მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები განკითხვის შესახებ

წმიდა მამები განკითხვის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

ღირსი ბერი პაისი ათონელი

თავი 1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ (მთ. 7:1)

განკითხვა აღსავსეა უსამართლობით

- გერონდა, მე ადვილად განვსჯი და განვიკითხავ.

- განსჯის უნარი ღვთისგან შენთვის ბოძებული ნიჭია, მაგრამ მას ეშმაკი იყენებს, ის გაიძულებს, რომ განიკითხო და შესცოდო, ამიტომ ვიდრე შენი განსჯის უნარს ღმერთი არ განწმენდს და აკურთხებს, შენს აზრს ნუ ენდობი. თუკი ადამიანის განსჯის უნარი არ არის განწმენდილი, ის კი სხვის საქმეებში ერევა და სხვებს განსჯის, მაშინ განუწყვეტლივ აღმოჩნდება განკითხვაში.

- და როგორ შეიძლება იკურთხოს განსჯის უნარი?

- საჭიროა მისი განწმენდა. შესაძლებელია კეთილი სურვილიც გქონდეს და კეთილი ნებაც, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ყოველთვის სწორად განსჯი? შენი განსჯა ჯერ კიდევ ადამიანურია, ამსოფლიური. ეცადე ადამიანურისაგან გათავისუფლდე და უანგარობა მოიხვეჭო, რათა უფლის მიერ განისწავლო და სულიერად განსაჯო. მაშინ შენი მსჯავრი ღვთაებრივი იქნება და არა – კაცობრივი, შესაბამისი ღვთიური მოწყალებისა და სიყვარულისა და არა – ადამიანური ლოგიკისა. მხოლოდ ღმერთია სამართლიანი მსაჯული, რადგან მხოლოდ მან იცის ადამიანთა გულები. ჩვენ კი, რომელთაც არაფერი გაგვეგება ღვთის სამართლიანი სამსჯავროს შესახებ, ზედაპირულად განვსჯით, „გარეგნულის“ მიხედვით, ამიტომაც უსამართლოდ განვიკითხავთ და ბრალს ვდებთ სხვებს. ჩვენი ადამიანური სამსჯავრო უდიდესი უსამართლობაა. გახსოვთ, რა თქვა ქრისტემ: „ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ“ (ინ.7:24)?!

დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ვიცოდეთ საგნების ნამდვილი მდგომარეობის შესახებ. მრავალი წლის წინ ათონის ერთ–ერთ მონასტერში ცხოვრობდა ღვთისმოსავი დიაკონი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს მონასტერი დატოვა და თავის სამშობლოში დაბრუნდა. მამები ათას რამეს ამბობდნენ მის შესახებ, თუმცა, რა მოხდა სინამდვილეში?! ვიღაცამ მისწერა, რომ მისმა დებმა ამ დრომდე ვერ მოაწყვეს თავიანთი მიწიერი ცხოვრება. იმის შიშით, რომ დები სწორ გზას არ ასცდენოდნენ, დიაკონი მათ დასახმარებლად გაემგზავრა, ერთ ქარხანაში სამუშაოც ოშოვა და უფრო ასკეტურადაც ცხოვრობდა, ვიდრე მონასტერში ყოფნისას. შემდეგ, როგორც კი დების საქმე მოაგვარა, სამუშაო დატოვა და კვლავ მონასტერში დაბრუნდა. როცა იღუმენმა შენიშნა, რომ მან ყველაფერი იცოდა – წესდება, მორჩილება და სხვა – ჰკითხა, სად ისწავლა ყოველივე, დიაკონმა იღუმენს გული გაუხსნა და ყველაფერი უამბო. იღუმენმა ყოველივე ეპისკოპოსს შეატყობინა, მან კი მაშინვე მღვდლად აკურთხა. ის შემდეგ შორეულ მონასტერში გაემგზავრა, სადაც მკაცრად იღვაწა, სიწმინდეს მიაღწია და მრავალს დაეხმარა სულიერად. ისინი კი, ვინც არ იცის რითი დასრულდა ეს ისტორია, ალბათ, დღემდე განიკითხავენ მას (მოცემულ შემთხვევაში ამ ადამიანის მოქმედებები ეწინააღმდეგება ეკლესიის კანონებსა და წეს–განგებას და არ შეიძლება ჩაითვალოს მართებულად. ბერმა პაისიმ ეს მაგალითი იმისათვის დაიმოწმა, რათა ეჩვენებინა, რომ „გარეგნული“ სამსჯავრო, როგორი სამართლიანიც არ უნდა ჩანდეს ის, შეიძლება უსამართლო იყოს ადამიანის მიმართ - შემდგენლის შენიშვნა).

