედი, ახლა ზევით ასვლას დაიწყებ. ფიზიკას სწავლობდი?

– დიახ, გერონდა.

– მოვიდა დრო, სულიერი ფიზიკა შეისწავლო და გაიგო, როგორ ხდება პიროვნების სულიერი გახლეჩა.

– როგორ, გერონდა?

– როდესაც საკუთარ თავს ჩაუღრმავდები და შეიცნობ, აუცილებლად დამდაბლდები – მაშინ შენი პიროვნება სულიერად გაიხლიჩება, სულიერი ენერგია გამოთავისუფლდება და კოსმოსში გაფრინდები. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი სულიერ ორბიტაზე გასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამსოფლიურ ორბიტაზე დარჩები.

თუ ადამიანი საკუთარ თავს არ შეიცნობს, მთელი სამყაროც რომ შეიცნოს, არაფერს არგებს, მაგრამ თუ ჯერ თავის შინაგან სამყაროს შეიცნობს, შემდეგ მარტივად შეძლებს შეისწავლოს არა მხოლოდ დედამიწა, არამედ კოსმოსიც. როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დანახვას იწყებს, თავისთავად ხდება მისი პიროვნების გახლეჩა და იგი, დედამიწისა და წუთისოფლის მიზიდულობის ძალის გარეთ მყოფი, სულიერ ორბიტაზე იწყებს ტრიალს. მართალია, იგი კვლავ დედამიწაზე ცხოვრობს, როგორც ადამიანი, მაგრამ ცოდვისა და, საერთოდ, ამქვეყნიურ ვნებათა მიზიდულობას არ განიცდის.

– თუ ადამიანში მაინც რჩება ამპარტავნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე სწორი წარმოდგენა არ აქვს?

– დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ მომხდარა მისი პიროვნების სულიერი გახლეჩა.

– ანუ ისევ სიმდაბლეს ვუბრუნდებით?

– რა თქმა უნდა! ადამიანს, რომელშიც ამპარტავნებაა, ჯერ კიდევ არ შეუცვნია საკუთარი თავი და თუ შეიცნობს, ამპარტავნება დატოვებს მას. დაინახო საკუთარი თავი – ეს უმთავრესია. და რადგან არ არის შემეცნება, არც სიმდაბლეა. როდესაც ადამიანი თავმდაბალია, მაშინ მას სხვა ადამიანებიც აღიარებენ.

– და თუ შემეცნებაა, მაგრამ სიმდაბლის გარეშე?

– მაშინ არ არის სწორი განწყობა და ღვთისნიერება.

მაღალი მდგომარეობა და თავმდაბლური განწყობილება

– გერონდა, ჩემში ამპარტავნებაა?

- არის, ცოტათი! თუმცა, საჭიროა, რომ ამპარტავნება არ გასცდეს იმ ნორმის ფარგლებს, იმ ჩარჩოს, რომელიც კანონითაა დაშვებული...

– და განა არსებობს ამპარტავნების „დასაშვები ნორმა“?

– თუ ამპარტავნებამ მცირედ შეიპყრო ის, ვისაც რაიმე ნიჭი აქვს, ან ცოდნა და ა. შ., ეს მისთვის შემამსუბუქებელი გარემოებებია. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამგვარი ამპარტავნება კარგია, მაგრამ ასეთ ადამიანს რაღაც გამართლება მაინც მოეძებნება, იმას კი, ვისაც არც ნიჭი აქვს და არც ცოდნა, არც ამპარტავნების უფლება აქვს. ის ვალდებულიც კი არის თავმდაბალი იყოს, მაგრამ თუ ამპარტავნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად დაეცა. მაგალითად, მედდა ხშირად იმით ამპარტავნებს, რომ პაციენტს პენიცილინის ნემსს უკეთებს, რომლითაც მას სიცხე უწევს, ფლემინგი კი, რომელმაც პენიცილინი აღმოაჩინა, თავმდაბალი ადამიანი იყო! თავისი აღმოჩენის შემდეგ ის ამერიკაში ჩავიდა. ხალხი აპლოდისმენტებით შეეგება, ფლემინგი თვითონაც ტაშს უკრავდა, შემდეგ იკითხა, ვის ეგებებოდნენ ამგვარად და როცა შეიტყო, რომ ტაშს მას უკრავდნენ, შეცბა! ამით იმის თქმა მსურს, რომ პენიცილინის აღმომჩენი არ ქედმაღლობს, ხოლო მედდა, რომელიც ნემსს აკეთებს, თავს დიდ ვინმედ მიიჩნევს. ამიტომაც ამბობს ბასილი დიდი: „უდიდესი საქმეა, როცა ადამიანს აქვს მაღალი თანამდებობა და თავმდაბლური განწყობილება“. ეს ძალიან ძვირფასი თვისებაა და მის მფლობელს ღმერთი აჯილდოებს.

რა საოცარი თავმდაბლობა აქვთ ზოგჯერ მაღალი წოდების სამხედრო პირებს და რაოდენ ამპარტავანი არიან უბრალო ჟანდარმები. ერთხელ ჩემთან, კელიაში, ჟანდარმერიის სერჟანტი მოვიდა, საკმაოდ თამამი იყო და საუბარი გამიბა: „მე პოლიციელი ვარ, მე ასეთი და ასეთი ვარ!“ მთელი ჟანდარმერიის უფროსიც რომ ყოფილიყო, ისიც კი არ ილაპარაკებდა ასე. საშინელებაა! თუმცა, არსებობენ მდიდრებიც – მაღალჩინოსნები, ნიჭიერები – და ისეთი თავმდაბლობა და უბრალოება გააჩნიათ, რომ... მაღალი წოდების სამხედროები ფორმითაც არ დადიან, რათა პატივს გაექცნენ. მახსოვს, ერთი გენერალი იყო, ომში მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული, აღლუმზე წასასვლელად ემზადებოდა და ამბობდა: ახლა ეს ჯილდოებიც უნდა გავიკეთო...“. სხვა კი, რომელსაც სულ რაღაც ერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული, ყოველთვის ფორმით დადიოდა, რათა ყველასთვის ეჩვენებინა თავისი ჯილდო. ფართო სირმებიც დაიკერა და ამის გამო კინაღამ დასაჯეს კიდეც, რადგან, წესდების მიხედვით, სირმა გარკვეული სიგანისა უნდა ყოფილიყო. საწყალი ხალხი!

– ე. ი. თუ ვინმე არცთუ მაღალ თანამდებობას იკავებს და თან ამპარტავნებს, ამით თავის სიბრიყვეს აჩენს?

– ასეა, და, თანაც, ერთხელ კი არ აჩენს, არამედ - მრავალგზის!

ღვთის წყალობას საკუთარ დამსახურებად ნუ მიიჩნევ

– გერონდა, ვამაყობ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებითა და სულიერი ნიჭით, რომლებიც, ჩემი აზრით, მე მაქვს მოცემული.

– რის საფუძველზე ამაყობ?! განა შენ შექმენი ცა და ქვეყანა (შდრ.: 4 მეფ. 19:15; ნეემ. 9:6; ეფეს. 4:17; ეს. 37:16; იერ. 39:17)? საკუთარ თავს ნუ მიაწერ იმას, რასაც ღმერთი გაძლევს და ნუ ეცდები ისე წარმოაჩინო, თითქოს ის გაქვს, რაც არ გაგაჩნია, არამედ თქვი: „ღმერთმა ჩემი უძლურების გამო მომცა ესა თუ ის ნიჭი, რათა არ დავმწუხრებულიყავი და თავი უბედურად არ მეგრძნო. ახლა ამ ნიჭების განვითარება მმართებს, რათა სულიერად გავმდიდრდე. დიდება შენდა, უფალო! გმადლობ, რომ შემიბრალე და დამეხამრე“. შენ კი მიგაჩნია, რომ ეგ ნიჭები შენია, მაგრამ განა ეგ სინამდვილეა?! „ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს?“ (1კორ. 4: 7). აი, სად არის საჭირო საზრიანობა და მოქნილი გონება, რათა გაიაზრო, რომ ყოველგვარი ნიჭი ღვთის საბოძვარია. საკმარისია ღვთის მადლი განგვეშოროს, რომ ვერაფრის გაკეთებას ვეღარ შევძლებთ. აი, ასე მარტივადაა ყველაფერი.

