მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები ამპარტავნების შესახებ


ღირსი კასიანე რომაელი

თავი 1.

მერვე და ბოლო გმირობა ამპარტავნების სულის წინააღმდეგ გვმართებს (ამპარტავნება – Superbia – არის საკუთარი უპირატესობისა და განდიდების სურვილი. Superbia მომდინარეობს სიტყვიდან superbeo, superbire – სვლა, მოქმედება საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებსა თუ მდგომარეობაზე მეტად, ან სხვებზე აღმატება, სურვილი იმაზე მეტად და აღმატებულად გამოჩენისა, ვიდრე სინამდვილეშია). მიუხედავად იმისა, რომ ამპარტავნების წინააღმდეგ ბრძოლა ვნებებთან ბრძოლის რიგში უკანასკნელია, სამაგიეროდ მნიშვნელობითა და წარმოშობის დროის მიხედვით არის პირველი: ეს არის ყველაზე მრისხანე მხეცი, მის წინამორბედ ვნებებზე უმეტესად მძვინვარე, რომელიც განსაკუთრებით სრულყოფილთ აცდუნებს და ლამის სათნოებათა მწვერვალზე ასულთაც დაუნდობელი თვითგვემით ღუპავს.

თავი 2. ამპარტავნების ორი სახეობა

ამპარტავნება ორი სახისაა: ერთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულიერ ღვაწლში მყოფთ და სხვებზე აღმატებულთ აცდუნებს, ხოლო მეორე – რწმენაში დამწყებთ და ხორციელებს, და თუმცა ამპარტავნების ორივე სახეობა თავს იმაღლებს ღვთისა და ადამიანების წინაშე, პირველი უმთავრესად ღვთის წინაშე აღესრულება, მეორე კი – ადამიანების. მეორე სახის ამპარტავნების დასაბამსა და, ღვთის შეწევნით, მასთან ბრძოლის საშუალებებს ამ წიგნის ბოლოს განვიხილავთ (თავი 24), ახლა კი გვსურს ცოტა რამ ამპარტავნების პირველი სახეობის შესახებ ვთქვათ, რომლის მიერაც განსაკუთრებით სარწმუნოებაში წარმატებულნი ცდუნდებიან.

თავი 3. ამპარტავნება ღუპავს ყველა სიკეთეს

ამგვარად, არ არსებობს სხვა ვნება, რომელიც იმგვარადვე ანადგურებს ყველა სხვა სათნოებას, სპობს უმანკოებასა და სიწმინდეს და სამარცხვინოდ აშიშვლებს ადამიანს, როგორც ამპარტავნება. ამპარტავნებას, როგორც უმთავრეს და დამღუპველ სნეულებას, ძალუძს სასტიკად დასცდეს და დაღუპოს სათნოებების მწვერვალზე მყოფიც კი, რადგან ეს ვნება სხეულის ერთ რომელიმე ნაწილს კი არა, მთლიანად სხეულს ანადგურებს, მაშინ როდესაც ყველა სხვა ვნებას თავისი მოქმედების საზღვარი და მიზანი აქვს, და თუმცა სხვა სათნოებებსაც აზიანებენ, უმთავრესად, მაინც, ერთ რომელიმე სათნოებას უტევენ გამძვინვარებით და მასზე ცდილობენ გამარჯვებას, ხოლო იმისათვის, რომ უფრო ცხადი გახდეს ზემონათქვამი, დავაზუსტოთ: მაგალითად, მუცელღმერთობა, გაუმაძღრობის ვნება ანუ ნაყროვანება თავშეკავებას ღუპავს, ავხორცობა – უბიწოებას, მრისხანება – მოთმინებას, ამიტომ ვინც რომელიმე ცოდვაში ვარდება, ყოველთვის არ განეშორება მას სხვა სათნოებები. ანუ როდესაც რომელიმე სათნოება მისი საპირისპირო ვნებით მარცხდება, შესაძლებელია სხვა სათნოებები ნაწილობრივ მაინც შეუნარჩუნდეს, ხოლო როდესაც საბრალო სულს ამპარტავნება დაეუფლება, ისევე ანადგურებს სათნოებათა ციხე-სიმაგრეს, როგორც უსასტიკესი ტირანი, რომელიც ძირფესვიანად ანგრევს და ანადგურებს ქალაქს. მიწასთან გასწორებული სიწმინდის მაღალი კედლები ცხადყოფენ, რომ დაპყრობილ სულს ყოველგვარი თავისუფლება დაკარგული აქვს და რაც უფრო მდიდარია ტყვედ ჩავარდნილი სული, მონობის მით უფრო სასტიკ უღელს ადგამენ და სრულიად განძარცვულს სათნოებათაგან, სამარცხვინოდ აშიშვლებენ.

თავი 4. გაამპარტავნებული ლუციფერი მთავარანგელოზი იყო და ეშმაკად იქცა

ამპარტავნების დესპოტური ძალის შესახებ მეტყველებს ის, რომ ანგელოზი, რომელიც კაშკაშა სინათლისა და სილამაზის გამო იწოდება ლუციფერად (Lucifer (ლათ.) – „სხივმფენი“, „ნათლით მოსილი“), ზეციური სამყაროდან იქნა გადმოგდებული და ჯოჯოხეთში ჩაგდებული არა სხვა რომელიმე მანკიერების გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ ნეტარ მდგომარეობასა და უმაღლეს, ანგელოზურ ხარისხში მყოფი, ამპარტავნების ისრით იქნა მოწყლული. ასე რომ, თუკი ასეთი დიდებით შემკული ძალა სიამაყის მიზეზით ვარდება ზეციდან, სწორედ ამ დაცემის სიმძიმემ უნდა გვიჩვენოს, თუ რაოდენ უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს ჩვენ, უძლურ ხორცში მყოფთ.

ხოლო იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ სიამაყის მომაკვდინებელ სენს, უნდა გამოვიძიოთ მისით დაცემის დასაბამი და მიზეზი. ღვთის მიერ ბოძებული ნათლითა და ბრწყინვალებით სხვა ანგელოზებზე აღმატებულმა მთავარანგელოზმა (ლუციფერმა), ყოველგვარი სათნოებითა და სილამაზით შემკულმა, იფიქრა, რომ მისი ყოველგვარი სიკეთის მიზეზი მისივე ბუნების ძლევამოსილება იყო და არა გულუხვი შემოქმედის კეთილი ნება. ამგვარად, გაამპარტავნებულმა, საჭიროდ აღარ მიიჩნია ღვთის შეწევნა სიწმინდეში დასარჩენად და, ამგვარად, საკუთარი თავი ღმერთს გაუტოლა. მიენდო რა საკუთარ თავისუფალ ნებას, ლუციფერმა იფიქრა, რომ უხვად ექნებოდა ყველაფერი სათნოებათა სრულყოფისა და დაუსრულებელი უმაღლესი ნეტარებისათვის. ამგვარი ფიქრი უკვე იყო მისი პირველი დაცემა. და აი, მიტოვებულმა ღვთისაგან, რომლის შეწევნასაც, მისი აზრით, არ საჭიროებდა, მეყსეულად იგრძნო მერყეობა და ცვალებადობა, იგრძნო საკუთარი ბუნების უსუსურობა და დაკარგა ის ნეტარება, რომლითაც, ღვთის მადლით, ტკბებოდა. და რადგან „შეიყუარა ყოველი სიტყუაჲ დაქცევისა და ენაჲ მზაკუარი“ (ფს. 51:6), ამგვარი რამ განიზრახა: „ზეცად მიმართ აღვიდე“ (ეს. 14:13) და მზაკვარი ენით მიმართა საკუთარ თავს: „ვიქნები როგორც მაღალი ღმერთი“, ამასვე ეუბნებოდა ის ადამსა და ევას: „იყვნეთ ვითარცა ღმერთნი“ (შეს. 3:5). „ამისთჳს დაგამჴუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგჴადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთა. იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: აჰა, ესერა, კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა მისისასა. და განძლიერდა იგი ამაოებითა თჳსითა“ (ფს. 51:7–9). ეს სიტყვები სამართლიანად ეხება იმათაც, ვინც ფიქრობს, რომ ღვთის მფარველობისა და შეწევნის გარეშე შეუძლიათ უმაღლეს სიკეთეთა აღსრულება.