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ განკითხვასთან! როგორ უსამართლოდ ვექცევით მოყვასს, როდესაც მას განვიკითხავთ! თუმცა სინამდვილეში უსამართლონი ვართ არა სხვათა მიმართ, არამედ საკუთარ თავთან, რადგან ღმერთი გვტოვებს. არაფერი არ არის ისე საძაგელი ღვთისთვის, როგორც განკითხვა, რადგან სამართლიანი მხოლოდ ღმერთია, განკითხვა კი უსამართლობითაა აღსავსე.

როგორ მივდივართ განკითხვამდე

- გერონდა, ასე ხშირად რატომ ვვარდები განკითხვის ცოდვაში?

- იმიტომ, რომ სხვებს უყურებ, ცნობისმოყვარე ხარ და გაინტერესებს რომელი და რას აკეთებს, მასალას აგროვებ, რათა ეშმაკს საქმე გამოუჩნდეს და განკითხვაში ჩაგაგდოს.

- ადრე ვერ ვამჩნევდი სხვების ნაკლოვანებებს, ახლა კი ვამჩნევ და განვიკითხავ...

- ახლა სხვების ნაკლოვანებებს იმიტომ ხედავ, რომ შენსას ვერ ხედავ.

- გერონდა, საიდან წარმოიშობიან განკითხვის გულისთქმები?

- საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენებიდან, ანუ სიამაყიდან და იქიდან, რომ თავის მართლებისაკენ გაქვს მიდრეკილება.

- გერონდა, განკითხვას სიყვარულის უკმარისობა განაპირობებს?

- სიყვარულის უკმარისობაც და სიძულვილიც! როდესაც სიყვარული არ გაქვს, შესაბამისად, არც სხვისი შეცდომების მიმართ ხარ შემწყნარებელი; შენ გონებაში ამცირებ და შეურაცხყოფ სხვებს, შემდეგ მოდის ეშმაკი და ახალი შეცდომისკენ უბიძგებს მათ, შენ ხედავ ამას და ისევ განიკითხავ, შემდეგ კი სიძულვილით მოპყრობას იწყებ.

- გერონდა, ერთი და, რომელთან ერთადაც ვმუშაობ, ზოგჯერ გულს მტკენს და მე მას განვიკითხავ.

- რა იცი, რამდენ ეშმაკთან უწევს მას ამ დროს ბრძოლა? იქნებ ორმოცდაათი დემონი დაესხა თავს და მის დამარცხებას ცდილობენ, რათა მერე თქვა: „აი, როგორი ხარ!“ და როდესაც დაინახავენ, რომ განიკითხე, ახლა უკვე ხუთასი დემონი მოვა, რათა კვლავ დაამცირონ შენ წინაშე იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განიკითხო. მაგალითად, ეუბნები: „დაო, ნუ დადებ ამ ნივთს იქ, მისი ადგილი აქ არის“. მეორე დღეს ეშმაკს შეუძლია დაავიწყოს ის, რაც წინა დღეს უთხარი და ისიც ნივთს კვლავ სხვა ადგილას დადებს. შემდეგ კიდევ სხვა რამეს გააკეთებს არასწორად და შენც გაიფიქრებ: „განა გუშინ არ ვუთხარი?! დღეს კი ისევ იმავეს აკეთებს! თან რაღაც გააფუჭა კიდეც!“ ახლა უკვე განიკითხავ და თავს ვეღარ იკავებ, რომ არ უთხრა: „დაო, განა არ გითხარი არ დადო ეგ ნივთი მანდ–მეთქი! ეს უწესრიგობაა. შენი საქციელით მაბრკოლებ!“ ესეც ასე! ეშმაკმა თავისი საქმე გააკეთა! მოახერხა, რომ და განიკითხე და მასთან ურთიერთობაც გააფუჭე, მაგრამ რაკი დამ არ იცის, რომ თავად შენ ხარ მისი უყურადღებობის მიზეზი, სინდისი შეაწუხებს იმის გამო, რომ აგაფორიაქა და მწუხარებას მიეცემა. ხედავ, როგორ მზაკვრულად მოქმედებს ეშმაკი, ჩვენ კი მას ვუსმენთ.