დავუშვათ, ვინმეს მართლაც აქვს გარკვეული ნიჭები და ამით ქედმაღლობს. დაე, მან, უპირველესად, იმის შესახებ იფიქროს, თუ საიდან აქვს ეს უნარები. ისინი მას ღმერთმა მისცა! და რა გააკეთა თავად მან? არაფერი! მაგალითად, ღმერთმა ვიღაცას უფრო მეტი გონება უბოძა, ამით მას შეუძლია საკუთარი საქმე ჰქონდეს და შეძლებულად იცხოვროს. ახლა, რა, თავისი წარმატებებით უნდა იამაყოს?! საკმარისია ღვთის მადლი განეშოროს, რომ მაშინვე ვალებში ჩავარდება და ციხეშიც შეიძლება აღმოჩნდეს.

ის, ვისაც რაიმე ნიჭი აქვს, მაგრამ თავდმაბლობა არ აქვს და თავისი გამომწვევი ქცევით მოყვასს შეურაცხყოფს, იძულებულს ხდის ქრისტეს, რომ მის თავში „ქანჩები“ მოუშვას, რათა როგორმე დაამდაბლოს. დავუშვათ, რომ ვინმეს ლოდის დაძვრა სურს ადგილიდან, მაგრამ უშედეგოდ, რადგან გონება არ ჰყოფნის და ვერ ხვდება რა გააკეთოს. მასზე გონიერი მოდის და ეუბნება: „შენამდე ვერ დავიდა, არა, რა უნდა გააკეთო?!“ იღებს ლომს ანუ ძალაყინს, მოხერხებულად უმარჯვებს და იოლად ძრავს ლოდს. და განა ის იძულებულს არ ხდის ღმერთს, რომ „ქანჩები“ მართლაც მოუშვას მის თავში?! ზოგიერთ ცნობილ მქადეგებელს საუბრის დროს ენა ისე ებმის, რომ ხმას ვეღარ იღებს! აი, როგორ უწევთ მათ იძულებით დამდაბლება! და უფალი ასეთი მქადაგებლების დაუბრკოლებლად ქადაგებას დაუშვებდა?! ღმერთი ყველას თავისებურად ამუხრუჭებს, რათა ადამიანმა თავის თავს არ ავნოს.

ყურადღება გვმართებს, რათა ღვთის ნიჭების შემოქმედი ჩვენი თავი არ გვეგონოს. განუწყვეტლივ ვმადლობდეთ უფალს და ვეცადოთ, რომ ჩვენთვის ბოძებულ ნიჭთა უღირსნი არ აღმოვჩნდეთ. ჩვენ იმათ გამოც უნდა ვწუხდეთ, ვინც ღვთის ნიჭის ღირსი ვერ გახდა და უნდა ვილოცოთ მათთვის. თუ ვხედავთ ადამიანს, რომელიც რაღაც უნარებით ჩამოგვრჩება, საკუთარ თავს ვუთხრათ: „მას რომ ის ნიჭები ჰქონოდა, რომლებიც მე მომმადლა ღმერთმა, ახლა ის წმინდანი იქნებოდა; მე კი არა მხოლოდ ჩემთვის მოცემული ნიჭები არ განვავითარე, არამედ ვიტყუები კიდეც ღვთის წინაშე, როდესაც ჩემს დამსახურებად მივიჩნევ იმას, რაც თავად მიბოძა“.