თავი 5. ყოველგვარი მანკიერების მიზეზი ამპარტავნებაა

ამპარტავნება მთავარი მიზეზია პირველდაცემისა და დასაბამია სნეულებისა. ამპარტავნებამ, რომლის გამოც დაემხო ლუციფერი, შემდგომ პირველქმნილში (ადამში) შეაღწია მზაკვრულად და მასში წარმოშვა სისუსტეები და ყოველგვარ მანკიერებათა მიზეზები. და სწორედ მაშინ, როდესაც ფიქრობდა, რომ საკუთარი სურვილითა და მცდელობით შეიძენდა ღვთიურ დიდებას, ისიც დაკარგა, რაც შემოქმედისგან ჰქონდა ბოძებული.

თავი 6. ვნებათა შორის დასაბამის მიხედვით ამპარტავნება პირველია, ვნებათა წინააღმდეგ ბრძოლისას კი – უკანასკნელი

მაშასადამე, წმიდა წერილის მოწმობითა და უწყებით, ცხადად დასტურდება, რომ თუმც ამპარტავნება ვნებათა წინააღმდეგ ბრძოლისას უკანასკნელია (ანუ ამპარტავნების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ვნებათაგან გათავისუფლების შემდეგ), წარმოშობით არის პირველი და ყველა ცოდვისა და მანკიერების დასაბამი (იხ. ზირ. 10:15). იგი არ არის სხვა მანკიერებათა მსგავსი, რადგან არა მხოლოდ მის საპირისპირო სათნოებას – თავმდაბლობას – ანადგურებს, არამედ ერთიანად ღუპავს ყველა სხვა სათნოებას და არა მხოლოდ რწმენაში დამწყებსა და სუსტებს აცდუნებს, არამედ უმეტესად სათნოებათა მწვერვალზე ასულთ ებრძვის. სწორედ ამიტომ, ნეტარი დავითი, რომელიც გულმოდგინედ გამოიძიებდა და იცავდა საკუთარ გულს და განუწყვეტლივ შეღაღადებდა ღმერთს („უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა, არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი“ (ფს. 130:1–2); „არა დაიმკჳდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავნებაჲ“ (ფს. 100:7)) და რომელმაც იცოდა როგორი რთულია გულის დაცვა სრულყოფილთათვისაც, არ ენდობოდა მხოლოდ საკუთარ მონდომებას და ლოცვით ითხოვდა ღვთისაგან, რომ დაეცვა ბოროტის ისრებისაგან: „ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერჴი ამპარტავანებისა“ (ფს. 35:12). დავითი ფრთხილობდა და შიშობდა, რომ ის არ დამართოდა, რაც ამპარტავანთა ხვედრია: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი“ (იაკ. 4:6) და კიდევ: „არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა“ (სიბრძ. 16:5).

თავი 7. ამპარტავნება ბოროტებაა, რომელსაც თავად ღმერთი ეწინააღმდეგება

ამპარტავნება იმდენად დიდი ბოროტებაა, რომ თავად ღმერთია მისი მოწინააღმდეგე და არა – ანგელოზები ან მასთან დაპირისპირებული სხვა ძალები. არსად არის ნათქვამი, რომ ღმერთი სხვა ვნებით დაცემულებს ეწინააღმდეგება, მაგალითად: ღორმუცელებს, მრუშებს, მრისხანეებს, ვერცხლმოყვარეთ, არამედ მხოლოდ ამპარტავნებს, რადგან სხვა ვნებები ცოდვილებსა და ცოდვის თანამონაწილეებს უტევენ, ხოლო ამპარტავნება თვით ღმერთს ებრძვის, ამიტომაც სამართლიანად არის მისი მოწინააღმდეგე თავად უფალი.

თავი 8. როგორ შეარცხვინა ღმერთმა ეშმაკი სიმდაბლის სათნოებით

სამყაროს შემოქმედმა, რომელმაც იცოდა, რომ ამპარტავნება არის მიზეზი და დასაბამი ყოველგვარი სნეულებისა, განიზრახა დაპირისპირებული საპირისპიროთი განეკურნა ანუ ამპარტავნებით გაფუჭებული სიმდაბლით აღედგინა: ამპარტავანი გაჰყვირის: „ზეცად მიმართ აღვიდე“ (ეს. 14:13), ხოლო თავმდაბალი ამბობს: „მიეახლა სული ჩემი მიწასა” (ფს. 118:25); ამპარტავანი გაჰყვირის: „მე ვიქნები ღვთის სწორი“, თავმდაბალი კი ამბობს: „რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო,... თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა... დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე“ (ფილ. 2:6–8); ამპარტავანი გაჰყვირის: „ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი“ (ეს. 14:13), ხოლო თავმდაბალი ამბობს: „ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მთ. 11:29); ის გაიძახის: „არა ვიცი უფალი, არცა განუტეო ისრაჱლი“ (გამოსვლ. 5:2) და ეს კი ამბობს: „და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ“ (ინ. 8:55); ამპარტავანი კვლავ გაიძახის: „ჩემნი არიან მდინარენი, მე შევქმენ იგინი“ (ეზეკ. 29:3) და თავმდაბალი კი ამბობს: „არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმე; რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.“ (ინ. 5:19; 14:10); ამპარტავანი გაიძახის: „შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი“ (ლკ. 4:6), ხოლო თავმდაბალი ამბობს: „თქუენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაჲთა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმდიდრდეთ“ (2 კორ. 8:9); ის კვლავ გაიძახის: „ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა“ (ეს. 10:14), ხოლო ეს ამბობს: „ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა. უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა“ (ფს. 101:7–8); ის გაიძახის: „და დავდევ ჴიდი და მოვაოჴრენ წყალნი და ყოველი შესაკრებელი წყლისა“ (ესაია 37:25) და ეს კი ამბობს: „ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ?“ (მთ. 26:53) და თუ განვიხილავთ პირველდაცემის მიზეზსა და ჩვენი გადარჩენის საფუძველს, რომელი ვისგან იღებს სათავეს ან როგორ წარმოიშვა, ლუციფერის დაცემით შევიტყობთ და მაცხოვრის სიმდაბლით განვისწავლებით თუ როგორ უნდა გავექცეთ ამპარტავნებით გამოწვეულ საშინელ სიკვდილს.

თავი 9. როგორ შეგვიძლია ვძლიოთ ამპარტავნებას

ჩვენ შეგვიძლია განვერიდოთ ამ უბოროტესი სულის მახეს, თუკი მოციქულთან ერთად ამგვარად ვიტყვით ყველა სათნოების შესახებ, რომლებშიც წარვემატებით: „ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა“ (1კორ. 15:10), „ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს“ (ფილ. 2:13). თავად უფალი კი ბრძანებს: „რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (ინ. 15:5); „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა“ (ფს. 126:1–2); „შევიწყალო... აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა“ (რომ. 9:15-16).

თავი 10. არავის ძალუძს მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიოს სათნოებათა სრულყოფილებას ან აღთქმულ ნეტარებას

შეუძლებელია საკმარისი აღმოჩნდეს ვინმეს საკუთარი ნება და ხორცში მყოფის – თუნდაც მოღვაწის – გმირობა იმისათვის, რომ ბოროტი სულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწიოს სრულყოფილების მწვერვალს და ჯილდო მიიღოს უბიწოებისა და სიწმინდისთვის, თუ თავად მოწყალე ღმერთი არ შეეწევა მას, „რამეთუ ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან“ (იაკ. 1:17); „ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?“ (1კორ. 4:7).