ამიტომ ეცადეთ არავინ განიკითხოთ. განიკითხეთ მხოლოდ ეშმაკები, რომლებიც ანგელოზები იყვნენ და დემონებად იქცნენ. იმის ნაცვლად, რომ მოინანიონ, ისინი უფრო მეტად მზაკვრობენ და ბოროტდებიან და მთელი ძალებით ცდილობენ დაღუპვამდე მიიყვანონ ღვთის ქმნილებები. ადამიანებს ცბიერი სული აღძრავს უცნაური ქმედებებისა და უწესრიგობისაკენ, სხვების განკითხვასაც თავადვე ჩააგონებენ და ამგვარად, ერთზეც იმარჯვებენ და მეორეზეც, მაგრამ ისინი, ვინც უწესრიგობას ქმნის, მოგვიანებით აცნობიერებენ თავიანთ შეცდომას და ინანიებენ, ხოლო ისინი, ვინც მოყვასს განიკითხავს, თავს იმართლებენ, ქედმაღლობენ და ამპარტავნების ანუ იმავე ცოდვის გამო ეცემიან, რომლითაც ეშმაკი თვითონ დაეცა.

განკითხვის გამო ღვთის მადლი გტოვებს

- გერონდა, როდესაც ვინმეს საწინააღმდეგო აზრი მომდის, ეს ყოველთვის განკითხვაა?

- იმ წუთას შენ თვითონ ვერ ხვდები ამას?

- ზოგჯერ ვხვდები, მაგრამ გვიან.

- შეეცადე რაც შეიძლება სწრაფად გააცნობიერო შენი დაცემა და შენდობა სთხოვე დას, რომელიც განიკითხე. ასევე, პატიება სთხოვე ღმერთს, რადგან განკითხვა ლოცვაში დაგაბრკოლებს. განკითხვის გამო ღვთის მადლი დაგტოვებს და ღმერთთან ურთიერთობაში სიცივე დაისადგურებს. მაშ, როგორღა ილოცებ?! გული ხომ ქვადქცეულია და გაყინული?!

განკითხვა და ძვირისთქმა - ყველაზე მძიმე ცოდვებია, ისინი, სხვა ცოდვებთან შედარებით, უფრო სწრაფად განგვაშორებენ ღვთის მადლს. იოანე სინელი ბრძანებს: „როგორც წყალი აქრობს ცეცხლს, ასევე აქრობს განკითხვა ღვთის მადლს.“

- გერონდა, დილის მსახურების დროს მეძინება.

- იქნებ რომელიმე და განიკითხე? შენ საგნებს გარედან უყურებ და სხვებს განიკითხავ, ამიტომ შემდეგ მსახურებაზე გეძინება. როდესაც ადამიანი განიკითხავს და საგნებს სულიერად არ უყურებს, სულიერ ძალებს კარგავს, და როდესაც ძალებს კარგავს, იგი ან ძილისკენ მიიდრიკება, ან უძილობით იტანჯება.

- გერონდა, მე ხშირად ვცოდავ ნაყროვანებით.

- ახლა მთელი შენი ყურადღება განკითხვას უნდა მიაქციო. თუ განკითხვას არ შეწყვეტ, ნაყროვანებისგან ვერ გათავისუფლდები. ადამიანი, რომელიც განიკითხავს, საკუთარ თავისგან ღვთის მადლს განაგდებს, უმწეო ხდება და არ შეუძლია გამოსწორდეს და თუ თავის შეცდომას არ გააცნობიერებს და არ დამდაბლდება, განუწყვეტლივ დაეცემა, მაგრამ თუ გააცნობიერებს და დახმარებისთვის მიმართავს ღმერთს, მაშინ ღვთის მადლი დაუბრუნდება.

ვინც სხვას განიკითხვას, იმავე ცოდვებით ეცემა

- გერონდა, რატომ ხდება ასე: როდესაც დას რაიმე ნაკლის გამო განვიკითხავ, შემდეგ თვითონაც იმავეს ვაკეთებ.

- ვინც სხვას განიკითხავს რაიმეს გამო, მაგრამ თავის დაცემას არ აცნობიერებს და არ ინანიებს, მაშინ ისიც იმავე ცოდვით ეცემა. ასე იმიტომ ხდება, რომ ადამიანმა თავისი დაცემა შეიცნოს. კაცთმოყვარე ღმერთი მისი სიყვარულის გამო უშვებს, რომ სწორედ იმ ცოდვით დაეცეს, რომლითაც განიკითხა. თუ, მაგალითად, ვინმეს შესახებ იტყვი, რომ ის ვერცხლისმოყვარეა და არ გააცნობიერებ, რომ განიკითხე, მაშინ ღმერთი თავის მადლს განგაშორებს და დაუშვებს, რომ თავადაც ვერცხლისმოყვარეობით დაეცე და ფულის მოგროვებას დაიწყებ. სანამ საკუთარ დაცემას არ გააცნობიერებ და ღმერთს პატიებას არ სთხოვ, მანამდე სულიერი კანონები იმოქმედებს.

