მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები განკითხვის შესახებ |
ღირსი აბბა ესაია
|
ის, ვინც ნამდვილ სინანულშია, მოყვასის განკითხვით არ არის დაკავებული, არამედ მხოლოდ საკუთარ ცოდვებს დასტირის. ვინც ყოველთვის უკანასკნელი სამსჯავროსა და სასჯელის შესახებ ფიქრობს, რომლის ღირსიც საკუთარი ცოდვების გამოა, არასოდეს იფიქრებს სხვების განკითხვაზე. მოყვასის არგანკითხვა ქმნის ზღუდეს ვნებებთან მებრძოლისთვის, რომელიც სულიერი გონებით ხელმძღვანელობს, სხვების დამადანაშაულებელი კი უგუნურად ანადგურებს ამ ზღუდეს. ვინც მოღვაწეობის მძიმე ტვირთს ეზიდება, მაგრამ ცოდვებში მყოფ ან დაუდევრად მცხოვრებ ძმას შეურაცხყოფს, ის ამით მთლიანად ანადგურებს თავის სინანულის ღვაწლს. მოყვასის დამცირებით ის ქრისტეს სხეულის ნაწილს შეურაცხყოფს და თავისი მოქმედებით ასწრებს მსაჯულს ანუ ღმერთს. ჩვენ, ყველანი, დედამიწაზე მყოფნი, საავადმყოფოში მყოფთ ვგავართ, ერთს თვალები სტკივა, სხვას - ხელი ან ყელი, სხვებს უფრო ღრმა ჭრილობები აქვთ. ზოგიერთები უკვე განიკურნენ, მაგრამ დაავადება კვლავ განუახლდათ, რადგან თავი არ შეიკავეს მათთვის მავნე საკვებისაგან. ამათ მსგავსად, სინანულში მყოფებმა, რომლებმაც მოყვასი განიკითხეს ან დაამცირეს, სრულად გაანადგურეს სინანულის კეთილი ნაყოფი. თუ ვინმე შენი თანდასწრებით დაიწყებს ძმის განკითხვას, მდაბლად უთხარი: „მაპატიე, მე თვითონ ცოდვილი ვარ, უძლური და დამნაშავე იმაში, რის შესახებაც შენ საუბრობ, არ შემიძლია ამის მოსმენა“. ვინც განიკითხავს მოყვასს, საყვედურობს ძმას და ამცირებს მას თავის გულში, ვინც ამხილებს მას მრისხანებით და ცუდს ამბობს მასზე სხვების თანდასწრებით, ის თავისგან აძევებს ღვთის წყალობას და იმ სათნოებებს, რომელთა მიერაც აღვსილი იყვნენ წმინდანები. მოყვასის მიმართ ასეთი დამოკიდებულებით ნადგურდება ღვაწლი და იღუპება ყველა კეთილი ნაყოფი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |