მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები ამპარტავნების შესახებ |
წმიდა ტიხონ ზადონელი
|
ქრისტე გვამცნობს რა არის თავმდაბლობისა და ამპარტავნების დასასრული: „რამეთუ ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“ (ლკ. 14:11). დახმარება ამპარტავნების დასაძლევად და თავმდაბლობის მოსახვეჭად: ადამიანს არაფერში სჭირდება ქედმაღლობა. ნუთუ პატივისა და დიდების გამო ქედმაღლობ, ადამიანო, რომელიც კვამლივით და წყლის ბუშტუკასავით ქრება? იქნებ სიმდიდრის გამო ქედმაღლობ? მაგრამ იგი, ფულის მსგავსად, ხელიდან ხელში გადადის – თან, თუ უსამართლოდაც არის მოპოვებული, შენთვის უბედურების მომტანია – რადგან, ვისაც არ ელოდები და არ გსურს, იმას ერგება, შენ კი დაღუპვა შეგრჩება ხელთ. ან იქნებ გონებით ქედმაღლობ? გონებასა და სიბრძნეს ღმერთი იძლევა; მან რომ თავისი წაიღოს, ყველაზე მეტად უგუნური აღმოჩნდები. ნუთუ სილამაზითა და ძალით ქედმაღლობ? – მაგრამ ის, როგორც ველის ყვავილი, დიდი სიცხისა და ავადმყოფობისგან ჭკნება და ხმება. ნუთუ კეთილშობილებით ქედმაღლობ? – იგი შენი წინაპრებისაა და არა შენი; მათ დაიმსახურეს და არა შენ; სხვების კუთვნილით ქედმაღლობა ისეთივე უგუნურობაა, როგორიც ის, რომ თავმომწონე ადამიანი (კოპწია) სხვისი კაბით თავს იწონებდეს. ნუთუ სათნოებებით ქედმაღლობ? თუ მართლაც ფლობ მათ – ეს ღვთის დამსახურებაა და არა შენი: „ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს?“ (1კორ. 4:7). როგორც კი ღმერთი თავისას დაიბრუნებს, შენ მხოლოდ შენი ცოდვები დაგრჩება. კიდევ? კიდევ რით შეიძლება იამაყო? შეხედე შენს დაბადებას, ქედმაღალო არსებავ: ვინ იბადება ადამიანზე უფრო რთულად და უფრო ტკივილით?! შეხედე შენს აღზრდას: რომელი ცხოველი ითხოვს ადამიანზე მეტ ყურადღებას, მოვლას, სისუფთავეს, კვებას, მოფრთხილებას, ვიდრე გაიზრდება?! მრავალი ცოხველი დაბადებისთანავე თავადვე იწყებს გამოკვებას, ადამიანი კი კარგა ხანს სხვისი ხელით დადის, იცვამს, სხვისი შრომით იკვებება, თბება, ინახება! შეხედე შენი ცხოვრების შინაარსს: ადამიანზე უფრო მეტად ვინ იღვწის საკვებისა და სასმელისთვის?! შეხედე სამოსს: საიდან გაქვს იგი? ცხვარი, კურდღელი, მელია, მგელი, ფოცხვერი, დათვი გაცმევს შენ: იმდენად უბადრუკი ხარ, რომ სამოსიც კი არ გაგაჩნია შენი. შეხედე შენს მდგომარეობას: ვისი ხვედრია ამდენი უბედურება, ვნებები, ხრწნა, სნეულება, უძლურება, თუ არა ადამიანის?! ვინ ექვემდებარება დიდ შიშს, ტანჯვას, მწუხარებას, ამაოებას, თუ არა ადამიანი?! ყოველი მხრიდან უბედურებებითაა გარშემორტყმული: უკან – ცოდვები, წინ – სიკვდილი, ზევიდან – ღვთის სამსჯავრო, ქვევიდან – ჯოჯოხეთი, გვერდიდან – ამქყვეყნიური ცდუნებები და ეშმაკის მზაკვრობა, შიგნიდან – ვნებები. ნუთუ ასეთ უბედურებაში მყოფი კიდევ ქედმაღლობს?! შეხედე შენს დასაწყისსა და დასასრულს: „მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე“ (შეს. 3:19). შედი სამარხებში და განასხვავე მეფე მეომრისგან, დიდებული – უპატიოსგან, მდიდარი – ღატაკისაგან, ძლიერი – უძლურისაგან, კეთილშობილი – მდაბიოსგან. იქ მოიწონე თავი შენი კეთილშობილებით, იქ იამპარტავნე გონებით, იქ განიდიდე თავი სილამაზით, იქ იამაყე შენი სიმდიდრით, იქ იქედმაღლე დიდებით, იქ დაითვალე წოდებები! ჰოი, საბრალო ქმნილებავ, საბრალოვ დასაბამითვე, საბრალოვ ცხოვრებით, საბრალოვ დასასრულით! გაიხსენე, კიდევ ვინ ხარ? – ქმნილება, ღვთის ხატად შექმნილი, მაგრამ ღვთის ხატების დამღუპველი, დაცემული, გახრწნილი, უგუნურ პირტყვებს მიმსგავსებული (იხ. ფს. 48:13), მაგრამ ღვთის მოწყალებით განახლებული, უფლის ტანჯვითა და სიკვდილით გამოსყიდული... ძე ღვთისა თავის ჯვარმცმელთათვის ლოცულობდა: „მამაო, მიუტევე ამათ!“ (ლკ. 23:34) – ხოლო შენ შენი შეურაცხმყოფელების გამო მრისხანებ და შურისძიებას ლამობ?! ვინ ხარ, რომ შენი ყურები მცირე შეურაცხყოფასაც კი არ ითმენენ?! – უბადრუკი ქმნილება, უძლური, შიშველი, ვნებებით აღსავსე, გზააბნეული, ყოველგვარ ბოროტებას დამონებული, ყოველგვარი უბედურებით გარემოცული; ბალახი, თივა, ნისლი, რომელიც მცირე ხნით ჩანს და მსწრაფლ გაქრება (იაკ. 4:14), მაგრამ თუ ღვთის ძეს აღიარებ, როგორც მაცხოვარსა და გამომსყიდველს, მოძღვარსა და მასწავლებელს, მაშინ მისი სწავლებაც მიიღე; და თუ მის სწავლებას იღებ, მაშინ მის სწავლებას მიჰყევი; და თუ მის სწავლებას მიჰყვები, მიბაძე მის თავმდაბლობასაც, რომელსაც იგი სიტყვითა და საქმით გასწავლის. აი, მისი ტკბილი სიტყვა ჩვენ მიმართ თქმულ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მთ. 11:29). ნუთუ არ გრცხვენია, რომ შენ, მონა, ქედმაღლობ, მაშინ როდესაც შენი უფალი მდაბლდება?! როგორ ბედავ მის მონად იწოდებოდე, როდესაც არ ემორჩილები მას?! როგორ უნდა გეწოდოს მისი მოწაფე, როდესაც მის სწავლებას არ უსმენ? „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. უფალი არ გაღიარებს თავისიანად, თუ შენში მის საკუთარ ხასიათს არ იხილავს; არ გაღიარებს თავის მონად, თუ არ იხილავს შენ მიერ მის მიმართ მორჩილებას; არ გაღიარებს საკუთარ მოწაფედ, თუკი არ იხილავს საკუთარ სწავლებას. შენ გრცხვენია მისი თავმდაბლობის და მასაც შერცხვება შენი, უარს იტყვის შენზე, როგორც უცხოზე, რადგან ასე ბრძანებს თავად: „რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა“ (მარკ. 8:38). ვერ იქნება მისი დიდების თანამონაწილე ის, ვისაც არ სურდა მისი თანამონაწილე ყოფილიყო სიმდაბლეში. *** ქრისტე, ძე ღვთისა, როგოც კი დედამიწაზე იშვა, მის მიმართ დევნის დათმენას იწყებს. აქედან ვხედავთ, რომ უკვე შობისთანავე შეუდგა ჯვრის ტვირთვას ჩვენი ცხოვრებისთვის. გამოქვაბულში იშვა და საქონლის ბაგაში იქნა მიწვენილი ის, ვინც შექმნა დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა; მკვლელს გაურბოდა ის, ვის ხელთაცაა ყველას სიცოცხლეცა და სიკვდილიც. დაე, რცხვენოდეს ადამიანურ პატივმოყვარეობას, რომელსაც მოსწონს და ეძებს მდიდრულ და ძვირფას სასახლეში განსვენებას, სიმდიდრესა და ამქყვეყნიურ დიდებას და სიტყვის მოსმენაც არ სურს თავის საწინააღმდეგოდ! დაე, რცხვენოდეთ, ვიმეორებ, რომლებიც ხედავენ ზეციურ მეუფეს, გამოქვაბულში შობილსა და პირიტყვთა ბაგაში მიწვენილს, რომელმაც დაუთმო და არ შეეწინააღმდეგა ურჯულო მეფის რისხვას! დაფიქრდი, ქრისტიანო, ნუთუ არ შეეძლო ქრისტეს, ზეციურ მეფეს, მშვენიერი და დიდებული ადგილი გამოერჩია თავისი ხორციელი შობისა და განსვენებისათვის?! როგორ არ შეეძლო! ის ყოველთა უფალია! მისია ზეცა და მისია მიწა, და რაც მასშია და რაც მასზეა, მაგრამ მან გამოქვაბული აირჩია, როგორც მშვენიერი სასახლე და საქონლის ბაგა – როგორც ძვრიფასი სარეცელი, რათა თავისი მაგალითით გვასწავლოს, რომ წუთისოფელში არ ვეძიოთ სიმდიდრე და პატივი, არამედ ვიყოთ, როგორც მწირები და მდგმურები უცხო ქვეყანაში (იხ. ებრ. 11:13) და ზეციური სამშობლოსაკენ ვისწრაფოთ (იხ ებრ. 11:14-16), რისთვისაც ვართ კიდეც შემქნილი. *** საძაგელი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი თუ აცნობიერებენ ამას, რადგან იგი გულში ღრმად არის ჩამალული. ამპარტავნების საწყისი არის საკუთარი თავის არცოდნა. ეს უცოდინრობა აბრმავებს ადამიანს და ისიც ქედმაღლობს. ოჰ, ადამიანს რომ თავისი თავი შეეცნო, შეეცნო თავისი სიღატაკე და უბადრუკობა, – არასოდეს აღარ იამაყებდა! მაგრამ მით უფრო წყეული და შეჩვენებულია ადამიანი, რომ არ ხედავს საკუთარ საღიტაკესა და წყეულობას. ამპარტავნება საქმეებით შეიცნობა, ისევე როგორც ხე – ნაყოფით. *** ბევრი მიზეზია, რომელიც ამხობს ჩვენს ამპარტავნებას, რამდენიმე მათგანს ქვევით წარმოგიდგენთ: 1. ადამიანები ყველაზე მეტად ქედმაღლობენ ან პატივითა და დიდებით, ან სიმდიდრით, ან გონებით, ან ძალით, ან კეთილშობილებით, მაგრამ რადგან ეს ყველაფერი ცვალებადია და ჩვენთან როგორც მოდის, ისევე მიდის ჩვენგან (რადგან ჩვენი არ არის), შესაბამისად, მათით თავმომწონეობა უგუნურობაა. ყველაფერი, რაც გვაქვს, ღვთისაა და არა ჩვენი; ჩვენ მხოლოდ ღვთის მიერ ბოძებულ სიკეთეთა ჭურჭელი ვართ, ამიტომ ღმერთს – რომელიც ამათი მბოძებელია – ეკუთვნის პატივი, დიდება და მადლიერება, ადამიანმა კი თავი უნდა დაიმდაბლოს, რათა, სიამაყის გამო, ისიც არ დაკარგოს, რაც აქვს. 2. ჩვენს ამპარტავნებას საფუძველშივე ანადგურებს ჩვენივე დაბადება და აღზრდა. რომელი ცხოველი იბადება ადამიანზე უფრო რთულად და ტკივილებით?! ამის შესახებ იციან დედებმა და ამ დროს მათ გვერდით მყოფებმა. რომელი ცხოველი საჭიროებს გასაზრდელად ადამიანზე მეტი ყურადრებას, საკვებსა და გაფრთხილებას?! მრავალი ცხოველი დაბადებისთანავე თავადვე იწყებს გამოკვებას, ადამიანი კი კარგა ხანს დადის სხვისი ხელით, იცვამს, სხვისი შრომით იკვებება, თბება, ინახება! 3. ჩვენს ამპარტავნებას საფუძველს აცლის ჩვენი სიშიშვლე. სხვა ცხოველები არ საჭიროებენ სამოსს, ადამიანი კი იმდენად ღატაკი და მიუსაფარია, რომ საკუთარი სამოსიც არ აქვს და ცხოველებისა და სხვა ქმნილებებისგან იღებს მას. ცხვარი, მელა, მგელი, კურდღელი, ფოცხვერი და სხვანი გვმოსავენ და გვათბობენ. 4. ჩვენს ამპარტავნებას საფუძველს აცლის ჩვენს თავს მოწევნილი უბედურებები. ყველაზე მეტად სწორედ ადამიანი ექცევა ვნების, ხრწნილების, სნეულების, უძლურების ზემოქმედების ქვეშ! ყოველი მხრიდან უბედურებებითაა გარშემორტყმული: უკან – ცოდვები, წინ – სიკვდილი, ზევიდან – ღვთის სამსჯავრო, ქვევიდან – ჯოჯოხეთი, გვერდიდან – ამქყვეყნიური ცდუნებები და ეშმაკის მზაკვრობა, შიგნიდან – ვნებები. ნუთუ ასეთ უბედურებაში მყოფმა შეიძლება იამაყოს?! 5. ჩვენს ამპარტავნებას საფუძველს აცლის ჩვენი ცხოვრების დასასრული, რადგან ყველანი მიწა ვართ და მიწადვე მივიქცევით (იხ. შესაქ. 3:19). გონებით მოიხილე სამარხები და იქ განასხვავე მეფე მეომრისგან, დიდებული – უპატიოსგან, მდიდარი – ღატაკისაგან, ძლიერი – უძლურისაგან, კეთილშობილი – მდაბიოსგან, ბრძენი – უგუნურისაგან. გონებით იქ სამარხებში მყოფმა, მოიწონე თავი შენი კეთილშობილებით, იქ იამპარტავნე გონებით, იქ განიდიდე თავი სიმდიდრით, იქ იამაყე დიდებით, იქ დაითვალე წოდებები. ჰოი, საბრალო ქმნილებავ, საბრალოვ დასაბამითვე, საბრალოვ ცხოვრებით და საბრალოვ დასასრულით! როგორც დრომოჭმული და დაძველებული ჭურჭელი, როგორც მიწის მტვერი – ასეთია ადამიანი და მიწასვე დაუბრუნდება. 