ამის უკეთ გასაგებად ერთ ისტორიას მოგიყვები საკუთარი ცხოვრებიდან. სტომიონის მონასტერში ცხოვრებისას ერთი ჩემი თანაკლასელის შესახებ შევიტყვე, რომ ცუდ გზას დასდგომოდა. მაშინ ვილოცე მისთვის და ღმერთს ვთხოვე, რომ მას მონასტერში ჩემთან მოსვლის სურვილი გასჩენოდა და მასთან გასაუბრება შემძლებოდა. წმიდა წერილიდან და წმინდა მამათა სწავლებებიდან სინანულის შესახებ გამონათქვამებიც კი ამოვწერე. და აი, ერთხელაც, ის მონასტერში მოვიდა. ვისაუბრეთ და მომეჩვენა, რომ ყველაფერი გაიგო. შემდეგ შვილთან ერთად მონასტერში სიარულს მოუხშირა და ტაძრისთვის ზეთი, სანთლები და საკმეველი მოჰქონდა. ერთხელ ჩემმა ნაცნობებმა – მომლოცველებმა კონიციდან – მითხრეს: „გერონდა, ეს ქალი თვალთმაქცობს! აქ მოკრძალებით იქცევა და ქალაქში კი პოლიციელებთან სასიყვარულო ურთიერთობები აქვსო.“

როდესაც ამის შემდეგ ის კვლავ მოვიდა მონასტერში, ტაძარშივე ავუყვირდი: „წადი აქედან, შენ ყველაფერი ააქოთე“. საბრალო ქალი ატირებული გავუშვი. მისი წასვლიდან მალევე ძლიერი ხორციელი ბრძოლა ვიგრძენი. „ეს რა არის? აქამდე მსგავსი განსაცდელი არ მქონია, რა ხდება?“ მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ლოცვა დავიწყე, მაგრამ არ მშველოდა. გაოცებულმა იმით, რომ ვერ გავიგე საიდან მოდიოდა ეს განსაცდელი, კვლავ ლოცვა დავიწყე, მაგრამ – კვლავ უშედეგოდ. მაშინ ცული ავიღე, კუნძზე დავდე მარცხენა ფეხი, დავაწექი ცულის პირით წვივს და ჩაქუჩით ვურტყი ცულის ყუას. ასე ჩამოვიჭერი ხორცის შვიდი ნაფლეთი იმ იმედით, რომ ხორცის აღგზნებას ამ ტკივილით ცოტათი მაინც დავაცხრობდი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა: ჩექმა სისხლით აივსო, მაგრამ ხორციელი ბრძოლა ოდნავადაც არ შემცირებულა. მაშინ ავდექი, მონასტერი ღია დავტოვე და ტყისკენ წავედი, „უმჯობესია დათვებმა შემჭამონ,“ – ვეუბნებოდი საკუთარ თავს.

გზაში ძალა გამომეცალა და დაუძლურებული ბილიკის პირას დავეცი. ვცდილობდი გამეგო რა იყო თავს დამტყდარი განსაცდელის გამომწვევი, რატომ დამემართა ეს, რა იყო ამის მიზეზი... და, უცებ, გამახსენდა ის ქალი, რომელიც გამოვლანძღე და გავიფიქრე:“ღმერთო ჩემო, და თუ ის ასეთ ხორციელ ბრძოლას იგრძნობს, საწყალი, როგორ აიტანს ამას?“ აი, რა იყო ჩემი განსაცდელის მიზეზი! მე ვინანე, რომ ასე მკაცრად ვამხილე ის ქალი, პატიება ვთხოვე ამის გამო ღმერთს და მაშინვე ვიგრძენი, თითქოს ცივი შხაპისგან დამეღწიოს თავი, ხორცის მხურვალებაც სადღაც გაქრა. ხედავ, რას შვრება განკითხვა?!

თუ ჩვენ სხვის შეცდომებს მოვითმენთ, მაშინ ღმერთიც შემწყნარებლობას გამოიჩენს ჩვენი შეცდომების მიმართ.

- გერონდა, დღეს, ზეთისხილის კრეფის დროს, რამდენიმე და მათი უყურადღებობის გამო განვიკითხე.

- იცი რა, თავი დაანებე გაკნითხვას და განსჯას, თორემ თავადაც განისჯები ღვთის მიერ. ნუთუ შენ არასდროს აწყობ ოდნავ გაფუჭებულ ზეთისხილს კარგებთან ერთად?

- არა, ვცდილობ არ ჩავდო.