თავი 11. ზემონათქვამს ადასტურებს დავითისა და კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითები

თუ გავიხსენებთ, რომ კეთილგონიერი ავაზაკი მხოლოდ ქრისტეს აღიარების გამო იქნა შეყვანილი სამოთხეში (ლუკა 23:42-43), მივხვდებით, რომ მან სამოთხისეული ნეტარება თავისი მოღვაწეობით კი არ დაიმსახურა, არამედ საჩუქრად მიიღო მოწყალე ღვთისაგან; ან თუ გავიხსენებთ, რომ დავით მეფის მიერ ჩადენილი ორი უმძიმესი დანაშაული სინანულის გამომხატველი ერთი სიტყვის წარმოთქმით იქნა აღხოცილი მისგან, დავინახავთ, რომ არც ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი ღვაწლი გაწეული ასეთი მძიმე დანაშაულის მისატევებლად, თუმცა განსაკუთრებით გამოვლინდა ღვთის მადლი, რომელმაც ცოდვილის მიერ ერთი სიტყვით გამოთქმული გულწრფელი აღიარება შეიწყნარა („ვცოდე“) და ცოდვათა სიმძიმე გააქარწყლა. და თუ ასევე გამოვიძიებთ ადამიანთა ხსნის დასაბამს, დავრწმუნდებით, რომ სურვილი ან მოღვაწეობა კი არ განაპირობებს სრულყოფილებას, არამედ ღვთის დიდი მოწყალება (იხ. რომ 9:16). უფალი ჩვენი გულმოდგინებისა და მოღვაწეობის გამო როდი გვამარჯვებინებს მანკიერებებზე ან ჩვენი მონდომებისა და მცდელობების გამო როდი შეგვეწევა ჩვენივე საკუთარი ხორცის ძლევასა და დამორჩილებაში და ძნელად მისაღწევი უბიწოების მოპოვებაში! ხორცის ვერანაირი მოუძლურებითა და გულის ვერანაირი შემუსვრილებით ვერ შევძლებთ იმგვარი სიწმინდის მოპოვებას, როგორიც მხოლოდ ანგელოზთა და ზეციური სამყაროს ხვედრია. მხოლოდ ადამიანური შრომით, ღვთის დახმარების გარეშე, შეუძლებელია ამის მიიღწევა, რადგან ყოველგვარი კეთილი ქმედება ღვთის მადლით აღესრულება. ამგვარად, ოდნავი გულმოდგინებისა და მცირედი სულიერი მოღვაწეობის მიუხედავად, ღმერთი ჩვენ გულუხვად გვასაჩუქრებს მარადიული ნეტარებითა და უსაზღვრო დიდებით.

თავი 12. არ არსებობს არანაირი ღვაწლი, რომელიც აღთქმულ ნეტარებას შეედრება

რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება, მომავალ მარადიულ დიდებასთან შედარებით იგი სრულიად უმნიშვნელოა. დაუსრულებელი ნეტარების მჭვრეტელთ ყოველგვარი მწუხარება განგვეშორება, არარაობადქცეული კვამლივით გაქრება და ჩამქრალი ნაპერწკალივით აღარასდროს გამოჩნდება.

თავი 13. ბერმოძღვართა სწავლება თუ როგორ მივაღწიოთ სიწმინდეს

დადგა დრო სრულყოფილებისა და მისი მიღწევის გზის შესახებ წმიდა მამათა ნააზრევი გაგაცნოთ. მამებმა მაღალფარდოვანი სიტყვებით კი არა, საქმითა და მტკიცე სულით, პირადი გამოცდილებითა და უტყუარი მაგალითებით გადმოგვცეს სათქმელი. და აი, როგორც ისინი აღნიშნავენ, შეუძლებელია ვინმე სრულიად გათავისუფლდეს ხორციელ მანკიერებათაგან, თუკი არ გააცნობიერებს, რომ მთელი მისი შრომა და მცდელობა არასაკმარისია სულიერი სრულყოფილების მისაღწევად, ხოლო თუ არ ირწმუნებს, რომ ღვთის შეწევნისა და მოწყალების გარეშე ვერაფერს მიაღწევს, მაშინ თავადვე დარწმუნდება ამაში საკუთარი გამოცდილებით. სიწმინდისა და უბიწოების მისაღწევად ნებისმიერი ღვაწლი არასაკმარისია, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება, კითხვა, განმარტოება თუ დაყუდება, რადგან ვერანაირი შრომა და ადამიანური გულმოდგინება ვერ შეედრება ღვთის წყალობას.

თავი 14. ვინც შრომობს, იმას ღმერთი შეეწევა

ამას არ ვამბობ იმისთვის, რომ ადამიანური მონდომება გავაქარწყლო და ვინმეს შრომასა და გულმოდგინებაზე უარი ვათქმევინო, პირიქით, წმიდა მამათა გადმოცემების (და არა ჩემი ნაფიქრის) მიხედვით, მტკიცედ ვადასტურებ, რომ გულმოდგინებისა და შრომის გარეშე შეუძლებელია სახარებისეული სრულყოფილების მიღწევა, მაგრამ ღვთის მადლის გარეშე, მხოლოდ ამ გზით, ეს შეუძლებელია. ამით იმის თქმა გვსურს, რომ მხოლოდ ადამიანური მონდომებით, ღვთის შეწევნის გარეშე, შეუძლებელია სრულყოფილების მიღწევა, თუმცა იმასაც ვადასტურებთ, რომ მხოლოდ მონდომებულსა და მშრომელს მიეცემა ღვთის მადლი და წყალობა, ანუ, მოციქულის სიტყვების თანახმად, მადლი მსურველებსა და მოღვაწეებს ეძლევა, ამის შესახებ ფსალმუნშიც იგივე ითქმის ღვთის სახელით: „დავსდევ შეწევნა ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა“ (ფს. 88:20). ჩვენც ვიმეორებთ მაცხოვრის სიტყვებს და ვამბობთ, რომ ვინც ითხოვს, მიეცემა, ვინც ეძებს – იპოვის, ვინც ირეკს – გაეღება (იხ. მთ. 7:7–8), მაგრამ „თხოვნა, ძებნა, რეკვა“ ვერ გვიშველის, თუ ღმერთი არ მოგვმადლებს თავისი მოწყალებით იმას, რასაც ვითხოვთ, თუ არ გაგვიღებს, როდესაც ვაკაკუნებთ და თუ არ გვაპოვნინებს, რასაც ვეძებთ. ღმერთი მზად არის ყველაფერი მოგვცეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის საბაბი ჩვენგან მიეცემა. მას ჩვენზე მეტად სურს ჩვენი სრულყოფილება და ელის ჩვენს ხსნას. ნეტარმა დავითმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ საკუთარი მონდომებით თავის საქმიანობასა და მოღვაწეობაში წარმატება არ ექნებოდა, ამიტომ განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს: „საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა“ (ფს. 89:17); „განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის“ (ფს. 67:29).

თავი 15. ვისგან უნდა ვისწავლოთ სრულყოფილების გზის შესახებ

თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს სათნოებები შევიძინოთ და მივაღწიოთ ჭეშმარიტ სრულყოფილებას, მაშინ იმათ კი არ უნდა მივენდოთ, რომლებიც თავიანთი უმეცრებით ამაოდ მეტყველებენ, არამედ იმათ, ვინც საქმითა და გამოცდილებით იცის და შეუძლია სწორი გზის მითითება. მამები მოწმობენ, რომ სრულყოფილებას თავიანთი შრომით კი არა, რწმენით მიაღწიეს და მოპოვებული გულის სიწმინდის შესაბამისად, უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთ ცოდვილობას. და რაც უფრო მეტად ცდილობენ გულის განწმენდას და უახლოვდებიან სრულყოფილებას, მით უფრო ყოველდღიურად ძლიერდება მათში ცოდვათა გამო მწუხარება, ისინი გულწრფელად წუხან, რადგან ხედავენ, რომ თავს ვერ აღწევენ ცოდვების სიმყრალეს. ცოდვა კვალს ტოვებს მათზე გულისთქმების საშუალებით, ამიტომაც აცხადებენ, რომ ღვთის მოწყალების იმედი აქვთ მომავალ ცხოვრებაში და არა თავიანთი დამსახურებისა, სწორედ ამიტომ არავითარ უპირატესობას არ გრძნობენ სხვებთან შედარებით. ამგვარ სიფრთხილეს ისინი თავიანთ თავს კი არ მიაწერენ, არამედ ღვთის წყალობას, დიდ წარმოდგენას არ იქმნიან თავიანთ თავზე, როდესაც ხედავენ უღირსი და გულგრილი ადამიანების დაუდევრობას და უფრო მეტად იმათი ყოფით ინტერესდებიან, რომელთა შესახებაც დანამდვილებით იციან, რომ უცოდველნი იყვნენ და ცათა სასუფეველში ტკბებიან მარადიული ნეტარებით.