6. რაც უფრო მეტად შევიცნობთ და გავიხსენებთ ქრისტეს, მით მეტად დავინახავთ ჩვენს სისაძაგლესა და უბადრუკობას და დავმდაბლდებით. ქრისტე, ძე ღვთისა, შენ გამო დამდაბლდა – და განა შენ, მონა, უნდა ქედმაღლობდე?! უფალმა შენ გამო მონის ხატი მიიღო – და ნუთუ შენ, მონა, უნდა ეძებდე ბატონობას?! უფალმა შენ გამო შეურაცხყოფა დაითმინა – ნუთუ შენ, მონა, პატივით უნდა იმაღლებდე თავს?! შენს უფალს არ ჰქონდა ბინა, თავშესაფარი თავის მისადებად – შენ კი, მონა, დიდებულ ნაგებობებს კიდევ უფრო აფართოებ?! შენმა უფალმა ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს – და ნუთუ შენ გრცხვენია მოემსახურო შენს ძმებს? უფალმა შეურაცხყოფა, დაცინვა, ლანძღვა, გინება, ნერწყვა მოითმინა – შენ კი, მონას, არ გსურს, რომ საწყენი სიტყვა მოითმინო?! იგი, უდანაშაულო, შენ გამო დაითმენდა – შენ კი, დამნაშავე, შენივე თავისთვის არ ითმენ?! ნუთუ ეს შენი ცოდვებით არ დაიმსახურე?! უფალი იმათთვის ლოცულობდა, ვინც იგი ჯვარს აცვა: „მამაო, მიუტევე ამათ“ (ლკ. 23:34) – შენ კი, მონა, შენი შეურაცხმყოფელების გამო მრისხანებ, ბრაზობ და შურისძიებას ცდილობ?! მაგრამ ვინ ხარ შენ, რომ შენი ყურები არ კადრულობენ შეურაცხყოფას?! უბადრუკი ქმნილება, უძლური, შიშველი, ვნებებით აღსავსე, გზააბნეული, ყოველგვარ ბოროტებას დამონებული, ყოველგვარი უბედურებით გარემოცული; ბალახი, თივა, ნისლი, რომელიც მცირე ხნით ჩანს და მსწრაფლ გაქრება, მაგრამ გაფრთხილდი, თუ შენ მისი სიმდაბლისა და თვინიერების გრცხვენია, ქრისტესაც არ შერცხვეს და უარი არ თქვას შენზე, რადგან ამგვარად ბრძანებს: „რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა“ (მარკ. 8:38). ქრისტეს და მისი სიტყვების რცხვენია იმას, ვინც არ ჰბაძავს მას სიმდაბლესა და მოთმინებაში, არამედ უშფოთველად სურს მეფობა ამპარტავნებაში. „ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს“ (1პეტ. 5:5). საძაგელი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი თუ აცნობიერებენ ამას, რადგან იგი გულში ღრმადაა ჩამალული. ამპარტავნებას განაპირობებს ის, რომ ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. ამგვარი უცოდინრობა აბრმავებს მას და ისიც ქედმაღლობს. ოჰ, ადამიანს რომ თავისი თავი შეეცნო, შეეცნო თავისი სიღატაკე, სიგლახაკე და უბადრუკობა – აღარასოდეს იამპარტავნებდა! თუმცა უფრო მეტად შეჩვენებული ის არის, ვინც საკუთარ საღიტაკესა და უღირსობას ვერ ხედავს. ამპარტავნება საქმეებით შეიცნობა, ისევე როგორც ხე – ნაყოფით. ვნახოთ, როგორია ამპარტავნების მწარე თესლის ნაყოფი: 1. ამპარტავანი მხოლოდ პატივს, დიდებასა და ქებას ესწრაფვის. ის ყოველთვის იმას ცდილობს, რომ თავი დიდ ვინმედ წარმოაჩინოს, სხვებზე იუფროსოს და იმბრძანებლოს, ხოლო ვინც მის ნებას ეწინააღმდეგება, მის მიმართ ძლიერ მრისხანებს და ბრაზობს. 2. პატივის ან მაღალი თანამდებობის დაკარგვის შემთხვევაში, ბუზღუნებს, ბრაზობს და ილანძღება: „რა შევცოდე? რა დავაშავე? ნუთუ ამის ღირსი ვარ და ეს დავიმსახურე?“... ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანი თავის თავს თვითონ ანადგურებს. 3. იწყებს საქმეს, რომელიც მის ძალებს აღემატება და თავს ვერ ართმევს. ოჰ, ადამიანო! რატომ იღებ იმ ტვირთს, რომელსაც ვერ ზიდავ? 4. დაუკითხავად ერევა სხვის საქმეებში, ყველას ჭკუას ასწავლის, თუმცაღა თავისთვის არაფერი იცის. მას ამგვარად ამპარტავნება აბრმავებს. 5. უსირცხვილოდ იქებს და იმაღლებს თავს: „მე ესა და ეს საქმეები აღვასრულე, მრავალი დამსახურება მაქვს საზოგადოების წინაშე“. ოჰ, ადამიანო! საკუთარ დამსახურებებს ჩამოთვლი, მაგრამ საკუთარი ცოდვების შესახებ რატომ არ ამბობ არაფერს? თუ მათი გამოაშკარავებისა გრცხვენია, მაშინ თავის ქებისაც შეგრცხვეს! 6. სხვებს უგულებელყოფს და ამცირებს: „უნამუსო და უვარგისი ადამიანია!“ – ამბობს სხვების შესახებ. ადამიანო! იგი ისეთივეა, როგორიც შენ და ჩვენ, რადგან ყველანი ადამიანები ვართ. იგი ცოდვილია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შენც ისეთივე ხარ. მან ერთ რამეში შესცოდა ან სცოდავს, შენ – სხვაში, ან, იქნებ, იმავეშიც: „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა“ (რომ. 3:23). 7. ხელისუფალთ და მშობლებს არ ემორჩილებიან და ურჩობენ, რადგან ამპარტავნები ქედმოუდრეკელნი არიან. მათ ყოველთვის თავიანთი ნება - სურვილის გატარება და განმტკიცება სურთ. 8. თუ რაიმე სიკეთეს ფლობენ, თავიანთ თავს, მონდომებას, შრომასა და გონებას მიაწერენ და არა – ღმერთს. ოჰ, ადამიანო! რა შეიძლება შენივე გქონდეს, როცა შიშველი გამოხვედი დედის მუცლიდან?! რა შეიძლება გაგაჩნდეს, თუ ღმერთი არ მოგცემს, რომელიც თავად არის წყარო ყოველგვარი სიკეთისა?! ღვთის შეწევნის გარეშე, რას მოგვცემს ჩვენი შრომა და მონდომება, რადგან მხოლოდ ღმერთია ყოვლისშემძლე და არაფერი არსებობს უღმერთოდ, როგორც ჩრდილი არ არსებობს უსხეულოდ. 9. უკიდურესად სძულს მხილება და შეგონება. საკუთარ თავს წესიერ ადამიანად მიიჩნევს, თუმცა ყველა სიბინძურეშია გასვრილი. 10. როდესაც ამცირებენ, ან მოიძულებენ, ან პრობლემები აქვს და განსაცდელები ესხმის თავს, ვერ ითმენს, ბრაზობს, ბუზღუნებს, შფოთავს და ხშირად ილანძღება კიდეც. 11. თავისი საუბრითა და ქმედებით ავლენს ქედმაღლობას და ხაზს უსვამს თავის დიდებულებას და ა. შ. აი, ესენია ამპარტავნების ნაყოფი, რომელიც სძულს ღმერთსაც და ადამიანებსაც. მწარეა ეს ნაყოფი, მწარეა თესლიც, რომლისგანაც ისინი აღმოცენდებიან. „კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“ (ლუკ. 16:15), ამიტომაც წერია: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 14:11). |
წინა თავი | შემდეგი თავი |