- თუ ქრისტე ჩვენც ამგვარად გადაგვარჩევს საშინელ სამსჯავროზე, დავღუპულვართ! მაგრამ თუ მოთმინებას გამოვიჩენთ სხვა ადამიანების შეცდომების მიმართ და არ განვსჯით მათ, მაშინ შევძლებთ ვუთხრათ ქრისტეს: „ღმერთო, დამამკვიდრე მეც სამოთხის რომელიმე კუთხეში“. გახსოვს, რა წერია პატერიკში ერთი დაუდევარი ბერის შესახებ, რომელიც იმით ცხონდა, რომ არავის განიკითხავდა?! აღსასრულის ჟამს ის მხიარული და მშვიდი იყო. მაშინ მოძღვარმა, სსვა მამების სულიერი სარგებელის მიზნით, ჰკითხა ამ ბერს: „ძმაო, რატომ არ გეშინია სიკვდილის, შენ ხომ დაუდევრად ცხოვრობდი“. მან უპასუხა: „ეს სიმართლეა, რომ დაუდევრად ვცხოვრობდი, მაგრამ იმ დღიდან, რაც აღვიკვეცე, ვცდილობდი არავინ განმეკითხა, ამიტომ ვეტყვი ქრისტეს: „ქრისტე, მე უბადრუკი ადამიანი ვარ, თუმცა შენი მცნება „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (მთ 7:1) დავიცავი“. „ნეტარი ხარ, ძმაო, – უთხრა მას ბერმა, – რამეთუ გაურჯელად მიიღე ცხონება“.

- გერონდა, როდესაც რომელიმე ცოდვაში ხედავენ ადამიანებს, ზოგიერთი მორწმუნე ამბობს: „ის პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის.“

- დიახ, თუ ერის ადამიანები გარყვნილების გამო წავლენ ჯოჯოხეთში, მორწმუნენი – განკითხვის გამო... არავის შესახებ არ შეიძლება თქვათ, რომ ის ჯოჯოხეთში მოხვდება. ჩვენ არ ვიცით როგორ განაგებს ღმერთი. ღვთის სამსჯავრო - ამოუცნობია და მიუწვდომელი. არავინ არ უნდა განვიკითხოთ, რადგან ამით განსჯის უფლებას ვტაცებთ ღმერთს ხელიდან და ჩვენს თავს მივიჩნევთ ღმერთად. თუ განკითხვის დღეს ქრისტე ჩვენს აზრს იკითხავს, აი, მაშინ გამოვთქვათ ჩვენი აზრი.

თავი 2. განკითხვასთან ბრძოლა

თუ საკუთარ თავზე ვიმუშავებთ, აღარ განვიკითხავთ

- გერონდა, როდესაც მორჩილების დროს უწესრიგობას ვხედავ, გონებაში განვიკითხავ აზრებით.

- საკუთარ თავში წესრიგს მიაქციე ყურადღება და სხვის უწესრიგობას ნუ უყურებ. საკუთარი თავის მიმართ იყავი მკაცრი და არა – სხვების მიმართ. რას აკეთებდი დღეს?

- მტვერს ვწმენდდი.

- სხვების მტვერს თუ შენსას?

- სამწუხაროდ, სხვებისას.

- საკუთარ თავზე მუშაობას მაშინ შეძლებ, როდესაც იმით არ დაინტერესდები რას აკეთებენ სხვები. თუ საკუთარ თავზე იმუშავებ და სხვების ცქერას შეწყვეტ, მხოლოდ საკუთარ ნაკლოვანებებს დაინახავ და საკუთარი თავის გამო დამწუხრდები, მაშინ სასოს წარიკვეთ – ამ სიტყვის კარგი გაგებით – და მხოლოდ საკუთარ თავს განსჯი, საკუთარ ცოდვილობას შეიგრძნობ და საკუთარი სისუსტეებისგან გათავისუფლებას შეეცდები. შემდეგ კი, როდესაც რაიმე სისუსტეს სხვებში შენიშნავ, იტყვი: „განა მე უკვე დავაღწიე თავი სისუსტეებს? მაშ, როგორ შემიძლია სხვების მიმართ მქონდეს პრეტენზიები?!“ ამიტომ განუწყვეტლივ იშრომე და თვალყური ადევნე საკუთარ თავს, რათა ფარულ სიამაყეს დააღწიო თავი, საკუთარი უღირსობა გააცნობიერო და რათა შინაგანად არ განიკითხო. აი, ამგვარად შეძლებ გამოსწორებას.

- გერონდა, აბბა ისააკი წერს: „თუ გიყვარს სიწმინდე... შენი გულის ვენახში შესულმა იშრომე, გაანადგურე შენში არსებული ვნებები და ეცადე არაფერი იცოდე ადამიანური ბოროტების შესახებ“. ამით რისი თქმა სურს მას?