ამგვარი განხილვით (სამმაგ განხილვას მივყავართ სიმდაბლემდე და გვიცავს ამპარტავნებისაგან. პირველი – ეს არის ღვთის მადლზე დაკვირვება, რომლის წყალობითაც ვართ ის, ვინც ვართ და რომლის გარეშეც ვერაფერს მოვიმოქმედებდით ჩვენი ხსნისათვის; მეორე – ესაა ჩვენი სისუსტეებისა და არაფრობის (რომ დიდ ვინმეს არ წარმოვადგენთ), სულითა და ხორცით ჩვენი უბადრუკობის განხილვა, ისე რომ უწმინდური ცოდვის მეტს ვერაფერს ვპოულობთ საკუთარ თავში – „რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი?“ (ზირ. 10:9); და მესამე, ესაა სრულყოფილებისა და სიწმინდის განხილვა ნეტარი და უბიწო სულებისა, რომლებიც ნეტარებით ტკბებიან, ხოლო ღმერთს რომ მივეტოვებინეთ, ვიქნებოდით ყველაზე უარესნი. სიმდაბლის თვისებაა საკუთარ თავში ცოდვების, სხვებში კი სათნოებების დანახვა, ამპარტავნებას კი საკუთარ თავში მხოლოდ კარგის დანახვა ახასიათებს, სხვებში კი მხოლოდ ცუდს ხედავს) მამები, ერთსა და იმავე დროს, თავს იცავდნენ ამპარტავნებისაგან და ხვდებოდნენ იმასაც, რომ ხორცით დამძიმებულნი, მხოლოდ თავიანთი ძალებით, სასურველ გულის სიწმინდეს ვერ მიაღწევდნენ.

თავი 16. ღვთის მოწყალებისა და თანადგომის გარეშე ვერ შევძლებთ სრულყოფილების მისაღწევად მოღვაწეობის დაწყებას

წმიდა მამათა სწავლების მიხედვით, მარხვით, მღვიძარებით, ლოცვით, გულშემუსვრილებითა და ხორცის დათრგუნვით იმგვარად უნდა ვისწრაფოთ სრულყოფილებისაკენ, რომ ამპარტავნებამ უსარგებლოდ არ აქციოს ჩვენი გულმოდგინება. უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი მონდომებითა და შრომით შეუძლებელია სასურველი სრულყოფილების მიღწევა, უფრო მეტიც, მოღვაწეობის დაწყებასაც ვერ შევძლებთ, თუ თავად უფალი არ მოიღებს მოწყალებას და არ აღავსებს ჩვენს გულებს თავისი მადლით, თუ არ განგვსწავლის და არ აღგვძრავს სამოღვაწეოდ თავადვე ან სხვების საშუალებით.

თავი 17. სხვადასხვა მოწმობა, რომელთა საშუალებითაც მტკიცდება, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ვერ შევძლებთ სულის ხსნას

მაცხოვარი გვასწავლის, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია: „არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ; მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა“ (იოანე 5:30, 14:10), – ბრძანებს თავად. უფალი მის მიერ მიღებული კაცობრივი ბუნებით ამბობს ამ სიტყვებს, რომ არ შეუძლია რამე გააკეთოს თავისით. მაშ, ნუთუ ჩვენ, მიწა და მტვერი, ვფიქრობთ, რომ არ ვსაჭიროებთ ღვთის შეწევნას სულის ხსნის საქმეში?! ამგვარად, ყველაფერში საკუთარი უძლურება და ღვთის შეწევნა დავინახოთ და განუწყვეტლივ შევღაღადოთ უფალს მის წმინდანებთან ერთად: „მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე. ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ“ (ფს. 117:13-14); „არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი. უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე. მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა“ (ფს. 93:17–19), ხოლო როდესაც ღვთის შიშსა და მოთმინებაში განმტკიცდება ჩვენი გული, ვთქვათ: „მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა. და გამომიყვანა მე ფართოდ“ (ფს. 17:19–20). როდესაც დავინახავთ, რომ მოღვაწეობით სულიერ ცოდნაში წარვემატებით, ვთქვათ: „რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴდე ზღუდესა“ (ფს. 17:29–30), შემდეგ, როცა ვიგრძნობთ, რომ მოთმინებაში განვმტკიცდით და სათნოებათა გზაზე ადვილად მივიწევთ წინ, უნდა ვთქვათ: „ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაჲ ჩემი; განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე. განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა“ (ფს. 17:33–35). თუკი შევიძენთ განსჯის უნარს და ამით განმტკიცებულნი შევძლებთ მოწინააღმდეგეთა დამარცხებას, უნდა შევღაღადოთ ღმერთს: „მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე. ფართო-ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი“ (ფს. 17: 36-37), ღვთიური ცოდნითა და ძალით გაძლიერებულებს კი კადნიერად შეგვიძლია ვთქვათ: „ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ. ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა“ (ფს. 17: 38–39), მაგრამ, ისევ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ჩვენი სისუსტის შესახებ, რომ უძლური ხორცით ვართ შემოსილი და, რომ ღვთის შეწევნის გარეშე არ ძალგვიძს ვძლიოთ სასტიკ მტრებს, ხორციელ ვნებებს, ამიტომ ვთქვათ: „შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქენეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყუნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. რამეთუ არა მშჳლდსა ჩემსა ვესავ, არცა მახჳლმან ჩემმან მაცხოვნოს მე. რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხჳნე“ (ფს. 43:6–8); „და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე. და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ“ (ფს. 17:40–41). როდესაც გავაცნობიერებთ, რომ არ ძალგვიძს ჩვენი იარაღით გავიმარჯვოთ, ვთქვათ: „აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა. განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე“ (ფს. 34:2–3); „განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი. და მომეც მე შემწე მაცხოვარებისა“ (ფს. 17:35–36), „რამეთუ [მამათა ჩვენთა] არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრონ ქუეყანა და არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი“ (ფს. 43:4); დაბოლოს, ღვთის მიერ ბოძებული ყველა სიკეთის გულისხმიერად გამოძიების შემდეგ (ჩვენი გამარჯვებები, უფლის მიერ ჩვენი განსწავლა, განსჯის უნარის მომადლება ან მისი იარაღით აღჭურვა, მისი ძალით გაძლიერება, ან ის, რომ უფალმა უკუაგდო ჩვენი მტერი და გაფანტა, როგორც მტვერი ქარის წინაშე), გულწრფელად შევღაღადოთ უფალს: „შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისა და ჴელისა აღმპყრობელი ჩემი. ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე“ (ფს. 17:2–4).

