მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები განკითხვის შესახებ

წმიდა მამები განკითხვის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

თავმოყვარეობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა წარმოშობს სხვა დიდ ბოროტებას, რომელიც დიდ ზიანს გვაყენებს. ესაა მოყვასის განკითხვა და მისი მკაცრად განსჯა, რომელთა საშუალებითაც შემდეგ არაფრად ვაგდებთ მოყვასს, გვეჯავრება და ვამცირებთ. ამგვარი ბოროტი ჩვევა და მანკიერება ამპარტავნებისაგან იშვება, მისგანვე იკვებება და იზრდება – და პირიქით, თავად ამპარტავნებას კვებავს და ზრდის. ჩვენი ამპარტავნება სწორედ განკითხვის გზით ახერხებს წინსვლას, რადგან მას თან ახლავს საკუთარი თავით ტკბობა და კმაყოფილება.

საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენებისა და მაღალი თვითშეფასების გამო, ბუნებრივია, ზევიდან ვუყურებთ სხვებს, განვიკითხავთ და გვძულს ისინი, რადგან გვეჩვენება, რომ თავად შორს ვართ იმ ნაკლოვანებებისაგან, რომლებიც, ჩვენი აზრით, მათ ახასიათებთ. ამ დროს ფხიზლად გვიდგას გვერდით ჩვენი დაუძინებელი მტერი და ხედავს რა მოყვასისადმი ჩვენს მტრულ განწყობას, ფართოდ გვახელინებს თვალებს და გვასწავლის თვალყური ვადევნოთ რას აკეთებენ და საუბრობენ სხვები. შემდეგ ამ საუბრებიდან ვასკვნით როგორია მათი აზრები და გრძნობები და ვარაუდით ვიქმნით მათ შესახებ აზრს, ძირითადად უკეთურს, რომელიც შემდეგ ფესვს იდგამს ჩვენში. მოყვასის მსაჯულები ვერ ამჩნევენ და აცნობიერებენ, რომ განკითხვა და ეჭვები მტრის მიერ აღიბეჭდება ჩვენს გონებაში, შემდეგ ისევ ისინი გვარწმუნებენ, რომ სხვები ნამდვილად ისეთნი არიან, თუმცა, სინამდვილეში, სულაც არ არის ასე.

ასე რომ, ჩემო ძმაო, მტერი ფხიზლად არის და გითვალთვალებს, რათა დრო იხელთოს და ბოროტება ჩათესოს შენში, ამიტომ უფრო მეტი ყურადღება მიაქციე საკუთარ თავს, რომ მტრის მიერ დაგებულ მახეში არ გაება და როგორც კი ის მოყვასის რაიმე ნაკლოვანებას წარმოგიდგენს, მაშინვე უკუაგდე ეს აზრი, არ დაუშვა, რომ ჩაითესოს და გაიზარდოს, ამოძირკვე იგი ისე, რომ კვალიც არ დარჩეს მისი, ამის ნაცვლად კი მოყვასის კეთილი თვისებების შესახებ იფიქრე, რომლებიც შენთვისაა ცნობილი და რომლებიც, ზოგადად, დამახასიათებელია ადამიანთათვის. და თუ ისევ იგრძნობ განკითხვის სურვილს, იმ ჭეშმარიტების შესახებაც გაიხსენე, რომ უფლება არ გაქვს მსჯავრი დასდო სხვას, რადგან ამგვარი ძალაუფლების მისაკუთრებით თავად ხდები სამსჯავროსა და განკითხვის ღირსი არა უძლური ადამიანების, არამედ ყოვლისშემძლე და ყველას მსაჯული ღმერთის წინაშე.

აზრების ამგვარი მკვეთრი შემოტრიალება უძლიერესი საშუალებაა არა მხოლოდ უნებლიეთ წარმოთქმული განკითხვის აღსაკვეთად, არამედ იმისთვისაც, რომ სრულიად განიკურნო ამ მანკიერებისაგან. მეორე, ასეთივე ძლიერი საშუალებაა მუდმივი ხსოვნა საკუთარი სისუსტეებისა, ხსოვნა საკუთარი უწმინდური და ბოროტი ვნებებისა და საქმეებისა, რათა საკუთარი უღირსობის შეგრძნება არ დაკარგო. ერთიცა და მეორეც – ვნებებიცა და ვნებების მსახურებაც – ცხადია, ცოტა არ მოიძებნება შენში. და თუ ხელს არ ჩაიქნევ და არ იტყვი: „რაც იქნება, იქნება“, მაშინ შეუძლებელია, რომ არ იზრუნო განკითხვის უკეთურებისგან განსაკურნებლად, რომელიც გღუპავს. და თუ ამას გულწრფელად აკეთებ, დრო არ დაგრჩება იმისათვის, რომ სხვების საქმეებით დაკავდე და სხვებს გამოუტანო განაჩენი, მაგრამ თუ თავს განკითხვის უფლებას მისცემ, შეუძლებელია ყურებში განუწყვეტლივ არ ჩაგესმოდეს სიტყვები: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი“... „ამოიღე პირველად დირე შენი თვალიდან“ (ლკ. 4:23; მთ. 7: 5).