- იმის, რომ საკუთარ თავს მიაქციო ყურადღება და საკუთარ თავზე იმუშაო. წმინდანებმა როგორ მოიხვეჭეს სიწმინდე? ისინი თავიანთ თავზე მუშაობდნენ და მხოლოდ თავიანთ ვნებებს აქცევდნენ ყურადღებას, საკუთარი თავის განიკითხვისა და საკუთარი თავის ყვედრების შედეგად კი თვალთაგან ლიბრი ჩამოსცილდათ და ღრმად და სუფთად ხედვა დაიწყეს. მათ სხვებზე უღირსად დაინახეს თავიანთი თავი და ყველას თავიანთ თავზე უკეთესად მიიჩნევდნენ, საკუთარ ნაკლოვანებებს დიდად ხედავდნენ და სხვებისას – მცირედ, რადგან სულიერი თვალით ჭვრეტდნენ და არა – მიწიერით, ამიტომაც ამბობდნენ: „მე ყველა ადამიანზე უარესი ვარ“. მათი ხორციელი ხედვა განიწმინდა და საკუთარ ნაკლოვანებებს ღრმად ჭვრეტდნენ, წველს კი დირედ ხედავდნენ. ჩვენ კი, პირიქით, ჩვენში არსებულ დირეს ვუწოდებთ წველს (იხ. მთ. 7:3) ან საერთოდ ვერ ვხედავთ მას. სხვებს მიკროსკოპით ვაკვირდებით, მათი ცოდვები დიდად გვეჩვენება და საკუთარს კი ვერც ვამჩნევთ, იმიტომ რომ სულიერი ხედვა არ გვაქვს.

მთავარია, სულიერად ხედვა შევძლოთ. როდესაც ქრისტემ ჰკითხა ბრმას: „ახლა როგორც ხედავ ადამიანებს?“, მან უპასუხა: „როგორც ხეებს“ (იხ. მარკ. 8:24), რადგან სრულად არ ჰქონდა აღმდგარი მხედველობა, ხოლო როდესაც მხედველობა სრულად დაუბრუნდა, მკაფიოდ შეძლო დანახვა. მსგავსადვე, როდესაც ადამიანი სულიერად წარემატება, ყველაფრის სწორად ხედვას იწყებს და სხვების ყველა ნაკლს ამართლებს (კარგი გაგებით), რადგან სულიერი თვალით ჭვრეტს და არა – ხორციელით.

 

თუ სხვებს ვამართლებთ, ე. ი. არ განვიკითხავთ

- როდესაც ამპარტავნებისა და განკითხვის აზრები მოდიან, ვცდილობ სხვები გავამართლო. გერონდა, ეს ბრძოლაა თუ დაცემა?

- ბრძოლა! როდესაც ადამიანი პირდაღებულია და თვალგაშტერებული, პირში შეიძლება ბუზი შეუფრინდეს. ცხადია, ის ბუზს აუცილებლად უკან გადმოაგდებს, მაგრამ უმჯობესია, რომ საერთოდ არ შეუფრინდეს ბუზი პირში.

- გერონდა, ხშირად, სხვებს რომ ვუყურებ, განვიკითხავ მათ.

- სიმართლე რომ ვთქვათ, შეუძლებელია არ ხედავდე რა ხდება შენ გარშემო, მაგრამ საჭიროა განსჯის უნარი, რათა შემამსუბუქებელი გარემოებები დაინახო და გაამართლო ადამიანები. მაშინ მათ კეთილი განწყობით შეხედავ.

- გერონდა, მსახურების დროს აზრებს ვუსმენ: „რატომ არ მოდის ერთი და კლიროსზე?“, „მეორე რატომ გალობს ჩუმად?“ და ასე განვიკითხავ გამუდმებით.

- რატომ არ ფიქრობ, რომ და დაიღალა, ან, იქნებ, რამე სტკივა, არ ეძინა და ამიტომ ვერ გალობს? ვიცნობ დებს, რომლებიც, ავადმყოფობისა და მაღალი სიცხის დროსაც კი, ძლივს მიათრევენ ფეხებს თავიანთი მორჩილების აღსასრულებლად და ცდილობენ არავინ შენიშნოს მათი უძლურება, რათა სხვას არ დაავალონ მათი მორჩილების აღსრულება. ეს შენს გულს არ აღელვებს?

- აღელვებს, მაგრამ ყოველთვის მიჭირს იმ დის გამართლება, რომელიც უხეშად იქცევა.

- თუ გიფიქრია, რომ და თავისი სათნოებების დაფარვის მიზნით უხეშობს? ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც განგებ იქცევიან უხეშად, რათა მათ შესახებ ცუდი თქვან სულიერად უყურადღებო ადამიანებმა. შეიძლება და იმიტომ უხეშობს, რომ დაიღალა, მაგრამ შემდეგ მალევე ნანობს. მან შეიძლება კიდეც მოინანია თავისი საქციელი, შენ კი მის განკითხვას აგრძელებ. ადამიანთა თვალში ის დამცირებული ჩანს, მაგრამ ღვთის თვალში იქნება ამაღლებული.