თავი 18. ღვთის მადლი განგვამტკიცებს არა მხოლოდ ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობაში, არამედ სულის ხსნისათვის ყოველდღიურ მოღვაწეობაშიც

ჩვენ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს არა მხოლოდ იმისათვის, რომ გონიერ არსებებად შეგვქმნა, თვისუფალი ნება გვიბოძა და ნათლობის მადლი და რჯული მოგვმადლა, არამედ იმის გამოც, რასაც თავისი განგებულებით გვაძლევს ყოველდღიურად – გვათავისუფლებს მტრების ცილისწამებისაგან, გვეხმარება ხორციელ ვნებათა დაძლევაში, გვიფარავს საფრთხეთაგან, გვიცავს ცოდვით დაცემისაგან, გვეხმარება და განგვანათლებს, რათა გულისხმავყოთ მისი შეწევნა, უხილავად შთაგვაგონებს გულშემუსვრილებას ჩვენი დაუდევრობისა და ცოდვების გამო, განგვსწავლის სულის ხსნის შესახებ, თავად მიგვიძღვის ცხონებისაკენ და ბოლოს, ჩვენს თავისუფალ ნებას, რომელიც ცოდვისკენ უფრო მეტადაა მიდრეკილი, კეთილი საქმეებისკენ მიმართავს, სასჯელით გვაოკებს და სათნოებათა გზაზე გვაყენებს.

თავი 19. ღვთის მადლის ამგვარი გაგება მამათა მიერ არის გადმოცემული

ამგვარია ღვთის წინაშე სიმდაბლე (რაც ნიშნავს იმას, გაიაზრო, რომ ყველაფერში ღმერთზე ხარ დამოკიდებული, აღიარო ღვთის კეთილი საქმეები, მადლობდე მას მათ გამო, დაემორჩილო ღვთის ნებას და, როგორც პეტრე მოციქული ბრძანებს, დამდაბლდე ღვთის ძლიერი მარჯვენის ქვეშ, ამავდროულად, ღვთის გულისთვის, დაემორჩილო ადამიანებსაც, როგორც ღვთის მხასურებსა და იარაღს. თავმდაბლობის არსი ისაა, რომ ჩვენი ნება ღვთის ნებას დავუმორჩილოთ. ყველა ქმნილება თავისდაუნებურად ემორჩილება შემოქმედს, გონერ ქმნილებას კი ნებაყოფლობითი მორჩილება მართებს, რომელიც შეიძლება სამი სახისა იყოს – რაც ღმერთს სურს, ჩვენც ის უნდა გვსურდეს; რაც მას არ სურს, ჩვენც უნდა უარვყოთ; ხოლო როდესაც უცნობია სურს თუ არა ღმერთს რამე, ჩვენც, მსგავსადვე, არც ძალიან უნდა გვსურდეს და არც სრულიად უნდა უარვყოთ ის). ეს არის ძველ დროში მოღვაწე მამების ჭეშმარიტი რწმენა, რომელიც მათ მიმდევრებში დღემდე უცვლელად ცოცხლობს. ცხადია, ამ რწმენის შესახებ მოწმობს ის საკვირველი სასწაულები, რომელთაც ხშირად აღასრულებდნენ წმინდა მამები არა მარტო მორწმუნეთა, არამედ ურწმუნოთა და მცირედმორწმუნეთა შორისაც. მამები, რომელთაც, მეთევზეთა მსგავსად, უბრალო რწმენა შეინარჩუნეს თავიანთ გულებში, საოცარი სასწაულებით დარწმუნდნენ, რომ შეუძლებელია რწმენის მოპოვება წუთისოფლის სულით, სილოგიზმებით, დიალექტიკისა და ციცერონის მჭერმეტყველებით, მაგრამ შესაძლებელია ნამდვილი ცხოვრებისეული გამოცდილებით, კეთილი მოღვაწეობითა და მანკიერებათა გამოსწორებით; სწორედ ამაში მდგომარეობს სრულყოფილების არსი, ამის გარეშე არც ღვთის მიმართ სასოებაა შესაძლებელი, არც ვნებათაგან გათავისუფლება, არც ზნეობრივი გამოსწორება და არც სათნოებათა გზაზე სრულყოფა.

თავი 20. ერთ ძმას ღვთის გმობის გამო უწმინდური სული დაეპატრონა

ვიცნობდი ერთ ძმას, რომელმაც საკმაოდ გამოცდილი ბერის წინაშე აღიარა, რომ ხორციელი ვნების სასტიკი შემოტევის გამო აუტანელი სურვილი ჰქონდა ცოდვის ჩადენისა და შეუძლებლად მიაჩნდა ავხორცობის გაუსაძლისი წვა მოეთმინა. ბერმა, როგორც ჭეშმარიტად სულიერმა მკურნალმა, რომელმაც განჭვრიტა შინაგანი მიზეზი და სნეულების დასაბამი, ღრმად ამოიოხრა და თქვა: „უფალი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა შენს თავს ასეთი უწმინდური სულის თავდასხმას, ღვთის გმობაში რომ არ ჩავარდნილიყავი (აქედან ჩანს, რომ ხორციელი განსაცდელი უფლის სასჯელია ამპარტავნების ან ღვთის გმობის გამო. წმ. გრიგოლ დიალოგოსის სიტყვებით, თუ ცოდვისაგან მალევე არ განიწმინდებიან სინანულის ცრემლებით, ღმერთი სასჯელის სახით ტოვებს ცოდვას და ამ ცოდვის ბორკილებით შეკრული და ცოდვის წყვდიადით დაბნელებული ადამიანი სხვა ცოდვებით ეცემა, და ამგვარად, ერთ ცოდვას მეორეს უმატებს. ასე რომ, შემდგომი დაცემები სასჯელია წინა ცოდვათათვის, რომელთაც უგულებელყოფენ და სასწრაფოდ ცრემლით არ მოინანიებენ). ამ სიტყვების შემდეგ ძმა ფეხებში ჩაუვარდა ბერს, გაკვირვებული იმით, რომ ღმერთმა მას მისი გულის დაფარული გაუცხადა და აღიარა, რომ უწმინდურ ფიქრებში მართლაც დაგმო უფალი. აქედან ცხადია, რომ ვინც ამპარტავნებაში ვარდება, გმობს ღმერთს და მას შეურაცხყოფს ვინც სიწმინდეს იძლევა, და სწორედ იმიტომ, რომ არ არის ღირსი სიწმინდისა, კარგავს ამ სიწმინდეს.

თავი 21. მეფე იოაშის მაგალითი, რომელიც ამპარტავნების გამო დაისაჯა

ამ ამბის შესახებ ვკითხულობთ ნეშტთა წიგნში: იოაში, იუდველთა მეფე, იეჰოიადაყ მღვდლის მიერ შვიდი წლის ასაკში იქნა გამოცხადებული მეფედ, და როგორც წმიდა წერილი გვაუწყებს, სანამ ცოცხალი იყო ეს მღვდელმსახური, იოაში ყველაფერს სწორად აკეთებდა, მაგრამ იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ იოაში გაამპარტავნდა და შეურაცხმყოფელი სატანჯველით აღესრულა: იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მასთან იუდას მთავრები მოვიდნენ და თაყვანი სცეს (ნეტარი იერონიმეს აზრით, თაყვანი სცეს მას, როგორც ღმერთს და იოაშმა დიდი სიამოვნებით დართო მათ ამის ნება). მოუსმინა მათ მეფემ. მიატოვეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო... ერთი წლის შემდეგ წამოვიდა მის წინააღმდეგ ასურელთა ჯარი, შეიჭრა იუდასა და იერუსალიმში და გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი, მთელი ნაალაფარი კი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს. თუმც მცირეოდენი ხალხით მოვიდა ასურელთა ჯარი, მაგრამ უფალმა მათ ხელში დიდძალი ლაშქარი ჩააგდო, რადგან მიატოვეს მათ უფალი, მამა-პაპის ღმერთი. იოაში კი სამარცხვინოდ დასაჯეს (ნეტარე იერონიმე ფიქრობს, რომ ასურელებმა იგი მამათმავლობის ცოდვით წაბილწეს) და როცა წავიდნენ მისგან, მძიმედ დასნეულებული მიატოვეს (იხ. 2 ნეშტ. 24:1–25). ხედავ, ამპარტავნების გამო დაიმსახურა მან გაუგონარი და შეურაცხმყოფელი ტანჯვა! ამპარტავნებით ცხვირაწეულმა დაუშვა, რომ მისთვის თაყვანი უნდა ეცათ, როგორც ღმერთისთვის, სწორედ ამის გამო, – მოციქულის სტყვებით რომ ვთქვათ, – „მისცა ის ღმერთმა საგინებელ ვნებებს... უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ის გაუკუღმართებულ გონებას“ (რომ. 1:26, 28), ამგვარად, მან საკადრისი საზღაური მიიღო. და კიდევ: რადგან, წმინდა წერილის მიხედვით, ყოველი ამპარტავანი არაწმინდაა ღვთის წინაშე (იგავ. 16:5), სამარცხვინო ტანჯვას იმსახურებს, რათა, ხორციელი შეურაცხყოფითა და უწმინდური ტანჯვით დამცირებული, მიხვდეს, რომ უწმინდურია, რასაც გაამაყებული გულით ვერ გრძნობდა, ხოლო ხორცის სამარცხვინო მდგომარეობამ უნდა გამოამჟღავნოს მისი გულის დაფარული უწმინდურობა, რომელიც ამპარტავნებამ წარმოშვა; მისი სხეულის აშკარა წაბილწვა აჩვენებს, რომ იგი თავადაა უწმინდური, ხოლო ქედმაღლობის სულში მყოფი კი არ აცნობიერებდა ამას.