ცხადია, ღმერთს არაფერი დააკლდება იმით, რომ ადამიანი თავის დამსახურებად მიიჩნევს ღვთის ნიჭის მიღებას, მაგრამ ამაზე დიდ ნიჭებს აღარ მისცემს, რათა არ ავნოს, მაგრამ თუ ადამიანი უბრალოებითა და სიმდაბლით იმოქმედებს და გააცნობიერებს, რომ ნიჭებს ღმერთი იძლევა, მაშინ უფალი მას სხვა ნიჭებსაც უბოძებს.

ამპარტავნების გამო ჩვენც უბედურნი ვხდებით, რადგან უარს ვამბობთ ღვთის ნიჭებზე და ღმერთსაც ვამწუხრებთ, რადგან უფალს უმძიმს იმის ყურება, რომ უბედურნი ვართ. ღმერთს უამრავი სიკეთე აქვს ჩვენთვის მოსაცემი, მაგრამ ვერ გვაძლევს, რათა არ დავიღუპოთ. მაშასადამე, რა გამოდის? თუ ღმერთი ჩვენ რაიმე ნიჭს გვაძლევს, სხვებს ისე ვუწყებთ ყურებას, როგორც ბუზებს და ჩვენი აგდებული დამოკიდებულებით შეურაცხვყოფთ მათ, ხოლო თუ არ გვაძლევს რაიმე ნიჭს – სასოწარკვეთა გვეუფლება. ასეთ დროს უფალი ამბობს: „თუ მათ რაიმე ნიჭს ვუბოძებ, ამაყდებიან, საკუთარ თავსაც ვნებენ და სხვებსაც თავხედურად ექცევიან. და თუ არ მივცემ, იტანჯებიან და ეწამებიან. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.“

მადლობა ვუთხრათ ღმერთს არა მარტო იმ ნიჭებისთვის, რომლებიც მოგვმადლა, არამედ იმისთვისაც, რომ ადამიანებად შეგვქმნა. იგი ხომ თავადაა ბატონი საკუთარ სახლში, ე.ი. გველებადაც შეეძლო ჩვენი შექმნა, ან თუნდაც მორიელებად, ან კუებად, ჯორებად და ვირებად, ამიტომ, მოდით, ასე ვთქვათ: „ღმერთს შეეძლო, რომ ჯორად გავეჩინე, მყოლოდა ცუდი პატრონი, რომელიც ას ორმოცდაათ კილო ტვირთს ამკიდებდა და მირტყამდა კიდეც, მაგრამ ეს არ ინება; შეეძლო გველი ან მორიელი ვყოფილიყავი, მაგრამ არც ეს გააკეთა; შეეძლო კუდ მოვევლინე, ღორად, ბაყაყად, კოღოდ, ბუზად და ა.შ., მაგრამ არც ეს ქნა. მაშ, რად შემქნა? – ადამიანად! მაგრამ განა ამ ბოძებული მადლის შესაბამისად გამოვიყურები? არა“.

თუ ადამიანი ამგვარად არ განსჯის, ის – სხვების თვალში წმინდანიც რომ იყოს – დედამიწაზე ყველაზე დიდი მატყუარაა, რადგან ცრუობს არა ადამიანთა, არამედ თვით ღვთის წინაშე, რომელმაც მას მრავალი ნიჭი უბოძა; თუ ადამიანი სწორად მსჯელობს, მაშინ, სულიერ მწვერვალებსაც რომ მიაღწიოს და ყოველდღიურად ათასი სასწაულიც რომ აღასრულოს, ფიქრადაც არ მოუვა, რომ რაიმე განსაკუთრებულს თავად აკეთებს. იგი ყველაფერს ღმერთს მიაწერს და მხოლოდ ის აფიქრებს, რამდენად არის იმის ღირსი, რასაც ღმერთი აძლევს. ასეთი ადამიანი ამ ცხოვრებაში უამრავ მადლს იღებს და მადლმოსილი ხდება, რადგან სიმდაბლე მისთვის ბუნებრივ მდგომარეობადაა ქცეული და თუ ყველაფერს ღმერთს მიუძღვნის და ღვთის მადლიერი მონა იქნება, მომავალ ცხოვრებაში მოისმენს: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ“ (მთ. 25:21).


წინა თავი შემდეგი თავი