- გერონდა, რაღაც მზღუდავს, რომ საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოვიდგინო და ამგვარად გავამართლო.

– თანაგრძნობა იქონიე იმათ მიმართ, ვისაც ეშლება და ადიდე ღმერთი იმის გამო, რაც გიბოძა, რადგან ხომ შეიძლება, რომ მომავალში ღმერთმა გითხრას: „ამდენი რამ მოგეცი – რატომ მომექეცი ასე სასტიკად?“ იფიქრე, როგორი წარსული ჰქონდა ამ ადამიანს, როგორი გარემო – სრულყოფისათვის და როგორი გქონდა შენ, რომელიც არ გამოიყენე. მაშინ გაიხარებ იმით, რაც ღმერთმა მოგმადლა, განადიდებ მას და დაიმდაბლებ თავს, ამავდროულად, სიყვარულსა და თანაგრძნობას იგრძნობ ძმის მიმართ, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდა შენნაირი შესაძლებლობები და მაშინ მთელი გულით ილოცებ მისთვის.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულს სჩადიან, მაგრამ მათ ბევრი შემამსუბუქებელი გარემოება აქვთ. ვინ იცის, როგორი არიან ისინი ღვთის თვალში?! ხოლო ღმერთი რომ არ დაგვხმარებოდა, ჩვენც იქნებ ავაზაკები ვყოფილიყავით! დავუშვათ, ვიღაცამ ოცი დანაშაული ჩაიდინა, მე განვიკითხავ, მაგრამ არ ვიცი მისი წარსული... ან ვინ იცის, რამდენი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი მამამისს?!.. ან იქნებ ბავშვობიდან საქურდავად გზავნიდნენ?!.. ან შემდეგ, ახალგაზრდობაში, იქნებ მრავალი წელი გაატარა საპყრობილეში, სადაც გამოცდილი ქურდები ასწავლიდნენ... მას, იქნებ, შეეძლო ჩაედინა არა ოცი, არამედ ორმოცი დანაშაული, მაგრამ თავი შეიკავა... მე კი, ჩემი მემკვიდრული მონაცემებითა და და აღზრდის შესაბამისად, უკვე სასწაულებს უნდა აღვასრულებდე! მაგრამ განა მე აღვასრულებ სასწაულებს?!.. არა! მაშ, არც პატიება არ მაქვს ამის გამო! დავუშვათ, აღვასრულე ოცი სასწაული, მაგრამ იქნებ ორმოცი შემეძლო?! გამოდის, რომ ისევ არ მაქვს პატიება. ამგვარი განსჯით განკითხვას განვიშორებთ და ჩვენს გაქვავებულ გულსაც მოვალბობთ.

 

დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ

- გერონდა, რა შეიძლება დამეხმაროს, რომ არ განვიკითხო?

- ნუთუ ყოველთვის ყველაფერი ისეა, როგორც შენ ფიქრობ? არა! მაშინ თქვი: „ყოველთვის მართებულად არ ვფიქრობ, ხშირად ვცდები. აი, მაგალითად, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ასე და ასე ვიფიქრე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი მართალი. მეორე შემთხვევაში სხვა განვიკითხე და აღმოჩნდა, რომ მასაც უსამართლოდ მოვექეცი. ეს ცხადყოფს, რომ საკუთარ აზრებს არ უნდა ვუსმინო.“ ვარაუდებისას ნებისმიერ ჩვენგანს დაუშვია შეცდომა, და თუ ჩვენ იმ შემთხვევებს გავიხსენებთ, როცა შევცდით, თავს დავაღწევთ განკითხვას. დავუშვათ, არ შევმცდარვართ და ჩვენი ვარაუდი გამართლდა – დასკვნების გამოტანა მაინც არ ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით ჰქონდა თუ არა მას შემამსუბუქებელი გარემოებები.

ახალგაზრდობაში მეც მუდმივად განვიკითხავდი. საკმაოდ ყურადღებითა და გარკვეული ღვთისმოსაობით ვცხოვრობდი, ამიტომ, რაც მიუღებლად მიმაჩნდა, ყველაფერს განვსჯიდი. როდესაც ადამიანი ერში ცდილობს სულიერ ცხოვრებას, შესაძლებელია სხვების ცოდვებს ხედავდეს და არა – სათნოებებს, რადგან ისინი, ვინც სათნოებებს აღასრულებს, შეუმჩნევლად ცხოვრობენ და მათ ვერავინ ხედავს, მაგრამ იმათ, ვინც უწესოდ ცხოვრობს, ყველა ხედავს და განიკითხავს, მაგალითად: ერთი ისე არ აკეთებს, მეორე ისე არ დადის, მესამე იქით არ იყურება...