თავი 22. ყოველი ამპარტავანი სული შესარცხვენად გარყვნილებაში ვარდება

ზემონათქვამით ცხადი ხდება, რომ ამპარტავნებით შეპყრობილი ყოველი სული გარყვნილებაში ვარდება, ხორციელ ვნებებში ეფლობა, რათა, უკიდურეს შემთხვევაში, ხორციელი ვნებებით შერცხვენილმა მაინც გაიაზროს, რომ უწმინდურია და ბილწი, რადგან სულიერი უგრძნობელობისა და გულგრილობის დროს არ შეეძლო გაეაზრებინა, რომ გაამაყების გამო უწმინდური გახდა ღვთის წინაშე (ღვთისთვის იმდენად საძაგელია ამპარტავნება, რომ ამის გამო უშვებს ადამიანის დაცემას საძაგელი ხორციელი ცოდვებით, რომლითაც შეარცხვენს და აიძულებს მას, რათა გააცნობიეროს თავისი უწმინდურობა და ამით სიმდაბლე შეიძინოს), რათა, ამგვარად დამდაბლებულმა, მოინდომოს თავი დააღწიოს სულიერ უგრძნობელობას და, ხორციელი ვნებებით შერცხვენილი, შეეცადოს სულიერად იღვაწოს.

თავი 23. სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია სიმდაბლის გარეშე

მაშასადამე, ცხადია, რომ არავის შესწევს ძალა სულიერი სიწმინდე და სრულყოფილება მოიპოვოს სიმდაბლის გარეშე. ეს სიმდაბლე მან ძმისა და ღვთის წინაშე უნდა გამოავლინოს უპირველესად და ღრმად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ღვთის დახმარებისა და შეწევნის გარეშე შეუძლებელია მიაღწიოს სრულყოფილებას, რომელიც სურს და რომლისკენაც მთელი შემართებით ისწრაფვის.

თავი 24. ვის აცდუნებს სულიერი სიამაყე და ვის – ხორციელი

აქამდე, ღვთის შეწევნით, საკმარისად ვთქვით სულიერი სიამაყის შესახებ, რომლითაც, როგორც მამები ამბობენ, სრულყოფილნი ცდუნდებიან. ამპარტავნების ეს სახეობა მხოლოდ ერთეულებმა გამოსცადეს და შეიცნეს, რადგან გულის სრულად განწმენდას მცირედნი ცდილობენ და ბრძოლის ამგვარ ხარისხსაც მცირედნი აღწევენ. სულიერი სიამაყე იმათი განსაცდელია, ვინც უკვე დაამარცხა წინა მანკიერებები და თითქმის სათნოებათა მწვერვალზე იმყოფება. მზაკვარ მტერს აღარ შეუძლია მათი ხორციელი ცოდვით დაცემა, ამიტომ ცდილობს სულიერად დასცეს მოღვაწე და ამგვარად დააკარგვინოს აქამდე დიდი შრომით მოხვეჭილი სათნოებები, მაგრამ ბოროტი სული არც კი ფიქრობს, რომ მსგავსადვე გვაცდუნოს ჩვენ, რომლებიც ხორციელ ვნებებში ვართ გახლართულნი და ასე ვთქვათ, უფრო უხეში, ხორციელი სიამაყით გვებრძვის. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელად უნდა ითქვას ცოტა რამ ამ სიამაყის შესახებაც, რომლითაც ჩვენ და ჩვენი მსგავსი სულიერი საზომის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით კი დამწყებთ, გვაცდუნებს.

თავი 25. ხორციელი სიამაყე

ამგვარად, როდესაც ხორციელი სიამაყე დამკვიდრდება მონაზვნის სულში (რომელმაც არასრულად და არასწორად უარყო წუთისოფელი, რაც მას საშუალებას არ აძლევს ქრისტეს სიმდაბლეს ეზიაროს), ის, უპირველესად, ურჩობასა და სიჯიუტეს იძენს, რაც შემდეგ ხელს უშლის, რომ მდაბალი, ალერსიანი, გულღია და ძმათა თანასწორი იყოს და შეძლოს, მაცხოვრის მცნებების შესაბამისად, მთელი ქონება დატოვოს და უპოვარი გახდეს.

წუთისოფლის უარყოფა სიკვდილისა და ჯვრის სახეა, ამიტომ ვერავინ შეძლებს ამას, თუ საკუთარ თავს წუთისოფლისთვის მკვდრად არ მიიჩნევს სულიერად და არ ირწმუნებს, რომ ხორციელადაც შეიძლება მოკვდეს ნებისმიერ წუთს. ამპარტავნება და სიამაყე კი, პირიქით, ჩააგონებს, რომ დღეგრძელია და დიდხანს იცოცხლებს, მრავალი სისუსტისაკენ უბიძგებს, არწმუნებს, რომ თუკი გაღატაკდება, სხვისი საპატრონო გახდება და ამის გამო სირცხვილის გრძნობას უნერგავს, ასევე აჯერებს, რომ საკვებისა და ტანისამოსის შეძენა საკუთარი (და არა სხვისი) სახსრებით სჯობს და ამ სიტყვებსაც ახსენებს (რომელთაც, როგორც წესი, ვერასოდეს იგებენ გონებასუსტნი და გულცივნი), რომ „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა“ (საქმ. 20:35).

თავი 26. ვინც არასწორ საფუძველზე დგას, ყოველდღიურად უფრო და უფრო ეცემა

ეშმაკეული უიმედობითა და ურწმუნოებით (ზოგიერთნი კი დაუდევრობით) დამარცხებულნი, ახშობენ რა რწმენის იმ ნაპერწკალსაც, რომელიც სარწმუნოებაზე მოქცევის საწყის ეტაპზე ჰქონდათ, გულმოდგინედ იწყებენ ფულის შენახვას, რომელსაც წარსულში, შესაძლებელია, გასცემდნენ კიდეც, მაგრამ ახლა, რაკი უწინ გაცემულს ვეღარ დაიბრუნებენ, უფრო მეტი სიძუნწით ინახავენ მას, და კიდევ უარესი, იმასვე უბრუნდებიან, რაც უკვე უარყვეს, ან იმის მოგროვებას იწყებენ, რასაც ადრე არ ფლობდნენ (რაც გარყვნილების მესამე და ყველაზე უკეთურ სახეობას წარმოადგენს) და ამით აჩვენებენ, რომ, წუთისოფლის უარყოფის მიუხედავად, მხოლოდ მონაზვნის სახელი მოიპოვეს და ახალი არაფერი შეუძენიათ. ასე რომ, მანკიერებათა საძირკველზე მხოლოდ და მხოლოდ მანკიერებათა შენობა აიგება, რაც საბრალო სულის კიდევ უფრო სასტიკ დაცემას განაპირობებს შემდგომ.