ამასთანავე, იცოდე, რომ როდესაც რაიმე უკეთური საქციელის გამო მკაცრად განსჯი მოყვასს, ამ უკეთურების რაღაც ნაწილი გარკვეულწილად შენს გულშიც არის. სწორედ შენში არსებული იგივე ვნება გასწავლის ვარაუდების აგებას სხვების შესახებ და მათი განკითხვისაკენ გიბიძგებს. „ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი“ (მთ. 12: 35), ხოლო წმინდა და მშვიდი თვალი, პირიქით, ყოველგვარი ცბიერების გარეშე, მშვიდად ჭვრეტს სხვების საქმეებს. „წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა“ (აბაკ. 1:13), ამიტომ, როდესაც გულისთქმა გეწვევა, რომ ცოდვების გამო სხვები განიკითხო, საკუთარ თავს განურისხდი, როგორც იმავე საქმის გამკეთებელსა და იმავე საქმეში დამნაშავეს, და თქვი გულში: „მე, წყეული, ამავე ცოდვაში მყოფი და უფრო დიდი ცოდვების ჩამდენი, როგორ ვბედავ და ვწევ თავს, რომ სხვების ცოდვებს ვუყურო და ისინი განვიკითხო?!“ და თუ ამგვარად მოიქცევი, საკუთარი თავისკენ მიმართავ იმ იარაღს, რომლითაც, ბოროტი აზრების შთაგონებით, სხვის განგმირვას აპირებდი, და იმის ნაცვლად, რომ ძმა დაჭრა, საკუთარ ჭრილობებს დაადებ სალბუნს.

მაშინაც კი, როდესაც ძმის ცოდვა აღარ დაიფარება და ყველას წინაშე გაცხადდება, შეეცადე ამის მიზეზი ეძებო არა ისე, როგორც განკითხვის ბოროტი ვნება შთაგაგონებს, არამედ ისე, როგორც მისდამი ძმური დამოკიდებულება გიკარნახებს და უთხარი საკუთარ თავს: რადგან ამ ძმას მრავალი ფარული სათნოება გააჩნია, ღმერთმა პტივმოყვარეობისაგან მის დასაცავად დაუშვა, რომ შესცოდოს, ან, იქნებ ღმერთს სურს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში იყოს ძმა ამ ცოდვის გავლენის ქვეშ, რათა თავად მის თვალშიც და სხვების წინაშეც გამოჩნდეს მისი უკეთურება და სხვების მიერ საძულველად მიჩნეულმა სიბრძნის ნაყოფი მოიწიოს სიმდაბლესთან ერთად, რათა უფრო მეტად სათნოეყოს ღმერთს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, იგი უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე ზიანს.

არა მარტო აშკარა, არამედ ძალიან მძიმეც რომ იყოს ცოდვა და გაქვავებული და მოუნანიებელი გულიდან მოდიოდეს, ამ შემთხვევაშიც არ განიკითხო არავინ, არამედ გონების თვალი მიაპყარი ღვთის მიუწვდომელ და გამოუკვლეველ განგებას და გაიგებ რამდენი ბოროტმოქმედი ინანიებდა და აღწევდა სიწმინდის უმაღლეს ხარისხს, ისინი კი, რომლებიც სრულყოფილების მაღალ საფეხურზე იმყოფებოდნენ, ღრმა უფსკრულში ცვიოდნენ. გაფრთხილდი, რომ განკითხვის გამო შენც არ შეგემთხვეს ამგვარი უბედურება.

ამიტომ გამუდმებით შიშითა და სიფრთხილით იყავი და საკუთარი თავი უფრო მეტად გაფიქრებდეს, ვიდრე სხვა. დარწმუნებული იყავი, რომ მოყვასის შესახებ ნათქვამი ყოველი კეთილი სიტყვა და მის გამო სიხარული სულიწმიდის ნაყოფისა და მოქმედების საწინდარი იქნება შენში. მოყვასის შესახებ წარმოთქმულ ყოველ ბოროტ სიტყვასა და სიძულვილით განკითხვას უკეთური ზნეჩვეულება და ეშმაკის შთაგონება განაპირობებს, ამიტომ როდესაც ძმის არასწორი ქცევით დაბრკოლდები, ძილის საშუალებას ნუ მისცემ შენს თვალებს მანამ, სანამ გულიდან არ განაგდებ საცდურს და ძმის მიმართ სრული მშვიდობა არ დაივანებს შენს გულში.


წინა თავი შემდეგი თავი