იცით, რა შემემთხვა ერთხელ? ნაცნობებთან ერთად მონოდენდრის მონასტერში მსახურებაზე წავედი, კონიციდან დაახლოებით ცხრა საათის სავალი იქნებოდა ფეხით. ტაძარში ჩემი ნაცნობი კლიროსზე ავიდა, მე კი სტასიდზე დავდექი მკითხველის უკან და ჩუმი ხმით ავყევი ფსალმუნებას. ცოტა ხანში ტაძარში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა, შავებში ჩაცმული, ჩემ გვერდით დადგა და ყურადღებით დამიწყო თვალიერება: მიყურებს და პირჯვარს იწერს, მიყურებს და პირჯვარს იწერს... გავბრაზდი: „ეს რანაირი ადამიანია, - ვფიქრობდი მე, - რას მომჩერებია?!“ ქუჩაში ჩემი დები რომ ჩამივლიდნენ, მე იმათაც არ ვუყურებდი, სახლში მოსულნი კი დედას შესჩიოდნენ: „არსენმა დამინახა და გვერდით ჩამიარა!“ „ასე როგორ შეიძლება, – მეუბნებოდა შემდეგ დედა, – ქუჩაში შენს დებს ხვდები და არც კი ესალმები“. „ყველას ცქერას ხომ ვერ დავუწყებ, ვინც გვერდით ჩამივლის, ჩემი და არის თუ სხვისი!.. ნათესავიც უამრავი გვყავს, – ვპასუხობდი მე, –მეტი საქმე არ მაქვს!“. აი, ასეთ უკიდურესობებში ვვარდებოდი: გვერდით და ჩამივლიდა და მე არ ვესალმებოდი! აი, ასე!.. და აი, დასრულდა წირვა და ამ ქალმა სახლში დამპატიჟა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ვგავდი მის შვლის, რომელიც ომში დაიღუპა! აი, თურმე რატომ მიცქერდა ასე დაჟინებით ტაძარში და რატომ იწერდა პირჯვარს – მის შვილს ვახსენებდი, მე კი განვიკითხავდი: „რა უსინდისოა, როგორ იყურება ტაძარში!“ ამ შემთხვევის შემდეგ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „შენ რას ფიქრობ, გაუგებარია... მან შვილი დაკარგა, მას დიდი დარდი აქვს!“

სხვა დროს განვიკითხე ძმა, რომელიც ჯარში იყო. ასეულის ინტენდანტმა მითხრა: „შენს ძმას ორი ბიდონი ზეთი მივეცი, სად არის ისინი?“ გამახსენდა, რომ ჩემს ძმას სახლში თავისი ჯარის მეგობრები მოჰყავდა ღამის გასათევად... მე გავიფიქრე: „როგორ შეეძლო მას ზეთი აეღო?“. დავჯექი და ძმას მკვახე წერილი გავუგზავნე... მან კი მიპასუხა: „ბიდონების შესახებ ქვედა ეკლესიის დარაჯს ჰკითხე!“ აღმოჩნდა, რომ მას ზეთი ქვედა კონიცის ეკლესიისთვის გაუგზავნია. მაშინ კი ჩემს თავს ვუთხარი: „გილოცავ! ჯერ საბრალო ქალი განიკითხე, ახლა – შენი ძმა. საკმარისია! მეტი აღარავინ განიკითხო! არანორმალური ადამიანი ხარ და ამიტომ ყველაფერს არანორმალურად ხედავ. შეეცადე ნორმალურ ადამიანად იქცე.“ ამის შემდეგ, როდესაც მეჩვენებოდა, რომ რაიმე ისე არ იყო, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ალბათ, ეს რაღაც კარგია, მაგრამ მე ვერ ვიგებ. რამდენჯერაც აზრებს მარცხნიდან მოვუსმინე, ყოველთვის შევცდი“. მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი მოვიძულე (ამ სიტყვის კარგი გაგებით), ყველას გამართლება დავიწყე. ყოველთვის ვპოულობდი სხვების გამამართლებელ არგუმენტებს და მხოლოდ საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი. თუ ადამიანი საკუთარ თავზე არ მუშაობს, მაშინ ვერაფრით იმართლებს თავს საშინელ სამსჯავროზე.

იმისათვის, რომ განკითხვა მოიშორო, ვაჟკაცობაა საჭირო... გისურვებთ კეთილი დასაბამი იქონიოთ. შეწყვიტეთ განკითხვა! ამინ.

გისურვებთ გონებისა და გულის განწმენდასა და განსპეტაკებას. ამინ.


წინა თავი შემდეგი თავი