თავი 27. მანკიერებები, რომლებიც ამპარტავნებისაგან იშვებიან

უეჭველია, რომ ვნებებით გააფრთებული სული, რომელიც მონაზვნურ ცხოვრებას გულცივად იწყებს, ყოველდღიურად უფრო მეტ სიგლახეს ჩაიდენს და აუცილებლად უმსგავსოდ დაასრულებს სიცოცხლეს. ის, ვინც უწინდელი ვნებებით ტკბება და საძაგელი ვერცხლისმოყვარეობით მარცხდება, (რომლის შესახებაც მოციქული ამგვარად ბრძანებს: „სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი და ანგარებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ“ (კოლ. 3:5) და კიდევ: „ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლისმოყუარებაჲ“ (1ტიმ. 6:10)) ვერასოდეს მიიღებს საკუთარ გულში ქრისტეს უბრალო, ჭეშმარიტ თავმდაბლობას. როდესაც კეთილშობილი წარმომავლობის ან ამქვეყნიური ღირსების გამო ქედმაღლობს ვინმე (რომელსაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ხორციელად განეშორა და არა – სულიერად), ან აღტაცებულია ფულით, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება დაცემა, ამის შემდეგ (ამპარტავანს) აღარ სურს მონასტრული ცხოვრების ტვირთის ზიდვა, იგი აღარ იღებს სულიერი მოძღვრის რჩევებს, ვინაიდან ვისაც ამპატრავნება ეუფლება, არათუ მორჩილება, მოსმენაც აღარ სურს ამის შესახებ, მას იმგვარი ზიზღი უჩნდება სულიერი საუბრის მიმართ, რომ თუკი მოხდება კიდეც ამგვარი რამ, არავის უსმენს, ცქმუტავს, თვალებს აცეცებს და სხვა მხარეს იყურება, მაცხონებელი ოხვრის ნაცვლად კი ბრაზი ახრჩობს, უმიზეზოდ ახველებს, თითებს იქნევს, თითქოს წერს ან ხატავს რამეს, მთელი სხეული უთრთის და ვიდრე საუბრობენ, ეჩვენება, რომ ეკლებზე ზის ან მატლებზე, რომლებიც დაღოღავენ, და თუნდაც სასარგებლო რამ ითქვას მსმენელთა სასიკეთოდ, ფიქრობს, რომ მას შეურაცხყოფენ.

ამგვარად, მთელი საუბრის განმავლობაში ამპარტავანი მხოლოდ ეჭვიანობს და იმას კი არ ისმენს, რაც სასარგებლო იქნებოდა მისთვის, არამედ გონებადამძიმებული იკვლევს, რა და რატომ თქვეს. ის შეცბუნებულია და ფიქრობს, როგორ შეეპასუხოს სხვებს. ასე რომ, სულის სასარგებლო საუბრებს მისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს და უფრო დიდი ცოდვის ჩადენისკენ უბიძგებს. ამის მიზეზია ის, რომ ეჭვებში მყოფს (რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ ითქვა) გული უსასტიკდება სიჯიუტით და მრისხანების ბასრი ისრები ჭრილობას აყენებს. ამის შემდეგ მისი ხმა მაღალია, საუბარი – მკაცრი, პასუხი – მკვახე, სიარული – ამაყი, საუბარი კი კადნიერი, არ უყვარს დუმილი და, როდესაც გულში რომელიმე ძმის მიმართ ზიზღი უჩნდება, სინანულისა და თავმდაბლობის გამო კი არ დუმს, არამედ სიამაყის გამო ეუფლება უკმაყოფილება, ასე რომ, ადვილი არ არის განასხვაო რა უფრო მეტად საძაგელია მასში – უტიფარი სიხარული თუ პირქუში და გესლიანი მდუმარება. უტიფარი სიხარულის დროს მისი საუბარი უდროოა და უადგილო, სიცილი – დაუფიქრებელი და ბრიყვული, ზევიდან იყურება თავშეუკავებელი ქედმაღლობით, ხოლო დუმილის დროს მისი მდუმარება გესლიანია და მრისხანებით სავსე, რაც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ძმის მიმართ ზიზღი, რომელსაც დუმილით ფარავს, კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს, იგი არ ცდილობს, რომ მასში თავმდაბლობისა და მოთმინების სათნოებები აღმოცენდეს. ამგვარად, ამპარტავანი, რომელიც ყველას მწუხარებაში აგდებს, მის მიერ შეურაცხყოფილ ძმას არათუ თავად არ სთხოვს შენდობას, არამედ თვით ამ ძმის მიერ მისთვის ნათხოვნ შენდობას არ იწყნარებს და არათუ ძმის სიმდაბლე არ არბილებს მის გულს, არამედ უფრო მეტად მრისხანებს იმის გამო, რომ ძმამ აჯობა თავმდაბლობაში, შედეგად კი, მაცხონებელი თავმდაბლობა, რომელიც ეშმაკისეულ განსაცდელებს ანადგურებს, დიდი მრისხანების მიზეზი ხდება მისთვის.

თავი 28. ერთი ძმის ამპარტავნების შესახებ

მსმენია, რომ ერთ ქვეყანაში (რაც უცნაური და სამარცხვინოა მოსაყოლად) აბბა ერთ ძმას შეაგონებდა, რომ უარი არ ეთქვა თავმდაბლობაზე, რომელსაც აღკვეცის შემდეგ მცირე დროის განმავლობაში ინარჩუნებდა და უარეყო ეშმაკეული სიამაყე, რომლითაც ის იყო შეპყრობილი. ამაზე ძმამ უკიდურესი ქედმაღლობით უპასუხა: ნუთუ მაშინდელი სიმდაბლის გამო მუდამ სხვებს უნდა ვემორჩილებოდე? ასეთი კადნიერი და უკმეხი შეპასუხების გამო აბბას იმდენად გაუკვირდა, რომ მაშინვე საუბარი შეწყვიტა, თითქოს ეს სიტყვები თავად ლუციფერისაგან და არა ადამიანისგან მოესმინოს, ვეღარაფერი თქვა, გულიდან მხოლოდ ოხვრა აღმოხდა და დადუმებული, გონებაში მაცხოვრის შესახებ ნათქვამი სიტყვების შესახებ ჩაფიქრდა: „რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“ (ფილ. 2:6-8).

თავი 29. ხორციელი ამპარტავნების ნიშნები

იმისათვის, რომ ამპარტავნების ამ სახეობის ნიშნების შესახებ მოკლედ გადმოვცეთ, საჭიროდ მივიჩნევ მოკლედ გავიმეორო ის, თუ რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ამპარტავნება, რათა უფრო ადვილად შევძლოთ მისი გაშიშვლებული და ზედაპირზე გამოჩენილი ფესვების ამოძირკვა ან მორიდება.

როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის გარეგნული მოქმედებებით შეიცნობა მისი შინაგანი მდგომარეობა, ასე რომ, ეს ხორციელი სნეულება – ამპარტავნება – უპირველეს ყოვლისა, შემდეგი ნიშნებით გამოირჩევა: ლაპარაკისას – ყვირილით, დუმილისას – წყენით, სიხარულისას – ხმამაღალი სიცილით, მწუხარებისას – უგუნური დარდით, პასუხებისას – წინააღმდეგობით, საუბრისას – დაუფიქრებლობით, რადგან ამპარტავნის სიტყვები გულიდან არ მოდიან, მას არ შეუძლია მოთმინება, მისთვის უცხოა სიყვარული, არ ერიდება სხვებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ხოლო თუ თავად მას შეურაცხყოფენ – სულმოკლეა, რჩევის მიმართ – შეუვალი, საკუთარი ნების მოსაკვეთად – სუსტი, არ ძალუძს მორჩილება, ყოველთვის თავის აზრს იცავს და არასდროს უთმობს სხვას, ამის გამო არ შეუძლია მიიღოს მაცხონებელი რჩევა, რადგან ყველაფერში უფრო მეტად ენდობა საკუთარ თავს, ვიდრე სულიერ მოძღვართა შეგონებას.

თავი 30. ვისაც სიამაყის გამო ღვთისმოსაობა აკლდება, სხვებზე აღმატებულობას ესწრაფვის

იმას, ვისაც სიამაყე დაეუფლა და ზემოთქმული დაცემის ხარისხებს თავქვე დაუყვა, შიშს გვრის კვინობიური ცხოვრების (მონასტრული თანაცხოვრების) წესი, რადგან ფიქრობს, რომ ძმებთან ურთიერთობა სრულყოფილებას აშორებს და სწორედ ისინი უშლიან ხელს მოთმინებისა და სიმდაბლის მოპოვებაში. ამიტომაც განმარტოებით კელიაში ცხოვრება ან მონასტრის აგება სურს. ამგვარად ფიქრობს, რომ სარგებელი მოუტანოს მრავალთ და იმათ შეკრებას ცდილობს, რომელთაც შემდგომ ასწავლის, შეაგონებს, დამოძღვრავს, და თუ ამას შეძლებს, გამოუსადეგარი მოწაფე კიდევ უფრო უარეს მასწავლებლად მოგვევლინება. გულში ამგვარად გაამაყებულს შემდეგ დამღუპველი გულგრილობა ეუფლება და უკვე აღარც ერისკაცსა და აღარც მონაზონს, ამგვარი საბრალო ქმედებებისა და მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ სჯერა, რომ სრულყოფილებას მიაღწევს, რაც კიდევ უფრო უარესია.

თავი 31. როგორ შეგვიძლია ვძლიოთ ამპარტავნებას ან მივაღწიოთ სრულყოფილებას

მაშასადამე, თუ გვსურს, რომ ჩვენი შენობა იმგვარად ავაგოთ, რომ სრულყოფილი და ღვთისთვის სათნო იყოს, მაშინ საძირკველში უნდა დავდოთ არა ჩვენი ნება, არამედ სწორი სახარებისეული სწავლება. ესაა ღვთის შიში და სიმდაბლე, რომელიც თვინიერ და უბრალო გულში იშვება. სიმდაბლეს ვერ შევიძენთ სიშიშვლის გარეშე (ანუ წუთისოფლის, ყოველგვარი სიმდიდრის, არასაჭირო ნივთების უარყოფისა და უპოვარების გარეშე. „მშვენიერებათმოყვარეობაში“ წერია, რომ სიმდაბლეს შობს რწმენა, ღვთის შიში, მოკრძალება და სრული უანგარობა, რის შედეგადაც შესაძლებელია სიყვარულის მოპოვება და სრულყოფა). სიმდაბლის გარეშე შეუძლებელია გვქონდეს მორჩილებისათვის მზაობა, მოთმინების ძალა, სიმშვიდე და კრძალულება, სრულყოფილი სიყვარული, ამათ გარეშე კი ჩვენი გული ვერ იქნება სულიწმიდის სამყოფელი, როგორც ამის შესახებ გვაუწყებს უფალი წინასწარმეტყველის პირით: „და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ (ის. 66:2).

თავი 32. როგორ დავძლიოთ ამპარტავნება ჭეშმარიტი თავმდაბლობით

ამიტომ, ქრისტეს მოღვაწე (რომელიც კანონიერად იღვწის სულიერ ასპარეზზე და უფლისგან გვირგვინის მიღება სურს), ყოველნაირად უნდა ეცადოს სწრაფად დაამარცხოს ეს მძვინვარე მხეცი, რომელიც ყველა სათნოებას ანადგურებს და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ვიდრე მის სულში ამპარტავნებაა, არათუ ვნებებისაგან გათავისუფლებას ვერ შეძლებს, არამედ, თუკი რამ სხვა სათნოება აქვს, იმასაც გაანადგურებს მისი შხამი, რადგან შეუძლებელია სათნოებათა შენობა აღიმართოს, თუ გულში მტკიცე საფუძვლად არ დაიდება ჭეშმარიტი სიმდაბლე და სიყვარული, რომელიც საყრდენი უნდა იყოს ამ შენობისა. ამისათვის, პირველყოვლისა, ძმებს უნდა ვუჩვენოთ ჭეშამარიტი სიმდაბლე და არ უნდა გავანაწყენოთ და შეურაცხვყოთ ისინი, მაგრამ ეს შეუძლებელია თავის უარყოფის გარეშე, რაც გულისხმობს ქრისტეს სიყვარულის გამო ქონებაზე უარის თქმასა და უპოვარებას, თვალთმაქცობის გარეშე უბრალო გულით სულიერი წინამძღვრის სრულ მორჩილებას და საკუთარ ნებაზე უარის თქმას. ეს კი მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც არა მარტო წუთისოფლისათვის მკვდრად, არამედ ქრისტესთვის უგუნურადაც მიიჩნევს თავს და ყველაფერს, რასაც ბერები უბრძანებენ, ყოველი გამოკვლევის გარეშე აღასრულებს, როგორც სიწმინდესა და ღვთისაგან უწყებულს.

თავი 33. ამპარტავნების საწინააღმდეგო საშუალებები

თუ ამგვარი სულიერი განწყობა გვექნება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სიმდაბლე იქნება ჭეშმარიტად მშვიდი და ურყევი; და თავს მივიჩნევთ ყველაზე უარესად (ამგვარად ფიქრს განაპირობებს შემდეგი სახის მსჯელობა, რომ სხვებს მრავალი ფარული სიკეთე აქვთ, რომელთაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ჩვენი თავმყოვარეობა ჩვენს ნაკლოვანებებს ფარავს, ჩვენს ღირსებას კი გადაჭარბებულად აფასებს. წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: ჩვენ პატივი უნდა ვცეთ არა მხოლოდ ასაკით უფროსებს, არამედ თანატოლებსაც, რადგან ჭეშმარიტი თავმდაბლობა ის არის, როცა საჭიროების გამო კი არ აკეთებ, არამედ როდესაც ვუთმობთ იმათ, ვისაც ჩვენზე უღირსად მივიჩნევთ, ხოლო თუ სწორად ვიაზროვნებთ, მაშინ არავის ჩავთვლით ჩვენზე უღირსად და ყველას ჩვენზე უკეთესად ვაღიარებთ. ამას არ ვამბობ ჩვენ შესახებ, რომლებიც ცოდვებში ვართ ჩაძირული, მაგრამ თუ ვინმე საკუთარ თავში მრავალ კეთილ საქმეს აღმოაჩენს, მაგრამ არ იფიქრებს, რომ ყველაზე უკანასკნელია, თავის კეთილ საქმეთაგან არავითარ სარგებელს არ მიიღებს (საუბ. 33 შესაქმის შესახებ)). ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა – წყენა, მწუხარება თუ შეურაცხყოფა – მოთმინებით უნდა ვზიდოთ, როგორც უფროსებისაგან მოყენებულნი; და თუ გონებით განუწყვეტლივ ვიფიქრებთ ჩვენი უფლისა და მისი წმინდანების წამების შესახებ, არათუ იოლად დავითმენთ მათ, არამედ ვიფიქრებთ, რომ ჩვენდამი მოყენებული წყენა იმდენადვე მცირეა და უმნიშვნელო, რამდენადაც შორს ვდგავართ უფლისა და მისი მოწამეების დამსახურებისა და ქმედებებისაგან. ასევე, ვიფიქროთ, რომ მალე დავტოვებთ წუთისოფელს და შევუერთდებით მათ. ამგვარი ფიქრები არა მარტო ამპარტავნებას, არამედ ყველა სხვა ვნებასაც გაანადგურებს. ამის შემდეგ მტკიცედ შევინარჩუნოთ თავმდაბლობა ღვთის წინაშე. ამ ყოველივეს კი შევძლებთ, თუ გავიაზრებთ, რომ ჩვენი ძალებით, ღვთის შეწევნის გარეშე, ვერაფერს აღვასრულებთ სათნოებათა სრულყოფის გზაზე და გვწამდეს იმისაც, რომ რისი შეცნობის ღირსიც გავხდით, ჭეშმარიტად, არის ღვთის დიდი წყალობა.


წინა თავი შემდეგი თავი